ფსიქოლოგია გრეისისეული კანონები 2021, 15 აპრილი, 22:22
რა უნდა ვიცოდეთ, რომ ცხოვრებისეულმა სირთულეებმა არ შეგვაშინოს და რაც მთავარია - დასახული მიზნის მიღწევაზე ხელი არ აგვაღებინოს?
გრეისის ცხოვრებისეულ კანონზომიერებათა ტოპ ათეული
კარგი ადამიანები სჭარბობენ ცუდებს; თვით ადამიანშიც, დადებითი თვისებები ჯაბნის უარყოფითს; აბსოლუტურად ყველაფერს შეიძლება მოვუძებნოთ დადებითი მხარე – თუკი მოვინდომებთ.
ნებისმიერ საქმეში საწყისი ეტაპი ყოველთვის გაცილებით შრომატევადი და წინააღმდეგობებით აღსავსეა, ვიდრე დანარჩენი ეტაპ(ებ)ი. პირველ ეტაპზე, კოლოსალურ შრომას ძალიან მცირე ხილული შედეგი მოაქვს და რთულია იმის განსაზღვრაც, თუ რამდენ ხანს გასტანს ეს პერიოდი. თუმცა, თუ არ გავტყდებით და ამ ეტაპს მაინც გადავლახავთ, შრომა-შედეგის თანაფარდობა კარდინალურად შეიცვლება და უკვე, მცირე მცდელობა-დანახარჯს – დიდი შედეგი მოაქვს. საერთოდ ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი არასტანდარტული ქმედება, გარშემომყოფთა წინააღმდეგობას გამოიწვევს. როგორც კი, რაღაც ნამდვილად ახლისა და სასარგებლოს კეთებას ვიწყებთ – იქნება ეს ნოვატორული სისტემის დანერგვა, თუ მხატვრობასა ან მუსიკაში ახალი მიმდინარეობის აღმოჩენა – დიდი ალბათობით, გარშემომყოფნი ამას ვერ/არ გაიზიარებენ; უარეს შემთხვევაში კი – სიძულვილით გიპასუხებენ. ასე რომ, მხარდაჭერისა და თანადგომის ნაცვლად – წინააღმდეგობისათვის მოემზადეთ. თავის დროზე, როცა ფლემინგმა პენიცილინი აღმოაჩინა, თეთრხალათიანების სწავლული საზოგადოება აღშფოთდა – როგორ-თუ ობი უნდა შევუყვანოთ ორგანიზმში ადამიანსო?; როცა ალექსანდერ ბელმა სტაციონარული ტელეფონის აპარატი გამოიგონა, იმდროინდელი გაზეთები იუწყებოდნენ – ნუ ენდობით ამ შარლატანს, რომელიც ცდილობს დაგვაჯეროს, თითქოს შესაძლებელია ადამიანის ხმა სადენებით გადაიცეს შორ მანძილზეო; აკადემიკოსი ფიოდოროვი 1960 წლიდან 1979 წლამდე – ანუ მთელი 18 წელიწადი წერილს წერილზე გზავნიდა ამერიკის უნივერსიტეტებში, სადაც ირწმუნებოდა – შესაძლებელია სიბრმავის დამარცხება ხელოვნური ბროლის გადანერგვის გზით-ო. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ღირებული იდეა „განწირულია“ სამ-საფეხურიანი „კლასიკური გზა“ განვლოს: 1) ქილიკისა და თქვენი იდეის მიზანშეწონილობაში ეჭვის შეტანის სტადია – ხშირ შემთხვევაში ნაკარნახევია გარშემომყოფთა გულწრფელი სურვილით თქვენც „ნორმალური“ ადამიანებივით იცხოვროთ. 2) კრიტიკის სტადია – ამ საფეხურზე გადასვლას ნუ ეხუმრებით; ეს უკვე (თქვენი ან თქვენი იდეის) გარკვეული დაწინაურების, პროგრესის მანიშნებელია. ამ დროს ე.წ. კეთილისმყოფელნი და „არამკითხე მოამბეები“ ყოველთვის მზად არიან გირჩიონ და ჭკუა დაგარიგონ – თუ როგორ იქნებოდა უმჯობესი ესა თუ ის გაგეკეთებინათ. 3) აღიარება – თუკი საერთოდ გეღირსათ და გაღიარეს – იცოდეთ, ეს თქვენი სიკვდილის შემდეგ მოხდება. დიახ, სწორედ სიკვდილის შემდეგ; იმიტომ, რომ შურის ობიექტი უკვე აღარ არსებობს.
ნიჟარაში გასარეცხად ჩაგდებული ერთი დასვრილი ფინჯანი მალე ფინჯნების მთად გადაიქცევა; ერთი უშნოდ მითხაპნილი წარწერა ახლადშეღებილ კედელსა თუ ღობეზე სულ მალე წარწერებით აჭრელებულ კედლად ან ღობედ იქცევა; ასეა ფულიც. ყულაბაში გადანახული მცირე კუპიურები სულ მალე მსუყე თანხად გარდაიქმნება. რა სარგებელს მოგვიტანს ჩანასახის ეფექტის ცხოვრებაში დანერგვა? დაუკვირდით – ყოველი არასახარბიელო ქმედება თუ მოვლენა „კოჭებშივე“ იცნობა; მაშ, ჩანასახშივე უნდა ამოვძირკვოთ. ასე განსაჯეთ, ერთი დაგორებული ქვის აცილება უფრო ადვილია თუ ქვათაცვენის შეჩერება?!
ერთხელ ჩადენილსა თუ გაკეთებულს განმეორებადობა ახასიათებს. აქედან დასკვნაც: 1) მოვლენების პროგნოზირება შესაძლებელია – თუკი ადამიანმა, ერთხელ მაინც, თავს უფლება მისცა თავი არ შეეკავებინა რაიმეს თქმისა თუ გაკეთებისაგან, ესეიგი ის მიდრეკილია თავშეუკავებლობისაკენ; ამასთან, უკვე „შემდგარ“ მწეველს უფრო მეტად გაუჭირდება სიგარეტზე უარის თქმა, ვიდრე იგივე ადამიანს მაშინ, როცა პირველად შესთავაზეს სიგარეტი გაესინჯა; ადამიანს, რომელსაც ერთხელ გაუძნელდა უარი ეთქვა არასასურველ წინადადებასა თუ შეთავაზებაზე, სავარაუდოდ კიდევ არაერთხელ მოუწევს მისთვის არასასურველ რამეებზე დათანხმება. არადა, ადამიანები რატომღაც თავს არიდებენ მსგავს სიტუაციებზე საუბარს იმ იმედით, რომ ეს მეტად აღარ განმეორდება. ისინი ყველანაირად ცდილობენ წინასწარ თავი არ აიტკიონ მსგავს უსიამოვნო რამეებზე ფიქრით, ვიდრე უშუალოდ ფაქტის წინაშე არ დადგებიან. მერე კი იმკიან. ნაცნობი განცდაა? 2) არასახარბიელო შედეგის თავიდან აცილება ჩვენს ხელთაა – თავიდანვე აუკრძალეთ საკუთარ თავს ნებისმიერი მავნე რამის გასინჯვაც კი. დაუკვირდით, რა საინტერესო თანმიმდევრობაა: სურვილი→აზრი→ქმედება→ჩვევა→ხასიათი→ბედისწერა სურვილი აღმოაცენებს აზრს; აზრი გვიბიძგებს ქმედებისაკენ; რეგულარულად განმეორებული ქმედებები ჩვევაში გადადის; ჩვევა ხასიათს აყალიბებს; ადამიანის ხასიათი კი – უკვე მისი ბედისწერაა.
არსებობს პრობლემის გადაჭრის გზა; არსებობს ამოცანის ამოხსნის ხერხი; შესაბამისად, პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ ამოცანაა, რომელიც უნდა ამოვხსნათ. და თუ დროდადრო მისი ამოხსნა არ ხელგვეწიფება – გვახსოვდეს, რომ მისთვის (პოზიტიური) ინტერპრეტაციის მინიჭება ყოველთვის ჩვენს ხელთაა. როგორც ცნობილი მატემატიკოსი ვეირ შტრასი იტყოდა – წარმოიდგინეთ, რა რთულია ეს ცხოვრება, თუკი მათემატიკა მის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს. სამაგიეროდ, მათემატიკური ამოცანის ამოხსნის შესაძლებლობები შეზღუდულია; ცხოვრებისეული ამოცანის ამოხსნის ვარიანტები კი – გაცილებით მრავალფეროვანი.
კომპრომისები ნთქავს მთელს ჩვენს ცხოვრებას. უმჯობესია, თავი ავარიდოთ კომპრომისებს და სანაცვლოდ, პრობლემების გადაჭრას მივყოთ ხელი. ნუ დათანხმდებით მცირედს – შეცვალეთ გარესამყარო. ვერ ცვლი გარესამყაროს? – შეიცვალე დამოკიდებულება მის მიმართ. არის ამაზე მაღალი კლასიც – არ ღირს ქედი მოვუხაროთ ამ ცვალებად გარესამყაროს; დაე, ცვალებადი სამყარო დაიდრიკოს ჩვენი ძალისხმევით. „მებრძოლი უმცირესობა“ ქმედებას ამჯობინებს, მაშინ როცა „უნიათო უმრავლესობა“ კრიტიკას, განსჯასა და ბოლოს მაინც მორგება-შეწყობას არჩევს. ისინი, ვინც სხვისი შეფასების შიშითა და დაბალი თვითშეფასების „წყალობით“ დიდი მიზნის დასახვის რისკზე ვერ მიდიან, არც ქმედებენ და უბრალოდ დინებას მიჰყვებიან; თან დარდს იმით იქარვებენ, რომ მთელ სამყაროს ადანაშაულებენ თავის უბედობაში. საგულისხმოა, რომ მათ რიგებში, ვინც მაღალი მიზნებისკენ მიისწრაფვის, არცთუ ცოტაა წარმატებული. ხოლო მათ შორის, ვინც მიზნის მიღწევას არც კი ცდილობს – წარმატებული არავინაა. ეს „ლოგიკურიცაა“ – კომპრომისთან „ჩახუტებული“ კაცი ცხოვრებას ვერც ასწრებს, ამიტომ მაღალი მიზნების დასახვას რა აზრი აქვს?!
თუკი რაიმეს მაინც მოვიმოქმედებთ, შეიძლება სასწაულიც მოხდეს. ანეკდოტი: – იოსია ღმერთს ევედრება: „წყალობა მომანიჭე და ლატარიაში მანაქანა მომაგებინე“-ო. – პასუხად სიჩუმე. – იოსია ისევ ევედრება: „გთხოვ, მომაგებინე. მე ახლა ისე მჭირდება მანქანა“. – ისევ სიჩუმე. – იოსია: „მანქანა გამომიგზავნე, გემუდარები“. – ზეციდან ამოხვნეშის ხმა ისმის: „იოსია, შანსი მომეცი და ლატარიის ბილეთი მაინც იყიდე“.
ცხოვრებისგან იმას მიიღებ, რასაც ელი. ელოდე კარგს. გულში იმედოვნე და ელოდე, ფიზიკურ სამყაროში კი – იმოქმედე. ქმდებებს თან სდევს ცვლილებები, რომლებიც ჩვენს მოლოდინებს კიდევ უფრო ამყარებს.
დარწმუნებული ვარ, ჩვენს ცხოვრებაში მომხდარის ნახევარზე მეტი; დიახაც, 50%-ზე მეტი ჩვენი ქმედებების კი არა – ჩვენი სიტყვების შესაბამისია. გამოთქმულ, გახმოვანებულ იდეებს განხორციელების მეტი ალბათობა ენიჭება. ის, რასაც ახლა წაიკითხავთ იმდენად შეგძრავთ, რომ ამიერიდან თქვენი დამოკიდებულება სიტყვის მიმართ ძირფესვიანად შეიცვლება. ამას სხვაგან ვერსად ამოიკითხავთ. ხმამაღლა წარმოთქმული სიტყვების ცხოვრებაში ხორცშესხმის ალბათობა: 1) ლაყბობა – 50% 2) თხოვნა=ნეიტრალური გამონათქვამი – 55% 3) ვარაუდი – 60% 4) სურვილი – 65% 5) შიშები – 70% 6) მტკიცება=განცხადება – 75% 7) ლოცვა – 80% 8) ვედრება – 90% 9) (წინასწარ)ჭვრეტა, უეცარი წვდომა, გონების განათება (ინსაიტი) – 100% ლოცვა ასე მესმის – როგორც ღვთისკენ მიმართული (ხმამაღლა ან გულში ნათქვამი) სიტყვები. ლოცვად ვერ მივიჩნევ, ვთქვათ, გამოცდის წინ ნაჩქარევად წამოსროლილ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ფრაზებს – ღმერთო დამეხმარე, ჩამაბარებინე. ღმერთს სათანადო და ჯეროვან ყურადღებას არ ვუთმობთ. თავად გვავიწყდება ღვთისადმი ლოცვის აღვლენა; ამავე დროს, გვსურს უზენაესმა უხვად დაგვაბერტყოს წყალობა და კეთილდღეობა. ვედრება – ესაა ხანგრძლივი, ზეემოციური ჩაღრმავება ლოცვით პროცესში. მსმენია ერთი დედის ამბავი. ჰეროინს დამონებული მისი შვილი დაღუპვის გზას ადგა. რა და რა მკურნალობა აღარ სცადეს. არაფერმა გაჭრა. მაშინ დედამ საშველად ღმერთს მოუხმო – მუხლებზე დამხობილი მოსთქვამდა და რამდენიმე საათის განმავლობაში ლოცულობდა, ვიდრე ძალა არ გამოეცალა. აი, ამას შეიძლება ეწოდოს, რომ ქალმა ღვთისაგან გამოითხოვა წყალობა შვილის განკურნებისა. მაღლიდან ნაკარნახევი, ზემოდან ჩაგონებული (წინასწარ)ჭვრეტა, უეცარი წვდომა, გონების განათება (ინსაიტი), მუზა... . ეძლევა მას, ვინც მეცნიერებასა თუ სხვა სფეროში ეძებს პასუხს გადაუჭრელ საკითხზე; მას, ვინც გონების დაძაბვით ქმნის რითმას ლექსში; მას, ვინც მუსიკის წერისას ნოტებზე ჩათვლიმა და გონებაში ჩაესმის სიმფონიის მელოდია. მას, ვინც დაჟინებულია თავის ძიებაში; მას, ვინც ცდას არ აკლებს და მადლიერია იმ გამოცდა-გამოწვევებისთვის, ბედმა რომ არგუნა.
იმისათვის, რომ ძლიერი პიროვნება იყო, საკმარისია – არ იწუწუნო. წუწუნებს საწყალი; შენ ძლიერი იყავი!!!! შედგენილია ნატალია გრეისის აუდიოწიგნის „გრეისის ფსიქოლოგიური კანონები“ მიხედვით. ნატალია გრეისი გახლავთ მრავალმხრივ განათლებული პიროვნება – ექიმი, ფსიქოლოგი, მხატვარი, პოეტი, ორატორი, მოაზროვნე, მრავალი წიგნისა თუ პიროვნული ზრდის ტრენინგის ავტორი. 15 1-ს მოსწონს
|