x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135791
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510179
ბავშვის ბაღიდან სკოლაში ტრანზიციის პროცესი

image

ადამიანებს ცხოვრების განმავლობაში მუდმივად უწევთ ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლა, რასაც ტრანზიცია ეწოდება. საგანმანათლებლო სივრცეში ტრანზიცია გულისხმობს სახლიდან-ბაღში, ბაღიდან-სკოლაში, ან სკოლაში სხვადასხვა ეტაპებს შორის გადანაცვლებას. აღნიშნული საკითხი აქტუალურია, რადგან ამ პროცესის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, ის განაპირობებს ცვლილებებსა და განვითარებას, თუმცა, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ყურადღება მასზე მაშინ უნდა გავამახვილოთ, როცა ცვლილება ბავშვების ცხოვრებას ეხება, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში. რადგან კარგი შედეგისთვის, ტრანზიცია აუცილებლად უნდა იყოს წარმატებული, ზრდასრულ ადამიანებს შედარებით შეუძლიათ ამისი კონტროლი, თუმცა ბავშვები თვითონ ვერ განაპირობებენ მის ეფექტურად განხორციელებას. ამიტომ, კონკრეტულად სკოლის საკითხი რომ განვიხილოთ, ტრანზიციის პროცესში ჩართულები უნდა იყვნენ მშობლები, პედაგოგები და სხვა მნიშვნელოვანი პირები. ეს, ერთი მხრივ, ხელსაყრელია ბავშვის ახალ გარემოში ადაპტაციისთვის, განაპირობებს მის მომავალ დამოკიდებულებას სკოლის მიმართ და მეორე მხრივ, თვითონ პედაგოგებისა და სკოლის ფსიქოლოგის საქმიანობასაც გაამარტივებს, თუ მოსწავლე თავიდანვე მოერგება ახალ როლს, სივრცეს, ჩაერთვება სასკოლო საქმიანობაში და შედეგად მომავალში არ ექნება პრობლემები, მასზე ცალკე დიდი დროის დათმობა აღარ მოუწევთ. კვლევები ადასტურებენ, რომ ბავშვები, რომლთაც სკოლაში შესვლისას უარყოფითი ემოციები უჩნდებათ მის მიმართ, პირველ კლასს იმავე განწყობით ასრულებენ, ამიტომ აუცილებელია ტრანზიციის პროცესი პოზიტიური იყოს.

კონკრეტულად განვიხილოთ როგორ მიმდინარეობს ბაღიდან სკოლაში ტრანზიცია, ეს პროცესი იყოფა სამ ეტაპად. პირველია ტრანზიციისთვის მომზადება და ეს ძირიდად სკოლამდელ დაწესებულებაში ხდება, ბავშვები აქ ივითარებენ სკოლაში ფუნქციონირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, ეჩვევიან თანატოლებთან ურთიერთობებს, დღის რეჟიმს. გამშვებ ორგანიზაციას დიდი როლი აქვს ტრანზიციის პროცესში, მათ უნდა განსაზღვრონ ბავშვის საჭიროებები, დაასკვნან რამდენად აქვს მზაობა სკოლაში დაიწყოს სიარული და კომუნიკაცია დაამყარონ სასკოლო დაწესებულებასთან. მეორე ეტაპია უშუალოდ ტრანზიციის განხორციელება, რომელზეც უფრო მიმღები ორგანიზაციაა პასუხისმგებელი. ამ დროს ბავშვისთვის ბევრი რამე იცვლება, მას უწევს როლის, გარემოს, ადამიანების შეცვლა, მის მიმართ უკვე სხვა მოლოდინები აქვთ, აქამდე თუ უმეტესად თამაშით იყო დაკავებული, ახლა თამაში სწავლაში უნდა გადაიზარდოს, ეს ყველაფერი ერთბაშად რომ მოხდეს მის ცხოვრებაში, მტკიცნეული იქნება, ამიტომ ნელ-ნელა უნდა მიეჩვიოს. კარგი იქნება, თავიდან თუ „სკოლობანას“ თამაშს შევთავაზებთ, შემდეგ უბრალოდ სკოლის დასათვალიერებლად წავიყვანთ, კლასელების წინასწარ გაცნობასაც დადებითი შედეგი ექნება. სკოლაში მასწავლებლები სახალისო აქტივობებს თუ შესთავაზებენ, ეს შიშის დაძლევაში დაეხმარებათ, ამ წახალისებებიით საბოლოოდ ბავშვი ფორმალურ საქმიანობაზეც გადაინაცვლებს და მიუახლოვდება მესამე, ტრანზაციის პროცესის დასრულების ეტაპს. ეს ეტაპი მაშინ დადგება, როცა ბავშვი უკვე სრულფასოვნად იქნება ჩართული სასკოლო პროცესში, ბოლომდე შეეგუება გარემოს და გაითავისებს თავის ახალ როლს. კონკრეტულად ოჯახის როლი არ გამომიკვეთავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე იგულისხმება, უპირველესად მშობლები განაპირობებენ ბავშვის განვითარებას, სასკოლოდ მომზადებას, მისთვის დეტალურად იმის ახსნას, თუ რა ელის წინ და ყველა მომენტში მხარდაჭერას.

საქართველოში იყო დავა და დღესაც გრძელდება იმის შესახებ, თუ რა ასაკია ოპტიმალური ბავშვის სკოლაში შესაყვანად და კანონიც შეიცვალა, ჯერ 5 წლის ბავშვების შეყვანა დაუშვეს, შემდეგ ისევ აკრძალეს. რეალურად კონკრეტულ ასაკზე უფრო მნიშვნელოვანი ჩვენ მიერ აღწერილი პროცესია, სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებებისა და მშობლის თანამშრომლობა, ამასთან ერთად, ბავშვის მოსაზრების გათვალისწინებაც, სწორედ ამ ეტაპების ეფექტურად განხორციელება განაპირობებს სასკოლო მზაობას. ბავშვის მიერ სკოლის წარმატებით დაწყებისთვის რეკომენდაციაა ბავშვის სასკოლო მზაობის ნაცვლად ფოკუსირება ტრანზიციის პროცესზე.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტრანზიცია კომპლექსური პროცესია და არ ნიშნავს უბრალოდ ბაღის დასრულების შემდეგ ბავშვის სკოლაში შეყვანას, როგორც ბევრი ფიქრობს. ქართულ რეალობაში არ მგონია ასე დეტალურად იაზრებდნენ ამ ყველაფერს, რადგან ხშირად, როცა ბავშვი ვერ ერგება საგაკვეთილო პროცესს, მას ჭირვეულ, ცუდი ყოფა-ქცევის, ან ზარმაც ბავშვად მოიხსენიებენ, ამ დროს კი არ იციან, რომ ტრანზიციის პროცესი შეიძლება დასრულებული არ იყოს და ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა, აქტივობები სჭირდებოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ყველაფერში ერკვეოდნენ მშობლები, პედაგოგები, სკოლის ფსიქოლოგი და სხვა პირები, რომელთაც ბავშვთან უწევთ ურთიერთობა, რათა არ „მიაკრან“ მას რაღაც იარლიყი, იმის გამო, რომ ჯერ ვერ ადაპტირდა ახალ გარემოსთან და საერთოდ, სასკოლო ასაკამდე იზრუნონ მის მომზადებაზე, შედეგად ბავშვს სკოლის მიმართ თავიდანვე დადებითი განწყობა ჩამოუყალიბდება.

0
242
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე სამუშია.
სალომე სამუშია.
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0