x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135795
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510179
თანამედროვე არაეთიკური კვლევა: Facebook-ის ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი (2012)

ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი ფეისბუქზე

ფსიქოლოგიური კვლევისას ეთიკური პრინციპების დაცვა (ცდისპირის პირადი სივრცის და კონფიდენციალურობის დაცვა; მისი სრულყოფილად ინფორმირება კვლევის მიზნებისა და მეთოდების შესახებ; კვლევიდან გამოთიშვის შესაძლებლობის მიცემა; კვლევაში მონაწილეობა, როგორც ადამიანის ხელშეუხებელი და თავისუფალი ნება) იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ადამიანის აბსოლუტური უფლებების დაცვა. კვლევაში ადამიანის მონაწილეობა, სრულიად უსაფრთხო უნდა იყოს მისი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის (წულაძე, 2008). რაც მთავარია, მის ინტერესს უნდა წარმოადგენდეს კვლევაში მონაწილეობა და ფსიქოლოგიის მეცნიერებაში, თავისი მონაწილეობით, წვლილის შეტანა.

ფსიქოლოგიური კვლევებისთვის პირველი ეთიკის კოდექსის შექმნამდე (1953), ცხოველებსა და ადამიანებზე, თანამედროვე სტანდარტებით არაეთიკური კვლევების ჩატარება მიღებული პრაქტიკა იყო სამეცნიერო წრეებში. ჩარევები, რომლებიც ადამიანების განწყობაზე და ფსიქიკაზე ხდებოდა სამეცნიერო ჰიპოთეზების დასამტკიცებლად, ზოგი ადამიანის ჯანმრთელობასაც უქმნიდა საფრთხეს. მაგალითად, ფსიქოლოგიის ერთ-ერთი სკოლის - ბიჰევიორიზმის ფუძემდებლის - ჯონ უოტსონის "პატარა ალბერტის" ექსპერიმენტი ცნობილია, როგორც უმნიშვნელოვანესი, მაგრამ თავად ექსპერიმენტში მონაწილე ბავშვისთვის დამაზიანებელი ექსპერიმენტი. პატარა ალბერტი (ასე გახდა ცნობილი ექსპერიმენტში მონაწილე ბავშვი) მთელი დარჩენილი ცხოვრება იტანჯებოდა სხვადასხვა სახის ფობიით, რომლებიც ექსპერიმენტის პროცესში შეიძინა. უოტსონს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ექსპერიმენტით მნიშვნელოვანი ცოდნა შესძინა ფსიქოლოგიას კლასიკური განპირობებულობის შესახებ, დღეს ამ კვლევის განხორციელების უფლება არ ექნებოდა. ამავე ეთიკური პრინციპებით ფორმდება თანამედროვე კვლევები, სადაც ინფორმაციული შეთანხმების პრინციპის დაცვა ყოველთვის პრიორიტეტულია. თუმცა გამონაკლისია Facebook-ის ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი 2012 წელს.

2012 წლის იანვარში, სოციალური ქსელი Facebook-ისა და კორნელის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, ჩატარდა არასაჯარო, საიდუმლო ექსპერიმენტი, რომელიც მიზნად ისახავდა დაემტკიცებინა რეალურ გარემოში ემოციური განწყობების გადამდებობა სოციალურ მედიაპლატფორმებზე (Kramer, 2014). კვლევის ფარგლებში სამიზნე ჯგუფის - თითქმის 700 000 ადამიანის (მათი ინფორმირების გარეშე) Facebook-ის ინფორმაციული ზოლი (news feed) დაკომპლექტდა Facebook-ის თანამშრომლების მიერ, რომ მონაწილეების ერთი ჯგუფი 1 კვირის განმავლობაში მხოლოდ პოზიტიურ სიახლეებს ხედავდა, მეორე ნაწილი კი - ნეგატიურსა და სევდიანს. მკვლევრები, როგორც Facebook-იდან, ასევე კორნელიდან, კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ მონაწილეების პოსტების სტატისტიკურ მონაცემებთა ბაზებს. მონაწილეები, რომლებიც კვირის განმავლობაში პოზიტიურ სიახლეებს ხედავდნენ, უფრო მეტად პოზიტიური შინაარსის პოსტებს აქვეყნებდნენ თავიანთ პროფილზე; ნეგატიური სიახლეების შემხედვარე კი, მეორე ჯგუფი, შედარებით სევდიანი განწყობის პოსტების გამოქვეყნებით გამოირჩეოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პოზიტიური და ნეგატიური შინაარსი კომპიუტერის მიერ ციფრული ალგორითმით განისაზღვრებოდა და იფილტრებოდა, რაც მკვლევრებს ინდივიდუალურ პროფილზე დაკვირვების საშუალებას არ აძლევდა და მათ ხელთ არსებული ინფორმაცია რამდენიმე ათასი ადამიანის სტატისტიკურ მონაცემებს წარმოადგენდა. შესაბამისად, Facebook-მა და კორნელმა დაამტკიცეს, რომ სოციალურ ქსელებზე ემოციები და განწყობები გადამდებია (Kramer, 2014).

საბოლოო კვლევის ანგარიში 2014 წლის ივნისში გამოქვეყნდა, რამაც საზოგადოების, ოფიციალური ორგანიზაციების და ფსიქოლოგთა კრიტიკა გამოიწვია. ქეთრინ ფლიკი 2015 წელს აქვეყნებს ნაშრომს და განმარტავს, რომ სოციალურმა ქსელმა და უნივერსიტეტმა დაარღვიეს ინფორმაციული შეთანხმების პრინციპი ფსიქოლოგიური კვლევის ეთიკის კოდექსიდან. იგი განმარტავს, რომ Facebook-მა თავადაც დაარღვია მისი, როგორც სოციალური ქსელის ნორმატიული ვალდებულებები და მომხმარებლების მოლოდინები მის მიმართ:

1. Facebook-ის მომხმარებლები ენდობიან სოციალურ ქსელს, რომ რასაც ხედავენ საინფორმაციო ზოლზე, არის მათ მიერ არჩეული ადამიანებისა და ორგანიზაციების ინფორმაცია, და არა სოციალური ქსელის მიერ მანიპულირებელი ინფორმაცია მათზე დასაკვირვებლად (თანხმობის გარეშე).

2. მომხმარებლები ელიან, რომ Facebook მათ პირდაპირ (ექსპლიციტურად) შესთავაზებს ნებისმიერ კვლევაში მონაწილეობას და პატივს სცემს მათ შესაძლო უარს.

3. მომხმარებლები ელიან, რომ Facebook სანდო, უსაფრთხო ორგანიზაციაა, და იცავს ეთიკის კოდექსს (Flick, 2015).

მასიური კრიტიკის საპასუხოდ, Facebook იძულებული გახდა გამოექვეყნებინა ახსნა-განმარტება და საჯაროდ მოებოდიშებინა საზოგადოებისთვის და თავისი მომხმარებლებისთვის: "ბოდიშს ვიხდით კვლევის პროცესისა და ჩენი კვლევის გამო თქვენში გამოწვეული ნებისმიერი სახის აღელვებისთვის." შერილ სენდბერგმა, Facebook-ის COO-მ, განაცხადა, რომ შეწუხებულია სოციალურ ქსელსა და მომხმარებლებს შორის არასათანადო კომუნიკაციით და იღებს პასუხისმგებლობას, თუმცა არ აღიარებს კვლევის არაეთიკურობას. აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელზე კვლევის ეთიკას ეს ექსპერიმენტი, ობიექტურად, არ არღვევდა. ამის გამო, 2016 წელს გადაიხედა და გამკაცრდა (დაზუსტდა) ფსიქოლოგიური კვლევის ეთიკის კოდექსი (რომელიც კვლავ იცვლება და გარემოებებიდან გამომდინარე, ვითარდება და ადაპტირდება), რის შედეგადაც მსგავსი კვლევები ამჯერად შეუმჩნეველი და გამართლებული აღარ დარჩება.


0
96
შეფასება არ არის
ავტორი:კესო გაგოშიძე
კესო გაგოშიძე
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0