საზოგადოება ვალერი კვარაცხელია: გვითხარით, თქვე უღმერთოებო, რას გაუმარჯოს? 2021, 10 აპრილი, 17:59 "გვითხარით, თქვე უღმერთოებო, რას გაუმარჯოს? მიილია კიდევ ერთი (რიგით 32-ე) 9 აპრილი - ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ტრაგიკული არამარტო იმით, რომ ამ საშინელ დღეს უდანაშაულო ადამიანები დახოცეს, არამედ იმის გამოც, რომ ამ დღესთან ძალიან ბევრი სიცრუე და სიყალბეა დაკავშირებული.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია იყო საზიზღარი პროვოკაცია, რომელიც აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ დაგეგმა და საბჭოთა კავშირის სათავეში მოკალათებულმა მათმა აგენტურამ, საბჭოთა დისიდენტების (ე.წ. ეროვნული მოძრაობის) დახმარებით განახორციელა.
ეს პროვოკაცია განხორციელდა საქართველოს თავისუფლების სახელით, მაგრამ მას სულ სხვა მიზანი ჰქონდა: საბჭოთა კავშირის დაშლა და საქართველოსა და რუსი ხალხის ერთმანეთისთვის გადამტერება.
მიზანი მიღწეულია, საბჭოთა კავშირი დაინგრა, საქართველო და რუსეთი, ხალხის დონეზე თუ არა, ხელისუფლებების დონეზე მაინც ერთმანეთთან დაპირისპირებულია. ხოლო, საქართველოს დამოუკიდებლობა, რისი სახელითაც ეს ყველაფერი მოხდა, აღარავის ახსოვს, იმიტომ, რომ ის მხოლოდ მირაჟი იყო, სატყუარა იყო, რითაც ხალხი მიიზიდეს, მაგრამ პირში ჩალაგამოვლებული დატოვეს.
ხალხი მხოლოდ იმით როდი დარჩა პირში ჩალაგამოვლებული, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ვერ მიიღო, არამედ იმითიც, რომ სახალხო დოვლათი, რომელიც მას ეკუთვნოდა, ერთეულებმა მიითვისეს, თვითონ კი გაძარცვული და მშიერი დატოვეს, იმდენად მშიერი, რომ ბევრს პირში გამოსავლები ჩალაც აღარ შეხვდა.
ოცდათორმეტი წელიწადია, რაც ამ დღეს რუსთაველის პროსპექტზე დადის ერთი და იგივე კატეგორია ადამიანებისა (ხელისუფლების სხვა და სხვა თაობის წარმომადგენელნი), რომლებსაც სახეზე ყალბი ტრაგიზმი აწერიათ, პირიდან ყალბი პათოსით გაჯერებული სიტყვები ამოსდით და ხალხისა და ქვეყნის მიმართაც ყალბი დამოკიდებულება გააჩნიათ. სხვათა შორის, ის მილიონებიც ყალბია, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ ნაშოვი. ყალბი არა კუპიურების თვალსაზრისით (კუპიურები ნაღდი და ტკიცინაა), არამედ იმ თვალსაზრისით, რომ არმად აქვთ ნაშოვი.
როგორი ყალბიც საქართველოს დამოუკიდებლობა აღმოჩნდა, ისეთივე ყალბი აღმოჩნდა ნატოსა და ევროკავშირის გაუთავებელი ძახილიც, კაპიტალისტური სამოთხეც და დასავლური ღირებულებებიც.
ერთადერთი უტყუარი, ნაღდი და ჭეშმარიტი, რაც იმ პროცესებმა შედეგის სახით დაგვიტოვა, სამ ნაწილად დაშლილი, მოსახლეობით განახევრებული, ყოველმხრივ გასაცოდავებული და სხვათა ჩასაყლაპად განწირული საქართველოა.
- გაუმააარ...
- რას?
სიყალბეს? სიცრუეს? ქვეყნის დაშლას? ხალხის გაუბედურებას? ხან მენშევიკ ჟორდანიასგან და ხან ნაცისტ სააკაშვილისგან დანატოვარი დროშების ფრიალს? გაუთავებელ სისულელეს? საკუთარი თავის დაცინვას თუ ამ ყველაფერს, ერთად აღებულს?
- გვითხარით, თქვე უღმერთოებო, რას გაუმარჯოს, რომელს გაუმარჯოს, გვითხარით რა შეჰქმენით ისეთი, რაც გამარჯვების ღირსია და, როდესაც თქვენ იბღავლებთ, - გაუმააარ... ჩვენც თქვენთან ერთად ვიყვირებთ:
- ჯოოოს! " - ვალერი კვარაცხელია
292 შეფასება არ არის
|