x
image
მაქს კავალერა
ფრედი ვუდროფის საქმე
image1993 წლის 8 აგვისტოს თბილისის შემოსასვლელთან, ავტომობილით მგზავრობისას, აშშ-ს საელჩოს რეგიონული გამოწვევების დეპარტამენტის ოფიცერი, ფრედი ვუდროფი მოკლეს. მალე გაირკვა, რომ სინამდვილეში ვუდროფი საქართველოში აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორატის ხელმძღვანელი და გამოცდილი ჯაშუში იყო. მკვლელობის საქმეზე იმავე დღეს დააკავეს აფხაზეთის ომის ვეტერანი, ანზორ შარმაიძე, რომელიც მკვლელობის ადგილთან ახლოს ორ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

გამოძიების ოფიციალური ვერსიით, პირველი ამერიკელი ჯაშუში, საქართველოში, 20 წლის ანზორ შარმაიძის მიერ გასროლილი ბრმა ტყვიის მსხვერპლი გახდა. ამ ვერსიით კმაყოფილი დარჩა საქართველოსა და აშშ-ს იმდროინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა. მიუხედავად იმისა, რომ ვუდროფის მკვლელობაზე და გამოძიებაში არსებულ შეუსაბამობებზე აქტიურად იწერებოდა უცხოურ პრესაშიც, შარმაიძეს მალევე მიუსაჯეს 15-წლიანი პატიმრობა და საქმეც დიდი ხნით დავიწყებას მიეცა.

ფრედი ვუდროფის საქმე 2008 წელს, მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გამოცემა Wall Street Journal-ში ენდრიუ ჰიგინსის ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნდა. მასალაში ჰიგინსი მოწმეების ჩვენებებსა და საქმეში მონაწილეთა მონათხრობს ეყრდნობოდა მათ შორის ანზორ შარმაიძისაც. როგორც მასალიდან გაირკვა, შარმაიძემ აღიარებითი ჩვენება ერთკვირიანი წამების შემდეგ დაწერა. ასევე, ცნობილი გახდა სხვადასხვა დარღვისა და გამოძიებაში არსებული შეუსაბამობის შესახებ. მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში შარმაიძე საპატიმროდან გაათავისუფლეს, თუმცა მას დამნაშავის სტატუსი არ მოუხსნეს.

ფრედი ვუდროფის მკვლელობა საერთაშორისო მედიის განხილვის საგანი, კიდევ ერთხელ, მას შემდეგ გახდა, რაც ვუდროფის ოჯახის ადვოკატმა, მაიკლ პულარამ საქმეზე გაწეული მრავალწლიანი შრომის შემდეგ თავისი წიგნი "ჯაშუში, რომელიც მიატოვეს" გამოსცა. ფულარა აღნიშნულ საქმეზე სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდა 15 წლის განმავლობაში, შედეგად მან ვუდროფის მკვლელობის საქმის თავისი ვერსია წარმოადგინა. ფრედი ვუდროფის საქმე საქართველოში აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილმა უფროსმა, ელდარ გოგოლაძემ წინასაარჩევნოდ ინტერვიუ მთავარ არხს მისცა. გოგოლაძე, რომელიც 1997-2004 წლებში ქართუს დაცვას ხელმძღვანელობდა, ჰყვებოდა ივანიშვილის კავშირებზე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.


რაც მთავარია, ელდარ გოგოლაძე ფრედი ვუდროფის მკვლელობის უშუალო მოწმეა, სწორედ ის მართავდა ნივას, რომელშიც ვუდროფი მოკლეს. ინტერვიუს გამოსვლიდან ცოტა ხანში გენერალურმა პროკურატურამ ვუდროფის მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გოგოლაძე რამდენიმეჯერ გამოჰკითხეს. 27 წლის წინ მომხდარი მკვლელობა ამ დრომდე აქტუალურია და კვლავ არსებობს მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა - ვინ მოკლა ფრედი ვუდროფი, რატომ არ ჩატარდა საქმეზე კვალიფიციური გამოძიება, სად გაქრნენ საქმის ფიგურანტები და ა.შ.

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0