x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ინტერვიუ ირაკლი შიოლაშვილთან - ოთხწლიანი მუშაობის შეჯამება


image


რამდენიმე წლის წინ, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი გუბერნატორები წარადგინა, კახეთის მომავალი გუბერნატორი ასე დაახასიათა: „ირაკლი შიოლაშვილი ჩემთვის არის მაგალითი იმის, თუ როგორი უნდა იყოს საჯარო მოხელე.“ „ქართული ოცნების“ 8 წლიანი მმართველობის პერიოდში მან განვლო გზა საჯარო მოხელიდან - პარლამენტის წევრობამდე. ის იყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელიც, მხარის გუბერნატორიც და სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატიც. რისი გაკეთება შეძლო აღმასრულებელი ხელისუფალისა თუ კანონმდებლის რანგში მან დედოფლისწყაროსთვის და რა დარჩა გასაკეთებელი, ამის შესახებ ირაკლი შიოლაშვილმა ჟურნალისტებთან მისი საპარლამენტო მუშაობის შემაჯამებელ შეხვედრაზე ისაუბრა.


- ბატონო ირაკლი, ოთხი წელი გავიდა და სრულდება თქვენი, როგორც პარლამენტარის უფლება-მოვალეობები. როდესაც თქვენ კენჭს იყრიდით, ერთ-ერთი მთავარი დაპირება დედოფლისწყაროში ტურიზმის განვითარება იყო. რამდენად განვითარდა ტურისტული თვალსაზრისით დედოფლისწყარო?


- ტურიზმის მიმართულებით ჩაიდო ძალიან დიდი შრომა. ამაში იგულისხმება კერძო სექტორი, სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციები. ჩვენ გავიხსენოთ, რამდენი სასტუმრო იყო დღემდე დედოფლისწყაროში, დღეს რამდენი სასტუმროა და რამდენი შენდება. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ადამიანებს და ოჯახებს, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდათ, თავისუფალი ფულადი კაპიტალის ინვესტირება მოეხდინათ, დღეს შეექმნათ სათანადო გარემო, რომ აბსოლუტურად ყველა ეს ოჯახი ცდილობს ინვესტირება განახორციელოს სასტუმრო კომპლექსების მშენებლობაში. რაიონის შემოსასვლელში ერთი სასტუმრო შენდება, ცენტრალურ (რუსთაველის) ქუჩაზე შენდება მეორე სასტუმრო, მესამე - შენდება ერთი დიდი კომპლექსი და ა.შ. საოჯახო სასტუმროების ბუმია. კერძო საოჯახო სასტუმროების შენება დაიწყო უკვე ხალხმა სოფლებში - თავისი დიდი სახლების რემონტი და საოჯახო სასტუმროებად გადაკეთება. ახლა ალბათ იტყვით, რატომ არ კეთდებოდა ეს ყველაფერი ხუთი, ექვსი, შვიდი წლის წინ? ორი მიზეზია: ერთი მიზეზი იყო ის, რომ პრაქტიკულად ტურისტული მარშრუტი არ არსებობდა და ვაშლოვანის ნაკრძალს ეკუთვნის ძალიან დიდი მადლობა, როგორც ნაკრძალის ადგილობრივ თანამშრომლებს, ასევე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს იმ მიმართულებას, რომელიც ზოგადად ეკოტურიზმზეა ორიენტირებული. და იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ჩართულნი დედოფლისწყაროს ეკოტურიზმის განვითარებაში. რომ ნახოთ ყოველწლიური სტატისტიკა, ძალიან დიდი ნაბიჯებით მივიწევდით წინ და მატულობდა ტურისტთა ნაკადი დედოფლისწყაროში. ერთი იყო ეს ფაქტორი და მეორე - ფულად რესურსებზე წვდომა.



ერთია, რომ ძლიერია ოჯახი და შეიძლება დაიხმაროს საბანკო რესურსი, მაგრამ მეორე პრობლემაა, რომ სასტუმრო ინდუსტრია ზოგადად საჭიროებს ძალიან დიდ კაპიტალდაბანდებას, რომელიც შეიძლება არარენტაბელური იყოს, ან რენტაბელური იყოს ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ, ევროკავშირის HEKS/EPER-ის შემოსვლა დედოფლისწყაროში და ეს არის ევროკავშირის დახმარება ქართველი ხა-ლხისადმი და მე, მადლობა მინდა ვუთხრა ევროკავშირს, მათ ხელმძღვანელობას, იმისათვის, რომ ერთ-ერთ რაიონად აიღეს დედოფლისწყარო, შემოვიდნენ, საგრანტო პოლიტიკა აწარმოეს და თითქმის ყვე-ლა პროექტი, რომელიც მიმართული იყო ტურიზმის განვითარებაზე, დაფინანსდა. ეს, რა თქმა უნდა, კერძო სექტორის, ევროკავშირის და ამავე დროს სახელმწი-ფოს მიერ გამოცხადებული იაფი კრედი-ტის ერთობლიობამ განაპირობა ამხელა ინდუსტრიული წარმოება დედოფლისწყა-როში. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ, რაც ბევრი იქნება სასტუმრო, რაც მაღალი იქნება სერვისი, მით უფრო ბევრი იქნება მომხმარებელი. თვითონ მომხმარებელს ქმნის სერვისის არსებობა, ამიტომ ყოველი სასტუმროს აშენება, ყოველი ახალი პატარა წერტილი, სადაც შეიძლება ადამიანმა კომფორტი მიიღოს, ეს არის იმის საწინდარი, რომ უფრო ბევრი სტუმარი ეყოლება დედოფლისწყაროს. მართალია, კორონავირუსმა შეაჩერა ეს პროცესი, მაგრამ, როგორც კი გადაივლის (და აუცილებლად გადაივლის) პანდემია, სასტუმროების ინდუსტრია განაგრძობს განვითარებას. მაგრამ, თუ ტურისტი არ ჩამოვა, თუ არ ექნება შესაბამისი ობიექტები სანახავი, ალბათ ეს იქნება სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი.


- რამდენადაც გვახსოვს, მოსახლეობის ერთ-ერთი დაკვეთა იყო „თამარის ციხე“- მდე მისასვლელი გზის და, ზოგადად, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება...

- გამწევი ძალა დედოფლისწყაროს ტურიზის განვითარებაში მაინც არის ვაშლოვანის ნაკრძალი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ერთი და ერთად-ერთი. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიწყეთ უკვე ზრუნვა მუზეუმების რეაბილიტაციაზე, თამარის ციხის გზის მოწესრიგებაზე. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ „ხორნაბუჯი“ მიეკუთვნება ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლს, მასთან შეხება უნდა იყოს იმ სტანდარტებით, რომ არ დაზიანდეს ეს ძეგლი. მისი რეაბილიტაციის განხორციელება, სამწუხაროდ, არ შეუძლია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს. ის უნდა განახორციელოს ძეგლთა დაცვის სააგენტომ სპეციალური ნორმებით, ამიტომ მოლაპარაკებები იქაც მიმდინარეობს. იყო ამის განწყობა და მზაობა, რომ გარკვეული სამუშაოები განხორციელდეს იმისათვის, რომ ელემენტარულად სტუმარმა უსაფრთხოდ შეძლოს თამარის ციხეზე ზემოთ ასვლა და ჩამოსვლა. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ რაღაც პერიოდი მაინც დასჭირდება ამის განხორციელებას, რადგან პანდემიამ ხელი შეუშალა სამუშაოების დაწყებას. დარწმუნებული ვარ, რომ თამარის ციხე, გარკვეული რესურსებისა და შრომის ჩადების შემთხვევაში, ისეთივე მიმზიდველი ადგილი იქნება სტუმრებისა და ტურისტებისთვის, როგორც ელიას მთა, არწივის ხეობა და სხვა. აგრეთვე აუცილებელია დედოფლისწყაროსთვის, როგორც რაიონის სახე, ჩვენ გვქონდეს ძალიან კარგი მუზეუმი. ყველა რაიონისთვის და ყველა ქვეყნისთვის მუზეუმი არის იმ ხალხის სახე, სადაც ისინი ცხოვრობენ, თავიანთი წარსულითა და აწმყოთი. მე ვისურვებდი, რომ მომავალში ჩვენ გვქონდეს ძალიან თანამედროვე და ძალიან მდიდარი მუზეუმი. ეს ნიშნავს ჩვენი კუთხის, ჩვენი ხალხის სიმდიდრის სიმბოლოს.


- ბატონო ირაკლი, ჩვენ ვიცით, რომ რაიონში არსებული ტბის დღევანდელი მდგომარეობა ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგია, წყალი პრაქტიკულად აღარ არის. თუმცა, მოსახლეობის ერთი ნაწილი მაინც თვლის, რომ გეოლოგების და სპეციალისტების გარკვეული ჯგუფის მოწვევა შეიძლება ყოფილიყო ხსნის ერთ-ერთი საშუალება. იყო ტბის რეაბილიტაციის პროექტიც, რომლის განხორციელებამაც წყლის დაშრობის შემდეგ ჩაილურის წყა-ლი დალია. რას გვეტყვით ამის შესახებ?


- მე გეტყვით, რა გავაკეთე. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები, პირადად ჩემი მოწვევით, რამდენიმე წლის წინ, ჩამოვიყვანე, ვაჩვენე ქოჩების ტბა, მისი მიმდებარე ტერიტორია. მათ ავუხსენი, რომ ეს არის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. ისინი მზად იყვნენ 5 მილიონი დოლარი დაეხარჯათ ამ ადგილის განვითარებისა და რეკრეაციული ზონის შესაქმნელად. თავდაპირველად მათი მოთხოვნა იყო, რომ კერძო სექტორსაც იმდენივე თანხა დაეხარჯა, რასაც მსოფლიო ბანკი გამოყოფდა და თავად ბიზნესს განევითარებინა ობიექტები. წამოაყენეს პირობა, რომ ჯერ კერძო სექტორს დაეხარჯა ფული, დაეწყო მშენებლობა და შემდეგ გამოიყოფოდა მათი თანხა. განვუმარტეთ, რომ ბიზნესის მოტივაციისთვის აუცილებელი იყო პირველ ეტაპზე ჯერ მათი თანხა გამოყოფილიყო და ბოლო ეტაპზე ბიზნესი თავად განავითარებდა სავაჭრო ობიექტების ინფრასტრუქტურას. განხილვის მთავარი პირობა იყო გეოლოგების კვლევა. მსოფლიო ბანკი თანხას მას შემდეგ გამოყოფდა, რაც ამ ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა მოხდებოდა, რათა ყოფილიყო იმის გარანტია, რომ წყლის დონის ცვლილება მასშტაბური რეაბილიტაციის პროცესს და წინასწარ შედგენილ პროექტს არ შეაფერხებდა. მსოფლიო ბანკის დაფინანსებითვე დაიწყო გეოლოგიური შესწავლა. ჩამოვიდა ჯგუფი, სპეციალური მანქანებითა და აღჭურვილობით, სპეციალისტების დასკვნა დაწვრილებით არ წამიკითხავს, მაგრამ გაირკვა, რომ სამწუხაროდ, გეოლოგებმა მომდევნო წლებში წყლის დონის კიდევ უფრო კლება ივარაუდეს. მათი პროგნოზი გამართლდა და ტბის დონე ყოველწლიურად მცირდება. გულახდილად გეტყვით, მაშინ ამ კვლევებს სკეპტიკურად შევხედეთ, თუმცა, შემდეგმა წლებმა ყველა დაგვარწმუნა, რომ წყალი უფრო და უფრო იკლებდა. როცა წყლის რესურსი არასტაბილურია, იქ არასწორი იქნება ამდენად მასშტაბური სამუშაოების ჩატარება და დიდი ფულის დახარჯვა. თუმცა, ჩვენი წინაპრებისგან გადმოცემით ვიცით, რომ ტბა პერიოდულად შრებოდა და ისევ იმატებდა. იმედია, მალე შეივსება და გამოცოცხლდება ეს ტერიტორია. კიდევ ერთხელ ვამბობ, განწყობა და მზაობა ყველა მხრიდან იყო, რომ რეაბილიტაცია მომხდარიყო. არსებობდა დაფინანსების წყარო, სახელმწიფო და კერძო სექტორიც მზად იყო.


- რადგან წყლის თემას შევეხეთ, ჩვენს მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის პრობლემა კვლავ აქტუალურია. მართალია ეს თემა დაიძრა, ტენდერიც გამოცხადდა პროექტირებაზე, რომელიც ივრიდან წყლის დებეტის გაზრდას გულისხმობს, თუმცა მოსახლეობა მაინც სკეპტიკურად უყურებს ამ საკითხს, მიაჩნიათ, რომ შეიძლება არ განხორციელდეს ეს პროექტი. როგორია თქვენი, როგორც მაჟორიტარის წვლილი ამ საკითხის ხელისუფლებამდე მიტანის საქმეში და როგორია რეალურად პერსპექტივა?


- 2016 წელს, არჩევნების დასაწყისში, როდესაც მე ვსაუბრობდი და ვამბობდი, რომ დედოფლისწყაროს არც ერთი სოფელი არ დარჩებოდა გაზიფიცირების გარეშე ჩემი მაჟორიტარობის ვადის დასრულებამდე, ასევე სკეპტიკურად შეხვდნენ. მე არ დამავიწყდება, ქედების ერთ-ერთ სოფელში შეხვედრაზე, ერთი ადამიანის ირონიულად ნათქვამი რეპლიკა, რომელმაც თქვა - ეს საბჭოთა პერიოდმა და კომუნისტებმაც ვერ შეძლეს და თქვენ რა გაზს და გზას გამოიყვანთ აქო? დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის, როდესაც პირველი გაზქურა ავანთეთ მინისტრთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად. ამ ყველაფერს იმიტომ ვიხსენებ, რომ გაუკეთებელი და შეუსრულებელი საქმე ამ ეპოქაში არ არსებობს.


უბრალოდ, ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი შრომა, მონდომება, ძალისხმევა და ლობირებება. მე არაფერს არ დავიბრალებ, რომ რამე განსაკუთრებული გავაკეთე, მაგრამ, რაც მინდოდა რომ დედოფლისწყაროში ყოფილიყო, ყველაფერს დიდი ენთუზიაზმით ვუდგებოდი და დიდიმონდომებით ვცდილობდი, დამერწმუნებინა ის მაღალი თანამდებობის პირები, ვისაც ხელეწიფებოდათ გადაეწყვიტათ კონკრეტული თანხით დედოფლისწყაროში გაკეთებულიყო საქმე, თუ სიმბოლურად სხვა მუნიციპალიტეტში. ჩავთვალოთ, რომ როგორც ყველა ოჯახს აქვს თავისი შემოსავალი და ბიუჯეტი, ასე აქვს სახელმწიფოსაც თავისი ბიუჯეტი, და როგორც ოჯახში ნაწილდება თანხები და იკვეთება პრიორიტეტები, ასეა სახელმწიფოშიც. და როდესაც სიტყვა ლობირებას (კარგი გაგებით) ვამბობ, აქ არის ზუსტად საუბარი იმაზე, რომ შენ დაარწმუნო ხელისუფლება, გამოყოს თანხები პრიორიტეტული პრობლემების მოსაგვარებლად. ალბათ დაიმება კითხვა -“ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს, წყალი არ არის? რა თქმა უნდა, დედოფლისწყაროში წყალი ყველაზე მნიშვნელოვანია და ყოველწლიურად ვითარება უარესდება, ყოველ ზაფხულს ნაკლები და ნაკლები წყალი მოდის ოჯახებში. ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგა პირველი ნაბიჯი და პროექტისათვის გამოყო თანხა. ახლა ძალიან დიდი შრომა იქნება ჩასადები და ლობირება იქნება საჭირო იმისთვის, რომ გამოიყოს უკვე თანხა მშენებლობისათვის და ის, რასაც ჰქვია ივრიდან წყლის ამოყვანა, გაწმენდა, გაფილტვრა და უკვე სასმელ წყლად ქცევა და მოსახლეობისთვის მიწოდება, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. ასე იყო გაზიფიცირებაზეც. ჯერ პროექტი შევიძინეთ, შემდეგ იყო ძალიან დიდი ლობირება, თხოვნა, შუამდგომლობა, რომ თანხა წამოსულიყო ამ პროექტის სისრულეში მოსაყვანად. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას შევძლებდი და იმიტომაც მივეცი ეს დაპირება მოსახლეობას. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. ის მონდომება და სურვილი, რომ დედოფლისწყარო შეიცვალოს უკეთესობისაკენ, სახეზეა. ჩვენ და ჩვენმა შვილებმა უნდა ვიცხოვროთ აქ და ამიტომ გვინდა უკეთესი დედოფლისწყარო. მე ვეტყვი დედოფლისწყაროელებს, რომ მათი თითოეული დადებული აგური, ნიშნავს დედოფლისწყაროს შენებას. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო უკეთესი დედოფლისწყარო გვექნება მომავალში.

- როგორ მიგაჩნიათ, ოლქების გამსხვილება რამდენად წაადგება თითოეულ მუნიციპალიტეტს? მომავალი მაჟორიტარი პასუხისმგებელი იქნება რამოდენიმე მუნიციპალიტეტზე ერთდროულად, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა. თქვენ წარმოადგენდით იმ ე.წ. ამბოხებული დეპუტატების გუნდს, რომელიც აპროტესტებდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. ამავე აზრზე ხართ დღეს?


- ნებისმიერ ადამიანს რომ შეეკითხოთ, შენი გადასაწყვეტი იყოს, დავუშვათ, ვინ იქნება ნებისმიერ თანამდებობაზე, თუ სხვისი, აუცილებლად გიპასუხებთ, რომ - მე მინდა ჩემი გადასაწყვეტი იყოსო. ასე რომ, დემოკრატიის ხიბლი სწორედ იმაშია, რომ ადამიანები თავად ირჩევენ. ახლა, რა სისტემით ირჩევენ, ეს არის მეორე საკითხი. ჩვენ არ გვყავს ძლიერი თვითმმართველობები, რომ ადამიანი მივიდეს თავისი პრობლემით და თვითმმართველობამ ნებისმიერი საკითხი მოუგვაროს. ჩვენ თვითმმართველობებს შეუძლიათ გაუწიონ ლობირება მთავრობაში ისეთ პრობლემებს, რომელზეც ახლა ვისაუბრეთ? წყლის პრობლემა, გაზიფიცირების და ა.შ არა მგონია! ამიტომ, ვიდრე ავაშენებთ ძლიერ თვითმმართველობებს, აუცილებელია მაჟორიტარების სისტემის რაღაც ფორმით არსებობა, იმისათვის, რომ კომუნიკაციის ზღვარი იყოს მარტივი. თუმცა, როდესაც გვეყოლება ძლიერი თვითმმართველობა, შეგვიძლია გადავიდეთ მთლიანად პროპორციულ სისტემაზე, რომელიც შეიძლება უფრო მეტად ასახავდეს ადამიანების განწყობას.

- ბატონო ირაკლი, ჩვენი რაიონისათვის მაინც აგრარული სფეროა წამყვანი. თქვენ რომელ საკანონმდებლო ინიციატივას გამოყოფდით ამ ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში, რაც განახორციელეთ? პარლამენტარი ხომ მაინც კანონმდებელია და არა აღმასრულებელი.


- ჩვენ შევეხეთ თემებს, რა გაკეთდა. გზები დაიგო, საავადმყოფო აშენდა, იუსტიციის სახლი გაიხსნა, სოფლებში გაზი მივიდა და ა.შ. და შევთანხმდით, რომ დედოფლისწყარო, ასე თუ ისე, წინ მიდის, ბევრი რამე გაკეთდა და სულ სხვანაირი, მოწესრიგებული დედოფლისწყარო გვაქვს. ახლა მთავარი კითხვა არის, ეს კი არ გევალებოდა და იყავი ჩართული ამ პროცესებში, მაგრამ მაჟორიტარობის მთავარი იდეა რა არის? პირდაპირ კი არ გევალება, მაგრამ იმის გამო, რომ თვითმმართველობები არ არის ძლიერი, გინდა-არ გინდა, ითავსებ კომუნიკაციის ნაწილს ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ახლა რაც შეეხება პირდაპირ რაც გევალება, რომ პირნათელი იყო შენ ხალხთან. მე ვფიქრობ, რომ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც გაკეთდა, ორივეგან პირდაპირ ვიყავი ჩართული. პირველი, ის რომ უცხოელებზე მიწა აღარ გაიყიდება. ეს იყო უდიდესი მიღწევა ჩვენი პარლამენტარიზმის, ხელისუფლების და ჩვენი ხალხის, რომ ჩვენ სოფლის მეურნეობას და აგრარულ სექტორს ჩვენ თვითონ უნდა მივხედოთ. ეს ვფიქრობ, ისტორიული გადაწყვეტილება იყო და დიახ, ამ გადაწყვეტილების მიღების ავანგარდში ვიდექი. მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რაც იყო, დარჩა მაჟორიტარული სისტემა. ჩვენს ხალხს ექნება შესაძლებლობა, კიდევ 4 წლის მანძილზე კონკრეტულ პასუხისმგებელ პირთან მივიდეს და თავისი გასაჭირი უთხრას.


- რა მოლოდინი გაქვთ ამ არჩევნებისგან?

- მე ვფიქრობ, რომ ამ მოცემულობაში რა მოცემულობაც დღეს საქართველოშია, `ქართულ ოცნებას~ სწორი სტრატეგია აქვს არჩეული. მე ვფიქრობ, რომ ქართუ-ლი ოცნება გაიმარჯვებს და დააკომპლექტებს საქართველოს მთავრობას. ცუდია, რომ ძლიერი ოპოზიცია არ არსებობს, რადგან ძლიერი ოპოზიცია ყოველთვის ქმნის მაღალ კონკურენტულ გარემოს. ვისურვებ, რომ სტაბილურობა იყოს ქვე-ყანაში, ეს იქნება როგორც ინვესტიციების, ასევე ეკონომიკური სტაბილურობის გარანტიც. ამის გარეშე ვერანაირ მომავალზე ვერ ისაუბრებს ვერავინ. ვიმედო-ვნებ, რომ ამ სტაბილურობას შეინარჩუნებს დღევანდელი ხელისუფლება.


- რას ეტყოდით დედოფლისწყაროელებს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე?

-უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვეტყვი ამ განვლილი 4 წლისთვის. მადლობას ვეტყვი იმ ნდობისთვის, რაც მე გამომიცხადეს. ზოგადად, ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ყველაზე ნაკლებ მადლობას ეუბნებიან ადამიანები ერთმანეთს. უფრო ცუდს საუბრობენ ერთმანეთზე. ეპოქამ მოიტანა, ალბათ, ეს განწყობა. მე მინდა, რომ ეს განწყობა შევცვალოთ და ეს დაიწყოს დედოფლისწყაროდან. გულწრფელად ვეუბნები მადლობას დედოფლისწყაროელებს იმ გვერდში დგომისთვის, ნდობისთვის და საერთო საქმის კეთებისთვის, შრომისთვის, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებისთვის. ვისურვებდი, რომ თითოეულ ოჯახში იყოს მეტი ეკონომიკური წინსვლა, უკეთესი განწყობა. ერთი თვით ადრე ვეტყვი მხოლოდ მადლობას, რადგან ჩვენ ყველამ აქ უნდა ვიცხოვროთ, ერთმანეთს უნდა ვუყუროთ ყოველდღიურად და შეხვედრისას პირნათელნი უნდა ვიყოთ ერთმანეთთან. დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის თავაწეული ვივლი ჩემს რაიონში, იმიტომ, რომ რასაც დავპირდი ჩემს ხალხს, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემესრულებინა ჩემი დაპირებები. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა „ქართული ოცნების“ მთელ გუნდს, მაგრამ გამორჩეული მადლობა ეკუთვნის ჩვენს თანარაიონელს ირაკლი ღარიბაშვილს. რომ არა მისი თანადგომა ყველა საკითხში, დედოფლისწყაროში ამ-დენი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელდებოდა.


კითხვაზე, რჩება თუ არა ის გუნდში, გვიპასუხა, რომ `ქართული ოცნებიდან~ წასვლას არ გეგმავს, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკაში დარჩენასა და მის უშუალო სამომავლო გეგმებს, უპასუხოდ დატოვა და თქვა, რომ მომავალზე არჩევნების შემდეგ ისაუბრებს. `ვნახოთ, არ მინდა წინასწარ ჩემს მომავალ გეგმებზე საუბარი. მე ერთს ვიტყვი, რომ სადაც არ უნდა ვიყო და რა სფეროში, ეს მაინც ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების გზა იქნება“ - განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0