x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135791
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510179
შარპანტიეს ილუზია: როგორ ხსნის მას განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორია?

ზოგადად, ილუზია გულისხმობს არასწორ აღქმას, როდესაც რეალობის რაიმე მოვლენას ან მის მახასიათებელს აღვიქვამთ შეცდომით სხვა მოვლენად ან სხვა თვისებად (მაგალითად, დიდ ბურთს აღვიქვამთ პატარად ან ბურთს ვაშლად, რაიმე ხმას მეტყველებად/სიტყვად და ა.შ.). ფსიქიკის მუშაობისთვის ამგვარი აღქმები საკმაოდ დამახასიათებელია და, როგორც ირკვევა, ამას ადაპტაციური მნიშვნელობა აქვს. შარპანტიეს ილუზიის სახელით ცნობილია მოვლენა, როდესაც ადამიანს აწვდიან ერთნაირი წონის, თუმცა სხვადასხვა ზომის ბურთებს და ის მათ განსხვავებული წონისად აღიქვამს - კერძოდ, დიდ ბურთს აღიქვამს უფრო მსუბუქად, ხოლო პატარას - მძიმედ.

ამ ილუზიის ახსნის მცდელობები განწყობის თეორიის ჩამოყალიბებამდეც არსებობდა, თუმცა, ისინი მაინც ნაკლული იყო, რადგან ტოვებდა გარკვეულ კითხვებს. "მოტორული განწყობის" თეორია ამ ფენომენს ხსნიდა განსხვავებული ზომის ბურთების ასაწევად სხვადასხვა ძალის იმპულსის მომზადებით, რის გამოც პატარა ბურთი "საყრდენს ეწებებოდა", ხოლო დიდი "ზემოთ მიფრინავდა" და ამის გამო დიდი ფასდებოდა უფრო მსუბუქად, პატარა კი - მძიმედ. "გაცრუნებული მოლოდინის" თეორიის მიხედვით, წინასწარ არსებული მოლოდინის არგამართლება ქმნიდა მდგომარეობას, რომელიც ხელს უშლიდა ადეკვატურ შეფასებას და განსაზღვრავდა ილოზორულ აღქმას.

პირველი თეორიის უარყოფა მოხდა იმის საფუძველზე, რომ ილუზია წარმოიქმნება არა მხოლოდ საგნის აწევისას, არამედ სხვა გრძნობით მოდალობებში, მაგალითად, სმენით, მხედველობით სხვადასხვა სიდიდის სტიმულების აღქმისას. მეორე თეორიისეული ახსნის არასაკმარისობა უზნაძემ დაადასტურა იმით, რომ საფიქსაციო ცდები (ცდები, როდესაც აწვდიდა არატოლი მოცულობის ბურთებს) ჩაუტარა ცდის მონაწილეებს ჰიპნოტური ძილის მდგომარეობაში, რაც მოლოდინის, როგორც ცნობიერი მოვლენის არსებობას გამორიცხავდა, თუმცა, სიფხიზლის მდგომარეობაში ჩატარებული კრიტიკული ცდისას (ტოლი მოცულობის ბურთების მიწოდებისას) მაინც ილუზორულად ხდებოდა მათი სიდიდის შეფასება. შესაბამისად, ჩაითვალა, რომ ილუზიის აღმოცენებას უზრუნველყოფს ფენომენი, რომელიც წარმოიქმნება და მოქმედებს ცნობიერების მიღმა.

შესაბამისად, განწყობის თეორიის მიხედვით, ილუზიის აღმოცენებას იწვევს რაღაც მთლინობითი (ფსიქო-ფიზიკური) მდგომარეობა, განწყობა, რომლის აღმოცენებას/ჩამოყალიბებასაც უზრუნველყოფს შესაბამისი სტიმულის (დიდ-პატარა ბურთების) რამდენიმე გზის მიწოდება და შემდგომ ეს განწყობა განაპირობებს ტოლი ბურთების ილოზორულ შეფასებას. აღქმის სხვადასხვა მოდალობაში და სხვადასხვა ვარიაციებით ჩატარებული ცდებით უზნაძემ დაადასტურა, რომ ამ მდგომარეობის აღმოცენება არაა დამოკიდებული გამოყენებული მასალის გვარობაზე და იგი ეხება რაიმე კონკრეტულ ურთიერთმიმართების აღქმას/შეფასებას. შესაბამისად, უზნაძემ შარპანტიეს ილუზია ახსნა განწყობის მოქმედებით, რომელიც გაგებული იყო არა როგორც მხოლოდ ფსიქიკური ან მხოლოდ ფიზიკური ფენომენი, არამედ, როგორც მთლიანობითი, ფსიქიკური და ფიზიკური მზაობის მდგომარეობა.

0
141
შეფასება არ არის
ავტორი:აფციაური მარიამ
აფციაური მარიამ
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0