x
image
მანანა თურმანიძე
განთიადი დგება თუ დაისი  

image


ფილოსოფოსების თანახმად, დროდადრო დგება მომენტი, რომელიც ცვლის ისტორიის მიმართულებას, დღე, როდესაც წარსული ხვდება მომავალს, და ჩვენ ნაბიჯს ვდგამთ ახალ ეპოქაში. ფილოსოფია აქტიურად განიხილავს ისტორიის და ზოგადად დროის გადამწყვეტ მომენტს. ფრიდრიხ ნიცშე ცხოვრებაზე ისტორიის დადებით და უარყოფით ზეგავლენაზე ბევრს მსჯელობდა - ”ადამიანის არსებობა ძირითადად არასოდეს სრულდება არასრულყოფილ დროში”, ამბობდა ის. სწორედ ასეთი ეპოქალური ცვლილებების წინაშე ვდგავართ დღეს. ჩვენ ახლა ამ ეპოქის ბოლო კვირაში ვცხოვრობთ. რამოდენიმე დღეში ისტორიაში დიდი შემობრუნება უნდა მოხდეს.


მე -20 საუკუნეში, შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები არაერთხელ იყო განმსაზღვრელი მომენტი. გასული საუკუნის 30-იან წლებში მსოფლიო ახალი, დიდი მასშტაბის კრიზისის წინაშე იდგა. უმუშევრობა რეკორდული მაჩვნებელს აღწევდა, დანაზოგები ამოიწურა, ბანკები და ბიზნესები გაკოტრდა, ამ ყველაფერმა გამოიწვია კრიზისი, რომელიც ეპოქალური -„დიდი დეპრესიის“ სახელით არის ცნობილი ისტორიაში.


1932 წელს, აშშ-ის 32-ე პრეზიდენტმა, ფრანკლინ რუზველტმა და მისმა მთავრობამ, მისი ახალი გარიგებით მოზიდული ინვესტიციების წყალობით, ქვეყანა ფეხზე წამოაყენეს. რუზველტი პრეზიდენტად დემოკრატიული პარტიიდან ოთხჯერ იქნა არჩეული 1933-45 წლებში და ის აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც ორ ვადაზე მეტჯერ იკავებდა ამ პოსტს. რუზველტის მიერ ჩამოყალიბებული ახალი გარიგების მიზანი უმუშევართა დასაქმება, ეკონომიკის აღდგენა და ეკონომიკური სისტემის რეფორმირება იყო. მის ყველაზე პოპულარულ მემკვიდრეობად ითვლება - სოციალური უსაფრთხოების სისტემა და ვოლ სტრიტის რეგულაცია. ზოგიერთი მკველევარი ამ ზომებს კონტრ-პროდუქტიულად მიიჩნევს, თუმცა რუზველტის მიერ შექმნილი ახალი გარიგების კოალიცია პოლიტიკაში დომინირებდა 1960-იან წლებამდე, ხოლო მას აშშ-ის სამ უდიდეს პრეზიდენტთა შორის მოიაზრებენ. რუზველტი და მისი მეუღლე, ელეონორა კი თანამედროვე ამერიკული ლიბერალიზმის ქვაკუთხედად მოიაზრებიან.


II მსოფლიო ომის დროს, 1939 წელს რუზველტი ფორმალურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. იგი ლენდ-ლიზის პროგრამით დახმარებას უწევდა ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყნებს. ეს იყო სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აშშ ამარაგებდა გაერთიანებულ სამეფოს, სსრკ-ს, ჩინეთს, საფრანგეთს და სხვა მოკავშირეებს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალით, იარაღით, სურსათით და სტრატეგიული ნედლეულით. პროგრამა დაიწყო 1941 წლის მარტში. პროგრამის ფარგლებში ამერიკამ გასცა 50, 1 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება.



1941 წლის 7 დეკემბერს იაპონია ამერიკულ სამხედრო-საზღვაო ბაზას, პერლ-ჰარბორს დაესხა თავს, რასაც რუზველტმა მეორე დღესვე იაპონიისთვის ომის გამოცხადებით უპასუხა. ამას 1941 წლის 11 დეკემბერს გერმანიის მიერ შეერთებული შტატებისთვის ომის გამოცხადება მოჰყვა. აშშ-ის ეკონომიკის თითქმის სრულმა მობილიზაციამ საომარი მოქმედების მხარდასაჭერად, ეკონომიკის გამოცოცხლება გამოიწვია. რუზველტი შეერთებულ შტატებს თითქმის მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და მცირე ხნით ადრე, ვიდრე ომი დასრულდებოდა, გარდაიცვალა. ამის შემდეგ პრეზიდენტის პოსტი ვიცე პრეზიდენტმა, ჰარი ტრუმანმა დაიკავა.


არანაკლებ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გარდატეხა განხორციელდა 1964 წელს ლინდონ ჯონსონის მიერ საზოგადოების ცხოვრებაში. ჯონსონი იყო აშშ-ის 36-ე პრეზიდენტი. 1963 წელს ჯონ კენედის მკვლელობის შემდეგ, კონსტიტუციის თანახმად, თანამდებობა ჯონსონმა დაიკავა. კენედის ვადის დასრულების შემდეგ მან 1964 წლის არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მისი პრეზიდენტობისას ქვეყანაში შემუშავდა ‘სამოქალაქო უფლებების აქტი’, რომლითაც აიკრძალა რასობრივი სეგრეგაცია, დამტკიცდა სახელმწიფო დაზღვევის (Medicare) და გაჭირვებულ ოჯახთა ჯანმრთელობის დაცვის (Medicaid) პროგრამები, გატარდა განათლების რეფორმა და მიღებულ იქნა ზომები გარემოს დაბინძურებისგან დასაცავად. 1965 წლის საემიგრაციო და მოქალაქეობის შესახებ კანონის მიღებით, ქვეყანაში განხორციელდა საემიგრაციო სისტემის რეფორმირება, რამაც ხელი შეუწყო იმიგრაციის ზრდას ევროპის სხვა რეგიონებიდან. ჯონსონის პრეზიდენტობამ შეერთებულ შტატებში თანამედროვე ლიბერალიზმის პიკს მიაღწია.


მეორეს მხრივ, ჯონსონის პრეზიდენტობის მთავარი საგარეო პოლიტიკური მოვლენა ვიეტნამის ომი იყო. მისმა პოლიტიკამ ომის ესკალაცია გამოიწვია, რამაც მისი, როგორც პრეზიდენტის რეპუტაცია ძალზედ დააზარალა. მან ჩრდილოეთ ვიეტნამის დაბომბვა 1965 წელს დაიწყო, რაც შემდეგი 7 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, რიჩარდ ნიქსონის პრეზიდენტობის პირველი წლების ჩათვლით. ჯონსონმა აშშ-ის ჯარის რიცხოვნობა ვიეტნამში მკვეთრად გაზარდა, რამაც გარდაცვლილი ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. დაბალი რეიტინგის გამო მან 1968 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე თავად განაცხადა უარი. ჯონსონი 1973 წელს, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.


არაერთი ისტორიკოსი აფასებს ჯონსონს მისი საშინაო პოლიტიკისა და მრავალი მნიშვნელოვანი კანონის მიღებისთვის, რამაც გავლენა მოახდინა სამოქალაქო უფლებებზე, იარაღის კონტროლზე, ბუნების დაცვასა და ადამიანთა კეთილდღეობაზე, თუმცა მას ასევე აკრიტიკებენ ვიეტნამის ომის გამწვავების გამო.


რონალდ რეიგანის არჩევით, 1980 წელს დაიწყო ახალი ერა, რომელმაც გააძლიერა საბაზრო ძალები და დაამხო კომუნიზმი. ის იყო პოლიტიკოსი და მსახიობი, რადიო, სატელევიზიო და კინოინდუსტრიის კარიერით, აშშ-ს მე-40 პრეზიდენტი 1981-1989 წლებში, ხოლო იქამდე, 1967-1975 წლებში კალიფორნიის 33-ე გუბერნატორი და პროფკავშირის ლიდერი.


რეიგანმა პრეზიდენტის თანამდებობა 1981 წელს დაიკავა და თავიდანვე ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური ინიციატივებით გამოირჩეოდა. მისი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც „რეიგანომიკა“ უწოდეს, ითვალისწინებდა გადასახადების დონის შემცირებას, ეკონომიკის ფედერალურ დერეგულაციას, ფულის მასის კონტროლს ინფლაციის შესამცირებლად და ხარჯების შემცირებას. პირველივე ვადაში, რეიგანმა ომი გამოუცხადა ნარკოტიკებს და პროფკავშირებს, რის გამოც მასზე განხორციელდა მკვლელობის მცდელობა. მისი პრეზიდენტობის ორი ვადის განმავლობაში, ინფლაცია შემცირდა 12, 5%-დან 4, 4%-მდე, ხოლო საშუალო რეალური მშპ-ს ზრდამ 3, 4% შეადგინა. შიდა პოლიტიკაში, რეიგანმა შეამცირა ხარჯები და გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი. 1984 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რეიგანმა შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა და თეთრ სახლში მეორე ვადით დარჩა. მეორე ვადის დროს, პრიორიტეტულ თემებს შორის იყო ცივი ომის დასრულება.


საგარეო პოლიტიკაში რეიგანმა დაიკავა რადიკალურად ანტი-საბჭოთა პოზიცია. ისტორიაში შევიდა მისი გამოსვლები, რომლებშიც მან სსრკ-ს „ბოროტების იმპერია“ უწოდა, ხოლო მიხეილ გორბაჩოვს ბერლინის კედლის დანგრევისკენ მოუწოდა. თავისი მეორე ვადის დროს რეიგანმა გორბაჩოვთან ერთად ხელი მოაწერა „საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის“ შეთანხმებას, რითაც ცივი ომის ორი მთავარი მონაწილის ბირთვული არსენალი საკმაოდ შემცირდა. რეიგანის პრეზიდენტობის ბოლო წლებში საბჭოთა კავშირმა დაკნინება დაიწყო; ბერლინის კედელი დაინგრა რეიგანის მიერ პრეზიდენტის თანამდებობის დატოვებიდან ათ თვეში. 1991 წლის 26 დეკემბერს, რეიგანის პრეზიდენტობიდან თითქმის სამი წლის გასვლის შემდეგ, საბჭოთა კავშირი დაიშალა.


რეიგანის სულისკვეთება ჯერ კიდევ საგრძნობი იყო გასული საუკუნის 90 – იან წლებში. 1989 წლის იანვარში, მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, რეიგანის პრეზიდენტობას დადებითად აფასებდა გამოკითხულთა 68%. პრეზიდენტობის შემდეგ იგი აპირებდა აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წარმოებას, თუმცა, 1994 წელს მან საჯაროდ განაცხადა, რომ ალცჰეიმერით იყო დაავადებული. ის 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ისტორიკოსების შეფასებით რეიგანი, აშშ პრეზიდენტების რეიტინგში მაღალ პოზიციებს იკავებს, ხოლო რესპუბლიკური პარტიის და კონსერვატიული იდეოლოგიის მიმდევრებისთვის იგი შეუცვლელ ხატად რჩება.


image


ამჟამად მსოფლიო კვლავ დიდი გარდატეხებისთვის ემზადება. რამოდენიმე დღეში გადაწყდება ამერიკის ბედი, თუ როგორ და რით შეაბიჯებს ის ახალ ეპოქაში, რას მოუტანს ეს დღე მას ან მსოფლიოს, პარტნიორებს, მტრებს, გლობალისტებს, ეკოლოგიის დამცველებს, პაციფისტებს, დემოკრატებს, რესპუბლიკელებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს, თუ სხვათა და სხვათა. ყველას მისი სცენარი და პერსპექტივა აქვს და ყველას აღელვებს, განთიადში შეაბიჯებს მსოფლიო თუ დაისში, იქნება ეს რეცესია თუ აღმავლობა.


თითქმის ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს საქართველოში, ამ კვირაში დიდი და ეპოქალური გარდატეხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა. სულ რამოდენიმე დღეში გადაწყდება ჩვენი მომავალი, თუ საით წავალთ, უკან ვბრუნდებით, წინ მივდივართ, სტაგნაციაში შევაბიჯებთ, განვითარების ეპოქა დადგება, აღმასვლა იქნება თუ დაღმასვლა, ეს ჯერ არავინ იცის. თუმცა, ყველას აღელვებს, რას მოგვიტანს ახალი დღე, არა და ეპოქა სავარაუდოდ იცვლება, რადგან სამყაროში არაფერია მუდმივი და სტატიური, ერთ ადგილას არც დედამიწა დგას, არც დრო და არც ჩვენი ცხოვრება. მხოლოდ ერთი რამ არის ცხადი, ადამიანის არჩევანი დიდწილად განაპირობებს მის მომავალს.


image


მაშინაც კი, თუ არ გჯერათ ფილოსოფიური მიდგომების დროისა და რადიკალური ცვლილებებისადმი, ან იმის, რომ ეს დღეები შესაძლოა ეპოქის დასასრული გახდეს, გაითვალისწინეთ, სად აღმოჩნდებით არჩევნების დღეს და რა წვლილს შეიტანთ ეპოქალურ გარდატეხაში, რადგან ეს მნიშვნელოვანია. ამ დღემ შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს საზოგადოების ცხოვრების მიმართულება, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. შესაძლოა, ეს იყოს დღე, რომლის შესახებაც შვილიშვილებს მოვუყვებით, თუ სად ვიყავით და რა მონაწილეობა მივიღეთ იმ მომენტში, როდესაც ისტორია იწერებოდა, თუმცა, ზუსტად არ ვიცოდით, განთიადი დგებოდა თუ დაისი.


”ის, ვინც ვერ დატოვებს თავის თავს მომენტის ზღურბლზე და დაივიწყებს წარსულს, რომელიც ვერ გაიყინება ერთ წერტილზე, გამარჯვების ქალღმერთის მსგავსად, შიშის და თავბრუსხვევის გარეშე, ვერასოდეს გაიგებს რა არის ბედნიერება; და კიდევ უარესი, ის არასდროს არაფერს გააკეთებს სხვების გასაბედნიერებლად ” - ფრიდრიხ ნიცშე.


0
40
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0