x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135831
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
თამაშის როლი ბავშვის განვითარების პროცესში
image

თამაში არის ბავშვის მიერ განხორციელებული აქტივობა, რომლისგანაც იგი იღებს სიამოვნებას. თამაშის პროცესი მოითხოვს შინაგან მოტივაციას, სპონტანურობასა და ნებაყოფლობითობას.


ბავშვის სწორი და დროული განვითარება არაერთ სფეროში მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თამაშზე. მათ შორის არის ფიზიკური განვითარება, კოგნიტური განვითარება, ემოციური განვითარება, სოციალური განვითარება და მორალური განვითარება.


ფიზიკური განვითარების სფერო მოიცავს მსხვილ და ნატიფ მოტორიკასა და სენსომოტორულ უნარებს. მსხვილ მოტორიკას ავითარებს თამაშები, რომლებიც საჭიროებს დიდი კუნთების მონაწილეობას პროცესში, ეს შეიძლება იყოს დგომა, სიარული, სირბილი, ხტომა, ცოცვა, სხვადასხვა პოზის მიღება, ბურთის სროლა-დაჭერა. ნატიფი მოტორიკის განსავითარებლად გამოიყენება თამაშები, რომლებიც წვრილი კუნთების კოორდინირებულ მოძრაობას გულისხმობს - კუბებით თამაში, ფაზლის აწყობა, ხატვა, ძერწვა და სხვა. სენსომოტორულ უნარებს ასტიმულირებს თამაშში გრძნობათა ორგანოების ჩართვა - ხელის საღებავებით ხატვა, ძერწვა, საკვებით თამაში და ა.შ.



კოგნიტური განვითარება არის ბავშვის შემეცნებითი სფეროს განვითარება, რაც ინდივიდის ინტელექტუალური განვითარების საფუძველს ქმნის. იგი მიემართება კოგნიტურ უნარებსა და სააზროვნო პროცესებს, აყალიბებს სამყაროს აღმოჩენის, ლოგიკური აზროვნების, პრობლემის გადაჭრის, გადაწყვეტილების მიღების უნარებს. კოგნიტური განვითარება გულისხმობს აღქმის, ყურადღების, მეხსიერების და აზროვნების პროცესებს. ამისთვის იყენებენ ფაზლებს, როლურ თამაშებს, ზომის, ფორმისა და ფერის ამოცნობასთან დაკავშირებულ თამაშებს, ვიდეოთამაშებს და სხვა.


ემოციური განვითარება ბავშვის მიერ საკუთარი და სხვისი ემოციების აღქმას, გაგებას და მის გარკვეულწილად მართვასაც გულისხმობს. ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშის ტიპი ამ სფეროში არის როლური თამაშები. გარდა ამისა, ყველა სახის თამაში, სადაც სხვათა (ოჯახის წევრების, მეგობრების) ჩართულობაა აუცილებელი მოქმედებს ბავშვის ემოციურ განვითარებაზე, ემპათიის გამომუშავებაზე.


როლური თამაშები და სხვა ბავშვებთან ან ოჯახის წევრებთან თამაში აუცილებელია ბავშვის სოციალური განვითარებისთვისაც. ინდივიდი ამ დროს ითვისებს სოციალურ ნორმებს, სწავლობს ნივთების გაზიარებას, კონფლიქტის მოგვარებას, ივითარებს თვითკომპეტენციის განცდას.


მორალური განვითარება გულისხმობს მისაღები და მიუღებელი ქცევის გარჩევას და სოციალურად მისაღები ქცევის გამოვლენის ალბათობის ზრდას. ამასთანავე, ბავშვები სწავლობენ აგრესიის კონტროლს. ამ სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვნად ზემოქმედებს როლური თამაშები.



თამაშები მათი ხასიათის მიხედვით იყოფა კატეგორიებად:

  • ფიზიკური თამაშები - თამაშები, სადაც ბავშვის მსხვილი მოტორიკაა ჩართული - დაჭერობანა, დახუჭობანა, სირბილი, ხტუნვა;
  • ექსპრესიული თამაშები - თამაშები, სადაც ბავშვი საკუთარ ემოციებს მატერიალურად გამოხატავს, როგორიცაა ხატვა სხვადასხვა სახატავი საშუალებით, ხელებით, რითმულ ინსტრუმენტებზე დაკვრა და სხვა.
  • მანიპულაციური თამაშები - ბავშვები მანიპულირებენ საგნებით, ადგენენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს (საგნების გადაადგილება, ფაზლის აწყობა);
  • სიმბოლური თამაშები - თამაშები, სადაც ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა სიმბოლურად გადმოსცენ საკუთარი პრობლემები, გამოიყენონ ფანტაზია და თავი წარმოიდგინონ სხვადასხვა ადამიანად, ცხოველად ან საგნად;
  • დრამატული თამაშები - ბავშვები გაითამაშებენ სიტუაციებს, რომლებიც მათი აზრით შესაძლებელია მოხდეს ან რისი მოხდენისაც ეშინიათ, შესაძლოა იყოს სპონტანურიც და დაგეგმილიც. ამ სახის თამაში თერაპიულ დატვირთვასაც ატარებს;
  • ვიდეოთამაშები ან სამაგიდო თამაშები - სადაც განსაზღვრული წესები არსებობს და ძირითადად განკუთნილია მოზარდებისთვის;

გარდა ამისა, არსებობს თამაშის ორი ტიპი: არასტრუქტურირებული - დაუგეგმავი, სპონტანური, სადაც არ არსებობს წესები და შესაძლოა ნებისმიერი ბავშვისთვის სასურველი განვითარება მოჰყვეს; სტრუქტურირებული - ორგანიზებული, დაგეგმილი თამაშ, რომელსაც გააჩნია წესები (უმეტესად ორგანიზებულია უფროსების მიერ).


0-2 წლამდე ბავშვები ძირითადად თამაშობენ მარტო, არ ცდილობენ სხვების ჩართვას. შესაძლოა უყურონ სხვის თამაშს ან მათ პარალელურად ითამაშონ მათ მსგავსად, მაგრამ არა მათთან ერთად.

3-4 წლის ბავშვები ერთმანეთთან ურთიერთობენ, თუმცა მაინც განცალკევებით, ინდივიდუალურად თამაშობენ. გარდა ამისა, შესაძლოა გამოვლინდეს ასოციაციური თამაშებიც, სადაც ბავშვები კონკრეტულ საერთო მიზანს ახორციელებენ, თუმცა არასტრუქტურირებულად.

4 წლიდან ბავშვები ერთად თამაშს იწყებენ, ერთვებიან საერთო აქტივობაში, ახორციელებენ წინასწარ ორგანიზებულ მოქმედებებს.


ბავშვისთვის, რომელიც ტრავმირებულია ან რაიმე დანაკარგის თუ ფსიქიკური მდგომარეობის გამო საჭიროებს თერაპიას, მნიშვნელოვანია თერაპიული თამაშებიც: ენერგიის განმათავისუფლებელი თამაში - სირბილი, სროლა, დარტყმა, ძირითადად უარყოფითი ემოციისგან გათავისუფლებას ემსახურება; დრამატული თამაშები - ბავშვები გაითამაშებენ რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებს. ისინი გადმოსცემენ საკუთარ ემოციებს და გამოხატავენ/მიგვანიშნებენ იმ მდგომარეობებსა და გამოცდილებებს, რომლებიც აწუხებთ, სტრესავთ ან იწვევს მათ ტრავმირებას; კრეატიული თამაშები - ბავშვები, რომლებსაც არ შეუძლიათ, ეშინიათ ან არ სურთ დრამატულ თამაშებში ჩართვა, შესაძლოა საკუთარი ემოციები ნახატებით გადმოსცენ.


დღესდღეობით ბავშვების განვითარება თამაშის საშუალებით მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხსაც შეიცავს. ეს არის კომპიუტერული თამაშების, ტელევიზორის და თვითმართვადი სათამაშოების აქტუალობა ბავშვებში. ეს ტენდენცია ბავშვთა განვითარების დეპრივაციას იწვევს, რაც წარმოდგენის, ფანტაზიის, სამყაროს აღმოჩენის სურვილის და საკუთარი გრძნობების, ფიქრებისა და დამოკიდებულებების გამოხატვის სირთულეში ვლინდება.

0
57
შეფასება არ არის
ავტორი:გვანცა ნოზაძე.
გვანცა ნოზაძე.
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0