სასმელები რას უწოდებდნენ ხერესს და რამდენ ხანს ინახავდნენ ღვინოს დიდ ბრიტანეთში ძველად? 2020, 3 ნოემბერი, 0:06 გასულ საუკუნეებში ბრიტანეთის იმპერია უდიდეს კოლონიებს ფლობდა მთელ მსოფლიოში. ესპანეთის “უძლეველი არმადის” განადგურების შემდეგ ზღვაზე მის გაბატონებას ვეღარაფერმა შეუშალა ხელი.
ნისლიანი ალბიონი აქტიურად ვაჭრობდა ღვინით, თუმცა ამ დარგს კოლონიური იმპერიის აღმოცენებამდე ბევრად უფრო ადრე, მე-12 საუკუნეში დაედო საფუძველი. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ინგლისის მეფე ჰენრი მეორემ 1154 წელს ელეონორა აქვიტანიელი მიიყვანა ცოლად (მოგვიანებით სწორედ მათი კავშირის შედეგად მოევლინა ქვეყანას რიჩარდ ლომგული – ინგლისის სახელგანთქმული ჯვაროსანი მეფე). ელეონორას მზითევში საფრანგეთის ორი მესამედი მოჰყვა, მათ შორის კი მეღვინეობის და მევენახეობის განთქმული კერები ქვეყნის სამხრეთში, რამაც ბრიტანელების ინტერესი ღვინის მიმართ მკვეთრად გაზარდა. თუმცა, ელეონორაზე მათი მონარქის დაქორწინებამდეც ჰქონდათ ბრიტანელებს ინტერესი ფრანგული ღვინის მიმართ. საქმე იმაშია, რომ პლანტაგენეტები, რომელსაც ჰენრი მეორეც მიეკუთვნებოდა, თვითონაც ფრანგული დინასტია იყო. ამიტომ მათთვის ღვინო არ იყო უცხო ხილი, მაგრამ ელეონორა აქვიტანიელზე ჰენრი მეორის დაქორწინებამ ყველაზე მეტი პოპულარობა გასკონურ ღვინოს მოუტანა. მეფემ საუთჰემპტონის პორტის მახლობლად დაცული და კარგად გამაგრებული სარდაფიც კი ააშენებინა, კასელ ვოლტი, სადაც სამეფო ღვინის სამნეო დაფუძნდა. მე-12 საუკუნეში აშენებული ეს სარდაფი აქ დღემდე არსებობს. სწორედ აქედან გაიცემოდა ღვინო მეფის ერთგულ ქვეშევრდომებზე ჯილდოს სახით. მომდევნო საუკუნეებში ლონდონთან ერთად ბრიტანეთის ღვინით ვაჭრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად იქცა ბრისტოლი კარგად დაცული და გამაგრებული ყურით. ისტორიკოსი სემუელ პეპისი (1633-1703) აღწერს ბრისტოლს, როგორც მეღვინეობის ნავსადგურს და ამბობს, ხერესს “ბრისტოლის რძესაც” კი უწოდებენო. ვაჭრები ღვინოს აქ მუხის კასრებში აძველებდნენ, რითაც ხელს უწყობდნენ ღვინის არომატთა გამრავალფეროვნებას. (სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე) 128 შეფასება არ არის
|