ბანკები ყველაზე ბანალური კითხვა: "გვეშველება რამე?" და ლარის კურსისთვის გამზადებული უფსკრული 2021, 30 მარტი, 21:32 ლარის კურსი ბოლო 2-3 წელიწადში საგრძნობლად დაეცა სხვა ვალუტებთან მიმართებით, რასაც ძალიან ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. კურსის ცვლილების მიზეზები შესაძლოა დამოკიდებული იყოს როგორც საგარეო, ასევე შიდა მიზეზებზე, პირად გზავნილებზე ემიგრირებული მოქალაქეებისგან, საერთაშორისო ვაჭრობაზე, პანდემიაზე. ვალუტის კურსზე საუბრისას პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლარი, დოლარი, ევრო და ნებისმიერი სხვა ვალუტა ისეთივე პროდუქტია, როგორიც კიტრი, მაცივარი და კომუნალური სერვისები. ვალუტის ფასიც მათ მსგავსად მოთხოვნასა და მიწოდებაზეა დამოკიდებული. თუ ქვეყანაში რომეიმე პროდუქტი ჭარბად იქნება, ეს პროდუქტი გაიაფდება. ხოლო თუ ყველა ერთბაშად კონკრეტული ნივთის ყიდვას მოვინდომებთ, ეს ნივთი გაძვირდება. ასევეა ვალუტის კურსიც. როცა ბაზარზე დიდი რაოდენობით დოლარი გაჩნდება, მისი ფასიც შემცირდება, ხოლო, რაც უფრო მეტი ადამიანი მოისურვებს დოლარის ყიდვას, უფრო გაიზრდება მისი ფასიც. თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ ასე ყველა ქვეყანაში არ ხდება, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში ვალუტის მიმოცვლის სხვადასხვა რეჟიმი არსებობს. საქართველოში მოქმედებს ე. წ. მცურავი რეჟიმი, რაც ვალუტის ღირებულების თავისუფალ ბაზარზე მინდობასა და სახელმწიფოსგან მინიმალურ ჩარევას გულისხმობს. თუმცა საუდის არაბეთში ფიქსირებული კურსი მოქმედებს და ერთი რიალის ღირებულება ყოველთვის 0.27 დოლარია. ეს დაახლოებით ისეთი რამ არის, რაიმე ნივთის ფასი ფიქსირებული რომ იყოს და სულ ერთსა და იმავე ფასად იყიდებოდეს, როგორც ეს იყო სსრკ-ში. ასეთ შემთხვევაში, პროდუქტის სიჭარბისას მყიდველს უფრო მეტის გადახდა მოუწევს, სიმცირისას კი გამყიდველი იძულებული იქნება, ძვირადღირებული პროდუქტი უფრო იაფად გაყიდოს - ან საერთოდაც არ გაყიდოს. ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ ყველაზე ჯანსაღი გზა მცურავი კურსია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქვეყანას განსაკუთრებული რესურსები და მარაგები არ გააჩნია. კურსის დადგენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ვაჭრობა. თუ გსურთ საქართველოში პროდუქტის შეძენა, ამისათვის ლარის გამოყენება აუცილებელია. შესაბამისად, ნებისმიერ პირს, იქნება ეს უცხოელი ტურისტი, ინვესტორი თუ გუდიანი კაცი დოლარებით სავსე გუდით, მას საქართველოში ნივთის შესაძენად უცხოური ვალუტის გაყიდვა და ლარის შეძენა მოუწევს. ასევე, თუ თქვენ მიიღებთ უცხოეთიდან გამოგზავნილ ფულს, საქართველოში ნებისმიერი რამის შესაძენად ლარზე გადახურდავება მოგიწევთ. ყველა ეს პირი ჯამში ადგენს ლარის მოთხოვნას. ეკონომიკაში უცხოური ვალუტის შემოსვლა პირდაპირ აისახება კურსზე, იქნება ეს ინვესტიცია, საგარეო ვალი ფულადი გზავნილი თუ ტურისტის მიერ დახარჯული ფული. კურსზე ლარის გაყიდვის მსურველებიც მოქმედებენ - რაც უფრო მეტი ადამიანი შეიძენს უცხოურ პროდუქტს, უფრო მეტად გაიზრდება მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, შესაბამისად, საქართველოდან ფულის გაგზავნა, უცხოური პროდუქციისა და ვალუტის ყიდვით ლარის ღირებულება სხვა ვალუტებთან შედარებით მცირდება, ხოლო შესყიდული ვალუტის ღირებულება იზრდება. ბაზრის მოთამაშეები თამასუქის ყიდვისას და დანაზოგის გაკეთებისას აუცილებლად ითვალისწინებს მის მოლოდინებს. მაშინ, როცა ვალუტის კურსის მიმართ სანდოობა დიდია, მის მიმართ მოთხოვნაც მაღალია და ასეთ დროს უფრო და უფო მეტი ადამიანი ხსნის დეპოზიტს და ყიდულობს თამასუქს, შესაბამისად, ვალუტის კურსიც მყარდება. თუ სხვადასხვა პროდუქტებს სხვადასხვა კომპანია ამზადებს, ვალუტის შემთხვევაში ფულის წარმოებაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი. ეროვნულ ბანკში ლარის კურსს ყოველდღე ადევნებენ თვალყურს და ყოველდღიური ვაჭრობის შემდეგ აქვეყნებენ შემდეგი დღის კურსს. ამ კურსით ვაჭრობს ეროვნული ბანკი მსხვილ ფინანსურ ერთეულებთან - ბანკებთან, მისოებთან და სხვა სავალუტო ობიექტებთან, რომლებიც შემდგომ უშუალოდ მომხმარებლებთან ვაჭრიბენ. ასეთ დროს მომხმარებლისთვის მთავარია, იპოვოს ისეთი მომწოდებელი, რომელიც საუკეთესო ფასად შესთავაზებს სასურველ პროდუქტს - სასურველ ვალუტას. ბანკებში მუდამ განსხვავებული კურსია შედარებით ვალუტის გაცვლის პატარ-პატარა პუნქტებთან. ასეთ ჯიხურებში ვალუტის გაყიდვა და ყიდვა გაცილებით მომგებიანია, ვიდრე ბანკებში. თუმცა საბოლოო ჯამში ესეც ასახვას პოულობს ლარის საერთო კურსზე. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კარგად მიხვდებით, სად ვართ და საით მივექანებით, რადგან : საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 20.3 მლრდ აშშ დოლარი (66.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2020 წლის მშპ-ს 127.7%-ია.- ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 640.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. სებ-ი საგარეო ვალის ზრდის, რამდენიმე მნიშვნელოვან მიზეზს ასახელებს მათ შორის, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 328.3 მლნ. აშშ დოლარით, საკურსო ცვლილებების გამო - 276.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებების გამო შესაბამისად - 34.1 მლნ. აშშ დოლარით და 1.2 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა. 80 9-ს მოსწონს
|