x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
"ზღაპარი ბალახისფერ კაცზე", რომელსაც "ალუბლის ქალაქს ისევ თავისი ოხერი ქალაქი ერჩია... "

image














"სანამ ბალახისფერი კაცი კარაველებთან მივიდოდა, ორი დღით ადრე ყველაზე კარგი მოქალაქე გააძევეს. ყველაზე პატიოსანი კაცი იყო და გაძევება მიუსაჯეს, წარმოგიდგენია? ასეთი რამეებიც ხდება... აღარ იკითხავ, რატომ აითვალწუნეს? კარაველებმა ერთხელ დიდ თავშეყრაზე - ნადირობის დასაწყისში აღნიშნეს, რომ იმათი ქალაქი ყველასა სჯობს... იმ კაცმა კი თქვა, რომ ალუბლის ქალაქი უფრო კარგია... მის საწინააღმდეგოდ ამხედრდნენ, ცილი დასწამეს, რომ მას არ უყვარდა თავისი ქალაქი და ამიტომაც არ იყო მათთან ყოფნის ღირსი და გაძევება მიუსაჯეს. დიდმა კარაველმა ... კამორელში არ შეგეშალოს, დიდმა კარაველმა თოფი შეათამაშა და თქვა: "თუ შენ ახლავე არ დატოვებ ჩვენს საყვარელ ქალაქს, მაშინ მე გესვრი..." კაცი შეაცქერდა, რამდენჯერმე ნელა, საყვედურით დაიქნია თავი და წავიდა. ეს, რა თქმა უნდა, საბაბი იყო, მიზეზი კი სუუულ სხვა რამ გახლდათ:

კარაველებს არ მოსწონდათ პატიოსანი კაცი. ბევრს კი არაფერს აშავებდა - ვინმე რამე ცუდ საქმეს თუ ჩაიდენდა, პააატარა, მცირე საყვედურით შეაცქერდებოდა ხოლმე. ეს იყო და ეს, იმ დღეს კი, ალბათ, ვეღარ მოითმინა და იმიტომაც თქვა, აბა, ყურადღებით თუ მისმენდი, რომელი ქალაქი სჯობსო?

ალუბლის ქალაქი...

... რაღა დარჩენოდა, აიღო და წავიდა. მესამე დღეს კი, ზუსტად თერთმეტის ნახევარზე, ქალაქ მეორე მხრიდან სწორედ ის ჩვენი ზღაპრის გმირი - ბალახისფერი კაცი მიადგა...

ნაცრისფერი კედლების ფონზე აშკარად გამოირჩეოდა, თავით-ფეხებამდე ბალახისფერი იყო, მწვანე შარვლის გარდა არაფერი ეცვა და ფეხშიშველი, ფრთხილად მიაბიჯებდა. მორევს რომ მიუახლოვდა, შვებით ამოისუნთქა და ბალახზე გაწვა - ასე ვერავინ შეამჩნევდა. მხოლოდ თვალის გუგები უელავდა. ქალების საუბარს ნაღვლიანად უსმენდა და თან სუულ ცოტათი იღიმებოდა, თეთრი კბილები რომ არ გამოსჩენოდა...

ბრძენი კარაველი ხალხის წინაშე წარდგა და ისეთი რამ სიტყვა თქვა, თითქოს ყოველი მათგანისათვის სილა გაეწნას:

- ერთმა ბალახისფერმა კაცმა ასეთ დღეში ჩაგაგდოთ, ნეტავ, რა გეშველებოდათ, რომ მოსულიყო ორი ბალახისფერი კაცი?

დიდმა კარაველმა კბილები გაახრჭიალა და თქვა:

სანამ არ მოვკლავ, ცოლს არ გავეკარები...

... და რამდენიმე დღის შემდეგ, როცა მოწყენილმა ბრძენმა გულგრილად თქვა: "აჰაა, ხედავ, სადა ყოფილა?" - უცებ ხიდან ბალახისფერი კაცი ჩამოხტა. მუხლებამდე დაფენილ ყვითელ ფოთლებში გარბოდა და მიზანში მშვენიერი ამოსაღები იყო. როგორ გგონია, დომენიკო, მოარტყამდნენ?

- რა ვიცი... მოარტყეს?

- კი, დიდმა კარაველმა კარგად იცოდა თავისი საქმე.

მერე ალექსანდრო დაფიქრდა, გაყუჩდა, მოიწყინა და უცებ ჰკითხა:

- აბა, თუ მიხვდები - ვინ იყო ის ბალახისფერი კაცი? ...

- ... პატიოსანი კაცი იყო, ყმაწვილო, პატიოსანი, აიი, რომ გააგდეს, ის ... ალუბლის ქალაქს ისევ თავისი ოხერი ქალაქი ერჩია... "











(ნაწყვეტი გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებიდან "სამოსელი პირველი")

0
229
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0