x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135791
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510179
"მე"-ს ობიექტივაცია განწყობის ზოგადფსიქოლოგიურ თეორიაში

ობიექტივაცია განწყობის ზოგადფსიქოლოგიურ თეორიაში მეორე საკვანძო ცნებაა თავად განწყობის შემდეგ. არც უზნაძე და არც ნადირაშვილი არ იძლევიან ობიექტივაციის ზუსტ დეფინიციას, ასევე ბოლომდე გასაგები არ არის ობიექტივაცია აქტია (ერთხელობრივი, დროის კონკრეტულ მომენტში ლოკალიზებული) თუ პროცესი (გარკვეულ დროის შუალედში მიმდინარეობს). თუმცა ნადირაშვილი "ობიექტივაციის აქტის" სახელით მოიხსენიებს, მაგრამ გასაგები არ არის ბოლომდე როდის იწყება და სრულდება ობიექტივაცია და როდის ერთვება ცნობიერი ფსიქიკური პროცესები _ მათი ჩართვის მომენტისთვის ან მათი ჩართვის შემდეგაც ობიექტივაციის პროცესი გრძელდება თუ მხოლოდ საფუძველს ქმნის იგი ცნობიერების ჩართვისთის. ზოგადად, ობიექტივაცია გულისხმობს ადამიანის მიერ რეალობის საგნების დაკვირვების ობიექტად ქცევას. ამის მეშვეობით იგი ახერხებს მათი მუდმივობის განცდას, იგივეობის გაგებას, კლასიფიცირებას და, ზოგადად, სინამდვილის შემეცნებას, რადგან, ნადირაშვილის მიხედვით, ცოდნის სისტემას ადამიანი ძირითადად ობიექტივაციის საფუძველზე წარმართული ცნობიერი აქტივობის მეშვეობით მიღებული ცოდნის მიხედვით აგებს.

შოთა ნადირაშვილი გამოყოფს ობიექცივაციის სახეებს იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რაზეა იგი მამართული. ესენია საგნის, სოციალური ზემოქმედებისა და მე-ს ობიექტივაცია.

მე-ს ობიექტივაცია გულისხმობს ადამიანის მიერ საკუთარი თავის, საკუთარი მე-ს გაგებას _ საკუთარი ტენდენციების, სურვილების თუ მისწრაფებების, ღირებულებების დაკვირვების ობიექტად ქცევას. როდესაც იმპულსური ქცევა პიროვნებისთვის, მისი ღირებულებათა სისტემისთვის მიუღებელია, მას უსიამოვნო ემოციები, განცდები ატყობინებენ წარმოქმნილი პრობლემის შესახებ, რაც იწვევს ქცევის შეჩერებას და მე-ს ობიექტივაციას, რის საფუძველზეც ხდება პრობლემის გამომწვევი მიზეზის დადგენა და ქცევის გაგრძელებისათვის პირობების მომზადება (განწყობის შექმნა).

მე-ს ობიექტივაციის შესაძლებლობა განვითარების პროცესში შედარებით გვიან ყალიბდება, რადგან საჭიროა "მე" გარკვეულ დონეზე იყოს ფორმირებული და მისი შემეცნების უნარიც ჰქონდეს ადამიანს, რადგან საკუთარი მე-ს შემეცნება განსხვავდება გარე სინამდვილის საგნების შემეცნებისგან იმით, რომ სუბიექტიც და ობიექტიც თავად პიროვნებაა. ამაზე მსჯელობისას ნადირაშვილი გამოყოფს რეალურ მე-ს, რომლის აღქმაც უნდა მოხდეს, განცდილ მე-ს. რომელიც აღქმაში მოგვეცემა და აღმქმელ მე-ს. ძირითადი აზრი არის ის, რომ სუბიექტისთვის არ არის მარტივი საკუთარი თავი აქციოს დაკვირვების ობიექტად (ნადირაშვილი ამბობს, რომ ჩვენ ძირითადად გარე სამყაროზე ვართ მიმართული და არა საკუთარ თავზე) და გააცნობიეროს და გაიაზროს საკუთარი დამოკიდებულებები თუ მისწრაფებები, ამ პროცესში ადამიანი საკმაოდ სუბიექტურად ახდენს ინფორმაციის დამუშავებას.

ნადირაშვილის მიხედვით, მე-ს ობიექტივაციის საფუძველზე ყალიბდება "ფსიქიკური ავტოპორტრეტი", რაც ძალიან გავს თვითკონცეფციას, თუმცა, ნადირაშვილი წერს, რომ თვითკონცეფცია იმის მხოლოდ ნაწილია, რაც "ფსიქიკურ ავტოპორტრეტში" იგულისხმება. მე-ს ობიექტივაციის საფუძველზე ადამიანი იღებს საკუთარი თავის შესახებ ცოდნას, რომლის გაერთიანებასაც იგი ახდენს ფსიქიკურ ავტოპორტრეტში. ეს ცოდნა, ნადირაშვილის მიხედვით, ხშირად სუბიექტურია (რეალობის ობიექტურ ასახვას არ წარმოადგენს), შესაბამისად, სუბიექტურია ადამიანის წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ. ისევე, როგორც "მე", ფსიქიკური ავტოპორტრეტიც თანდათანობით ყალიბდება, ფორმირდება და ივსება ობიექტივაციის აქტების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

0
157
შეფასება არ არის
ავტორი:აფციაური მარიამ
აფციაური მარიამ
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0