x
არის თუ არა ხამურაბის კანონები უძველესი მსოფლიოში?

ხამურაბის კანონები მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი კანონთა კრებულია. ის ძველი წელთაღრიცხვით მეთვრამეტე საუკუნეში შეიქმნა, ბაბილონის მეფის ხამურაბის მიერ. მაგრამ საზოგადოებაში გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, რომ ხამურაბი მსოფლიოს პირველი კანონმდებელია. სინამდვილეში ხამურაბის კანონებზე უფრო ძველია, ეშნუნასა და ქალაქ ისინის მმართველის, ლიფითიშთარის კანონები.

რატომ თვლიან ხამურაბს პირველ კანონმდებლად? საქმე იმაშია, რომ დღევანდელ ქართულ და ზოგიერთ უცხოენოვან სახელმძღვანელოში ხამურაბის კანონები დასახელებულია უძველესად მსოფლიოში. ამას კი გარკვეულწილად სამეცნიერო ნაშრომების არასწორად გაგება განაპირობებს. ხამურაბის კანონები არის პირველი კანონები, რომლებმაც სრული სახით მოაღწიეს ჩვენამდე, ხოლო ეშნუნასა და ლიფითიშთარის კანონები მხოლოდ ფრაგმენტულია. თუმცა, რაღა თქმა უნდა, ეს იმ ფაქტს არ ცვლის, რომ ისინი უფრო ადრე შეიქმნეს ვიდრე ბაბილონური კანონები (ხამურაბის კანონები). აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არც ის ტელაა უცვლელი სახით შემორჩენილი, რომელზეც ხამურაბის კანონებია ამოტვიფრული. მრავალი კანონი წაშლილია, მაგრამ ცალკეული დოკუმენტების დახმარებით მათი აღდგენა მოხერხდა და დღეს ხელთ გვაქვს 282 მუხლისგან შემდგარი კანონთა კრებული.(თავად სტელა ლუვრის მუზეუმშია დაცული). აქვე მინდა აღვნიშნო შემდეგი-ბაბილონური კანონების ანალიზით დგინდება, რომ ხამურაბი კარგად იცნობდა ლიფითიშთარის და ეშნუნას კანონებს. ეს ლოგიკურიცაა, იმდროისთვის ისეთი დახვეწილი კანონების შექმნა, როგორიცაა ხამურაბის კანონები არ შეიძლება შექმნილიყო გარკვეული ბაზისის გარეშე. ასევე წარმოგიდგენთ მსგავსებებს ამ კანონებს შორის. მაგალითად, "თუ კაცმა ჩაარტყა და დააზიანა კაცის თვალი, 1 მინა(დაახლოებით ნახევარი კილო, იმდროისთვის საკმაოდ დიდი თანხა) ვერცხლი უნდა მიწონოს" ეს არის ეშნუნას კანონების ერთ-ერთი მუხლი, ხოლო "უკეთუ მუშქენს(საზოგადოებრივი ფენა ძველ ბაბილონში) ამოუგდო თვალი, ან ძვალი მოსტეხა, ერთი მინა ვერცხლი უნდა მიიწონონ", ეს უკვე არის ხამურაბის კანონები. კიდევ ერთ მაგალითი - "უკუეთუ კაცი ხარს დაიქირავებს და მას რქას მოსტეხს, ხარის მეპატრონეს ფასის მეოთხედი უნდა მიუწონოს". ასე სწერია ლიფითიშთარის კანონებში, ხოლო "უკეთუ კაცმა ხარი დაიქირავა და რქა მოსტეხა ან კუდი მოსწყვიტა, გინდა ზურგი გადაუტყავა ხარის ღირებულების მეოთხედი უნდა მიუწონოს (მეპატრონეს)". მსგავსებები ნათელია, თავად ხამურაბიც კი თავის თავს არ უწოდებს პირველ კანონმდებელს, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებით დღევანდელობისა მაშინ კანონთა "ქუდობა" ჩვეულებრივი მოლენა იყო. ამას ადასტურებს ის ფაქტიც რომ ხამურააბის კანონები ელამელმა მეფემ შუთრუკ-ნახუნთემ "მოიპარა" და წაიღო სუზაში, სადაც 1901 წელს აღმოაჩინა ფრანგმა ინჟინერმა ჟან დე მორგანმა.

ასე რომ, კითხვაზე არის თუ არა ხამურაბის კანონები უძველესი მსოფლიოში? პასუხი მარტივია - არა. მაგრამ თუ კითხვას დავსვამთ შემდეგნაირად- რომელმა უძველესმა კანონთა კრებულმა მოაღწია ჩვენამდე? სრულყოფილად ვუპასუხებთ, ხამურაბის კანონებმა. არაფრის გზით არ შეიძლება ამ კითხვების ერთმანეთში აღრევა და საზოგადოებაში მცდარი აზრის გავრცელება.

0
212
შეფასება არ არის
ავტორი:რატი ხოტივრიშვილი
რატი ხოტივრიშვილი
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0