x
image
მანანა თურმანიძე
ფშაველი ხარ თუ ფშანტურაო, მგელი შეგჭამს ან ტურაო

image

მგელი შეგვჭამს თუ მგლის შვილი?


როდესაც ადამიანი უღრან ტყეშია, აცნობიერებს, რომ მგელმა ან მისმა მსგავსმა მხეცმა შეიძლება შეჭამოს, მაგრამ ამის გამო არც ტყეში სიარულზე და არც ნადირობაზე აცხადებს უარს, მითუფრო, თუ ეს მისი ოჯახის და თავის გამოკვების ერთადერთი საშუალებაა. ამის ნაცვლად შეიარაღდება და უსაფრთხოების ზომებს დაიცავს, თოფი აქვს თან, ფხიზლობს და არ დუნდება.


ჩვენ ყველანი ფშაველები არ ვართ, მაგრამ უღრან ტყეში კი ყველა ვართ და მეტ-ნაკლებად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ საშიშროება არსებობს. სწორედ უღრანი ტყეა პანდემია და ის გამოწვევები, რომლებიც მან მოიტანა მსოფლიოში და კერძოდ ჩვენს ქვეყანაში.


რამდენად საშიშია, რომ კოვიდი გავრცელდეს და უმართავი გახდეს, ჩვენ ეს უკვე ვნახეთ. თუმცა, ადამიანებისთვის კოვიდზე არანაკლებ საშიში - შიმშილი და გაჭირვებაა, რომელიც დღითიდღე იზრდება და ასევე უმართავი ხდება. კატასტროფაა, როდესაც ახალგაზრდები ქუჩაში გაჩერებენ და - საჭმლის ფულს ვაგროვებ, დამეხმარეთო გეუბნებიან, ან ოჯახიდან გამოსული მოხუცები საბრალოდ ხელგაწვდილები სხედან ასფალტის საფარზე ან მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეზე. ქვეყანაში გაჩნდა ახლად-გამათხოვრებული სოციუმი და ამას ჩინოვნიკები, რომლებიც ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილდებიან და "მიწაზე ფეხს არ ადგამენ" - ალბათ ვერ ამჩნევენ!


უმართავია სიტუაცია, როდესაც საავადმყოფოები და მედ.პერსონალი არ არის საკმარისი ინფიცირებულების მკურნალობისთვის და ჩვენ ეს კატასტროფა უკვე ვნახეთ. მაგრამ ამისთვის გამოსავალი ალბათ რესურსების გაზრდაა. პროფესიონალების გადამზადების გზით, პრევენციული ზომების გატარებით, მონიტორინგის გაძლიერებით, ტესტირების გაზრდით, ვაქცინის და მედიკამენტების შეძენით, თუ სხვა ღონისძიებებით ამ სიტუაციის მართვა შესაძლებელია, ისეთ მცირერიცხოვან სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა.



ამის საპირწონე (თუ მეტი არა - არანაკლები), საშიშროება ქვეყანას მოელის დეფოლტისგან და ეკონომიკის საბოლოო ჩამოშლისგან. ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ეკონომიკა ისედაც არასახარბიელო ტემპით ვითარდებოდა, სადაც უმუშევრობა და სიღარიბე ისედაც არასასურველ ნიშნულს აღწევდა, პანდემიამდეც. არადა, რიცხოვნობით ალბათ ერთ დიდ ტრანსნაციონალურ კომპანიას ვუტოლდებით. კოვიდთან ერთად ეს მაჩვენებელი, ბუნებრივია კატასტროფულად გაიზარდა და დღითიდღე უფრო საგრძნობი ხდება. უმართავი გახდება სიტუაცია, თუკი იმდენი ადამიანი დაიმშევა, რომ ქვეყანას აღარ ეყოს რესურსი მათ ელემენტარულად გამოსაკვებად.


ბიზნესის ტოტალურმა დახურვამ ქვეყნის ეკონომიკის სრული კრახი უნდა გამოიწვიოს და ეს ალბათ ყველას შესანიშნავად გვესმის. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ტურიზმზე, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის დიდი პროცენტისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. აქ საუბარია მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებზე, რომლებიც ტოტალურად ჩამოიქცევა, თუ სასწრაფოდ ზომებს არ მივიღებთ. ქვეყანას მხოლოდ სუპერმარკეტების ბიზნესი, რომელიც სხვათაშორის გროშებს უხდის თანამშრომლებს, ვერ გადაარჩენს. გამოსავალი ლოქდაუნის მოხსნაში და კონტროლის მექანიზმების ამუშავებაშია.


ბევრს გაუჩნდება კითხვა - რა იგულისხმება კონტროლის გამკაცრებაში? ჩვენ ყველას ერთიდაიგივე სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებები გვაქვს და აქედან გამომდინარე ვსარგებლობთ აფთიაქებით და მარკეტებით. ალბათ ყველას შეგვინიშნავს, რომ დეზობარიერები, რომლებიც სავალდებულო გახდა და დაჯარიმების შიშით თითოეულმა ბიზნესმენმა შეიძინა - მშრალია! ისმის კითხვა, რისთვის იყო აუცილებელი ეს დეზობარიერები, რომლებიც თითქმის ყველგან მშრალ კონდიციაში გვხვდება და მხოლოდ მტვერის და ინფექციების ბუდეა? მასზე ფეხის დაწმენდა უფრო მეტ საფრთხეს ქმნის, ვიდრე მისი საერთოდ არარსებობა. ამის გარდა, მოქალაქეს არ უნდა სჭირდებოდეს თანამოქალაქისთვის იმის შეხსენება, რომ პირბადე გაიკეთოს, ან სოციალური დისტანცია დაიცვას, ამას სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს. ჩვენ ეს ყველაფერი გავაკეთეთ პანდემიის საწყის ეტაპზე, მაგრამ როდესაც პანდემიამ მეტი მასშტაბები შეიძინა - რატომღაც მოვხსენით კონტროლის ეს მექანიზმები.


ნათლისღებას ქაშვეთში ნაკურთხი წყლის ასაღებად მივედი და გავოცდი! ის ზედახორა, რომელიც ყოველთვის მხვდებოდა ხოლმე წყალკურთხევის დღეს ტაძრის ეზოში, აღარ დამხვდა. ახლა მორწმუნეები ცივილურად, დისტანციის დაცვით და მოწესრიგებულად გამწკრივებულიყვნენ და ყოველგვარი ექსცესების გარეშე იღებდნენ წყალს. თვალს ესიამოვნა და უფალს მადლობა შევწირე. ტაძარში რომ შევედი იქაც ყველა დისტანციას იცავდა, ყველას პირბადე ეკეთა. ხატის წინ, დისტანციის დაცვით რიგში მდგომს უეცრად შემომესმა მოძღვრის ხმამაღალი საუბარი, გამიკვირდა და შემოვტრიალდი - ვიღაცას მიუთითებდა პირბადე გაიკეთეო.


არანაირი განსაცდელი ადამიანს არ ეძლევა შემთხვევით, ყველა ჭკუის სასწავლებლად არის. ალბათ გვჭირდებოდა, რომ უფრო მოწესრიგებულები გავმხდარიყავით. ყველა განსაცდელს თავისი დადებითი მხარეც უნდა ჰქონდეს. მჯერა, რომ ჩვენ უკეთესები გამოვალთ ამ პანდემიიდან, უფრო მოწესრიგებულები, უფრო კეთილგანწყობილები და ერთმანეთის მხარში დგომას ვისწავლით, პირადი სივრცის დარღვევის გარეშე.


"დადგა დრო რომ შეზღუდვები შემსუბუქდეს და ეტაპობრივად მოიხსნას" - აცხადებს ბატონი თენგიზ ცერცვაძე. სრულიად ვეთანხმები გამოცდილ, მხცოვან ინფექციონისტს და ვუდასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემას. ვიყოთ მიუკერძოებლები და ვაღიაროთ, რომ კოვიდი საშიშია, მაგრამ არანაკლებ საშიშია ტოტალური სიღარიბე და შიმშილი. კეთილი ვინებოთ და ავამუშავოთ ეკონომიკა, თუმცა მოგვიწევს თავი შევიწუხოთ და გავზარდოთ კონტროლის მექანიზმები. ჩაერთოს თუნდაც სამართალდამცავი ორგანოები, შეიარაღებული ძალები, გამკაცრდეს მონიტორინგი, მაგრამ - შეზღუდვები უნდა მოიხსნას ბიზნესისთვის, რომლის განვითარებაც ჩვენი ქვეყნის განვითარების პირდაპირპროპორციულია და შემდგომი წინსვლის აუცილებელი პირობაა. ჩვენი ქვეყნის დიდ მიზნებთან შეუთავსებელია სრული ლოქდაუნის მდგომარეობა, ჩვენ უნდა გავიხსნათ და ავმუშავდეთ, რომ გადავრჩეთ.



0
35
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0