x
მეტი
  • 03.10.2024
  • სტატია:137407
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511374
აუტიზმი
image
აუტიზმი წარმოადგენს ქრონიკულ პათოლოგიას, თავის ტვინში მომხდარ ცვლილებათა შედეგად გამოწვეულ ნეიროგანვითარების დარღვევას, რომელიც დაკავშირებულია მრავალ სოციალურ, ემოციურ, ქცევით თუ კომუნიკაციის ( როგორც ვერბალური, ასევე არავერბალური) პრობლემასთან. ამასთან, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მაპროვოცირებელი მიზეზები ჯერ კიდევ დაუზუსტებელია. მეცნიერები აუტიზმის გამომწვევ ფაქტორებზე საუბრისას გამოყოფენ გენეტიკურ, ფსიქოლოგიურ, ნევროლოგიურ და გარემო ფაქტორებს.

აუტიზმი უმეტესწილად ადრეულ ბავშვობაში ვლინდება - 18-დან 36 თვემდე ასაკში. თანამედროვე მსოფლიოში აუტიზმის სპექტრის დიაგნოსტიკა ხდება ADOS-2 (Autism Diagnostic Observation Scadule) და ADI-R (Autism Diagnostic Interier Revised) ტესტების გამოყენებით ამასთან, ADR-2 გულისხმობს უშუალოდ ბავშვის ქცევაზე დაკვირვებას, ხოლო ADR-R-ი კი ინტერვიუს მშობელთან. მნიშვნელოვანია, რომ დიაგნოსტიკა მოხდეს დროულად. უმჯობესია, თუ პროცესში მულტიდისციპლინური გუნდი იქნება ჩართული. მრავალი განხრით მომუშავე სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული გუნდი სწრაფად და ეფექტურად შეძლებს პრობლემის აღმოჩენასა და ანალიზს. შესაბამისად, დაიწყება საჭიროებისამებრ ბავშვის უნარების გასაუმჯობესებლად კომპელექსური პროცესის დაგეგმვა და წარმართვა.

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვები ინდიფერენტულნი არიან გარშემომყოფი საგნებისა და ადამიანების მიმართ. გულგრილ დამოკიდებულებას ავლენენ მშობლების მიმართაც. არ რეაგირებენ, როდესაც სახელით მიმართავენ, არ ინტერესდებიან გარშემომყოფთა საუბრით, მათი მითითებებით - თითქოს არც ესმით. აქვთ სოციალიზაციის პრობლემები - მათთვის პრობლემურია როგორც უფროსებთან, ასევე თანატოლებთან ურთიერთობა, რადგან უძნელდებათ სხვების ემოციების გაგება. უჭირთ საკუთარი მოთხოვნილებების გადმოცემა ტიპური სიტყვებისა და მოძრაობების საშუალებით. მაგალითად, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვები ხშირად არ ამბობენ რომ სცივათ, სტკივათ, სწყურიათ და ა.შ. ერიდებიან ვერბალურ კომუნიკაციას - შესაძლოა საერთოდ არ ლაპარაკობდნენ ან გაუაზრებლად, მექანიკურად იმეორებდნენ მოსმენილ ფრაზებს. აქვთ საკუთარი “რუტინა’’ და უჭირთ სიახლის მიღება ( მაგალითად, კონკრეტულ ლოკაციაზე მუდმივად ერთი და იმავე გზით მისვლა სურთ). არ თამაშობენ კლასიკურ თამაშებს, იმეორებენ ერთი და იმავე ქცევას. ამასთან, შესაძალოა დაკარგონ უნარები, რომლებიც უკვე ჰქონდათ შეძენილი, შეწყვიტონ უკვე ნასწავლი სიტყვების გამოყენება და ა.შ. ამრიგად, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვები ხშირად საკუთარ სამყაროს ქმნიან, საკუთარი წესებით და გარშემომყოფთა მიმართ ინტერესს არ ამჟღავნებენ. თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა განვავრცოთ ამ დიაგნოზის მქონე ყველა ინდივიდზე. მათ ნაწილს სურს სოციალიზაცია, მეგობრების ყოლა, კომუნიკაციის დამყარება, რისთვისაც საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროებათ. აუტიზმის ყველაზე ძლიერი ფორმის მქონე ინდივიდებს ახასიათებთ აგრესიული ქცევა, შესაძლოა საკუთარი თავიც კი დაიზიანონ.

დიაგნოსტიკის შემდგომ ინდივიდის ასაკის, საჭიროებების მიხედვით შეირჩევა ინტერვენციის სახე, განისაზღვრება კურიკულუმი. ნებისმიერი თერაპიის, ყველა ტიპის ინტერვენციის მიზანს წარმოადგენს არსებული სიმპტომების შემცირება და ახალი უნარების დასწავლა. უნარების, რომლებიც პიროვნებას დაეხმარება საკუთარი მოთხოვნილებების დამოუკიდებლად დაკმაყოფილებაში, ყოველდღიური რუტინის წარმართვაში, გარშემომყოფებთან ინტერაქციაში, რათა გაუმჯობესდეს ამ უკანასკნელის ცხოვრების ხარისხი. ახალი უნარების ათვისების შემდგომ იწყება მათ შენარჩუნებაზე ზრუნვა. მკურნალობის შედეგების ეფექტურობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ინდივიდის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე, მის პიროვნულ მახასიათებლებზე.


როგორც უკვე აღინიშნა, აუტიზმი ქრონიკული პათოლოგიაა, რომლის განკურნებაც შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ არსებობს ამ დიაგნოზის მქონე პირთა სტიგმატიზაციის საფუძველი. მრავალი მათაგანი წარმატებული ინტერვენციის შემდეგ, როდესაც იხსნება აუტიზმის მწვავე სიმპტომები და ხდება ქცევის მოდიფიცირება, მეტნაკლებად ახერხებს გარემოსთან ადაპტაციას, საკუთარი პიროვნების რეალიზებას . უნდა აღინიშნოს, რომ აუტიზმის მქონე ადამიანები, როგორც წესი, გამოირჩევიან კარგი მეხსიერებით, არიან კრეატიულები, აქვთ გამორჩეული დაკვირვების უნარი. ეს თვისებები კი მათ საკუთარ ინტერესის სფეროში წარმატების მიღწევაშიც ეხმარება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2007 წლის 18 დეკემბერს 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცოდნის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. მართლაც, უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება, რათა აღნიშნული დიაგნოზის მქონე ინდივიდებს სოციუმთან ურთიერთობა გაუმარტივდეთ, სურვილის შემთხვევაში შეძლონ საკუთარი თავის დამკვიდრება ისე, რომ საზოგადოების მიერ სტერეოტიპულად აღქმული დიაგნოზი იმაზე დიდ ბარიერად არ ექცეთ, ვიდრე რეალურად არის.

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე აბაშიშვილი
სალომე აბაშიშვილი
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0