x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135791
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510179
რა გავლენას ახდენს აღზრდის სტილი ბავშვის განვითარებაზე?

image
გამომდინარე იქიდან, რომ ადრეული ასაკის ბავშვები ძალიან არიან დამოკიდებულნი მშობლებზე, მათ განვითარებაზე სწორედ მშობლები და მათ მიერ შემუშავებული აღზრდის სტილი ახდენენ გავლენას. აღზრდის სტილის აღწერისას ყურადღება ექცევა ორ კრიტერიუმს: კონტროლსა და სითბოს. კონტროლი გულისხმობს მშობლების მიერ ბავშვებისთვის შეზღვუდვების დაწესებას, თავისუფლების წართმევასა და წესების დაცვის იძულებას. სითბო კი მშობლების მიერ გამოხატულ სიყვარულზე მიუთითებს. თბილი მშობლები ხშირად უღიმიან შვილებს, აქებენ და წაახალისებენ.


დაიანა ბაუმრენდმა მშობლების მიერ კონტროლისა და სითბოს გამოხატვის ინტენსივობის მიხედვით გამოყო აღზრდის 4 სტილი: ავტორიტეტული, ავტორიტარული, ლმობიერი/ლოიალური და ინდიფერენტული.


ავტორიტეტული მშობლები ზომიერად მაღალ კონტროლს უთავსებენ მაღალ სითბოს, ისინი იღებენ და წაახალისებენ მათი შვილების ავტონომიას, აქვთ ხშირი კომუნიკაცია შვილებთან და, ამის საფუძველზე, ადგენენ მოქნილ, ორივე მხარისათვის მისაღებ წესებს. ავტორიტეტული აღზრდის სტილით აღზრდილი ბავშვები არიან თავდაჯერებულები, აქვთ თვითკონტროლის უნარი და სოციალური კომპეტენცია. მათი თვითშეფასება და სკოლის აკადემიური მოსწრება გაცილებით მაღალია.


ავტორიტარული მშობლები არიან ძალიან მაკონტროლებელნი და შვილების მიმართ სითბოს ნაკლებად გამოხატავენ. ისინი გასცემენ ბრძანებებს, ადგენენ ხისტ წესებს შვილების აზრის გათვალისწინების გარეშე, რადგან კომუნიკაცია შვილებთან თითქმის არ აქვთ. ავტორიტარული აღზრდის სტილით აღზრდილი ბავშვები არიან ჩაკეტილები, შეშინებულები, გაუბედავები, გაღიზიანებულები, აქვთ მერყევი ხასიათი და არ სწამთ საკუთარი თავის.



ლმობიერი მშობლები გამოხატავენ დიდი რაოდენობით სითბოს და ავლენენ კონტროლის დაბალ ხარისხს. ასეთი მშობლები შვილებს აძლევენ დიდ თავისუფლებას და თითქმის არანაირ შეზღუდვებს არ უწესებენ. ბავშვები მშობლებისგან იღებენ უპირობო სიყვარულს. ლმობიერი აღზრდის სტილით აღზრდილი ბავშვების ნაწილი აგრესიულობისა და მეამბოხეობისკენაა მიდრეკილი, ნაწილი კი-იმპულსურობის, სოციალურად არაკომპეტენტურობისა და თვითშემწყნარებლობისკენ, ზოგიერთი ბავშვი სულაც შესაძლებელია იყოს აქტიური, შემოქმედებითი და გახსნილი.


ინდიფერენტული მშობლები არც შეზღუდვებს უწესებენ და არც დიდ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ შვილების მიმართ. ასეთი მშობლები უფრო მეტად ორიენტირებულნი არიან საკუთარ ცხოვრებაში არსებულ სტრესზე და ამიტომაც საკმარისი ენერგია აღარ რჩებათ შვილებისთვის. ამ შემთხვევაში, თუ გულგრილობას მტრული დამოკიდებულებაც დაემატება, ბავშვები მიდრეკილნი ხდებიან დესტრუქციული იმპულსებისა და დელიკვენტური ქცევის მაღალი გამოვლენისკენ.


რომელია აღზრდის საუკეთესო სტილი? როგორც სხვა ყველაფერში, ზომიერების დაცვა აღზრდაშიც საუკეთესო გამოსავალია. ამიტომ საუკეთესო შედეგების მიღება შეგვიძლია ავტორიტეტული აღზრდის სტილის გამოყენებით, რადგანაც კვლევებით დადასტურებულია, რომ ავტორიტეტული მშობლების შვილები უმეტეს შემთხვევაში საზოგადოებაში კარგად ფუნქციონირებენ. ისინი ყველაზე მეტად ავლენენ თვითდარწმუნებულობას, თვითრეგულირებასა და სოციალურ კომპეტენციას და სწორედ მათ უყალიბდებათ ყველაზე მაღალი თვითშეფასება და აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება.




0
58
3-ს მოსწონს
ავტორი:ლია ყველიაშვილი
ლია ყველიაშვილი
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0