სხვა “მზად ვარ, ყველა ავადმყოფ პენსიონერს უფასოდ მოვემსახურო!” - პროფესიონალი ფოტოგრაფი, რომელიც “ლოქდაუნის” პერიოდში ხანდაზმულებს დაეხმარება 2020, 28 ნოემბერი, 10:57
პროფესიონალი ფოტოგრაფი გიორგი მამასახლისი სოციალურ ქსელში პოსტს ათავსებს, სადაც წერს, რომ ქრონიკული ან სხვა სახის დაავადებების მქონე იმ პენსიონერებს, რომლებიც სამედიცინო კლინიკებსა და ამბულატორიებში მისვლას საჭიროებენ, მაგრამ არ გააჩნიათ ფინანსური სახსარი, საქართველოში არსებული მძიმე სოციალური ფონის და დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, კვირის გარკვეულ დღეებში საკუთარი ავტომანქანით უფასოდ მოემსახურება.
“ხვალიდან, ყველა პენსიონერს თბილისში, ვისაც ქრონიკული ან სხვა დაავადებების გამო უწევს სამედიცინო სტრუქტურაში სიარული და არ აქვს ტაქსის ფული, მზად ვარ, მოვემსახურო ჩემი მანქანით უფასოდ. თავისუფალი ვარ სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს”, - წერს გიორგი მამასახლისი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
გიორგი მამასახლისის მიერ Facebook-ზე განთავსებულმა პოსტმა უკვე დააგროვა 1500 ლაიქი და 700-მდე გაზიარება, რითაც ფოტოგრაფი მცირე ხანში ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. ფეისბუკმომხმარებლები დიდ კმაყოფილებას გამოხატავენ მის წამოწყებასთან დაკავშირებით და წერენ, რომ ირგვლივმყოფების მიმართ რწმენა დაუბრუნდათ. შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული “წერტილოვანი შეზღუდვები” ამოქმედდება; იხურება დიდი სავაჭრო მოლები და ბაზრობები, იკეტება რესტორნები და გასართობი ცენტრები, სავარჯიშო დარბაზები და საცურაო აუზები და წყდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. გარდა ამისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მიმოსვლა და ნებისმიერი სახის გადაადგილება საღამოს 9-დან დილის 5 საათამდე. ამასთან ერთად, შეზღუდვა არ ეხება მსუბუქ ავტომობილებს (მათ შორის, ტაქსებს). შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათის მანძილზე საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების რეკორდული 4780 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 37 ადამიანი. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კვლავინდებურად ნიღბის ტარების, 2-მეტრიანი დისტანციის დაცვისა და ხელების მინიმუმ 30 წამის მანძილზე საპნით დაბანისკენ მოუწოდებენ. 24 შეფასება არ არის
|