კახეთი რეკორდი დედოფლისწყაროში - დღეღამეში 20 ახალი, სულ 128 კოვიდ შემთხვევაა 2020, 14 ნოემბერი, 16:12 დღეს კოვიდინფიცირებულთა ახალი შემთხვევების მიხედვით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა კახეთში პირველი ადგილი დაიკავა. რვავე რაიონს შორის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი სწორედ დედოფლისწყაროში დაფიქსირდა და საერთო მაჩვენებელმა ასამდე დაინფიცირებულს მიაღწია. გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია: 14 ნოემბრის მონაცემებით: დედოფლისწყარო – 20, თელავი – 17, საგარეჯო – 16, ახმეტა – 13, ყვარელი -12. სიღნაღი – 9; გურჯაანი – 8 და ლაგოდეხი – 6. მანამდე არსებული მონაცემებით დედოფლისწყაროში 108 კოვიდ დადებითი შემთხვევა იყო აღრიცხული, ახალი 20 შემთხვევის დამატების შემდეგ ინფიცირებულთა ჯამურმა ოდენობამ დედოფლისწყაროში 128 შეადგინა. სასწავლო პრიცესი შეჩერდა დედოფლისწყაროს ორ საბავშვო ბაღსა და ნახევარზე მეტ სკოლებშიც. როგორც დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ეთერ ზურიკაშვილმა დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადა, დახურულია ქალაქ დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლა, ზემო მაჩხაანის, მირზაანის, ოზაანის, ხორნაბუჯისა და არხილოსკალოს საჯარო სკოლები, რომლებიც დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. ზოგ შემთხვევაში პედაგოგები, ზოგშიც მოსწავლეები დაინფიცირდნენ. დაინფიცირების ორი შემთხვევა იყო დედოფლისწყაროს საავადმყოფოშიც, სადაც კოვიდ 19 ერთ მედიკოსსა და ერთსაც ტექნიკურ პერსონალს დაუდასტურდა, თუმცა მათ ინფექცია პაციენტისგან არ გადასდებიათ. დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი განცხადებას ავრცელებს: „გაცნობებთ, რომ დედოფლისწყაროში covid 19-ით ინფიცირების სულ 128 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 22, კოვიდ კლინიკაში გადაყვანილია -2, ბინაზე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის 104. covid 19-ით ინფიცირებულთა შორის არიან სხვადასხვა საჯარო და კერძო სამსახურის თანამშრომლები. სკოლები სადაც თანამშრომელს ან მოსწავლეს დაუფიქსირდა covid-19-ი გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. (8 სკოლა). ასევე დაფიქსირებულია ინფექცია ბაგა-ბაღის თანამშრომლებში, ამიტომ 12 დღით თვითიზოლაციაში გადადიან ორი ბაგა-ბაღის თანამშრომლები. დაავადებულთან კონტაქტირებული სულ 251 მოქალაქე იმყოფება თვითიზოლაციაში, “ - ნათქვამია დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ინფიცირებულების სრული უმრავლესობა დედოფლისწყაროში, საკუთრ ბინაში მკურნალობს და მათთან კორონავირუსი სუსტი სიმპტომებით მიმდინარეობს. რამდენიმე რისკჯგუფის პაციენტის დედაქალაქის კლინიკებში გადაყვანის აუცილებლობა დადგა. მსუბუქად მიმდინარე პაციენტები არანაირ მედიკამენტურ მკურნალობას არ გადიან. ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გარდაცვალების შემთხვევა არ გვაქვს. * * * 14 ნოემბრის მონაცემებით, კახეთში კორონავირუსით 102 პირი დაინფიცირდა. რაც შეეხება ქვეყანაში არსებული შემთხვევების სტატისტიკას, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დღესაც კვლავ დედაქალაქშია. ინფიცირებულთა რაოდენობამ დღეს თბილისში 1302 შეადგინა. ყველაზე ნაკლები შემთხვევა კი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაფიქსირდა. . ინფიცირებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასეთია: იმერეთი – 609 ინფიცირებული; აჭარა – 603; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 397; შიდა ქართლი –140; ქვემო ქართლი – 122; კახეთი -102; მცხეთა-მთიანეთი – 97; გურია – 94; სამცხე-ჯავახეთი – 76; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22. . სულ ქვეყნის მასშტაბით დღეს 3504 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.გამოჯანმრთელდა 3163, გარდაიცვალა 33. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 92 შეფასება არ არის
|