ფსიქოლოგია კულტურა და ემოცია 2021, 20 თებერვალი, 13:17 ![]() ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად განსხვავებულად გამოხატავენ ერთ–ერთ ბაზისურ ემოციას–ზიზღს. ჯონი, თავისი კულტურიდან გამომდინარე მოიქცა, არ შეიმჩნია ზიზღი, დაძლია თავისი ემოცია და მიირთვა შეთავაზებული კერძი. მისტეკმა მეგობარმა კი არ დაფარა თავისი ემოცია და უარი თქვა ხახვის წვნიანზე, რომელიც მასში ზიზღს იწვევდა. თუკი ერთ კულტურაში ზიზღის ემოციის გამოხატვა შემოთავაზებული საკვების მიმართ არ არის თავაზიანი, მეორე კულტურაში გამოხატვა უფრო თავისუფლად ხდება. ეკმანმა და ფრიზენმა შემოგვთავაზეს ემოციათა გამოხატვის კულტურული კონცეპტი. მათი ვარაუდით, კულტურული განსხვავებები განპირობებულია გარკვეული წესებით, რომლებიც გვკარნახობენ როგორ უნდა გამოვხატოთ უნივერსალური ემოციები. ეს წესები განსაზღვრავენ თითოეული ემოციის გამოხატვის შესაბამისობას ამა თუ იმ სოციალურ გარემოებებთან. ამ წესების ათვისება ადრეულ ასაკში ხდება და განსაზღვრავს გამოხატვის განსხვავებულობას სიტუაციების მიხედვით. დროთა განმავლობაში კი ეს წესები ავტომატური ხდება. შეგვიძლია განვიხილოთ ეკმანისა და ფრიზენის ექსპერიმენტი, რომელიც იკვლევდა გამოხატვის წესებს კულტურების მიხედვით და შეისწავლიდა მათ როლს ემოციათა გამოხატვის კულტურული განსხვავებულობისას. ამერიკელ და იაპონელ ცდის პირებს აყურებინებდნენ ფილმებს, რომლებიც იწვევდნენ ძლიერ სტრესს და ამ დროს მათი სახის გამომეტყველებას იწერდნენ ვიდეოზე. ექსპერიმენტი ორ სიტუაციაში ტარდებოდა. პირველ სიტუაციაში ცპ–ებს უბრალოდ აძლევდნენ სტიმულს (აჩვენებდნენ ფილმს), მეორე შემთხვევაში კი ოთახში შედიოდა ასაკითა და სტატუსით უფროსი ექსპერიმენტატორი და სთხოვდა კიდევ ერთხელ ენახათ ფილმი, ამჯერად მისი თანდასწრებით. ცპ–ების რეაქციებს ამჯერადაც იწერდნენ. ჩანაწერის ანალიზმა აჩვენა, რომ პირველ შემთხვევაში ამერიკელებიც და იაპონელებიც ერთნაირად გამოხატავდნენ ემოციებს, მეორე შემთხვევაში კი, როდესაც კულტურის წესები მოქმედებდა, იაპონელები იღიმებოდნენ, რათა შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ მათზე ასაკითა და სტატუსით უფროსისთვის (მიუხედავად იმისა, რომ ნეგატიურ ემოციებს განიცდიდნენ). აქედან გამომდინარე, ემოციათა გამოხატვა სახეზე ექვემდებარება ორმაგ გავლენას: უნივერსალურ, ბიოლოგიურად ჩანერგილ ფაქტორებსა და კონკრეტული კულტურისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ წესებს. როდესაც წესები არ მოქმედებენ, სახეზე ემოციათა უნივერსალური გამოხატვა ჩნდება, მაგრამ სოციალური გარემოს მიხედვით გამოხატვის წესები გავლენას ახდენენ და ანეიტრალებენ, აძლიერებენ, ასუსტებენ, ზღუდავენ ან ნიღბავენ უნივერსალურ გამოხატვას. ეს მექანიზმი ხსნის, თუ რატომ განსხვავდებიან ადამიანები ემოციების გამოხატვისას, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ემოციათა გამოხატვის ერთი და იგივე ბაზა აქვს. კიდევ ერთ ექსპერიმენტში შერერმა და მისმა კოლეგებმა შეადარეს ევროპელები, ამერიკელები და იაპონელები ემოციათა განცდის მხრივ. იაპონელები აღნიშნავდნენ, რომ სიხარულს, დარდს, შიშსა და ბრაზს ამერიკელებსა და ევროპელებზე ხშირად განიცდიდნენ. თავის მხრივ, ამერიკელებიც მიუთითებდნენ, რომ სიხარულსა და ბრაზს ევროპელებზე ხშირად განიცდიდნენ, თანაც უფრო ინტენსიურად.იაპონელები შედარებით იშვიათად ჟესტიკულირებდნენ ხელებით, ნაკლებად რეაგირებდნენ ხმითა და სახით. ამერიკელები კი ექსპრესიულობის ყველაზე მაღალი დონით ხასიათდებიან. ასევე, ევროპელები და ამერიკელები უფრო ხშირად აღნიშნავდნენ ფიზიოლოგიურ შეგრძნებებს (სხეულის ტემპერატურის ცვლილება, გულისცემა, კუჭის სპაზმი ), ვიდრე იაპონელები. ბოლო ათწლეულებში დაგროვებულმა ფაქტებმა შესაძლებელი გახადა ჩამოყალიბებულიყო თეორიული ბაზა, რომელიც ახსნიდა ემოციის გამოხატვის მიხედვით კულტურებს შორის განსხვავებებს. აღმოჩნდა, რომ ემოციური სოციალიზაცია მდგომარეობს იმის ათვისებაში, თუ ვის მივიჩნევთ „ჩვენ ჯგუფის“ წევრად და ვის „სხვა“ ჯგუფის. შესაბამისად ხდება შესაფერისი ქცევის ( გამოხატულების ) დასწავლა. მაცუმოტოს მიხედვით, კოლექტივისტური კულტურები მეტად ავლენენ „დადებით“ ემოციებს „თავისიანების“ მიმართ, ვიდრე უარყოფითს, რადგან ასეთი კულტურისთვის მნიშვნელოვანია ჯგუფის შიგნით ჰარმონია. ნეგატიური ემოციები კი ამ ჰარმონიისთვის საფრთხის შემცველია. ინდივიდუალისტურ კულტურებში კი პირიქით– ნეგატიური ემოციების გამოხატვა უფრო ხშირად ხდება „ჩვენ“ ჯგუფში, ვიდრე პოზიტიურის, რადგან ჯგუფის შიგნით ჰარმონია და ერთიანობა ნაკლებად მნიშვნელოვანია ასეთი კულტურებისთვის. ასევე მისაღებია ისეთი ემოციების გამოხატვა, რომლებიც საფრთხეს შეიცავენ ჯგუფის ერთიანობისთვის. ინდივიდუალისტური კულტურისთვის დამახასიათებელია პოზიტიური ემოციების გამოხატვა „სხვა“ ჯგუფისადმი, ხოლო ნეგატიურის დათრგუნვა, რადგან თავად „ჩვენ“ და „სხვა“ ჯგუფების განსხვავება ნაკლებადაა ხაზგასმული. კოლექტივისტურ კულტურაში კი მიღებულია „სხვა“ ჯგუფისადმი უარყოფითი ემოციების გამოვლენა, რათა უფრო ზუსტად და თვალსაჩინოდ განისაზღვროს „ჩვენ“ ჯგუფი და ხელი შეუწყოს მისი ერთიანობის შენარჩუნებას თუ გაძლიერებას. არსებობს სხვა მიდგომაც იმის აღსაწერად, თუ როგორ მოქმედებს კულტურა ემოციონალურ განცდაზე. რიგი მკვლევარები, კიტაიამასა და მარკუსის ხელმძღვანელობით, ფუნქციონალისტურ მიდგომას იყენებენ და განიხილავენ ემოციას, როგორც გარკვეულ „სოციალურად საერთო სცენარებს“, რომლებიც შედგება ფიზიოლოგიური, ქცევითი და სუბიექტური კომპონენტებისგან. ეს სცენარები ყალიბდება იმის მიხედვით, თუ როგორ ითვისებენ ინდივიდები იმ კულტურის ნორმებს, რომელშიც დაიბადნენ და ურთიერთქმედებენ. აქედან გამომდინარე, ემოცია არეკლავს იმ კულტურულ გარემოს, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ და ვითარდებიან. ამ შეხედულების მიხედვით, კულტურა ახდენს ემოციის ფორმირებას. რადგანაც სხვადასხვა კულტურას სხვადასხვა იდეალები და რეალობა გააჩნია, ემოციის განცდაც განსხვავებული ხდება. ბევრი ავტორი, რომელიც ფუნქციონალისტურ მიდგომას ემხრობა, ეჭვქვეშ აყენებს ემოციის უნივერსალურ, ბიოლოგიურად ჩანერგილ ასპექტებს. მათ მიაჩნიათ, რომ არ შეიძლება ემოციასა და კულტურას შორის არსებული რთული ურთიერთმიმართება განვიხილოთ, როგორც „ბიოლოგიურად ფიქსირებული“ ყველა ადამიანისთვის. ასეთ ფუნქციონალისტებს მიაჩნიათ, რომ ემოციის უნივერსალურობაზე საუბარი მეთოდოლოგიურად არასწორია და ამ კონცეპციის დამადასტურებელი მონაცემები ზოგიერთი მკვლევარის ექსპერიმენტული თუ თეორიული ცრურწმენის შედეგებია. 29 შეფასება არ არის
|