x
image
დავითი ჩუთლაშვილი
უნგრული ოჯახი, რომელიც ღვინოს ტრადიციული ქართული მეთოდით ამზადებს
პეტერ ნაგი უნგრელია, რომელმაც ღვინის დამზადება ოჯახთან ერთად ქართული ტრადიციული მეთოდით დაიწყო და ადგილობრივი მედიის ყურადღებაც მიიქცია. მისი წამოწყების შესახებ გამოცემა gazdasag იუწყება.


გამოცემის ინფორმაციით, პეტერ ნაგმა უნგრეთის სამხრეთში, ბაჩ-კოშკუნის სოფელ მორიცგატში დაახლოებით ათი წლის წინ მეღვინეობა ააღორძინა და 3 ჰექტრის ფართობზე პირველი ვენახი გააშენა.


ბაჩ-კოშკუნი უნგრეთის მევენახეობით ცნობილი რეგიონია, ხოლო მეღვინეობა, რომელიც პეტერ ნაგმა თავის ოჯახთან ერთად აღადგინა, 1870 წელს არის დაარსებული.


ვენახს პეტერი ასევე ოჯახთან ერთად უვლის. აქ გენეროზას, რისლინგის და ბლუ ფრანკის ჯიშების ვაზი ხარობს.



ოჯახს ძალიან სურდა, ღვინო უშუალოდ ქართულ ქვევრში დაემზადებინა. ამიტომ პირველი ქვევრი საქართველოში შეიძინეს, მისი ტრანსპორტირება კი თავდაპირველად შავი ზღვის გავლით, ბულგარეთის საპორტო ქალაქ ვარნაში მოახდინეს. ქვევრი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ტვირთთან ერთად იქნა გადატანილი.


ვარნაში მოხვედრის შემდეგ ქვევრი ავტომანქანაზე დაუდეს და ამგვარად ჩაიტანეს მორიცგატში.


დღეს ოჯახი ერთის ნაცვლად უკვე რვა ქართულ ქვევრს ფლობს, რომელიც მიწაშია დაფლული, სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ სივრცეში. უნგრელი მეღვინეები ცდილობენ, ქვევრის ღვინის მაქსიმალური პოპულარიზაცია მოახდინონ და მშობლიური მევენახეობის და ქართული ტრადიციული მეღვინეობის შეხამება საუკეთესოდ მოახერხონ. მსგავსი მიზანი აქვს პეტერის ვაჟს, შიმონს, რომელმაც უმაღლესი განათლება საკუთარი მამის მსგავსად მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მიიღო. ის ქვევრის ღვინის დამზადების შესახებ პრაქტიკულ ცოდნას წლების მანძილზე სწორედ ქართულ მარნებში ეუფლებოდა.


სამომავლოდ ნაგების ოჯახი მთლიანად ბიოლოგიური წესით აპირებს ყურძნის მოყვანას და ვაზის მოვლას. მათივე განცხადებით, მალე ბოლომდე ორგანულ მეურნეობაზე გადასვლას გეგმავენ და ყველაფერს საკუთარი ხელით მოუვლიან და მიხედავენ, ყოველგვარი მექანიზაციის გარეშე. გარდა ამისა, ბუნებრივი ნედლეულის გამოყენებით მოხდება 1870 წელს დაარსებული მამულის და მეღვინეობის სრული რეკონსტრუქცია და ქვევრებისთვის დახურული ტიპის მარანი მომზადდება, რომელშიც შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი იარსებებს.


(სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე)


ნაგი


0
85
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0