საქართველო იყიდება საქართველო! 2021, 7 აპრილი, 17:26 საქართველოს ღალატსა და გამყიდველობაზე არაერთი ნაწარმოები, ლექსი და სიმღერა შექმნილა. ეტყობა, ღალატი და გამყიდველი ბუნება გენეტიკურად გვაქვს დეტერმინებული ქართველებს და მაშინ ვამჟღავნებთ, როცა ამისთვის სახელისუფლებო ბერკეტები გვეძლევა. არის რამდენიმე ნაწარმოები, რომლებიც გეგონება დღეს დაიწერაო. მათ შორის განსაკუთრებულია ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურა " იყიდება საქართველო", რომელიც ზუსტად შეესაბამება დღევანდელობას: იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიაბით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით; ერით, ბერით; თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით; გონებაგახსნილ ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით. იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვრებით. ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული. იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში. იყიდება ერთიანად: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილ-ნაწილ: კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი. იყიდება პატარ-პატარ ნაჭრებათ, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიათ, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოთ; ბანკის დახმარებით და ჩვენის საშუალებით. იყიდეთ ბარემ მთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრად დარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს!" 90-იან წლებში თეიმურაზ წიკლაურის ცნობილი სიმღერი კლიპს სევდითა და ტკივილით შეხვდა მოსახლეობა. სიმრერის თექსტის ავტორი უცნობია, მაგრამ ასევე ზუსტად ასახავს როგორც მაშინდელ ყოფას, ასევე დღევანდელობასაც "იყიდება საქართველო, ვინ რას ყიდის, ვინ იცის! ყიდის, ყიდის მთას და მდელოს - წმინდა მარიამის წილს. ყიდის, ყიდის მთას და მდელოს სამშობლოს. ყიდის სინდისს, ნამუსს ყიდის მიწას ქცეულს ედემად, ამ ქვეყნიდან ისე მიდის, უკან არ იხედება. ღმერთო ჩემო ეს რა ხდება რა ხდება?! იყიდება სამცხე როგორც უპატრონო ობოლი... და ხელს ითბობს ჩვენს ხანძარზე არაბი და მონღოლი. სამართალი აღარ არის, სამართალი აღარ არის, არ არის! მივდივარ და დარდი მიმაქვს- რა იქნება ხვალ და ზეგ?! ისევ შენი იმედი მაქვს, ღმერთო, ამ ქვეყანაზე! ღმერთო, იხსენ საქართველო, ღმერთო, იხსენ საქართველო- სამშობლო! სოციალურ ქსელში პატარა - 11 წლის გოგონას გულით და ემოციებით ნამღერი ეს სიმღერა აღმოვაჩინე. ბავშვი თითქოს კი არ მღერის, ტირილით მთელ გულს იღებს, ბავშვურად და სამართლიანად ბრაზობს და გვეხვეწება, არ გავუყიდოთ სამშობლო. ვიდეოს 80 000 მდე ნახვა აქვს, უამრავი გაზიარება, კომენტარი და მოწონება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მოსახლეობას იგივე განწყობა აქვს, რაც ამ 11 წლის გოგონას. თენგიზ აბულაძის ფილმიდან "ნატრვის ხე", რომელიც გიორგი ლეონიძის ამავე სახელწოდების ნაწარმოაბის საფუძველზე გადაიღო, გახსოვთ, ალბათ ქორწილის მომენტში ბუმბულას სიტყვები: "ქვეყანას სამი რამ აკლია: ცას - კიბე, ზღვას- ხიდი და ადამიანს - სამართალი, კარგად დაიმახსოვრე. აი, ასე ჰყიდიან საქართველოს და ამიტომაც დაეცა"... იქვე ქორია: "გაიყიდა, გაიყიდა თამარ-ქალი წითელ თუმნიანებად, გაიყიდა!ხელი გამიშვით თქვე ნაძირლებო, ციციკორე სოფლის მამავ, ასე სწორად გატაროს ღმერთმა!" 678 7-ს მოსწონს
|