x
image
მაქს კავალერა
კავკასიის ალბანეთი და დავით გარეჯი, რა კავშირია ერთმანეთთან?
ალვანი1937 წლის 28 სექტემბერს სომხეთში, ძველი სომხური ხელნაწერების კვლევისას, ახალგაზრდა ქართველი ფილოლოგი ილია აბულაძე ერთ-ერთ ძველ ხელნაწერში შემთხვევით გადააწყდა მისთვის უცნობ ასოებს. ხელნაწერის წარწერიდან მალევე შეიტყო, რომ ეს ასოები იმ დროისთვის უკვე გამქრალ დამწერლობას, კავკასიურ ალბანურს, ეკუთვნოდა.

კავკასიის ალბანეთი, რომელიც თავისი ისტორიით, კულტურითა და ძეგლებით ყოველთვის იზიდავდა ცივილიზებული სამყაროს ისტორიკოსების ყურადღებას, მსოფლიოში ერთერთი პირველი ქვეყანაასადაც ქრისტიანობა გავრცელდა.

აზერბაიჯანში გავრცელებულია, რბილად რომ ვთქვათ, მცდარი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დავით-გარეჯის კომპლექსის ნაწილი ალბანელების აშენებულია, ხოლო ალბანელების მემკვიდრეები თავად არიან.

თუ მათ ვერწმუნებით, იქიდან საქართველო-აზერბაიჯანის დღევანდელ საზღვრამდე, თურმე, ალბანელებს უშენებიათ, აქედან კი ქართველებს(?!). გამოდის, რომ ალბანელებს 11-12 საუკუნის წინ ზუსტად განუსაზღვრიათ, თუ სად გაივლიდა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარი, ამიტომ მათ ერთი აგურიც კი არ დაუდიათ დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო ჩიჩხიტურის აქეთ, დანარჩენი „კეშიჩკი-დაღის“ (ასე ეძახიან ჩვენი მეზობლები დავით-გარეჯას) მშენებლობა ქართველებისთვის დიდსულოვნად დაუთმიათ.


მოდით, ისტორიულ ჭრილში განვიხილოთ ეს პრობლემა. ძველი წელთარიცხვის IV-III საუკუნეთა მიჯნაზე, როდესაც ფარნავაზმა იბერიის უძლიერესი სახელმწიფო შექმნა, მასში ალბანეთის ტერიტორიის ნაწილიც შევიდა, რომელიც ხუნანისა და კახეთის საერისთავოებს მიაკუთვნეს. შემდგომ პერიოდში ქართველები ხან ვკარგავდით, ხან ვიბრუნებდით მას, ხოლო ახალი წელთაღრიცხვით II საუკუნეში იბერიის ძლევამოსილმა მეფე ფარსმან ქველმა კიდევ უფრო გააფართოვა იბერიის საზღვრები და ალბანეთის დიდი ტერიტორია შეიერთა (ისტორიული კამბეჩოვანი და ჰერეთი). ხოლო ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მიღმა დარჩენილი ალბანეთის სამეფო, როგორც პართიელთა მოკავშირეები, დარუბანდის გზით ამიერკავკასიაში გადმოსულ ალანებს დაარბევინა.

ალბანელთა გაქრობის პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო არაბების გამოჩენის შემდეგ. VIII საუკუნის 30-იან წლებში არაბებმა ალბანეთი საბოლოოდ და მთლიანად დაიპყრეს. 866 წელს ალბანელმა მთავარმა ჰამამმა ცოტა ხნით აღადგინა ალბანეთის სამეფო. მაგრამ თურქული ეთნოსის მოძალების შემდეგ მოხდა ალბანეთის სამეფოს საბოლოოდ დამხობა და ეთნოსის გაქრობა. მეათე საუკუნისთვის ალბანეთის სამეფო და ალბანელები ფაქტობრივად აღარ არსებობდნენ, თუ მხედველობაში არ მივიღებთ რამდენიმე ათას ადამიანს, რომლებსაც არავითარი ძალა და გავლენა არ გააჩნდათ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე.

რაც შეეხება დავით-გარეჯის სადავო ჩიჩხიტურის კოშკს, ბერთუბნისა და უდაბნოს გამოქვაბულებს, ისინი აშენდა XI-XIII საუკუნეებში და ამ ეპოქის ისტორიულ ანალებში ალბანელთა ხსენებასაც კი ვერსად შევხვდებით. თანაც ის ტერიტორია, სადაც დავით-გარეჯის კომპლექსია აშენებული, არასდროს ყოფილა ალბანეთის სამეფოს ტერიტორია და იქ არასდროს დაფიქსირებულა ალბანური დასახლებები. ეს მიწა სხვადასხვა დროს იყო კახეთისა და კუხეთის კუთვნილება. უფრო მეტიც, IV საუკუნეში ადგილი, სადაც დღეს ჩიჩხითურის, უდაბნოსა და ბერთუბნის მონასტრები დგას, წარმოადგენდა საუფლისწულო დომენს და ის შედიოდა რუსთავში მჯდომი იბერიელი უფლისწულის პირად საკუთრებაში.

XI-XIII საუკუნეებში, როდესაც აშენდა დღეს სადავოდ ქცეული ჩიჩხიტურის კოშკი, ბერთუბნისა და უდაბნოს გამოქვაბულები, ეს ტერიტორი შედიოდა ჯერ კახეთ-ჰერეთის ქართულ სამეფოში, ხოლო 1104 წლიდან გაერთიანებული საქართველოს სამეფოს კუთვნილება გახლდათ. ამიტომ გამორიცხულია ალბანელთა მიერ „კეშიჩკი-დაღის“ აგება.
ბერთუბანთან ყველაზე ახლოს იყო განძის საამირო (საათაბაგო), სადაც მოსახლეობის თითქმის 99 პროცენტი მუსლიმი გახლდათ, და სომხური პროვინციები. თეორიულად დასაშვებია, რომ ვინმე „გადმოპარულიყო“ და ჩვენ მიწაზე წამოეწყო სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა, მაგრამ ჩნდება კითხვა – რატომ ააშენებდა განძელი მუსლიმი ქრისტიანულ სალოცავს?

ფლობდე რომელიმე ერის კუთვნილ მიწას ან კულტურულ ძეგლებს, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი მემკვიდრე ხარ. მაგალითად, არავინ დავობს იმაზე, რომ „აია სოფიას“ დიდებული ტაძარი ბიზანტიელების აშენებულია, მიუხედავად იმისა, რომ ის დღეს თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და თურქები არანაირად არ მიიჩნევიან ბიზანტიელთა კულტურულ მემკვიდრეებად.

დაახლოებით ამას ჰგავს ჩვენი მეზობლების მცდელობა – თავი ალბანური კულტურის მემკვიდრეებად გამოაცხადონ.




0
233
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0