პროზა გამოლოცვა 2020, 23 დეკემბერი, 17:13
გამოლოცვა
ერთ-ერთ „მაგიურ“, ყდამოგლეჯილ წიგნში ამოვიკითხე, რომ ჩემი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ნიჭი და მიდრეკილება გვაქვს მაგიისაკენ, რომ მედიუმთა უმეტესობა სწორედ ჩვენი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დავიბადეთ. არ დამიწყია ზედმეტი გამოთვლა, იმ ასაკში ეს ჩემთვის სრულიად საკმარისი იყო, იმისთვის რომ თავი ჯადოქრად მეგრძნო. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ სინესთეზია მჭირდა და არც ის ვიცოდი ეს რას ნიშნავდა. ის რომ სიტყვებს ფერებსა და ფორმებში აღვიქვამდი სრულიად „მეჩვეულებრივებოდა“. მეგონა, ყველა ადამიანისათვის სიტყვას თავისი ფერი და ფორმა გააჩნდა, და რომ ყველა ისე ხედავდა მათ, როგორც მე. ეს „ნიჭი“ დედამ აღმოაჩინა, როდესაც ვუთხარი რომ სახელი „ბესარიონი“ მახინჯი იყო და მისი ფერები არ მომწონდა.
ყოველთვის „მაწანწალა“ ვიყავი, ღრმა ბავშვობიდან, იმ პერიოდიდან, როდესაც ბებიას ზაფხულობით სოფელში მივყავდით ხოლმე დასასვენებლად. ხან ტყეებში დავეხეტებოდი ხანაც მეზობელ სოფლებში. ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად ბებიაჩემმა მშვენიერი ტყუილი შეთხზა. მითხრა რომ შებინდებისას, კაკლის ხეებზე არსებული ფუღუროებიდან „მაჯლაჯუნები“ გამოდიოდნენ და იტაცებდნენ ურჩ ბავშვებს, რომლებიც ორღობეში „უპატრონოდ“ დაეხეტებოდნენ და თუ შინ შებინდებამდე არ დავბრუნდებოდი მეც იგივე ბედი მელოდა. მშიშარა არ ვყოფილვარ, რადგან „ჯადოქარი“ ვიყავი და ისეთ რაღაცებს ვხედავდი და ვგრძნობდი, რასაც სხვები ვერ ამჩნევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მაჯლაჯუნები არ ვიცოდი რა არსებები იყვნენ, მათი სახელწოდებიდან გამომდინარე და იმ მახინჯი ფერების გამო რასაც მათში ვხედავდი ცოტათი მეშინოდა. თუმცა, ჯადოქართან ერთად „ჭკვიანიც“ ვიყავი და შებინდებას გადაცილებული, შინ მიმავალი ყოველთვის თვალს ვარიდებდი კაკლის ხეებს (რომლებიც ჩემს სოფელში მრავლად იყო). რატომღაც, ვფიქრობდი, თუ ვერ დავინახავდი, ვერც მაჯლაჯუნები დამინახავდნენ.
ჩემს სოფელში, ყოველი კვირის ბოლოს ჭიდაობა იმართებოდა. ერთადერთი გასართობი ღონისძიება. მე კი - ერთადერთი გოგონა მონაწილე. თავიდან ბავშვები გამოდიოდნენ, ბოლოს კი უფროსები. ჩემპიონ ბავშვებს საყვავილე ქოთნებს გადასცემდნენ, ჩემპიონ უფროსს კი - ცნობილ „ცხვარს და ოციანს“. საყვავილე ქოთნებიც ბლომად მოვაგროვე და შიშიც (ჩემდამი) სოფლელი ბავშვებისა. მე, როგორც ყველაზე უშიშარი და ძლიერი, თანასოფლელებს სახლებამდე მივაცილებდი ხოლმე, ბოლოს კი, კარგად „დაბნელებულზე“ შინ მარტო ვბრუნდებოდი. ჩემი სახლი სოფლის უმაღლეს წერტილში იდგა და ყველაზე ახლოს იყო ტყესთან. ერთხელ, სრულიად ჩვეულებრივ დღეს, როდესაც ჩემი „საგმირო“ საქმეები ჩავამთავრე და შინისაკენ მივსეირნობდი, ფიქრებში გართულს გადამავიწყდა ერთ-ერთი კაკლის ხის ფუღუროსთვის თვალის არიდება და დავინახე როგორ შეძვრა შიგნით რაღაც. „მაჯლაჯუნა!“ - გავიფიქრე და სახლისაკენ გავიქეცი. ვგრძნობდი, რომ მხოლოდ მე არ გავრბოდი, უკნიდან მესმოდა სხვისი ფეხის ხმაც, ჩემზე დაბალის და მსუბუქის, მაგრამ ძლიერის... ჭიშკრის ზღურბლს როგორც კი გადავაბიჯე, შვებით ამოვისუნთქე და მხოლოდ მას შემდეგ გავიხედე უკან. არავინ იყო. „ალბათ მიიმალა.“ სახლში უსაფრთხოდ ვიყავი. გული ამოვარდნას მქონდა. რაც ბებიას არ გამოჰპარვია. „პლოშადკიდან“ მიყურებდა დოინჯშემორტყმული, რადგან ისევ დავაგვიანე. როდესაც მასთან მივედი არ უჩხუბია. არასოდეს უჩხუბია. მკითხა რატომ მორბოდიო. ისე-მეთქი ვუპასუხე და სავარძელში გავიშოტე. -ვინმემ ხომ არ შეგაშინა? -მე ვინ უნდა შემაშინოს?-იხტიბარს არ ვიტეხდი. -რამემ? -მითუმეტეს... მე ხომ მგელი მყავდა? (ოდესღაც ტყეში ხეტიალისას ლეკვი ვიპოვე და „ვიშვილე“, ის გაიზარდა და მგელი გახდა. ბავშვობაში მგელი „მოვიშინაურე“! ჩემი პირადი ცხენი სინამდვილეში მგელი იყო და მთელ სოფელს აწიოკებდა, სანამ ვიღაცის ნასროლმა ტყვიამ არ იმსხვერპლა). -მაინც გამოგილოცავ... -ბებო, კარგი რაა... -მოდი ჩემთან... -არა!-ხელები გულმკერდთან გადავაჯვარედინე, -მე კი არა მაგას გამოულოცე, ყველაფრის რომ ეშინია, -მივანიშნე ჩემს უმცროს ძმაზე, რომელიც მაგიდასთან იჯდა და რაღაცას ხატავდა. ბებია ჩემთან ახლოს მოვიდა. თავზე ხელი გადამისვა, მერე მუცელთან მიმიტანა და ხელის წრიულ მოძრაობასთან ერთად დაიწყო: „აშინა, მაშინა გულო, რამ შეგაშინა? დათვმა შეგაშინა? მგელმა შეგაშინა? ძილმა შეგაშინა? წყალმა შეგაშინა? კაცმა შეგაშინა? თაგვმა შეგაშინა? მანქანამ შეგაშინა? ცულმა შეგაშინა? ვერ მოვითმინე და წამოვიყვირე: -მაჯლაჯუნამ...-მივხვდი რომ რაღაც წამომცდა და მაშინვე დავამატე, -ეგეც ხომ შეიძლება? -კი, როგორ არა ბებომ გენაცვალოს... მაჯლაჯუნამ შეგაშინა? მაინც შეშინებული ხარ, გულო ჩადექ საგულესა! გულო ჩადექ საგულესა! გულო ჩადექ საგულესა!“ მერე ცერა თითი შუბლთან მომიტანა და კოცნის იმიტაციით სამჯერ გაიმეორა „მპუა“. ამ გამოლოცვების არასოდეს მჯეროდა. მაღიზიანებდა კიდეც. (განსაკუთრებით ის ავი თვალისგან დასაცავი შელოცვა მძულდა, რადგან მახსოვდა როგორ გამმურა მეზობლის ქალმა შუა ზამთარში და ცივი წყლით მომიწია ჩამობანა). მაგრამ იმ დღეს თითქოს შვება ვიგრძენი და მაჯლაჯუნას სახელიც ნაკლებად შემზარავი მეჩვენებოდა. ავი თვალისგან შელოცვა შინ რომ დავბრუნდი სტუმრად მეზობლის ქალი დამხვდა. მე და ჩემი ძმა სკამებზე ჩამოგვამწკრივა, მაგიდაზე ჯამში წყალი ჩაასხა, ხალათის ჯიბიდან შავტარიანი დანა გამოაძვრინა და ჯამს ზემოდან დაადო. მერე ბუხრიდან ნახშირები გამოიტანა და მე და ჩემს ძმას წაგვაცხო. ჩვენს წინ დადგა და დაიწყო: „ალისასა მალისასა შეგილოცავ თვალისასა თეთრი ქალისა თეთრი კაცისა შავი ქალისა შავი კაცისა წითელი ქალისა, წითელი კაცისა, -შე, რაფერ მამთქნარებს, თვალი აქვთ აკიდებული ბაღნებ უსათუოდ...-ჩაურთო და გააგრძელა: წმინდაო მარიამ გადამივლე თვალი შენი... ასი კოდი ნაცარი, ასი კოდი ნახშირი თვალიში აყრია, გულში ასხია, ვინცხამ ამ ბაღანას ავი თვალით, ავი გულით შეხედოს. აგერ მოდის შავი წყალი, მას მოქონდა შავი გველი, ჩავყავი ყავარჯენი, ამოვიღე შავი გველი, ავჭარი ანაითა, მანაითა, შავ ტარიანი დანაითა, მივკიდე ბარდა ბურდასა, ფუი ისე ჭკნებოდეს და ხმებოდეს შენი ავი თვალით, ავი გული, ავი სულით შემხედვარე რაფერც ის ხმებოდეს და ჭკნებოდეს.. „ ბოლო სიტყვები სამჯერ გაიმეორა. დავინახე როგორ მოსდიოდა ცრემლები თვალებიდან „გამოლოცვისას“. „ნეტა რა ატირებს-მეთქი“ გავიფიქრე. *** წლების შემდეგ, როდესაც ქუჩაში მანქანით მიმავალს წინ თინეიჯერმა გოგონამ გადამირბინა, მე საახალწლოდ მორთულ განათების ბოძს შემოვეხვიე, მას კი - უფრო დიდი მანქანა დაეჯახა, რომელმაც ჩვენს უეცარ მანევრებზე სწრაფი რეაგირება ვერ მოახდინა. ფეხმოტეხილს მისი ხელი მეჭირა როდესაც ძლივს გასაგონად ბოდვა დაიწყო: -მეშინია სიკვდილის, ჯერ ბიჭისთვისაც არ მიკოცნია. -აკოცებ, ნუ გეშინია... გადავრჩით... -შენ გადარჩი...- მითხრა და მომეჩვენა რომ გამიღიმა. ვგრძნობდი, რომ მისი თვალებიდან ბედნიერება ქრებოდა. ბებოს შელოცვა გამახსენდა. გამახსენდა რომ ჯადოქარი ვიყავი და უნებლიედ დავიწყე: „„აშინა, მაშინა გულო, რამ შეგაშინა? დათვმა შეგაშინა? მგელმა შეგაშინა? ძაღლმა შეგაშინა? მანქანამ შეგაშინა? ტექსტი დამავიწყდა... გონება დავძაბე და შევეცადე გახსენებას, თითქმის ჩურჩულით ავბურდღუნდი: წყალმა შეგაშინა? კაცმა შეგაშინა? მაჯლაჯუნამ შეგაშინა? კოცნამ შეგაშინა? სიკვდილმა შეგაშინა? მაინც შეშინებული ხარ, გულო ჩადექ საგულესა! გულო ჩადექ საგულესა! გულო ჩადექ საგულესა!“ თან ხელის მაგიური, წრიული მოძრაობით მის მუცელზე, შიშის განდევნას ვცდილობდი. ამავდროულად, ვგრძნობდი რომ თვალები მიბნელდებოდა და გონებას ვკარგავდი. მერე ცერა თითი შუბლთან მივუტანე და ... მპუა... მპუა... მპუა... -უნდა იმოქმედოს... -მოქმედებს, -იცინოდა ისტერიულად, -აღარაფრის მეშინია... სანამ ვინმე ჩვენს დახმარებას შეძლებდა, მისი თვალებიდან ბედნიერებასთან ერთად სიცოცხლეც გაქრა, მე კი მისი უსიცოცხლო ხელის მტევანი შემრჩა ძლიერად ჩაბღაუჭებული. წიგნი ტყუოდა, არც ჯადოქარი ვიყავი, არც მაგიური და არც არავითარი სხვა ნიჭით დაჯილდოებული, ჩემი წარმოთქმული შელოცვებიც კი არ მოქმედებდნენ! აი, რისი მეშინოდა ყოველთვის... იმედგაცრუება. 166 1-ს მოსწონს
|