საზოგადოება 1617 წელი- ამბავი თამაზ ქიზიყელისა და ხორნაბუჯის ციხის.. 2020, 16 დეკემბერი, 21:47
ლაშქრის ერთი ნაწილი ბოდბის მონასტრის შემოგარენს შეესია. მათ გაიყოლეს ღოლამების უზბაშის ზამანბეგის დამსჯელი რაზმიც. უმთავრესი მხედრობა ციხე-ქალაქ ხორნაბუჯს შემოადგა თვით “მსოფლიო მბრძანებლის“ სარდლობით. აი, რას წერს “ქვეყნის დამამშვენებელი აბასის ისტორიის“ ავტორი ისკანდერ მუნში: “ის დიდებული ციხე მდებარეობს მაღალ და მიუვალ მთის წვერზე... მისი სიმაღლე ისეთია, რომ კარის ზღურბლიდან იმ ადგილამდე, სადაც მცველები დგანან, 560 კიბის საფეხური უნდა აიაროს კაცმა... იმ ციხეს წვიმის წყლის ასავსები ამბრის გარდა, ერთი წყაროც რომ ჰქონოდა, ვერცერთი დიდი ხელმწიფე ვერ დაიპყრობდა“. არ აღმოაჩნდა ეს წყარო ხორნაბუჯს.
დამცინავი ხარხარით შეხვდნენ ქიზიყელები “ირანის მზის“ მუქარას. იოლად მოცელეს მოიერიშეთა რამდენიმე მწკრივი. მხნე წინამძღოლი ჰყავდათ. მამაცი სარდალი თამაზ ანდრონიკაშვილი, სახალხო გმირი, თამაზ ქიზიყელად ხმობილი.
აქვე იყო ბრძენი შერმაზან ქართველი, ისიც ანდრონიკაშვილი. სამი მსგეფსი ერკინებოდნენ შაჰის ღაზიები მეციხოვნეებს, 21 დღე ფრიალებდა თავისუფლების დროშა ზესთა გოდოლზე. ცბიერი იყო შაჰ-აბას I - “უდაბნოს მელა“. ლტოლვილ ქართველებს: მოხუცებს, ქალებს, ბავშვებს განგებ უშვებდა ციხე-სიმაგრეში. თამაზ ქიზიყელს დამცველები აკლდებოდა, დასაცავი ემატებოდა. მალე ფსკერამდე დავიდა წყლის აუზები, გამოცარიელდა საწყობები. ზამან ბეგმა 200-მდე ტყვე მოიყვანა: ტანკენარი ასულები და უმწეო ბავშვები.
ყველა მთავარ ჭიშკართან მორეკეს “უმეთვალყურეოდ“. ტიროდნენ ტყვეები, შველას ითხოვდნენ. “ნუ შემოუშვებთო, - ამბობდა შერმაზან ქართველი. - ვერც მათ დავიცავთ, უკანასკნელ მარაგს კი დავკარგავთო“, უკვე ერთი კვირა იყო, დღეში მხოლოდ მომცრო ფიალა წყალი ეძლეოდათ ციხიონთ. “ჩვენ თვითონ ამოვწყვიტოთ და მერე მტერს შევაკვდეთო“ - მოითხოვდნენ ყოღოთოსა და ჭოეთის ქვეხა-მამასახლისები.
ციხეში მყოფი იტალიელი პატრი ასეთ ამბავს მოჰყვა: “ვიკინგების გემი იძირებოდა, სიტყვა აიღო კაპიტანმა. ძმებო, - თქვა მან, - ნავებზე მხოლოდ ეკიპაჟის ნახევარი ეტევა. ვყაროთ კენჭი, ვისაც სიცოცხლე შეხვდება, ნავებზე გადაჯდეს, ვისაც სიკვდილი - ეზიაროს და გემზე დარჩეს. ყველას დაღუპვას ხომ სჯობია ერთი ნაწილის გაწირვა? ჰყარეს კენჭი ვიკინგებმა.
“სიკვდილმისჯილებმა“ რაინდული შეძახილებით გააცილეს გადარჩენილნი“.
სდუმდა თამაზ ქიზიყელი, მართალი იყო ევროპელი პატრი. მაგრამ ციხეში ვიკინგები არ იდგნენ... ქართველობა ხომ მძიმე ტვირთი იყო ყოველთვის მათთვისვე!
ეპისკოპოსმა მაქსიმე ბოდბელმა აღიმაღლა ხმა: “შემოუშვით, ღმერთი არ გაგვწირავს, წვიმას მოგვივლენს, გაივსებაო ამბარნი წყლისა“. გასწიეს მძიმე ურდული. სიხარული აღმოხდათ “ზოლეიხას სახის“ მზეთუნახავებს, აყიჟინდნენ ბავშვებიც. ვაგლახ! ნაადრევი აღმოჩნდა აღფრთოვანება. ჯერ მზემ გაგვწირა, ჩვენმა სათაყვანო მზემ (ხორნაბუჯი ხომ “მზის სამლოცველოს“ ნიშნავს). მზის ტაძარში “გვალვის სატანამ“ დაისადგურა. კირქვიან კედლებს ალმური ასდიოდათ. სიმშრალემ შეიწოვა ტენი. წყალი იკარგებოდა პირგახსნილ ღრიჭოებში. იგესლებოდნენ უხსენებელნი, აქეთ-იქით დასრიალებდნენ ყავისფერი ჯოჯოები.
დაუჩოქა ეპისკოპოსმა ღმერთს: წვიმა მოგვივლინეო, სამსხვერპლო კურატი შესწირეს წმინდა ელიას - ღრუბელთა გამრიგეს. ფუჭი იყო ყველაფერი, ხვატი ძლიერდებოდა.
წმინდა ლაზარეს რიტუალიც გაიხსენეს. ღაღადებდა კაცი თუ ქალი: “ლაზარეო, ლაზარეო, აღარ გვინდა გორახი, ახლა გვინდა ტალახი!“ არა და არ გაიხსნა ცამ პირი. “თუ წვიმა გენანება, სეტყვა დაგვატეხეო“, ახლა ეს სთხოვეს წმინდა ელიას ხატს. მოვიდა სეტყვა, მუშტის ოდენა გაქვავებული წყლის გუნდები წამოუშინა, ჩახერგა ახლად აკვირტებული ალაზნისპირა ჭალები. თვითონ ციხეს სეტყვის ერთი კაკალიც არ მიჰკარებია.,
"მართლაც ბრმა ყოფილაო, ელია!" - ამოიოხრეს ქიზიყელებმა.
ყიზილბაშებს კასრებით მოჰქონდათ წყალი ალაზნიდან, საჯაროდ ღვრიდნენ, ერთმანეთს აწუწებდნენ, აღიზიანებდნენ მწყურვალე მცველებს. განგაშით რეკდნენ წმინდა გიორგის ტაძრის ზარები, ამაოდ სთხოვდნენ შველას ბუნების ძალებს.
ოცდამეერთე დღეს ხორნაბუჯს “ქართლის ვალი“ მეფე ბაგრატხან ბაგრატიონი მოადგა. შაჰ-აბას I -ის ფირმანი მოიტანა: “ვისაც ქართლში გადასახლება გსურთ, ხელს არ შეგიშლით. შერმაზან ქართველს ეპატია დანაშული, თამაზ ქიზიყელთან კი, მესისხლეს სეფიანთა ტახტისა, ხმალმა უნდა გაგვასწოროს!“
ღრმად ჩაფიქრდა თამაზ ანდრონიკაშვილი. პირობა ურიგო როდი ჩანდა, მაგრამ სანდო კი იყო სისხლისმღვრელი “ირანის ლომი“? მიმოიხედა ირგვლივ, მდუმარედ იდგნენ მისი მამაცი თანამესანგრენი, მშიერნი, წყურვილით გათანგულნი.
მიხვდა სარდალი, აღიარებდა შაჰი დამარცხებას, დათმობაზე მიდიოდა, ერთი კვირაც და აიყრებოდა “ძლევამოსილი ურდო“, სამარცხვინოდ გაიქცეოდა ასი ათასი სარბაზი ხორნაბუჯიდან. მაგრამ ციხიონიც დაუძლურებულიყო. სიცოცხლეს მისცემდა ერთსაათიან წვიმაში, მაგრამ...
- წყალი! - ტიროდა პატარა ბავშვი,
- წყალი! ქვითინებდა ძუძუგამშრალი დედა
- წყალი! - კვნესოდა დაჭრილი!
ვეღარ გაუძლო გოდებას მეთაურმა.
კიდევ ერთი დღე დაიცადეს ქიზიყელებმა და ჩამოხსნეს ქართული დროშა ზესთა კოშკიდან...
უკანასკნელად ჩამორეკეს ზარებმა. გაბზარული ჰქონდათ ხმა. სამგლოვიარო რექვიემს რეკდა ცარიელი ტაძარი. ბაგრატ ხანი გაუძღვა ყელზე თოკმობმულ შერმაზან ქართველს. ლასლასით გავიდა ციხიდან რამდენიმე ასეული “დამარცხებული“.
ბევრმა მახვილი ჩაიცა მკერდში, ბევრიც “ვაების ფრიალოდან“ გადაეშვა. წასვლისას ბაგრატ ხანმა წყლით სავსე სურა გადასცა თამაზ ქიზიყელს მალულად. “ვიცი, არ დანებდები, თუ სიცოცხლისათვის არ გეყოფა, სიკვდილისათვის მაინც მომაგრდიო“.
ფეხმარდი მერანი ჰყავდა სპასპეტს, ზერდაგი, სახელად “შმაგი“. მთელი სურა ცხენს ჩაასხა პირში თამაზ ქიზიყელმა, მოეფერა ერთგულ მეგობარს, შემოიხვია ქართული დროშა და გარეთ გამოიჭრა. ცხენ-კაცმა ღოლამების, ღაზიების, თოფჩიების, შავისევანების რიგები გააპო, შაჰ-აბას I-ის თვალთა წინაშე 13 კაცი აჩეხა, გასცდა მოალყეთა ბანაკს, შაჰს ასძახა:
“ისევ მიხილავ ბრძოლის ველზე!“ გაფრინდა “შმაგი“, შორს ჩამოიტოვა მდევარი. შურისძიებით გულანთებული მიჰქროდა ქართველი მხედარი დედოფლის-წყაროს ველზე.
და უცებ...
გახსნა ცამ პირი, კოკისპირული წვიმა წამოვიდა. თქეშმა კინაღამ ჩამოაქცია ხორნაბუჯის კედლები, წვიმის წვეთები სახეზე ეალერსებოდა ამხედრებულ მეომარს, ყურში იდუმალი ხმა ჩაესმა მხედარს: “შენმა სიმამაცემ მომიბრუნა გული შენსკენ, შეჩერდი, დაისვენე, შესვი წყალი, ვეღარ დაგეწევიან მტერნი შენნი!“
ატირდა ბოღმით თამაზ ქიზიყელი. შემოაბრუნა ცხენი, მიიჭრა წმინდა ელიას ხატთან, მახვილის დარტყმით შუაზე გააპო და ძალაგამოლეული პირქვე დაეცა. ხატის ძალამ კლდის ნატეხივით ისროლაო კაციცა და ცხენიც უფსკრულში - ამბობენ, ახლაც აგდიაო მთის ძირში უზარმაზარი ლოდი - თამაზ ქიზიყელი, ხატის რისხვით გაქვავებული.
სიმამაცემ ვერ აჯობა ავ ბედისწერას. არ იყო მაშინ “ჟამი ქართველთა“. იდგა შაჰ-აბას I-ის ტახტზე ასვლიდან ყველაზე ბედნიერი “ოცდამეთერთმეტე, ჰიჯრით - ასოცთამეთექვსმეტე, თურქ-სპარსთა კალენდრით - გველის წელიწადი.
ქვეწარმავალთა საზეიმო გნიასი ისმოდა იმ წელს ქართულ მიწაზე.
რამდენიმე თვის წინ ვეწვიე წმინდა ელიას მთას. მომცრო ტაძარში სანთელი ავუნთე წინაპართა ხსოვნას. ვერსად დავლანდე თამაზ ქიზიყელის გაქვავებული ნაშთი.
ქვევით, ათიოდე კილომეტრზე, ჭოეთის ნაფუძარზე ისევ წამოიმართა ხორნაბუჯი. აღორძინების მაცოცხლებელმა სიომ შთაბერა სული დაღუპულ რაინდს, ყრმის სახით მოევლინა სათაყვანო მხარეს.
წარსული ხომ მშობელია დღევანდელობისა, მომავლის გამომჭედელი. სწორედ ამაშია ქართველთა არსებობის დროის ღერძის მარადიული ბრუნვის საკრალური საიდუმლო." - ლ.ტუხაშვილი
360 4-ს მოსწონს
|