x
image
არჩილ ვერულიძე
«ალუბლის ბაღი» - ა.პ.ჩეხოვის უკანასკნელი პიესა
image

პიესა "ალუბლის ბაღი" გახდა დიდი რუსი მწერლისა და დრამატურგის, ანტონ პავლოვიჩ ჩეხოვის ბოლო მთავარი ნამუშევარი. 1901 წლის ბოლოს, ანტონ პავლოვიჩი მეუღლესთან გაგზავნილ წერილში ჩიოდა ჯამრთელობასა და იძულებით უსაქმურობაზე, ამავე დროს აღნიშნა, რომ მას სურს შეუდგეს მხიარული პიესის წერას. მართლაც, ჩეხოვმა მომავალი პიესის ჟანრი კომედიად განსაზღვრა. თუმცა, თავად ნაწარმოების სიუჟეტი არც ისე სასაცილოა: მემამულე ლიუბოვ ანდრეევნა რანევსკაია სახსრების გარეშე დარჩა, მისი ოჯახის უზარმაზარი ალუბლის ბაღი ვალების გამო გაიყიდა.


სიუჟეტი ჩეხოვისთვის კარგად იყო ცნობილი, მრავალი წლის წინ მისი მამა, ტაგანროგის ვაჭარი პაველ ეგოროვიჩ ჩეხოვი გაკოტრდა და იძულებული გახდა კრედიტორებისგან მოსკოვში გაქცეულიყო. მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოციან წლებში ჩეხოვი ხშირად სტუმრობდა მოსკოვის მახლობლად მდებარე სოფელ ბაბკინოს და შეესწრო, თუ როგორ გაყიდა ადგილობრივმა მემამულემ, კისელევმა თავისი ქონება ვალების გასტუმრების მიზნით და კალუგის ერთ-ერთი ბანკის სამსახურში ჩადგა. ითვლება, რომ სწორედ კისელევი გახდა გაევის პროტოტიპი, ლ.ა.რანევსკაიას ძმა.


ახალ პიესაზე მუშაობა ძალიან ნელა წარიმართა. მეგობრებისთვის გაგზავნილ წერილებში ჩეხოვი ჩიოდა, რომ დღეში რამდენიმე სტრიქონს წერდა დაუჯერებელი ტანჯვის ხარჯზე. ანტონ პავლოვიჩს ძველი ავადმყოფობა აწუხებდა - ტუპერკულოზი, ასევე პრობლემები იყო ყოველდღიურ ცხოვრებაში. მიუხედავად ყველა სირთულისა, ის განაგრძობდა პიესის წერას.



ჩეხოვს სწრაფად არ შეურჩევია თავისი შემოქმედების სახელი, მხოლოდ 1902 წლის ზაფხულში მან ფარულად უთხრა ცოლს, ოლგა ლეონარდოვნა კნიპერს, რომ გადაწყვიტა პიესას "ალუბლის ბაღი" უწოდოს. რამდენიმე თვის შემდეგ მან ეს საიდუმლოება თავის დას მარია პავლოვნა ჩეხოვას გაუზიარა. მეტიც, სახელი არც კი წარმოუთქვამს, უბრალოდ ფურცელზე დაწერა და ჩუმად მიაწოდა დას.


მწერალმა 1903 წლის ივლისი და აგვისტო გაატარა მოსკოვის მხარეში, სოფელ ლიუბიმოვკაში. იმ დროისთვის ის უკვე საკმაოდ დაიღალა იალტით, სადაც ჯანმრთელობის მიზეზების გამო თვეობით ცხოვრობდა. ლიუბიმოვკაში ჩეხოვი სიჩუმით და თვალწარმტაცი ბუნებით ტკბებოდა, სამუშაო გაცილებით სწრაფად მიმდინარეობდა, ვიდრე სამხრეთით. იმდროინდელ წერილებში ჩეხოვი აღნიშნავს, რომ სიუჟეტი "ბრწყინვალე" აღმოჩნდა.


1903 წლის 21 ოქტომბერს მოსკოვის სამხატვრო თეატრის მსახიობები პირველად გაეცნენ პიესას. სტანისლავსკიმ მაშინვე შეატყობინა ჩეხოვს, რომ არც ერთი სხვა პიესა ასეთი ენთუზიაზმით არ მიუღიათ. ნოემბრის ბოლოს ნაწარმოებმა ცენზურა გაიარა და დაბრუნებული იქნა ხელმოწერით "დაშვებულია წარმოდგენისთვის." თეატრის დასმა დაიწყო რეპეტიციები.


ჩეხოვი ცდილობდა რეგულარულად დასწრებოდა რეპეტიციებს, მსახიობებთან ერთად განიხილავდა როლებს და ასწორებდა ტექსტს. მაგრამ ჩეხოვი უკმაყოფილო დარჩა რეჟისორის მიერ „ალუბლის ბაღის“ ინტერპრეტაციით, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები სრულად იყვნენ დარწმუნებულნი პიესის წარმატებაში. ამასთან, ჩეხოვი ძალიან სკეპტიკურად იყო განწყობილი და თეატრსაც კი შესთავაზა პიესაზე ყველა უფლების შესყიდვა, 3000 რუბლად. ასეთი დიდი წარმოდგენისა და ჩეხოვის, როგორც დრამატურგის პოპულარობის გათვალისწინებით, ეს ძალიან მცირე თანხა იყო.


პრემიერა შედგა 1904 წლის 17 იანვარს, ავტორის დაბადების დღეს. რუსეთი ემზადებოდა ანტონ პავლოვიჩ ჩეხოვის შემოქმედებითი მოღვაწეობის 25 წლისთავისთვის, 1879 წლის ბოლოს მან ჟურნალ "ჭრიჭინა"-ში გამოაქვეყნა პირველი იუმორისტული ნამუშევრები: "წერილი სწავლულ მეზობელს" და "რაც ყველაზე ხშირად გვხვდება რომანებში, მოთხრობებში და ა.შ."


კრიტიკოსებმა განსხვავებული შეფასებები მისცეს "ალუბლის ბაღს." მაგალითად, მოსკოვსკიე ვედომოსტში გამოჩნდა რეცენზია, რომელშიც კრიტიკოსმა ბასარგინმა აღნიშნა, რომ პიესა გაჟღენთილია ჰუმანიზმის გრძნობით, თანაგრძნობას იწვევს ყველა მოქმედი პერსონაჟი, მათ შორის ვაჭარი ლოპახინი, რომელმაც არ იცის "რისთვის სჭირდება" ფული."


მწერალმა მაქსიმ გორკიმ ნაწარმოებზე ბევრად უფრო თავშეკავებულად ისაუბრა. მისი აზრით, "ალუბლის ბაღი" დიდ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, მხოლოდ ძველ მოტივებს იმეორებს. ვ.გ. კოროლენკოს მიაჩნდა, რომ ჩეხოვის წინა პიესებმა უფრო ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა.


მაგრამ, მკაცრი კრიტიკოსების აზრის საწინააღმდეგოდ, პიესამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. იგი წარმატებით დაიდგა მრავალი თეატრის სცენაზე, როგორც რუსეთის იმპერიაში, ასევე უცხო ქვეყნებში. არ დაივიწყეს "ალუბლის ბაღი" რევოლუციის შემდეგაც. თეატრალური წარმოდგენების გარდა, პიესა არაერთხელ იქნა ეკრანიზირებული მსოფლიოს ათობით ქვეყანაში.


ანტონ პავლოვიჩ ჩეხოვის შემოქმედების დიდი გულშემატკივარი იყო მსახიობი ფაინა ფელდმანი. მან ფსევდონიმად მიიღო ალუბლის ბაღის ერთ-ერთი გმირის - რანევსკაიას გვარი. ფელდმანის აზრით მათ რაღაც საერთო ჰქონდათ, მაგრამ "არა ყველაფერი."


თავად ანტონ ჩეხოვს დიდხანს აღარ უცოცხლია, "ალუბლის ბაღის" პრემიერის შემდეგ. 1904 წლის ზაფხულში იგი გერმანიაში კურორტზე გაემგზავრა. დაავადება პროგრესირებდა, ექიმების მცდელობის მიუხედავად, ჩეხოვის გადარჩენა შეუძლებელი გახდა. იგი გარდაიცვალა ბადენვაილერში, გერმანიაში, სავარაუდოდ 2 ივლისის ღამეს, 44 წლის ასაკში. კუბო მოსკოვში გადაიტანეს, დაკრძალვა 9 ივლისს ნოვოდევიჩის სასაფლაოზე შედგა. "ალუბლის ბაღი" ანტონ პავლოვიჩის ბოლო პიესა აღმოჩნდა.





0
148
7-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0