x
image
intermedia.ge
Mediator image
ელიფ შაფაქი და ანჯელინა ჯოლი ქალების უფლებებისთვის - რაზე ისაუბრეს მწერალმა და მსახიობმა?
image


ტექნოლოგიურ განვითარებასთან, ჯანდაცვის რესურსების ხელმისაწვდომობის ზრდასა და მატერიალურ კეთილდღეობასთან ერთად, ბევრ ქვეყანაში ქალებს ჯერ კიდევ საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის, თავიანთი აზრის გამოთქმის თავისუფლებისა და სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლა უწევთ.


საზოგადოებისთვის ცნობილი და ავტორიტეტული ადამიანების ჩართულობა ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და მათ დასაცავად მნიშვნელოვანია, ამიტომ ყველასთვის საყვარელი მსახიობის ანჯელინა ჯოლისა და პოპულარული თურქი მწერლისა და ნოველისტის ელიფ შაფაქის დიალოგმა დიდი რეზონანსი გამოიწვია.


მას შემდეგ, რაც თურქეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყანამ დატოვოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ ევროპული ხელშეკრულება, სტამბოლის კონვენცია, ქვეყანაში უფლებადამცველებმა საპროტესტო ტალღა ააგორეს. ხელშეკრულებას 10 წლის წინ პირველად თურქეთო შეუერთდა და წლების განმავლობაში მისი წევრი იყო. კონვენციის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ოჯახში ძალადობის, ქორწინებაში გაუპატიურებისა და ქალის სასქესო ორგანოს დასახიჩრების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საშუალებას იძლევა. თურქეთის მთავრობა აცხადებს, რომ ხელშეკრულება გამოიყენება "ჰომოსექსუალობის ნორმალიზებისთვის" და თურქული ოჯახის ღირებულებების შესამცირებლად. კრიტიკოსების თქმით, ეს არის მთავრობის მცდელობა, გაზარდოს პოზიცია კონსერვატორ მოკავშირეებთან ქალებისა და უმცირესობების ხარჯზე.



ანჯელინა ჯოლიმ და ელიფ შაფაქმა ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ჩაერთონ კაცები ქალთა უფლებების ბრძოლაში. საუბართან დაკავშირებით ანჯელინა ჯოლი თავად აქვეყნებს პუბლიკაციას გამოცემა „თაიმში“ და ხაზს უსვამს პრობლემის სიმწვავეს.


„კრიზისთან დაკავშირებით თურქ ნოველისტსა და მოაზროვნეს ელიფ შაფაქს ვესაუბრე. მასთან კომუნიკაცია გასული წლის პანდემიის დასაწყისშიც მქონდა ლტოლვილთა საკითხებთან დაკავშირებით. ახლა კი, როცა თურქეთის მთავრობის მიერ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ შევიტყე, მას კიდევ ერთხელ დავუკავშირდი. ვისაუბრეთ კაცებისა და ქალების ბრძოლის შესახებ, რომელიც თურქეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცვლილებას ემსახურება“, - წერს ანჯელინა ჯოლი.


„ჩვენ გზაჯვარედინზე ვდგავართ. ბევრი ქალი ითხოვს თანასწორობასა და სამართალს. მათ სურთ, თავიანთი ცხოვრება, უკეთესი მომავალი, თვითონ შექმნან, მაგრამ ხელისუფლების ამ ცვლილებას საშიში საპასუხო რეაქცია მოჰყვება“, - აღნიშნა ელიფ შაფაქმა.


თურქი მწერალი, რომლის შემოქმედებაც გაჯერებულია კულტურული მრავალფეროვნებით, ქალების ბრძოლით უსამართლობის წინააღმდეგ, საუბრობს იმ შედეგებზე, რაც შეიძლება ხელშეკრულებიდან გამოსვლამ თურქეთში მოიტანოს:


„ეს ქალებისთვის, ბავშვებისთვისა და ლგბტქ საზოგადოებისთვის კატასტროფულ შედეგებს მოიტანს. სტამბულის კონვენცია ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაა, რომელიც იცავს ყველას, ვინც ძალადობის მიმართ დაუცველია. ის უზრუნველყოფს ლეგალური ქსელების არსებობას, მისი მეშვეობით იხსნება თავშესაფრები, ზრდის ინფორმირებულობის მაჩვენებელს და ახდენს ძალადობის პრევენციას. თურქეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და მისი რატიფიცირება მოახდინა, მაგრამ ახლა, მისი დატოვება გადაწყვიტა. გული მწყდება, რადგან ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა ფემიციდის შემთხვევები იზრდება. თურქეთში ოჯახში ძალადობის შემთხვევები ისედაც გაზრდილი იყო და სწორედ იმ დროს როცა ქალებს დაცვა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ, მთავრობა მათ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებს. რა მესიჯია ეს იმ ახალგაზრდა ქალებისთვის, რომლებიც თავიანთ ოჯახებში ძალადობას განიცდიან? შენ მათ ეუბნები, რომ მათი სიცოცხლე მნიშვნელოვანი არ არის, ხოლო დამნაშავეებს ეუბნები, რომ მათი კრიმინალური ქმედება ლეგიტიმურია, რაც ძალადობისკენ ახალისებთ“, - აღნიშნავს ელიფ შაფაქი.


პუბლიკაციაში, რომელიც ანჯელინა ჯოლი პირველ პირში გვიამბობს ელიფ შაფაქთან საუბრის დეტალებს, აღნიშნულია, რომ პანდემიამ ოჯახში ძალადობის პრობლემა კიდევ უფრო გააუარესა, რადგან ქალები და გოგონები მოძალადეებთან უფრო მჭიდრო კავშირში იყვნენ.


„ვფიქრობ, ჩვენ ათწლეულების განმავლობაში პროგრესს ვკარგავთ ქალის უფლებების, თანასწორობის თვალსაზრისით“, - აღნიშნავს ელიფ შაფაქი.


როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, მსოფლიოს მასშტაბით არის ბევრი კაცი, რომლებიც ქალების უფლებების დასაცავად იბრძვიან.


„ბევრი ქალი ითხოვს თანასწორობას, სამართლიანობას. მათ სურთ, შექმნან თავიანთი ცხოვრება, გაზარდონ უკეთესი შვილები, მაგრამ ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ცვლილებებს საშიში რეაქცია მოჰყვება. როდესაც ქვეყნები უკან იხრებიან ნაციონალიზმში, გვაროვნულობაში და იზოლაციონიზმში, პოპულიზმში, ავტორიტარიზმში ან რელიგიურ ფუნდამენტალიზმში, ჩვენ ყოველთვის ვხედავთ სექსიზმისა და ჰომოფობიის ზრდას. სადაც არ უნდა იყო, ამერიკაში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, თურქეთში, ახლო აღმოსავლეთში, სადაც არ უნდა ვიყოთ, უკან სვლა ყველგან შესაძლებელია“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.


ანჯელინა ჯოლიმ და ელიფ შაფაქმა იმსჯელეს თაობებს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და ამ საუბრის დროს ელიფ შაფაქმა თურქეთში ქალების მიერ გამართული საპროტესტო აქციიდან ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გაიხსენა:


„ქალები ქუჩაში გამოვიდნენ. ისინი შესანიშნავები, საოცრად მამაცები იყვნენ. მაგრამ იქ ვნახე ახალგაზრდა კაციც ბანერით ხელში, რომელზეც ეწერა ნამდვილი კაცები ფემინისტები არიან". ეს არასდროს დამავიწყდება. ამ ფაქტმა დიდი იმედი ჩამისახა. ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვყავს მოკავშირეები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთის ხმა გვესმის“, - აღნიშნა მან.


ელიფ შაფაქის ნოველები დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოშიც. თურქი მწერლის წერის მსუბუქი მანერა, სიუჟეტის ოსტატურად განვითარების უნარი და ის პრობლემური საკითხები, რასაც თავის რომანებში სვამს, მკითხველის დიდ ინტერესს იწვევს.

მის წიგნებს შორის პოპულარულია „ევას სამი ქალიშვილი“, „ხუროთმოძღვრის შეგირდი“ და „როგორ არ შევიშალოთ ამ დაქსაქსულ მსოფლიოში“ და სხვა. მისი ყოველი ახალი წიგნი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ბევრ მკითხველში კი ყურადღებას იმსახურებს თავად ავტორის პიროვნებაც, რომელიც არასდროს იხევს უკან, გამოთქვას პროტესტი, დააფიქსიროს თავისი აზრი, რის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს ეს. ელიფ შაფაქის სიმამაცემ და ბრძოლამ თურქი ქალებისთვის ანჯელინა ჯოლის მხრიდანაც დიდი გულისხმიერება დაიმსახურა.


0
24
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0