რელიგია როგორ იკურნებიან მამა გაბრიელის წყალობით ადამიანები სიმსივნისგან."ყველამ წაიკითხეთ" 2021, 11 იანვარი, 12:48 როგორ იკურნებიან მამა გაბრიელის წყალობით ადამიანები სიმსივნისგან, სარკომისგან და როგორ ასწავლა მან ქალს ლოცვის დახმარებით გულის შეტევის შეჩერება
ქართველი ბერი, მამა გაბრიელი, ერისკაცობაში – გოდერძი ურგებაძე თბილისში დაიბადა, თეთრი წყაროს ქუჩაზე, 1929 წლის 26 აგვისტოს. მისი ღვაწლი იმდენად დიდია, რომ ამის შესახებ მუდმივად შეიძლება დაწეროს ადამიანმა. რაც მთავარია, დიდი მამა გარდაცვალების შემდეგაც შეეწევა მის საფლავზე მისულ ადამიანებს, რომელთა რიცხვი დღითი დღე იზრდება. საოცარია ის სიმშვიდეც, რომელიც სამთავროს დედათა მონასტერში, მამა გაბრიელის საფლავზე თუნდაც 5 წუთის განმავლობაში გაჩერებულ ადამიანს ეუფლება. სულ ცოტა ხნის წინ თავად უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ გადაიხადა მამა გაბრიელის საფლავზე პანაშვიდი და მეოცე საუკუნის დიდი მამა, სალოსი კიდევ ერთხელ საოცარი სიტყვებით მოიხსენია – ის მართლაც დიდი სალოსი იყო.
მამა გაბრიელის დაბადების დღე
დედა პარასკევა: 26 აგვისტოს ჩვეულებრივ, იქნება საღამოს ლოცვა, წირვა და შემდეგ პანაშვიდი – მამა გაბრიელის დაბადების, მისი ანგელოზის ხსენების დღის აღსანიშნავად ყოველთვის ასე ხდება, იმ დიდი საჩუქრის სამადლობლად, რომელიც მამა გაბრიელმა ქართველ ხალხს დაუტოვა. ამ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მოდის საფლავზე. სპეციალურად ამთხვევენ, რომ მოილოცონ, ზეთი წაიღონ და მამა გაბრიელს უფრო მეტი დახმარება, შემწეობა სთხოვონ. მამა გაბრიელი საკუთარ დაბადების დღეს არასდროს გამოარჩევდა, სამაგიეროდ, გამოარჩევდა ხოლმე ანგელოზის დღეს, რადგან ეს დღე წმიდა მამების დღესასწაულია. დაბადების დღეს ჩვენ თუ არ მივიდოდით და მივულოცავდით, ისე თვითონ არაფერს იტყოდა. პატარა ხატებს ვაჩუქებდით ხოლმე და ის თავის სენაკში კიდებდა. ხატები განსაკუთრებულად უყვარდა. მამა გაბრიელის მთელი ცხოვრება განსაკუთრებული შემთხვევებით იყო სავსე. ერთი-ორს ვერც გამოარჩევ. თვითონ უდიდესი სიყვარულით იყო სავსე და ჩვენც გვასწავლიდა: ერთმანეთი გიყვარდეთ, გადაირჩინეთ სული, ბევრი სიკეთე აკეთეთ, რომ თქვენმა გაკეთებულმა სიკეთემ გადაგარჩინოთო, – სულ ამას ამბობდა. როცა საჭირო იყო, ანუ, როცა ეს ადამიანის სულის გადარჩენას ეხებოდა, სიმკაცრესაც იჩენდა, მაგრამ ამას ყოველთვის სიყვარულით აკეთებდა. ადამიანების საოცრად დიდი მოყვარული იყო. თავს იმდაბლებდა იმისთვის, რომ სხვები გადაერჩინა.
ოთარ ნიკოლეიშვილი: მამა გაბრიელის შესახებ არაერთი წიგნი გამოიცა, სადაც თავმოყრილია, როგორც დიდი მამის ცხოვრების დროს აღსრულებული სასწაულები, ასევე ის სასწაულებიც და კურნებებიც, რომლებიც დღემდე მის საფლავზე სრულდება.
მამა გაბრიელის სიკვდილის შემდეგ აღსრულებული სასწაულები
„დიდი სიყვარულითა და მადლიერებით მოვიხსენიებ წმიდა გაბრიელს, როგორც უდიდეს თანამედროვე წმიდანს. დამემართა სარკომა. სასწრაფოდ გამიკეთეს ოპერაცია, თუმცა ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს და ახლობლებს უთხრეს, რომ 2 თვესაც ვერ გავატანდი. ჭრილობა ზერელედ დამიხურეს, ნაკერის სისწორეზეც აღარ იფიქრეს. მე ოპერაციის წინ მთელი დღე მამა გაბრიელის საფლავთან დიდი რწმენით ვიჯექი და სრულიად მშვიდად შევედი საოპერაციოში. ოპერაციის შემდეგ ერთი კვირა გავიდა, ექიმმა გამსინჯა და ორივე ხელი მაღლა ასწია: „ამ ხელებმა ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ამ ბავშვის ჯანმრთელობა მთლიანად ზეციური სასწაულია”. მე არ გამკვირვებია, ეს იყო ჩემი საყვარელი, უწმიდესი, უკეთილესი მამა გაბრიელი” – ეს ჩანაწერი დედა პარასკევამ მოგვაწოდა, რომელიც მამა გაბრიელის საფლავთან ერთ-ერთმა ადამიანმა მოყვა (ავტორი).
„2002 წელს ნოემბრის პირველ რიცხვებში, ძილის წინ ხელში მეჭირა ფსკვნილი და ღვთისმშობლის ლოცვებს ვამბობდი. ასე ჩამეძინა და როდესაც შუაღამისას გამეღვიძა, ფსკვნილის ჯვარი ისე იყო ჩაჭედილი მძივებს შორის, რომ ვერაფრით გავხსენი, ვშიშობდი ფსკვნილი არ გამეწყვიტა. უცებ გამახსენდა მამა გაბრიელის დიდი ხნის წინ ნათქვამი სიტყვები: როდესაც სახლში რომელიმე ნივთს ვეღარ ვპოულობ, ვამბობ: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ”. მეც ვთქვი: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, მამაო გაბრიელ, მიშველე“. რაოდენ დიდი იყო ჩემი სიხარული, როდესაც ფსკვნილმა თავისით დაიწყო გახსნა და ჯვარი გათავისუფლდა (ვგრძნობდი, ვიღაც ხსნიდა). ამ შემთხვევამ გამახსენა ზოგი რამ მამა გაბრიელთან დაკავშირებით. მამა გაბრიელმა მაჩუქა უფლისა და შვიდისრიანი ღვთისმშობლის ხატი, თან დამარიგა: რომ ეს ხატი განკურნავდა გულის შეტევას, თუ ვიტყოდი „მამაო ჩვენოს”, მარჯვენა ხელის ზურგზე (ზედა მხარეს) მოვუსვამდი ღვთისმშობლის ხატს გულზე და შემდეგ ამ ხელით გამოვსახავდი ჯვარს ავადმყოფის გულზე. ეს მოქმედება უნდა შემესრულებინა შვიდგზის და გულის შეტევაც შეჩერდებოდა. პრაქტიკულად, იმავე საღამოს გამოვიყენე ეს დარიგება საკუთარ დედაზე, რომელსაც მაშინვე შეუწყდა გულის შეტევა... ერთხელ შინაგანი გულისთქმით ამოვწერე ჩემთვის ცნობილ წმიდანთა მშობლების სახელები, სია საკმაოდ დიდი გამოვიდა. მოვამზადე საკურთხი და წავედი მამა გაბრიელთან სახლში, ვთხოვე: პანაშვიდი გადაეხადა, რაც მან დიდი სიამოვნებით შეასრულა. ტრაპეზი კი გაუნაწილა ყველა მისთან მომსვლელს. რამდენიმე დღის შემდეგ მითხრა: ლუსია, ეს რა მიყავი, ის წმიდანები, ყველანი ჩემთან მოვიდნენო. ერთხელ შემომჩივლა, რომ ზიარებაზე არ დაუშვეს პატრიარქის ნებართვის გარეშე, პატრიარქმა ეფრემ მეორემ კი ნება არ დართო. იმ ღამეს მამა გაბრიელს ესიზმრა, რომ პატრიარქი ადიოდა მაღალ მთაზე და ზურგზე მძიმე ჩანთა ეკიდა. მინდოდა ტვირთის გამორთმევა, მაგრამ უარი მივიღეო – თქვა მან. აქვე განმიმარტა, რომ ეს ტვირთი იყო ცოდვა იმის გამო, რომ ზიარება არ მისცეს. მამა გაბრიელმა მაჩვენა, როგორ ჰქონდა სახლში ჯვრები განლაგებული. ერთი – შესასვლელი კარის თავზე, მეორე – მის მოპირდაპირე კედელზე (იმავე სიმაღლეზე), მესამე და მეოთხე ჯვრები ორ დანარჩენ კედელზე. ამრიგად ოთხი ჯვრით იქმნებოდა ერთი დიდი ჯვარი, რომლის ქვეშაც მოხვდებოდა ოთახში შემოსული ყოველი ადამიანი და ის უარყოფით გავლენას ვერ მოახდენდა გარემოზე... ერთხელ მითხრა: იცი, წინასწარმეტყველი დავითი როგორ ინანიებდა თავის ცოდვებს. გაახურებდა ორ რკინას, ერთზე დაიჩოქებდა ორივე მუხლით, მეორეზე დაეყრდნობოდა ორივე ხელითო. რატომღაც დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ამგვარად თვითონ ინანიებდა თავის უნებურ ცოდვებს. მით უფრო განმიმტკიცდა ეს აზრი, როდესაც იმ ოჯახის უფროსმა, რომელთანაც ძალიან ახლოს იყო მამა გაბრიელი, მითხრა: როდესაც მამა გაბრიელი დალევს, ამ ცოდვას ძალიან მძიმედ ინანიებსო... ქალაქგარეთ, იქ, სადაც ხალხი ნაგავს ყრიდა მანქანებიდან, მამა გაბრიელი მიდიოდა და ხალხის მიერ გადაყრილ ხატებსა და წიგნებს აგროვებდა, ასუფთავებდა და რესტავრაციას უკეთებდა. მერე თვითონ უკვირდა: ნუთუ ეს მე გავაკეთე, რომელსაც სკოლაში სწორი ხაზის გავლებაც მიჭირდაო. მის ცხოვრებაში წმიდა ნიკოლოზს დიდი ადგილი ეკავა. ერთხელ ასეთი რამ მომიყვა: მშიერი ვიჯექი შავნაბადას მთაზე და წმიდა ნიკოლოზს ვთხოვე პურის ფული გამოეჩინა ჩემთვის. ამ დროს ერთმა კაცმა ჩამიარა, პატარა მანძილი რომ გაიარა, უკან შემობრუნდა, მომიახლოვდა და 5 მანეთი ჩამიდო ხელში (ლუსია თოროზოვა, დამსახურებული გეოლოგი).
„გასათხოვარ გოგონას საშვილოსნოს ყელზე აღმოაჩნდა სიმსივნე პირველ სტადიაში. ერთი თვის შემდეგ ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო. მთელი თვის განმავლობაში გაბრიელ ბერის საფლავიდან აღებულ ზეთს ხმარობდა და როცა ექიმთან მივედით ოპერაციის გასაკეთებლად, არანაირი ავადმყოფობა აღარ სჭირდა. ეს იყო ნამდვილი სასწაული” (ნანა სირაძე, ოზურგეთის რაიონი, სოფელი შემოქმედი).
„2001 წლის ზაფხულში ჩემს მეუღლეს დაეწყო ტკივილები მკერდის არეში. მივმართეთ ექიმს, ჩატარდა ექოსკოპიური გამოკვლევა. აღმოჩნდა სიმსივნური კვანძი, ხოლო ონკოლოგიურში ჩატარებული ანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ავთვისებიანი სიმსივნე იყო. ძალიან შეგვეშინდა, საუბარი იყო მკერდის მოკვეთაზე და თან ამბობდნენ, რომ ოპერაციაზე გაირკვეოდა შიგნით როგორი მდგომარეობა იყო. ოპერაციაზე დავთანხმდით, მანამდე კი ახლობლის რჩევით, დავიწყეთ მამა გაბრიელის ზეთით მკურნალობა, ვლოცულობდით, დავდიოდით საფლავზე. ასე გავიდა ერთი თვე და ოპერაციის დღეც დადგა. ექიმმა ოპერაციის წინ ნახა, რომ სიმსივნე დაპატარავებულიყო და იმედი მოგვცა, მკერდის მოკვეთა აღარ იქნება აუცილებელიო. მართლაც ოპერაცია ადვილად ჩატარდა, ისე, რომ ექიმსაც გაუკვირდა. სიმსივნე იყო მიმქრალი და პატარა ადგილით შემოიფარგლებოდა. ამოკვეთეს, მაგრამ არანიაირი გართულება არ მოჰყოლია. ჩვენ მადლიერი ვართ მამა გაბრიელის და დარწმუნებულები, რომ მისი საფლავიდან წამოღებულმა ზეთმა მოახდინა სასწაული. ამის შემდეგ ჩვენს ოჯახში მუდმივად არის მამა გაბრიელის საფლავიდან წამოღებული ზეთი და საჭიროებისამებრ ვიყენებთ. 2003 წლის იანვარში ჩემს ძმას ინსულტი დაემართა. კომპიუტერზე გადაღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ანევრიზმა იყო გამსკდარი, რომელიც სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია და საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ ანევრიზმა თავის ტვინის ქვედა მხარეს იყო, წინა შემაერთებელ არტერიულ ხიდზე. საჭირო იყო ოპერაციის გაკეთება ანევრიზმის გასკდომიდან მეათე-მეთერთმეტე დღეს, რომ ოპტიმალური შედეგი მიგვეღო და ავადმყოფის გადასარჩენად შანსი ყოფილიყო. მაგრამ მეშვიდე დღეს მოხდა ანევრიზმის განმეორებით გასკდომა და ჩატარდა სასწრაფო ოპერაცია. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები არ იძლეოდნენ გადარჩენის შანსს, ჩემი ძმა გადარჩა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხმარობდით მამა გაბრიელის საფლავიდან აღებულ ზეთს და რომ არა უფლის სასწაული, ჩემი ძმა ნამდვილად ვერ გადარჩებოდა” (მირიან ზირაქაძე).
ოთარ ნიკოლეიშვილი: სიმართლისთვის დევნილმა მამა გაბრიელმა თავისი ბერობის 40 წლის განმავლობაში 15 წელი იმათხოვრა, 25 წელი სასაფლაოზე იცხოვრა, გამოსცადა ციხესა და საგიჟეთში ყოფნა. მამა გაბრიელი გარდაცვალების შემდეგაც პირველია, ვინც თავისი დასაფლავება ერთგვარ ქადაგებად აქცია. მეოცე საუკუნის მიწურულს მისი ანდერძისამებრ დასაფლავდა ძველი ბერმონაზვნური წესით – კუბოს გარეშე, მხოლოდ ჭილოფში შეხვეული. გარდაცვალებამდე სინჯარაში აღებული მამა გაბრიელის სისხლი დღემდე უხრწნელია და არაერთ სასწაულს ახდენს, ისევე როგორც მამა გაბრიელის საფლავიდან წამოღებული ზეთი. მსგავსი კურნებით ხშირად ექიმებიც გაოცებულები არიან, რადგან მათი დიაგნოზი ავადმყოფის გადარჩენას გამორიცხავდა.
169 2-ს მოსწონს |
მამა გაბრიელის საფლავიდან წამოღებული ზეთის წასმით სრულებით გამოჯანმრთელდა.
თუ ვინმეს ეჭვი შეეპარა ამაში იმ ოჯახის თანხმობით სახელს და გვარსაც დავწერ და მისამართსაც და შეეხმიანონ. საქართველოში ყველაზე ცნობილი თვალის ქირურგი გაოცებული იყო, ეს სასწაულიაო.