x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135791
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510179
დასწავლილი უმწეობა
image

რა აკავებს სპილოს? ჯაჭვი თუ დასწავლილი უმწეობა - რწმენა, რომ ვერაფერს შეცვლის?


ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვის პროცესი პიროვნებას საკუთარ თავში ახალი ძალების აღმოჩენაში ეხმარება, განაპირობებს ამ უკანასკნელის ემოციურ მდგრადობასა და მზაობას სხვა დაბრკოლებების გადალახვისასაც. საინტერესოა, როგორ მოქმედებს ადამიანის თვითშეფასებასა და თავდაჯერებაზე განცდილი მარცხი, უშედეგო მცდელობათა და ვერ მიღწეულ მიზანთა სიმრავლე. რაციონალური თუ ირაციონალური შიში, მარტოსულობის განცდა, დეპრესია, არასრულფასოვნების კომპლექსი - ეს იმ უარყოფით ემოციათა თუ მდგომარეობათა არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ხშირად განიცდიან ადამიანები, რომლებმაც მარცხის მიზეზების ძიებისას საკუთარი თავი უმწეოდ აღიქვეს და შემქნილი მდგომარეობა ბუნებრივად მიიჩნიეს, შეეგუვნენ. სწორედ შეგუებას მივყავართ დასწავლილი უმწეობის ფენომენამდე.

ლიტერატურაში დასწავლილი უმწეობა განიმარტება, როგორც ზიანის მომტანი სტიმულის არსებობის პირობებში რეაქციის არ ქონის ზოგადი პატერნი, რომელიც ხშირად თან ერთვის მდგომარეობას, როდესაც ინდივიდი განიცდის არაშემთხვევითი, გარდაუვალი უარყოფითი სტიმულის ზემოქმედებას. ტერმინის - learned helplessness დამკვიდრება მარტინ სელიგმენისა და სტივ მაიერის სახელს უკავშირდება. მეცნიერებმა მათ მიერ ძაღლებზე ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზის შემდეგ განავითარეს თეორია, რომლის თანახმადაც, ინდივიდები ნეგატიურ ზემოქმედებაზე რეაგირების წარუმატებელ მცდელობათა შემდეგ იწყებენ შექმნილი მდგომარეობის მიღებას, შეგუებას - კარგავენ წინააღმდეგობის გაწევის სურვილს.


სელიგმენი და მაიერი ექსპერიმენტის მიმდინარეობისას აკვირდებოდნენ ძაღლების სამ ჯგუფს, რომლებიც ერთმანეთისგან იზოლირებულ ვოლიერებში იყვნენ განთავსებულნი. ექსპერიმენტატორები სამივე ჯგუფზე ელექტროშოკით ზემოქმედებნენ, თუმცა განსხვავებული პრინციპით. კერძოდ, პირველ ჯგუფში ცხოველებს პანელზე ცხვირის დაჭერით შეეძლოთ მათზე მოქმედი ელექტროშოკის გათიშვა. მეორე ჯგუფი პირველ ჯგუფთან იყო დაკავშირებული. მათზე მტკივნეული ზემოქმედება მხოლოდ მაშინ წყდებოდა, როდესაც პირველი ჯგუფის ძაღლები გათიშავდნენ დენის წყაროს. მესამე ჯგუფში მყოფი ცხოველების მიმართ რეგულარულად არ იყნებდნენ ელექტროშოკს - მათ მხოლოდ ერთხელ განიცადეს მტკივნეული ზემოქმედება. ექსპერიმენტის მეორე ეტაპზე სამივე ჯგუფის ძაღლები მოათავსეს ყუთებში, სადაც კვლავ ურტყამდნენ დენს, თუმცა ამჯერად ტკივილისგან თავის დაღწევა მათ მარტივად - ბარიერზე გადახტომით შეეძლოთ. პირველი და მესამე ჯგუფის ძაღლებისგან განსხვავებით, რომლებმაც სწრაფადვე უშველეს თავს, მეორე ჯგუფის ძაღლებს არც კი უცდიათ გაქცევა. მათ ჯერ კიდევ ვოლიერში ყოფნისას ირწმუნეს საკუთარი უმწეობა - მნიშვნელობა არ ჰქონდა რას მოიმოქმედებნენ, გარეგანი ძალით მართული ელექტროშოკის გამორთვას ვერ ახერხებდნენ.


image

დასწავლილი უმწეობა ხასიათდება სამი ტიპის - მოტივაციური, ემოციური და კოგნიტური დეფიციტით. სამივე მათგანის განხილვა შეგვიძლია სელიგმენისა და მაიერის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის მაგალითზე:

მოტივაციური დეფიციტი- ყუთში მოთავსებული მეორე ჯგუფის ძაღლები არ ჩქარობდნენ მოქმედების დაწყებას, არ იყვნენ მოტივირებულნი კვლავ გაემეორებინათ ის ქმედებები, რომლებიც ვოლიერში ყოფნისას უშედეგოდ განახორციელეს.

ემოციური დეფიციტი - შეშინებული ძაღლები უბედურნი ჩანდნენ - წკმუტუნებდნენ და მორჩილად, დაძაბული კუნთებით ელოდნენ ყოველ შემდგომ დარტყმას. მათი ემოციური მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა.

კოგნიტური დეფიციტი - ვოლიერიდან ყუთში გადმონაცვლებულმა ძაღლებმა ვერ შეძლეს ახალი სიტუაციის ათვისება, სწორი აღქმა და ანალიზი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ყუთიდან თავის დაღწევის შესაძლებლობა ჰქონდათ, არ გადაახტნენ ბარიერს - არ დაისწავლეს აღნიშნული ქცევა.

დასწავლილი უმწეობის ფენომენის შესასწავლად შემდგომში მრავალი ექპერიმენტი ჩატარდა როგორც სხვადასხვა სახეობის ცხოველებზე, ასევე ადამიანებზე. ბუნებრივია, ლაბორატორიაში ცხოველებზე დაკვირვების შედეგად ჩამოყალიბებული ჰიპოთეზები ზედმეტად მარტივი, პრიმიტიული აღმოჩნდა იმისთვის, რომ სრულყოფილად მისადაგებოდა ადამიანის კომპლექსურ ქცევას. ადამიანების შემთხვევაში დასწავლილი უმწეობის ეფექტების ხანგრძლივობა და ინტენსივობა არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა. ამასთან, აღნიშნული ეფექტი ცდისპირთა ნაწილის შემთხვევაში ზოგადი იყო, ნაწილისთვის კი კონკრეტული - მხოლოდ იმ სიტუაციისთვის, რომელშიც “უმწეობა დაისწავლეს’’. ეს ყოველივე განაპირობა ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანების პიროვნული მახასიათებლების, მათ თვითშეფასება-თავდაჯერებასა და ხასიათის სიმტკიცეს შორის არსებულმა სხვაობამ.

ადამიანებზე ჩატარებული ერთ-ერთი ექსპერიმენტისას ცდისპირებს ევალებოდათ კონკრეტული (მენტალური) დავალების შესრულება ყურადღების გამფანტავი ხმაურის ფონზე. მათ ნაწილს არ შეეძლო, ნაწილს კი შეეძლო ხმაურის გამორთვა, თუმცა დავალებების შესრულებაზე ორიენტირებულნი, არც კი იყენებდნენ ამ შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ უკანასკნელებმა გაართვეს თავი უკეთ დავალებას. მხოლოდ იმის ცოდნაც კი, რომ არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდათ, დადებითად აისახა მათ მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხზე. ისინი კი, ვისაც არ შეეძლოთ ხმაურის გამორთვა- სიტუაციის თავად გაკონტროლება, ამ ფაქტის გამო საგრძნობლად დაითრგუნნენ .

კვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანის რეაგირებას სიტუაციაზე კონტროლის არქონაზე ძირითადად მისი პიროვნული მახასიათებლები განსაზღვრავს. პესიმისტური განწყობების მქონე ადამიანები ნეგატიურ მოვლენებს აღიქვამენ როგორც მუდმივს (“ ეს ტანჯვა არასდროს დასრულდება’’), ყოვლისმომცველსა და გარდაუვალს. ხშირად ისინი საკუთარ თავს იდანაშაულებენ (“ყველაფერი ჩემი ბრალია’’ ) და ბუნებრივია, ამგვარად იზრდება იმის ალბათობა, რომ ეს უკანასკნელნი “დაისწავლიან უმწეობას'', გახდებიან დეპრესიულები. ამასთან, გამოიყოფა დასწავლილი უმწეობის ორი ტიპი - უნივერსალური და პერსონალური. უნივერსალური უმწეობა გამოიხატება რწმენაში, რომ სიტუაციის/მომავლის სასიკეთოდ შესაცვლელად ყოველგვარი ძალისხმევა ფუჭი იქნება - ვითარების გაკონტროლება ზოგადად შეუძლებელია (“ვერავინ შეძლებს... “). პერსონალური უმწეობის შემთხვევაში კი ადამიანს სჯერა, რომ სხვებისგან განსხვავებით, მას არ შეუძლია მდგომარეობის გაუმჯობესება ( “მე ვერ შევძლებ...“). პერსონალური უმწეობის განცდას თან ახლავს დაბალი თვითშეფასებაც - პიროვნება გარშემომყოფებს ადარებს საკუთარ თავს, ყველა პრობლემის გამომწვევ მიზეზს ისევ და ისევ საკუთარ თავში ეძებს . აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისინი, ვინც უნივერსალური უმწეობის განცდით იტანჯებიან, სიტუაციის უკონტროლობას გარეგან ფაქტორებს, საკუთარი პიროვნებისგან დამოუკიდებელ მიზეზებს მიაწერენ. ამრიგად, დასწავლილ უმწეობას სოციალიზაციის, თვითრეალიზების პრობლემებთან ერთად დეპრესიამდეც მივყავრთ. ზოგადად, ადამიანებს ახასიათებთ თვითდადასტურების ტენდენცია, რაც მათი “მე-ს’’ კონცეფციის შესაბამისი, მათი ემოციური მდგომარეობისთვის რელევანტური ინფორმაციის მოძიებას გულიხმობს. შესაბამისად, დადებითი უკუკავშირის ნაცვლად, დასწავლილი უმწეობის მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ისეთ ინფორმაციას ეცნობიან, რაც კიდევ უფრო აღრმავებს მათ დეპრესიას, კომპლექსებს და ზოგადად ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.

სელიგმანი მიიჩნევს, რომ დასწავლილი უმწეობა ძირითადად 8 წლის ასაკში ვითარდება და გამოყოფს სამ მაპროვოცირებელ ფაქტორს:

1.არასასურველი განცდები - წყენა, რომელიც შესაძლოა მასწავლებლის ან აღმზრდელის ქმედებამ გამოიწვიოს ; საყვარელი ადამიანის, ცხოველის თუ სათამაშოს დაკარგვით გამოწვეული სევდა; კონფლიქტი მშობლებს შორის, ავადმყოფობა და ა.შ. ნეგატიური განცდები ბავშვის ფსიქიკაზე განსაკუთრებით ღრმა კვალს ტოვებს. ისინი უარყოფით ემოციებს, რომლებიც კონკრეტული მოვლენის გამო განიცადეს, განზოგადებულად აღიქვამენ და სხვა მოვლენებისა თუ ფაქტების მიმართაც ავრცელებენ.

2.უმწეო ადამიანებზე დაკვირვების უშუალო გამოცდილება, ასევე სატელევიზიო სიუჟეტები, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა, რომლებიც დაუცველი მსხვერპლის ისტორიებს გვიამბობენ.

3.ბავშვობაში დამოუკიდებლობის შეზღუდვა - ბუნებრივია, ბავშვი ვერ ირწმუნებს, რომ თავად შეუძლია საკუთარი ცხოვრების წარმართვა, სიტუაციის გაკონტროლება, თუკი მის ნაცვლად გადაწყვეტილებებს ყოველთვის სხვები იღებენ.

ფსიქოლოგთა ნაწილი ეხმრობა მოსაზრებას, რომ ადრეულ ასაკში ფორმირებული დასწავლილი უმწეობა ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში თან სდევს (თუმცა, როგორც ზემოთაც აღინიშნა, ის, თუ რამდენად ხანგრძლივი და ზოგადი, ყოვლისმომცევლი იქნება უმწეობის ეფექტები, სხვა გარემოებებთან ერთად, უპირველესად ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებზეა დამოკიდებული).მაგალითისთვის - ბავშვი, რომელმაც რამდენჯერმე ვერ შეძლო მათემატიკური გამოთვლების სწორად შესრულება, თავი უნიჭოდ მიიჩნია და შეეგუა იმ აზრს, რომ მათემატიკას ვერ სწავლობს, შესაძლოა მთელი ცხოვრების განმავლობაში ფიქრობდეს ამგვარად და საჭიროების შემთხვევაში, არც კი სცადოს ისეთი მათემატიკური მოქმედების განხორციელება, რომელიც სულაც არ აღემატება მის შესაძლებლობებს. კვლავ სჯეროდეს, რომ მას ეს “უბრალოდ არ შეუძლია“. უარეს შემთხვევაში, ბავშვმა, რომელმაც რამდენჯერმე წარუმატებლად ამოხსნა ამოცანა, შესაძლოა საკუთარი უმწეობა კიდევ უფრო განაზოგადოს და ირწმუნოს, რომ ვერცერთ სფეროში შეძლებს წარმატების მიღწევას.

მწეველები, რომლებმაც რამდენჯერმე წარუმატებლად სცადეს შეეწყვიტათ თამბაქოს მოხმარება, იჯერებენ, რომ სურვილის მიუხედავად, ვერ შეძლებენ მოწევის შეწყვეტას; ანალოგიურად კარგავენ რწმენას ადამიანები, რომელთაც მრავალი მცდელობის შემდეგაც ვერ შეძლეს ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლება. მიაჩნიათ, რომ სხვებისგან განსხვავებით, ისინი ვერასდროს მოიგებენ ომს ჭარბ წონასთან; ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მიმართ საზოგადოებას ყოველთვის უჩნდება კითხვები - რატომ შეეგუა, რატომ არ სთხოვა ვინმეს დახმარება? რატომ არ მიატოვა მოძალადე? სამწუხაროდ, ხშირად ეს ყოველივე სწორედ მსხვერპლის მიერ საკუთარი თავის უმწეოდ აღქმით აიხსნება ( “ვერაფერს შევცვლი, უნდა გავუძლო..“).

დასწავლილი უმწეობის მდგომარეობიდან თავის დაღწევა შესაძლებელია. რაც უფრო ადრეულ სტადიაზე დავიწყებთ საკუთარი მდგომარეობის გააზრებასა და შეფასებას, მით უფრო მოკლე დროში და ნაკლები ძალისხმევით გავთავისუფლდებით ნეგატიური ფიქრებისგან ( ფიქრებისგან, რომლებიც თვითდადასტურების ტენდენციის გავლენით, შესაძლოა ჩვენი პიროვნების განუყოფელ, განმსაზღვრელ ნაწილადაც კი გვესახებოდეს, მათთან თანაცხოვრება გვეკომფორტულებოდეს), გავხდებით მეტად ბრძოლისუნარიანები და ჩვენვე განვსაზღვრავთ ცხოვრების გზას. უფრო მეტიც, სწორედ სელიგმენმა განავითარა დასწავლილი ოპტიმიზმის თეორია. ამრიგად, ისღა დაგვრჩენია, ავირჩიოთ, თუ რას “დასვიწავლით’’. ამაში რუდოლფ ერიხ რასპეს მოთხრობის პერსონაჟი, ყველასთვის ცნობილი ბარონი მიუნჰაუზენიც დაგვეხმარება, რომელიც გვიამბობს:

“ერთხელ თურქებს გავურბოდი. მინდოდა ცხენით ჭაობზე გადავმხტარიყავი, მაგრამ ცხენმა ნაპირს ვერ მიაღწიაია და ლაფში ჩავცვივდით. ჩავეფლეთ და ვიხრჩობით. ხსნა არსად ჩანს. ჭაობი სულ უფრო და უფრო ღრმად გვითრევდა. ცხენი მთლად დაიფარა აშმორებულ ლაფში. აი, მეც ვიმალები შიგ, მხოლოდ ჩემი პარიკის ნაწნავიღა მოჩანს. რა უნდა გვექნა? უთუოდ დავიღუპებოდით, რომ ხელში საკვირველი ძალა არ მქონდეს. მე ხომ ძალიან ღონიერი ვარ? მოვიკიდე ხელი ნაწნავში, ღონით ავწიე ზევით და ადვილად ამოვითრიე ჭაობიდან ჩემი თავიც და ცხენიც, რომელსაც ფეხები მარწუხებივით მოვუჭირე. დიახ, ჰაერში ავიტაცე ჩემი თავიცა და ცხენიც. თუ ეს იოლი გგონიათ, თქვენ თვითონ სინჯეთ !’’



0
37
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე აბაშიშვილი
სალომე აბაშიშვილი
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0