x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135790
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510179
რა არის შიზოფრენია ?
image

შიზოფრენია საკმაოდ მძიმე და ქრონიკული ფსიქიკური აშლილობაა, რომლის გამოვლენის შემთხვევაშიც რეალობა არასწორი მენტალური კონსტრუქციებით ინტერპრეტირდება. როდესაც შიზოფრენია აქტიურია, ის შეიძლება გამოიხატოს ჰალუცინაციებით, ბოდვებით, არაორგანიზებული მეტყველებით, აზროვნებასა და სხვა კოგნიტურ უნარებთან დაკავშირებული პრობლემებითა და მოტივაციის ნაკლებობით, რაც, ცხადია, ხელს უშლის ნორმალურად ფუნქციონიერებას. მიუხედავად ამისა, მკურნალობის შედეგად შესაძლებელია პაციენტის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება და არაჯანსაღი ქვევის პატერნების გამოვლენის სიხშირის შემცირება.


მოგეხსენებათ, შიზოფრენიის შესახებ უამრავი მცდარი წარმოდგენა და მითი არსებობს. რატომ? იმიტომ, რომ საკმაოდ რთულ მენტალურ დარღვევასთან გვაქვს საქმე, რომელიც ჯერჯერობით სრულად შესწავლილი არ არის. მაგალითად, ალბათ გსმენიათ, რომ შიზოფრენიის კომპლექსური იდეა პიროვნულ დანაწევრებასა და/ან გაორებას მოიაზრებს საკუთარ თავში, რაც ობიექტურ რეალობას არ შეესაბამება.


გარდა ამისა, ერთი საკმაოდ საინტერესო ფაქტი ამ დაავადების შესახებ ის არის, რომ შიზოფრენია ქალებსა და კაცებს თანაბრად „ემუქრება“, თუმცა, ემპირიული კვლევებით დადასტურებულია, რომ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს უფრო ადრეულ ასაკში უვლინდებათ: საწყის სიმპტომებს მამაკაცები თინეიჯერობისას ან 20-იან წლებში განიცდიან, ქალები კი - 20-30-იან წლებში. ასევე, როგორც წესი, შიზოფრენიით დაავადებული ადამიანები უფრო ადრეულ ასაკში კვდებიან, ვიდრე მოსახლეობის სხვა წარმომადგენლები.



ს ი მ პ ტ ო მ ე ბ ი :

როდესაც შიზოფრენია აქტიური სახით გვევლინება, პიროვნება კარგავს რეალური და ირეალური გამოცდილებების გამყოფ ზღვარს.

  • პოზიტიური სიმპტომები:
ჰალუცინაციები: გამოსახულება, რომელსაც ადამიანი ხედავს, მხოლოდ თავის პროქსიმალურ სტიმულში არსებობს და არა - დისტალურში. ასევე, ყურის მემბრანის მიერ აღქმული ბგერები გარემოში გავრცელებულ ბგერით ტალღებს არ შეესაბამება. თუმცა, ყოველივე ზემოაღნიშნულს ადამიანი აცნობიერებს, როგორც რეალურს.


ბოდვა: პიროვნების მცდარი რწმენები/წარმოდგენები, რომლებსაც რეალური საფუძველი არ გააჩნია. მაგალითად, ადამიანი თვლის, რომ ვინმემ ზიანი მიაყენა ან შეავიწროვა; რომ საზოგადოების კომენტარები და ჟესტები მისკენ იყო მიმართული; რომ განსაკუთრებული უნარები აქვს; რომ ვინმე X პიროვნება მასზეა შეყვარებული ან რომ მალე შემაძრწუნებელი კატასტროფა მოხდება.

  • ნეგატიური სიმპტომები:
ადამიანი კარგავს ნორმალურად ფუნქციონირებისთვის საჭირო უნარებს: საუბრის, ემოციების ადეკვატურად გამოხატვის, სიამოვნების მიღების, მარტივი პროცესების დაგეგმვის. მაგალითად, როდესაც მავანი უგულებელყოფს ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვას, არ ცვლის სახის გამომეტყველებას, მონოტონურად საუბრობს და ამ დროს არ უყურებს სხვას თვალებში, კარგავს ინტერესს ყოველდღიური აქტივობებისადმი.

  • არაორგანიზებული სიმპტომები:
მავანის პრობლემები აზროვნებასა და სხვა კოგნიტურ უნარებთან იდენტიფიცირდება მისი ალოგიკური და დანაწევრებული ექსპრესიული მეტყველებით: როდესაც ადეკვატური კომუნიკაცია შეუძლებელია, რადგან პიროვნების პასუხები ნაწილობრივ ან სრულიად არ უკავშირდება კითხვის საზრისსა და შინაარსს. იშვიათად შესაძლოა საუბარი მოიცავდეს ისეთ აზრმოკლებულ სიტყვებსაც, რომელთა მნიშვნელობის ამოცნობა შეუძლებელია.


არაორგანიზებულობა არა მხოლოდ აზროვნებასა და მეტყველებაში, არამედ მოტორულ უნარებშიც ვლინდება. მაგალითად, როდესაც პიროვნება ზედმეტად ბევრს მოძრაობს უსარგებლოდ ან, პირიქით, საჭიროების დროსაც კი უარს აცხადებს ელემენტარულ მოტორულ აქტივობებზე.


გარდა ამისა, ეს სიმპტომი სახეზეა მაშინაც, როცა მავანს არ შეუძლია საკითხზე კონცენტრაცია.

image

რ ა ი წ ვ ე ვ ს შ ი ზ ო ფ რ ე ნ ი ა ს?

მეცნიერულად დასაბუთებული არ არის ამ ფსიქიკური აშლილობის გამომწვევი ზუსტი მიზეზები, თუმცა, მკვლევრების ღრმა რწმენითა და სტატისტიკით, გენეტიკური ინფორმაციის, ტვინის აგებულებისა და გარეგანი ფაქტორების (სტრესი) კომბინაციას დიდი წვლილი შეაქვს ამ მენტალური დარღვევის განვითარებაში.


რ ი ს კ ფ ა ქ ტ ო რ ე ბ ი

  • თუ წინაპრებს/ოჯახის წევრებს შორის რომელიმეს გამოუვლინდა შიზოფრენია;
  • ორსულობისა და მშობიარობის თანდმევი რიგი პრობლემები და გართულებები: არასწორი კვება, ტოქსინების ზემოქმედება ან ვირუსი, რომელსაც შესაძლოა შეეფერხებინა ტვინის ნორმალური განვითარება;
  • ცნობიერების შემცველი (ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული) ნივთიერებების მიღება ადრეულ ასაკში.

გ ა რ თ უ ლ ე ბ ე ბ ი

  • სუიციდური იდეები;
  • შფოთვითი აშლილობა ან ობსესურ-კომპულსიური აშლილობა;
  • დეპრესია;
  • მეცადინეობისა და/ან მუშაობისთვის საჭირო უნარების (კონცენტრაცია, მეხსიერება, მოტივაცია) დაქვეითება;
  • ფინანსური პრობლემები და უსახლკარობა;

მიუხედავად იმისა, რომ შიზოფრენიის არც გამომწვევი მიზეზები და არც მკურნალობის გზები მეცნიერულად ბოლომდე არაა შესწავლილი, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ფსიქიკური აშლილობა მკურნალობას ექვემდებარება და ადამიანები მიჰყვებიან ცხოვრების ნორმალურ რიტმს საკმაოდ დიდი წარმატებითაც კი. თერაპია და ფსიქოსოციალური მხარდაჭერა ეხმარება მათ სოციალური უნარების დასწავლასა და გამომუშავებაში, სტრესსა და შფოთვასთან გამკლავებაში. ამასთანავე, არსებობს უამრავი მხარდამჭერ-დამსაქმებელი პროგრამა, რომლებიც შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებიან, დასაქმდნენ და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი. გარდა ამისა, უაღრესად, არსებითად მნიშვნელოვანია ერთი მხრივ ოჯახის მხარდაჭერა, მეორე მხრივ კი მათი ინფორმირებულობა ამ დაავადების შესახებ. მსოფლიოში არსებობს ორგანიზაციები (Schizophrenia and Related Disorders Alliance of America (SARDAA), Mental Health America (MHA) and the National Alliance on Mental Illness (NAMI)), რომლებიც აქტიურად ეხმარებიან როგორც შიზოფრენიით დაავადებულებს, ასევე - მათ ოჯახებს.

0
128
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი სარდლიშვილი
ქეთი სარდლიშვილი
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0