x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135795
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510179
შ.ჰ. შვარცის ადამიანის საბაზისო ღირებულებათა მოდელი

საზოგადოება"ღირებულებათა თეორია სხვადასხვა მეცნიერების, ერთი შეხედვით, დაუკავშირებელ კვლევებსა და ცოდნას ადამიანური ქცევების ასახსნელად იყენებს." (Rokeach, 1973).

ამ სიტყვებით იწყებს სოციალური ფსიქოლოგი, კროსკულტურული მკვლევარი და იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის (The Hebrew University of Jerusalem) პროფესორი - შალომ ჰ. შვარცი საკუთარ 2006 წლის ნაშრომს ადამიანის საბაზისო ღირებულებების შესახებ. მისი აღნიშნული ნაშრომი ეფუძნება სხვადასხვა ფსიქოლოგიურ, სოციოლოგიურ და ანთროპოლოგიურ ცოდნას და განმარტავს, რომ მიუხედავად მსოფლიო კულტურებს შორის აქტუალური კონფლიქტებისა და კონგრუენტულობასთან (ინტერესთა შესაბამისობასთან) დაკავშირებული კრიზისებისა, ყველა კულტურაში იკვეთება ღირებულებები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ყველასთვის საერთოა და საყოველთაოდ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღებისა და განსჯის პროცესში. სხვადასხვა ადამიანში განსხვავებულია ღირებულებათა პრიორიტეტულობა - ზოგისთვის რაც მნიშვნელოვანია, შეიძლება სხვისთვის არ იყოს ამდენად მნიშვნელოვანი. შვარცი იკვლევს, დასახელებულ ღირებულებათაგან (დაცულობა, უნივერსალიზმი, დამოუკიდებლობა, სიკეთე და ა.შ.), რომელი აერთიანებს ყველაზე მეტად მსოფლიო თანამედროვე საზოგადოებას, რათა გამოკვეთოს უნივერსალური ღირებულებები (Universal Values), რომლებიც ყველაზე მეტად ფასობენ მსოფლიოში.

აღნიშნული ნაშრომი პირველი არ არის - შვარცი 2006 წლამდეც აქტიურად იკვლევდა ადამიანის საბაზისო ღირებულებებს სხვადასხვა კულტურაში. თანამედროვე ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებაში (სოციალური, პიროვნული, ორგანიზაციული ფსიქოლოგია) შვარცის ადამიანის საბაზისო ღირებულებების თეორია ქმნის ღირებულებებათა კლასიფიკაციის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მეთოდს, როკიჩის მოდელთან ერთად. მისი თეორიის მიხედვით, ღირებულებების ძირითადი თვისებებია:

1. ღირებულებები რწმენებია, რომლებიც განუყოფელია აფექტისგან. ღირებულებების გააქტიურება მყისიერად უკავშირდება გრძნობით რეაქციებს.

2. ღირებულებები განსაზღვრავს სასურველ მიზნებს, რომლებიც აღძრავენ მოქმედებისა და მიზნების მიღწევის მოტივაციას.

3. ღირებულებები აბსტრაქტული მიზნებია, რომლებიც ძალიან სპეციფიკური მოქმედებისკენ გვიბიძგებენ; ისინი განსხვავდებიან ნორმებისგან, რომლებიც, ძირითადად, საყოველთაოდაა ობიექტურად შეთანხმებული და ნაკლებად აქვს პერსონალური მნიშვნელობა.

4. ღირებულებები ადამიანის პირად სტანდარტებსა და კრიტერიუმებს წარმოადგენს; განსჯის ადამიანებს, სიტუაციებს, მოვლენებს, კანონებს ამ სტანდარტებისა და კრიტერიუმების მიხედვით. იგი განსაზღვრავს "კარგსა" და "ცუდს", "სწორსა" და "არასწორს", სავარაუდო, მოსალოდნელი შედეგების გაზომვით და გადაფასებით. თუმცა, ღირებულებათა აქტივაციის პროცესი მხოლოდ მაშინ ხდება გაცნობიერებული, როცა იგი საწინააღმდეგო ღირებულებებს ხვდება და ჩნდება თავდაცვის საჭიროება.

5. ადამიანი თავად განსაზღვრავს რომელი ღირებულება არის პირადად მისთვის პრიორიტეტული. ღირებულება შესაძლებელია ერთ სხვა ღირებულებაზე მნიშვნელოვანი იყოს, თუმცა მეორე ღირებულებას მასზე მეტი მნიშვნელობა გააჩნდეს.

6. ღირებულებათა პრიორიტეტულობა განსაზღვრავს მოქმედების მიმართულებას. ყველა ქმედება განპირობებულია ერთზე მეტი ღირებულებით. ღირებულებათა კონკრეტული ბუნების გამო ადამიანი იყენებს ისეთ ღირებულებას, რომელიც ყველაზე ხელსაყრელია მოცემული კონტექსტისთვის (კონგრუენტულია გარემოებასთან): ყველაზე ქმედუნარიანია მოცემულ სიტუაციაში და, ამასთანავე, მნიშვნელოვანია აქტორისათვის (Schwartz, 2006).

ყველა ჩამოთვლილი თვისება დამახასიათებელია შვარცის მიერ გამოყოფილი საბაზისო ღირებულებებისთვის, რომლებსაც ადამიანის საბაზისო ღირებულებათა მოდელი მოიცავს. განსხვავებით როკიჩის მოდელისგან, რომელსაც მხოლოდ ორი საბაზისო ადამიანური ღირებულება აქვს გამოყოფილი, შვარცი 10 საბაზისო ღირებულებას გამოყოფს და მათ შორის მიმართებას სწავლობს.

შვარცის მოდელი

თითოეული ღირებულება მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ბიოლოგიურად, სოციალურად და თვითგადარჩენისთვის. ესენია:

1. საკუთარი თავისადმი მიმართულების მიცემა: დამოუკიდებლად მოქმედება და ქმნადობა.

2. სტიმულაცია: სიახლეები, გამოწვევები.

3. ჰედონიზმი: სიამოვნება და, საკუთარი თავისთვის, სენსუალური კმაყოფილების მიღწევის ხელშეწყობა.

4. მიღწევა: პირადი წარმატება და კომპეტენციის დემონსტრირება შესაბამისი სოციალური სტანდარტების მიხედვით.

5. ძალაუფლება: სოციალური პრესტიჟი, ადამიანებსა და ადამიანების ჯგუფებზე ზეგავლენა.

6. უსაფრთხოება: დაცულობა, ნდობა, სტაბილურობა, ჰარმონია საკუთარ თავთან და სხვებთან.

7. კონფორმიზმი: კანონებისადმი მორჩილება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ყველანაირი დევიაციური ქცევის აკრძალვა საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის.

8. ტრადიცია: ერთგულება, პატივისცემა და შეთანხმებულობა, განსაკუთრებით საკუთარი რელიგიური და კულტურული ორგანიზაციების იდეების მიმართ.

9. სიკეთე: სხვის კეთილდღეობაზე ზრუნვა, განსაკუთრებით თუ ეს ადამიანი ახლობელია.

10. უნივერსალიზმი: გაგება, მიმღებლობა, ტოლერანტობა და სიყვარული მთელი კაცობრიობისადმი და ბუნებისადმი.

შვარცის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ თეორია გამოყოფს მხოლოდ 10 საბაზისო ღირებულებას, უფრო ბაზისურ დონეზე თუ მივუდგებით ეს ღირებულებები მოტივაციურად ურთიდაკავშირებულები არიან: ქმნიან ცირკულარულ-სტრუქტურულ დინამიკას. როგორც სურათზეა მოცემული, ზოგი ღირებულება ერთი კონკრეტული მოტივაციისა და მოთხოვნილების ქვეშ ერთიანდება. მაგალითად, კონფორმიზმის, ტრადიციისა და უსაფრთხოების ძირეული საერთო მოტივი კონსერვაცია, ანუ შენარჩუნებაა. თვითსრულყოფის მოტივით ხასიათდება სიკეთისა და უნივერსალიზმის ღირებულებები. ცვლილებებისადმი გახსნილობისა და გამოწვევებთან გამკლავების მოთხოვნილება ახასაითებთ საკუთარი თავისთვის მიმართულების მიცემის, სტიმულაციისა და ჰედონიზმის ღირებულებებს. ჰედონიზმის ღირებულება, ძალაუფლებასთან და მიღწევებთან ერთად, თვითგანვითარების მოტივითაც ხასიათდება. გარდა ამისა, წყვილებითაც კი ქმნიან ღირებულებები მიზნობრივ რეალიზებულობას. მაგალითად, ძალაუფლება და მიღწევა ერთად - სოციალურ გავლენას და პრესტიჟს. შესაბამისად, რაც უფრო ახლოს არიან ღირებულებები შვარცის ცირკულარულ კონტინიუმში, მით მეტად უკავშირდებიან ერთმანეთს მოტივაციურად და უფრო კონკრეტულ ფსიქოტიპს ქმნიან აღნიშნულ ტიპოლოგიაში.

შვარცის ღირებულებათა თეორიასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კვლევა 2001 წელს ჩატარდა, სადაც შვარცმა, ბარდისთან ერთად, გამოავლინა კულტურათაშორისად ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება, რომელიც სიკეთე აღმოჩნდა. მეორე ადგილზე უნივერსალიზმი გავიდა, ბოლო ადგილზე კი - ტრადიცია. ამ კვლევის წყალობით, შვარცმა დაასკვნა, რომ ადამიანის საბაზისო ღირებულებები კროსკულტურულად მნიშვნელოვნად საერთოა (Schwartz, 2001).

0
111
შეფასება არ არის
ავტორი:კესო გაგოშიძე
კესო გაგოშიძე
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0