x
image
klopka
მზის მოყვარულებო, გაუფრთხილდით კანს!

imageგიყვართ შვებულების პლაჟზე გატარება? მთებში ლაშქრობა? თუ დიახ, მაშინ მილიონობით სხვა ადამიანის მსგავსად თქვენც გყვარებიათ გარეთ ყოფნა. მაგრამ სიფრთხილე გმართებთ, რადგან ეს მზეზე ხშირად ყოფნას ნიშნავს. არის ამაში რაიმე საშიშროება? თუ არის, როგორ შეგიძლიათ თავის დაცვა?
„კანი ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი მოცულობისა და თვალში საცემი ნაწილია“, — წერს დოქტორი უ. მიტჩელ სემს უმცროსი. კანი სხეულს დეჰიდრატაციისა და სიცივისგან იცავს. კანის საშუალებით ვგრძნობთ სიცივეს, სიცხეს, ტკივილსა და ვიბრაციას, ისევე როგორც უსწორმასწორო და გლუვ ზედაპირებს. კანი აგრეთვე მნიშვნელოვან როლს ასრულებს D ვიტამინის წარმოქმნაში, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანია ძვლის ფორმირებისთვის. ამ ვიტამინს მზის შუქი წარმოქმნის.
მაგრამ მზეზე დიდი ხნით ყოფნა კანს საშიშროებას უქმნის. მზის გამოსხივება, რომელიც დედამიწის ზედაპირზე აღწევს, ინფრაწითელ და ხილულ სხივებთან ერთად, A და B დიაპაზონის ულტრაიისფერი სხივებისგან შედგება (UVA და UVB). საბედნიეროდ, მზისგან წარმოქმნილ კოსმოსურ, გამა და რენტგენის გამოსხივებას ატმოსფერო შთანთქავს. ატმოსფეროს ოზონის შრე ულტრაიისფერ C (UVC) გამოსხივებას და UVA და UVB გამოსხივების უმეტესობას აკავებს. სამწუხაროდ, ოზონის შრეს ადგილ-ადგილ ხვრელები უჩნდება. ბევრი მეცნიერი გარკვეულ მაცივებელ აგენტებსა და აეროზოლურ ბალონებს აწერს ყოველივე ამას. ნებისმიერ შემთხვევაში, მზეზე ყოფნა უფრო და უფრო საშიში ხდება ჯანმრთელობისთვის.
დამწვრობის გარდა, ულტრაიისფერმა სხივებმა შეიძლება ყავისფერი ლაქები გააჩინოს, გააუხეშოს და გააშროს კანი. ამასთანავე მოსალოდნელია ულტრაიისფერმა სხივებმა კანის ელასტიურ ბოჭკოებში შეაღწიოს, რაც ნაადრევ სიბერესა და ნაოჭების გაჩენას იწვევს. უფრო მეტიც, ულტრაიისფერი სხივების დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება დააქვეითოს იმუნური სისტემა და დასაშვებია, რომ კანის სტრუქტურის მნიშვნელოვან დაზიანებასა და კიბოს განვითარებასაც შეუწყოს ხელი. დაზიანებული და დაავადებული კანი გარდა იმისა, რომ გარეგნობას ცვლის, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება, საკუთარი თავის რწმენა დააკარგვინოს ადამიანს და დეპრესიაშიც კი ჩააგდოს.


რისი გაკეთება შეიძლება?


რაც უნდა მოკლე ხნით იყოთ მცხუნვარე მზეზე, კანი ყოველდღიურ დაცვას საჭიროებს. რა შეიძლება გაკეთდეს? დამცველი ტანსაცმლისა და მზეზე ყოფნის დროის შემცირების გარდა, შეიძლება სპეციალისტების რჩევების გათვალისწინება, რომლებიც გვირჩევენ მზისგან დასაცავი კრემებისა თუ ლოსიონების გამოყენებას. როგორ შეგიძლიათ აარჩიოთ მზისგან დასაცავი საშუალება? შეამოწმეთ მისი მზისგან დაცვის კოეფიციენტი (SPF), რომელიც მოცემულია კოლოფზე. რაც უფრო მაღალია ციფრი, მით უფრო დამცავია კრემი. ვისაც თეთრი კანი აქვს მათ უფრო დიდკოეფიციენტიანი კრემი სჭირდებათ. მაგრამ საჭიროა სიფრთხილე: აღნიშნული კოეფიციენტი (SPF) ნიშნავს, რომ კრემი მხოლოდ UVB გამოსხივებისგან იცავს. ამიტომ უპირატესობა უფრო ისეთ კრემებს მიანიჭეთ, რომლებიც გამოსხივების ფართო დიაპაზონისგან დაგიცავთ, რაშიც UVA გამოსხივებაც შედის.
ბავშვები, განსაკუთრებით კი თეთრი კანით, მზის მიმართ ყველაზე მგრძნობიარენი არიან. გარდა ამისა, ერთი პუბლიკაციის თანახმად, (Fotoproteção), ისინი უფროსებზე მეტ დროს ატარებენ მზეზე. ამ გამოცემაში ნათქვამია, რომ 18 წლამდე მოზარდის კანის დასაცავად გადადგმული ნაბიჯები დიდად შეამცირებს კანის კიბოს განვითარებას.
მზის შუქი დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის აუცილებელია. ვის არ სიამოვნებს მშვენიერი მზიანი ამინდი? მაგრამ არ მოტყუვდეთ პოპულარული ადამიანების ბრინჯაოსფერი ელვარე კანით, როგორც ახალგაზრდობისა და სილამაზის ეტალონით! დაიცავით თქვენი ჯანმრთელობა — დაიცავით კანი მზეზე დიდი ხნით ყოფნისგან.

დაიცავით კანი!


1. ეცადეთ თავი აარიდოთ მზეზე ყოფნას განსაკუთრებით 10-დან 16 საათამდე, რადგანაც ამ დროს მზის სხივები ყველაზე მწველია.
2. ღრუბლიან დღესაც კი გამოიყენეთ მზისგან დამცავი ლოსიონი ან კრემი, რომელიც UVA და UVB გამოსხივებისგან დაგიცავთ და რომლის კოეფიციენტი 15 ან უფრო მაღალია.
3. მზეზე ყოფნისას ყოველ ორ საათში წაისვით მზისგან დამცავი საშუალებები, განსაკუთრებით კი, ცურვის ან გაოფლიანების შემდეგ.
4. ატარეთ დამცველი, უხეში ქსოვილისგან შეკერილი მუქი ფერის ტანსაცმელი, რომელიც უკეთესად იცავს კანს მზის სხივებისგან.
5. ატარეთ ფართოფარფლებიანი ქუდი და მზის სათვალე ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ლინზებით.
6. იყავით ჩრდილში, როცა ეს შესაძლებელია.
7. მოერიდეთ მზის ამრეკლავ ზედაპირებს, მაგალითად წყალს, ქვიშასა და თოვლს, რომლებიც მზის ყველაზე საზიანო სხივებს ირეკლავს.

2
75
5-ს მოსწონს
ავტორი:klopka
klopka
75
  
0 1 2