სიახლეები ‘მეორად პურზე’ გსმენიათ რამე? 2021, 18 აპრილი, 22:51 სულ რაღაც ორმოციოდე წლის წინ, ჩვენში ‘მეორადი’ სალანძღავ სიტყვად ითვლებოდა; ახლა კი, ‘მეორადი ტანსაცმელი’, ‘მეორადი ფეხსაცმელი’ თუ ‘მეორადი სამკაული’ – ტოლს არ უდებს ახალს. სიტყვა ‘მეორადმა’ „რეინკარნაცია“ განიცადა და ყურს ისე აღარ ჭრის. როგორც იტყვიან, ‘მეორადი’ ავეჯიც „მოსულა“ და ჭურჭელიც, მაგრამ ‘მეორადი პურ-ფუნთუშეულის’ გაგონებაზე ცოტა დავიძაბე – ეს რაღაც ახალი ხილია! ამას წინათ სოფელს ვსტუმრობდი და იქაურმა მეზობელმა დიდის ამბით შემიპატიჟა – „ისეთი გემრიელი მეორადი ფუნთუშები მაქვს“-ო, მეუბნება. ეტყობა, მისთვის ეს იმდენად ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ აღარც „შეულამაზებია“. თურმე, ნუ იტყვით და, ‘მეორადი პურ-ფუნთუშეული“ 3-4 დღის „დაძველების“ „ჩაწოლილი“ საქონლის ეპითეტია; ასეთ „ნუგბარს“ შემდეგ ნახევარ ფასად ჩამოატარებენ ხოლმე გარეუბნებში თუ სოფლად. მეგონა, ამით სიტყვა ‘მეორადი’-ს ყველა შესაძლო „ვალენტობა“ ამოვწურე, მაგრამ... . სულ ტყუილად. ამჯერად, სამარშრუტო ტაქსში ყურმოკრულმა ‘მეორადმა წამალმა’ დამტოვა სახტად. გამოგიტყდებით და, თავად ვერასოდეს „გავშიფრავდი“ ამ „საიდუმლო ალქიმიას“. არ ვიცი, სამედიცინო სფეროში ჩახედულები დამემოწმებიან თუ არა, რომ მედიკამენტებზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგაც – სამიოდ თვის განმავლობაში, წამალი ჯერ კიდევ ვარგისად ითვლება და მისი გამოყენება დაშვებულია-ო. ნათქვამია – გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო. ვერაფერს იტყვი, ნამეტანი შორს კი გავქცეულვართ! 40 1-ს მოსწონს
|