მსოფლიო დარჩება თუ არა ამერიკა დემოკრატიის შუქურად 2021, 11 იანვარი, 12:26 ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიო პრესის პირველ ფურცლებზე, ახალი ამბების გაშუქებისას დომინირებს ვაშინგტონში განვითარებული შოკისმომგვრელი მოვლენები და ძალადობრივი სცენები კაპიტოლიუმის შენობიდან, რის გამოც შეშფოთებამ მოიცვა მთელი დემოკრატიული სამყარო. 6 იანვარს, ოთხშაბათს, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვების დამტკიცების მიზნით კანონმდებლები იყვნენ შეკრებილი. სხდომა შეწყდა და შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. იყო ჭყლეტვა და გასროლა, არეულობას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მოგვიანებით კი პოლიციის ოფიცერიც გარდაიცვალა. მომხდარის გამო აღშფოთებას ვერ მალავენ, ძალადობას გმობენ და აშშ-ის დემოკრატიის მიმართ მხარდაჭერას გამოთქვამენ მსოფლიოს ლიდერები: „შოკისმომგვრელი სცენები ვაშინგტონიდან, ამ დემოკრატიული არჩევნების შედეგებს პატივისცემით უნდა მოეკიდონ, ” - წერს იენს სტოლტენბერგი, ნატო-ს გენერალური მდივანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. „მსურს, შეერთებული შტატების მიმართ ჩვენი მეგობრობა და რწმენა გამოვხატო. ის, რაც ვაშინგტონში მოხდა, არაამერიკულია, ჩვენ გვჯერა ჩვენი ქვეყნების დემოკრატიების, გვჯერა ამერიკული დემოკრატიის ძალის”, - ამბობს მაკრონი „ტვიტერის“ გვერდზე ატვირთულ ვიდეო მიმართვაში. „სამარცხვინო სცენები აშშ-ის კონგრესში. შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიას მთელ მსოფლიოში და ახლა ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ძალაუფლების მშვიდობიანი და წყნარი გადაცემა მოხდეს“, - წერს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა დონალდ ტრამპს შეახსენა, რომ არჩევნებში დამარცხება „დემოკრატიის ფუნდამენტური წესია“. ბრიტანული გარდიანი (Guardian), ისევე, როგორც მსოფლიო პრესის სხვა პოპულარული გამოცემები აქვეყნებენ სცენებს კაპიტოლიუმის როტონდადან, სადაც მოქმედი პრეზიდენტის მომხრეებმა შტურმი მიიტანეს შენობაზე. ცნობილია, რომ პრეზიდენტი ტრამპი აქამდე არ ცნობდა არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებას. მან მიმართა მომხრეებს, რომ დაეცვათ თავიანთი ხმები. ეს გახდა საბაბი, რათა კონგრესს დაეწყო მსჯელობა მის დაუყოვნებლივ იმპიჩმენტზე, ვინაიდან ამ მოწოდებას კვალდაკვალ მოჰყვა ქვეყანაში უპრეცედენტო ქაოსი. ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი მიმართავს მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს და მის ოფისს, რომ კონსტიტუციის 25-ე შესწორების მიხედვით იმოქმედონ და დაუყოვნებლივ გადააყენონ პრეზიდენტი. პრეზიდენტის და მისი თანაგუნდელების მოწოდების შემდეგ ათასობით ადამიანი შეიკრიბა კაპიტოლიუმთან და მათ ფაქტიურად აიღეს შემობა, რასაც შედეგად მოჰყვა 5 ადამიანის გარდაცვალება. პროტესტანტები უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ სენატორებს, ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსს, ემუქრებოდნენ ნენსი პელოსის, დალეწეს მინები და დაარბიეს შენობა. მომხდარი მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან არეულობის წახალისებად ჩაითვალა. დღეს, ორშაბათს, 11 იანვარს კონგრესი გააგრძელებს მსჯელობას იმპიჩმენტის საკითხზე და გადაწყვეტს შეუჩერდება თუ არა მოქმედ პრეზიდენტს უფლებამოსილება. მას ურჩევენ გადადგეს, ისევე, როგორც მისი კაბინეტის რამოდენიმე მინისტრი. 12 საათიანი დაბლოკვის შემდეგ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ახალი განცხადებით გამოჩნდა ტვიტერზე. დონალდ ტრამპი 20 იანვარს ხელისუფლების შეუფერხებლად გადაცემას ჰპირდება ამერიკას. თუმცა ვიდეო მიმართვაში პრეზიდენტი ისევ არსად ახსენებს არჩევნებში დამარცხებას. "ამერიკა იყო და ყოველთვის უნდა იყოს კანონისა და წესრიგის ქვეყანა", - ამბობს გავრცელებულ ვიდეოში დონალდ ტრამპი. ის აცხადებს, რომ იზრუნებს, რათა მოხდეს პოსტის მშვიდობიანი გადაბარება ახლადარჩეული პრეზიდენტისთვის, თუმცა ასევე აცხადებს, რომ არ დაესწრება ინაუგურაციას, რითაც გამოხატავს პროტესტს და ფაქტიურად არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას. „შეტევა დემოკრატიაზე“, „შავი დღე“, „იმედგაცრუება“, „სირცხვილი“ - ასე აფასებენ აშშ-ის როგორც დემოკრატი, ასევე რესპუბლიკელი პოლიტიკოსები პრეზიდენტ ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრას. მომხდარის გამო ასევე გულისწყრომა და შეშფოთება გამოხატა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. მან აღნიშნა, რომ მიესალმება ინაგურაციაზე ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსის დასწრებას. ჯო ბაიდენის განცხადებით, ის შოკირებული და დამწუხრებულია, რომ ქვეყანა ასეთ "ბნელ მომენტამდე“ მივიდა, თუმცა დასძინა, რომ როგორც სხვა ისტორიული მომენტების დროს, ამერიკა ამჯერადაც გაიმარჯვებს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომხდარის შემდეგ თავის მხარდამჭერებს სახლებში წასვლისკენ მოუწოდა. "მე მესმის თქვენი ტკივილი, მესმის თქვენი წყენა. ჩვენ გვქონდა არჩევნები, რომელიც მოგვპარეს. ჩვენ დიდი უპირატესობით გავიმარჯვეთ არჩევნებში და ეს ყველამ იცის, განსაკუთრებით კი მეორე მხარემ, მაგრამ სახლში უნდა წახვიდეთ. ჩვენ უნდა გვქონდეს მშვიდობა. ჩვენ უნდა გვქონდეს კანონი და წესრიგი. ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმე დაშავდეს. ეს ძალიან რთული პერიოდია. არასდროს მომხდარა ასეთი რამ. ეს იყო გაყალბებული არჩევნები, მაგრამ მათ წისქვილზე წყალი არ უნდა დავასხათ, ჩვენ უნდა გვქონდეს მშვიდობა. ასე რომ, წადით სახლში. ჩვენ თქვენ გვიყვარხართ, თქვენ განსაკუთრებული ხართ. ხედავთ რა ხდება. ხედავთ, სხვებს როგორ ექცევიან. ვიცი რასაც გრძნობთ, მაგრამ წადით სახლში და წადით მშვიდობიანად“ - აცხადებს ტრამპი. გასული წლის ოქტომბერში, როდესაც ტრამპს კოვიდ-19 დაუდასტურდა, პრესაში და სოც.ქსელებში ბევრი ალაპარაკდა იმაზე, თუ როგორ აკნინებდა მოქმედი პრეზიდენტი ახალი კორონა ვირუსის მნიშვნელობას, უგულვებელყოფდა უსაფრთხოების ზომებს და ზერელე დამოკიდებულებას იჩენდა კაცობრიობისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი, მილიონობით ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი პანდემიის მიმართ. სწორედ ამ დროს გამოჩნდა საზოგადოების ლექსიკონში ეს ახალი სიტყვა - schadenfreude, რაც თარგმანში ნიშნავს ნიშნის მოგებას, ღვარძლიანობას, თუმცა ზუსტი შესატყვისი სიტყვა ქართულში არ მახსენდება. ეს გერმანული სიტყვაა და ინგლისურ ენაში დამკვიდრდა, მაგრამ არც ინგლისურში აქვს ზუსტი შესატყვისი. ყველაზე მეტად შეესაბამება რუსული სიტყვა - злорадство, რაც გამოხატავს სხვისი უბედურებით, წარუმატებლობით, მარცხით გამოწვეულ სიხარულს. ალბათ შემთხვევით არ გამახსენდა ახლა ეს სიტყვა. რასაკვირველია, სხვისი მარცხით, და წარუმატებლობით არ უნდა გაიხარო, ეს მართლაც სულმოკლეობაა. თუმცა, ალბათ ასევე სულმოკლეობაა ადამიანების დაცინვა, დამცირება, მათი ბედით თამაში, მათი ინტერესების უგულვებელყოფა, მათი ადვილად გაწირვა და ეგოცენტრიზმი - სხვა ადამიანების თვალსაზრისის, მათი ემოციების და გრძნობების აღქმის და გაზიარების უნარის არქონა. სამწუხაროა, მაგრამ ამგვარი სულმოკლეობა ადამიანებში არსებობს, ასე რომ არ იყოს, ალბათ არც მისი აღმნიშვნელი სიტყვა - schadenfreude იარსებებდა. მიხარია, რომ ქართულში მისი ზუსტი შესატყვისი არ გვაქვს, მინდა მჯეროდეს, რომ არ იყო ამის საჭიროება და უბრალოდ ერთი სიტყვით - ღვარძლიანობით შემოვიფარგლეთ მის აღსაწერად. სწორედ ახლა, ამ მოვლენების პარალელურად გამოჩნდა გესლიანი კომენტარები და სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელთა განცხადებები ამერიკული დემოკრატიის მიმართ, რომლებიც ამ სიტყვას - schadenfreude -ს მომაგონებენ უნებლიედ. ვწუხვარ მომხდარის გამო, ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და წარმატებას ვუსურვებ ჩვენს მეგობარ ამერიკელ ხალხს. მწამს მათი დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ერთგულების, მათი სამოქალაქო საზოგადოების სიჯანსაღის და მჯერა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს, ამერიკული დემოკრატიის შუქურა არ ჩაქვრება და ის დარჩება თავისუფლების სიმბოლოდ დღევანდელ მსოფლიოში. 16 შეფასება არ არის
|