საზოგადოება ანდრია ჯაღმაიძე: ' ჩვენ ვერ ვაფასებთ რეალურად ვერც ეკონომიურ მხარეს, ვერც კონტრაქტის სუსტ და ძლიერ მხარეებს, 2021, 15 აპრილი, 14:33 "ნამახვანჰესის“ საკითხზე ვმუშაობთ ორივე მხარესთან, რომ არ მოხდეს რადიკალიზაცია და დარჩეს სივრცე დიალოგისთვის“ - ამის შესახებ დღეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს მიერ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გავრცელებული განაცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
- საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოს საპატრიარქო პირველად არ ერევა ამ საკითხში:
- „ხელშეკრულების პირობები ცხადი არ არის მოსახლეობის უმრავლესობისათვის, ეს იწვევს დაძაბულობას. ჩვენ ბოლო დღეებში ვუყურებთ, რომ ესკალაცია ხდება, პოლარიზებული არის პოზიციები. ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ გაკეთებულიყო განცხადება.
- საპატრიარქო პირველად არ ერევა ამ საკითხში, ის დიალოგები, რომლებიც აქამდე შედგა დაპირისპირებულ მხარეებს შორის, ჩვენი ჩარევის შედეგად მოხდა.
- ისმის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, საპატრიარქო რატომ არ ერევა, სინამდვილეში, ვმუშაობთ ორივე მხარესთან იმისათვის, რომ არ მოხდეს რადიკალიზაცია და დარჩეს სივრცე დიალოგისთვის.
- არის გარკვეული კითხვები კონტრაქტის პირობებთან დაკავშირებით, მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, გამომდინარე ბუნებრივი პირობებიდან, ეკონომიკურ მხარესთან დაკავშირებით და ყველას უნდა ესმოდეს, რომ საპატრიარქოს არ ჰყავს გეოლოგების ჯგუფი, არც ეკონომისტების ჯგუფი, რომელიც საპატრიარქოში მოამზადებდა დასკვნას. ამიტომ ჩვენ რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ის, რომ მშვიდობისაკენ მოვუწოდოთ, კეთილგონიერება გამოიჩინოს ყველამ და დიალოგის სივრცე შექმნან, სადაც დაინტერესებულ მხარეს საშუალება ექნება, შეკითხვები დასვას, მიიღოს კომპეტენტური პასუხები და ამას ესწრებოდნენ პასუხისმგებელი პირები“.
-დეკანოზ ანდრიას თქმით, „ნამახვანჰესის“ კონტრაქტის პირობები უფრო დაწვრილებით უნდა იყოს განხილული და საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მიწოდოს:
- „მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენ შევიტყვეთ ძალიან გვიან, ამას მოჰყვა მეუფე სტეფანეს განცხადება, 100 წლით მიწის გადაცემა კომპანიისათვის იწვევს ძალიან ბევრ შეკითხვას. ამიტომ ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო დიდი მსჯელობა უნდა გამართულიყო, კონტრაქტში ასეთი პირობების ჩადებამდე, მოსახლეობას რომ ეს სცოდნოდა და არ ყოფილიყო სიურპრიზი.
- კონტრაქტის პირობები გაცილებით უფრო დაწვრილებით უნდა იყოს განხილული და საზოგადოებისთვის ობიექტური და სწორი ინფორმაცია იყოს მიწოდებული. ამ მიზანს ისახავდა საპატრიარქოს განცხადება, მოხდეს მოლაპარაკებები და კომპეტენტური და პასუხისმგებელი ხალხი, თანამდებობის პირები იყვნენ ჩართული პროცესში.
- ჩვენ ვერ ვაფასებთ რეალურად ვერც ეკონომიურ მხარეს, ვერც კონტრაქტის სუსტ და ძლიერ მხარეებს, ამიტომ ვიქნებით, როგორც მედიატორი ამ პროცესში.
ჰესის მშენებლობა ექვსი თვის ან ერთი წლის წინ დაწყებული ამბავი არ არის, ეს დიდი ხნის წინ დაწყებული პროცესია, დღეს ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხის მიღება ვრცელი ანალიზის გარეშე შეუძლებელია.“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
49 შეფასება არ არის
|