x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მსოფლიოს ყველა დროის 6 ყველაზე საშიში ეპიდემია
მძიმე და სახიფათო ეპიდემიას მილიონობით ადამიანის დაღუპვა შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ამის წარმოდგენა თანამედროვე განვითარებული მედიცინის პირობებში ძალიან რთულია.


როცა ეპიდემია რამდენიმე ქვეყანას და კონტინენტს მოიცავს, მას უკვე პანდემია ეწოდება.


როგორც წესი, ეპიდემიოლოგიურ აფეთქებას წინ უძღვის რაიმე ბუნებრივი კატასტროფა, რაც ადამიანებს აიძულებს, მჭიდროდ იცხოვრონ მცირე ზომის დახურულ სივრცეებში. თუმცა, არსებობს ისეთი ეპიდემიებიც, რომლებიც სპონტანურად ჩნდება.


ესპანური გრიპი



1918 წელს გაჩენილი ესპანური გრიპი მსოფლიოს ყველაზე საშინელ პანდემიათა რიცხვს მიეკუთვნება. მან ბევრად მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე პირველმა მსოფლიო ომმა. 50 მილიონი გარდაცვლილი - ასეთია ამ შემზარავი გრიპის მიერ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა.


განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ესპანური გრიპის მსხვერპლთა ძირითადი ასაკობრივი კატეგორია 15-დან 40 წლამდე ქალების და მამაკაცებისგან შედგებოდა. ის მაღალ სიცხეს და თავის და სახსრების ძლიერ ტკივილს იწვევდა, რასაც მოსდევდა მძიმე სტაფილოკოკური ინფექცია, რაც ორგანიზმში ფილტვების ძლიერ ანთებას აყალიბებდა. თანამედროვე პირობებში ესპანური გრიპი ბევრად უფრო უსაფრთხო იქნებოდა, რადგან სტაფილოკოკური ინფექციების დამარცხება წარმატებით ხორციელდება ანტიბიოტიკების მეშვეობით.


შიდსი


შიდსის ვირუსი 1980 წლიდან არის ცნობილი და 40 წლის მანძილზე 36 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თუმცა 2005 წლიდან ინფიცირების ახალი შემთხვევები სულ უფრო კლებულობს.


შიდსის გადაცემა სისხლის, ვაგინის მიერ გამოყოფილი სითხის და სპერმის მეშვეობით ხდება. განსაკუთრებით საფრთხილოა დაუცველი სექსი და გამოყენებული შპრიცების ხელმეორედ ხმარება.


შავი ჭირი


ის ადამიანთა მოდგმის ისტორიის ყველაზე საშინელ ეპიდემიათა რიცხვს განეკუთვნება. შუა საუკუნეებში მას “შავ სიკვდილს” უწოდებდნენ. ადამიანიდან ადამიანზე ძირითადად რწყილის ნაკბენით გადადიოდა. მე-19 საუკუნის ბოლომდე შავმა ჭირმა 25 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.


შავი ჭირის გადაცემა თავდაპირველად ვირთხიდან ვირთხაზე ხდებოდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეპიდემია ვირთხებს ამოწყვეტდა, რწყილები ადამიანებზე იწყებდნენ გადახტომას.


დღეს შავი ჭირი საშიში აღარ არის. მისი მკურნალობა წარმატებით ხორციელდება თანამედროვე ანტიბიოტიკების მეშვეობით. გარდა ამისა, არსებობს ძალიან ეფექტური ვაქცინა მის წინააღმდეგ.


ტიფი

ტიფის გადაცემა დაბინძურებული წლის და საკვების მეშვეობით ხდება. განვითარებულ ქვეყნებში ის თითქმის აღარ არსებობს.


მე-17 საუკუნიდან მოყოლებული ტიფმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დღემდე განვითარებად ქვეყნებში ყოველწლიურად 15 მილიონი ადამიანი ავადდება მისით. ტიფის სიმპტომებია მომატებული ტემპერატურა, თავის და სახსრების ტკივილი, ცნობიერების დაკარგვა და მუცლის ტკივილი. უარეს შემთხვევაში ტიფს შეუძლია გამოიწვიოს ძვლის ტვინის ანთება, ტრომბოემბოლია და გულის და თავის ტვინის მძიმე პრობლემები. თუ განვითარებად ქვეყნებში გადაწყვიტეთ გამგზავრება, აუცილებლად გაიკეთეთ ვაქცინა და დაიცავით ჰიგიენა.


მალარია


მალარია ყველაზე მომაკვდინებელ ეპიდემიათა შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. მას მეორენაირად ტროპიკულ ცხელებასაც უწოდებენ. მისი მთავარი გადამტანები კოღოები არიან. 2004 წელს მალარიით მსოფლიოში 1, 8 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 216 მილიონი - დაავადდა.


მიუხედავად იმისა, რომ მისი გავრცელების მაჩვენებელმა მკვეთრად იკლო, მალარია მაინც წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ უმძიმეს ინფექციას. მისი სიმპტომებია ციება და ცხელება, კრუნჩხვა და ასევე კუჭის და ნაწლავის პრობლემები. ძირითადად მისით ადამიანები ინდოეთის და აფრიკის ტერიტორიაზე იხოცებიან.


SARS-CoV-2


ახალი კორონავირუსი, რომელმაც დედამიწაზე 2019 წლის ბოლოდან დაიწყო გავრცელება და ანტარქტიდის გარდა პრაქტიკულად ყველა კონტინენტს მოედო, არ ჩამოუვარდება ზემოთხსენებულ არცერთ პანდემიას. განსაკუთრებით სახიფათოა ინფექციის გავრცელების სისწრაფე და სიმარტივე და ასევე ის ძალიან მაღალი ლეტალობა, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემულ სხვა არცერთ ვირუსულ თუ ბაქტერიულ ინფექციას არ ახასიათებს. ეფექტური ვაქცინა და წამალი ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ არ არსებობს. მის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი ეფექტური რეკომენდაციაა პირბადის ტარება, 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა და საპნით ხელების ხშირი დაბანა. მსოფლიოს მასშტაბით ამჟამად დაინფიცირებულთა რაოდენობა 53 მილიონს აჭარბებს, საიდანაც 1, 3 მილიონი უკვე გარდაიცვალა. კორონავირუსი იწვევს ტრომბოემბოლიას და ფილტვების ანთებას, ასევე ღვიძლის და თირკმლის ანთებას და დიარეას. ყველაზე შემაშფოთებელია დაავადების ლატენტური მიმდინარეობა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის უეცარი დამძიმება, რაც ბევრ პაციენტს აღენიშნება. მსოფლიო დღეს კორონავირუსს ებრძვის. მან უკვე მიაყენა ტრილიონობით დოლარის ზარალი პლანეტის ეკონომიკას.


კორონავირუსი

0
128
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0