x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135791
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510179
სამუშაო-პირადი ცხოვრების ბალანსი, გენდერული სხვაობები

სამუშაო-პირადი ცხოვრების ბალანსის, როგორც კონსტრუქტის შესახებ არსებობს გასხვავებული მოსაზრებები და სხვადასხვა ტერმინებითაც მოიხსენიებენ მას - სამუშაო-პირადი ცხოვრების ბალანსი, სამუშაო-ცხოვრების, სამუშაო-ოჯახის. ამ კონტექსტში საუბრობენ როლებზე და კონფლიქტზე ამ როლებს შორის, ან დროისა და რესურსების განაწილებაზე, ან სხვადასხვა როლში მიღწეულ კმაყოფილებაზე. ბალანზე საუბრისას ზოგჯერ გულისხმობენ, რომ ერთ-ერთ კომპონენტზე ორიენტირება ხდება განსაკუთრებით და ეს ხელს უშლის მეორის ეფექტურად შესრულებას. საპირისპირო მოსაზრებით, სამუშაო-ოჯახის ბალანსი გულისხმობს ამ ორ ფენომენს შორის ყურადღების/რესურსების თანაბარ გადანაწილებას და თანაბარი კმაყოფილების მიღწევას.

ერთ-ერთი განმარტების თანახმად, ესაა მდგომარეობა, როდესაც ადამიანი საკუთარ სამუშაო აქტივობაშიც და ოჯახურ როლშიც თანაბრადაა ჩართული და თანაბრადაა კმაყოფილი. ეს განმარტება საკმაოდ ფართოა, რომ პოზიტიური და ნეგატიური ბალანსიც მოიცვას (ნეგატიური _ არათანაბარი განაწილება რესურსისა და ყურადღებისა სხვადასხვა სფეროში, ან ორივეთი თანაბარი უკმაყოფილება. პოზიტიური _ თანაბარი განაწილება რესურსისა და თანაბარი კმაყოფილება). ბალანსის ცნებაში გამოიყოფა:

  • დროის ბალანსი - თანაბარი რაოდენობა დროისა, რომელსაც ვუთმობთ სამსახურსა და ოჯახს;
  • ჩართულობის ბალანსი - ფსიქოლოგიური ჩართულობა თანაბარია ორივე როლში;
  • კმაყოფილების ბალანსი - თანაბარია კმაყოფილება ორივე (თითოეულ) როლში მონაწილეობით.

ამ მოდელის მიხედვით, ბალანსის მდგომარეობა დამოუკიდებელია პიროვნული, სუბიექტურად აღქმული მდგომარეობისგან - აქცენტი კეთდება არა პიროვნებისთვის თითოეული სფეროს მნიშვნელოვნების მიხედვით განაწილებულ რესურსზე და მიღებულ კმაყოფილების გრძნობაზე, არამედ „ობიექტურ“ ბალანსის მდგომარეობაზე.

სამუშაო-პირადი ცხოვრების ბალანსის შესწავლისას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სქესის მიხედვით განსხვავებების კვლევას. ბოლო პერიოდში შრომის ბაზარზე ქალებისა და კაცების სამუშაო ძალის თანაბარი გამოყენების მიუხედავად, მათი როლები მაინც განსხვავებულია იმ მხრივ, რომ ქალებსა და კაცებს უწევთ როლების განსხვავებული გადანაწილება ოჯახსა და სამსახურში. ქალებს მუშაობის პარალელურად კვლავაც უწევთ იკისრონ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ოჯახის მოვლასა და ბავშვზე ზრუნვაზე. თავდაპირველად შემუშავებული იყო მოდელები, რომლებიც კარგია-ცუდია კატეგორიებში ათავსება როლების სიმრავლის თემას. ზოგიერთი მოდელის მიხედვით, მრავალი როლის შესრულება ადამიანს ეხმარება, რომ ჰქონდეს მაღალი თვით-პატივისცემის გრძნობა, კარგი ეკონომიკური მდგომარეობა და აღწევდეს სოციალური ჩართულობის მაღალ დონეს. სხვა მოდელების თანახმად, რამდენიმე როლის შესრულება ადამიანისთვის სტრესის წყაროდ იქცევა. ამგვარი დიქოტომიის საპირისპიროდ, მოგვიანებით შემუშავდა მოდელები, რომლებშიც ამ როლებს შორის ბალანსის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება.

შეიძლება გამოიყოს რამდენიმე ცვლადი, რომლებიც გავლენას ახდენს ქალებისა და კაცების მიერ სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის აღქმაზე და რომელთა მიხედვითაც არსებობს განსხვავებული მონაცემები.

სამუშაოს მახასიათებლები - ზოგი მონაცემით მეტი თავისუფლება სამუშაოს დაგეგმვისას, კავშირშია ცხოვრებით კმაყოფილებასთან. ასევე, საპირისპიროდ, ზოგი მონაცემით, მეტი ავტონომია და მოქნილობა/განუსაზღვრელობა სამუშაო დავალებების შესრულებისას, არ იწვევს მეტ კმაყოფილებას სამუშაო-ცხოვრების ბალანსს შორის.

ოჯახის მახასიათებლები - ჩვეულებრივ, მრავალ კვლევაში დასტურდება, რომ ბავშვზე ზრუნვა არის მნიშვნელოვანი როლი და მოვალეობა, რომლის შეთანხმება სამსახურის მოვალეობებთან და ბალანსის მდგომარეობის მიღწევა ამ როლის შესრულების პირობებში რთულია. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს თავად ოჯახის სტრუქტურას და ოჯახის შიგნით როლების განაწილებას.

„როლურ გადართვა“ - გულისხმობს მუდმივ ცვალებადობას როლებსა და მათ შესაბამის მოვალეობებს შორის. თუ გადართვა ვერ ხერხდება როლებს შორის და რომელიმე როლზე ზედმეტადაა ფოკუსირებული ადამიანი, ჩნდება პრობლემა. როდესაც ოჯახზე არის გადართული ადამიანი, მაშინ ოჯახთან დაკავშირებული მოვალეობები, ატიტუდები და ემოციები ხელს უშლის სამსახურის საქმის შესრულებაში. სამსახურზე გადართვისას კი სამსახურის მოვალეობების, ემოციების, ატიტუდების გენერალიზება ხდება ოჯახურ ცხოვრებაზეც ან ოჯახური ცხოვრებისთვის გამოყოფილი დრო არის ძალზე შეზღუდული. როლური გადართვის პრობლემა სახეზეა მაშინ, როდესაც ჩანს კონფლიქტი სხვადასხვა როლების შესრულებას შორის და ამ დროს სამსახური-პირადი ცხოვრების ბალანსიც და კარგად ყოფნის განცდაც არის შემცირებული.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვეობაში აღარ არის მკვეთრად გამიჯნული, რომ კაცი სამსახურზე უნდა იყოს მხოლოდ კონცენტრირებული და ქალი ოჯახზე, მაინც რჩება მნიშვნელოვან პრობლემად ოჯახსა და სამსახურს შორის ბალანსში გენდერული სხვაობები. ითვლება, ამ დაპირისპირების აღქმა დამოკიდებულია თავად ადამინების მიერ გენდერული როლებისა და მოვალეობების ინდივიდუალურ აღქმაზე.

ერთი მოდელის მიხედვით, გენდერულად ერთგვაროვანია სამუშაო-პირადი ცხოვრების ბალანსის აღქმა და კაცებსა და ქალებს შორის არ შეიმჩნევა სხვადასხვაობა როლებსა და პასუხისმგებლობებზე ორიენტირებაში, მათ მოტივაციასა და ქცევაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. ასევე ზოგი მონაცემით, ზოგადად, მშობლის როლს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ოჯახის ყოლას ან გენდერულ როლებს.

ამის საპირისპიროდ, გენდერული სხვაობების მოდელის თანახმად, ოჯახი კვლავ რჩება ქალისთვის პრიორიტეტულ სფეროდ და სამსახური - კაცის. Pleck-ის მოდელის თანახმად, სამუშაო-ოჯახის როლური სისტემა ასიმეტრიულია. იმპლიციტური მოლოდინი ქალისა და კაცის როლების მიმართ არის განსხვავებული. ქალის მიმართ არის მოლოდინი, რომ ოჯახური მოვალეობები მისი შესასრულებელია და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მისი სამსახურებრივი როლი. მსგავსად, კაცის შემთხვევაში თანამშრომლის როლს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მის ოჯახურ მოვალეობებს. Bielby და Bielby-ის მოდელის თანახმად, დაქორწინებულ ადამიანებში, ქალებს როლურ კონფლიქტს უფრო ოჯახური მოვალეობები უქმნის, ხოლო კაცებს _ სამსახურებრივი. ამ არათანაბრობას შეიძლება ხელი შეუწყოს ქალებისა და კაცების სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობამ ან სხვადასხვა საქმიანობების შესრულებამ.

0
47
შეფასება არ არის
ავტორი:აფციაური მარიამ
აფციაური მარიამ
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0