ისურვებდი ცხოვრებას 4 600 მეტრის სიმაღლის დათოვლილ მთებს შორის მდებარე ბარაქიანი ველების ქვეყანაში, სადაც ზოგი ადამიანი 100 წელს და უფრო მეტსაც ცოცხლობს? საქართველოს მკვიდრთათვის ეს მხოლოდ ოცნება როდია. ეს სინამდვილეა.
საქართველო ევროპა-აზიის გეოგრაფიულ და კულტურულ საზღვარზე მდებარეობს. ძველ დროში საქართველო მნიშვნელოვანი პუნქტი იყო ფართოდ ცნობილ აბრეშუმის დიდ გზაზე, სწორედ იმ გზაზე, რომლითაც მარკო პოლო ჩინეთში ჩავიდა. აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირი საქართველოსთვის ფინანსური და კულტურული სარგებლობის მომტანი იყო, მაგრამ ზოგჯერ ეს გზა დამპყრობთა ყურადღებასაც იქცევდა. ერთ-ერთი ცნობის თანახმად, საქართველოს დედაქალაქი, თბილისი, ოცდაცხრაჯერ ყოფილა დანგრეული. დღეს თბილისი საქმიანი და სიცოცხლით სავსე ქალაქია, სადაც მეტროპოლიტენი და თანამედროვე ნაგებობები ხუროთმოძღვრების ძველ ძეგლებთან არის შერწყმული.
საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 87 პროცენტი მთაგორიანია. ყინულით დაფარულ უდაბურ მთებსა და დაბლობებში 25 000 მდინარე მოჩქეფს, რომელთაგან მრავალი კალმახებითაა სავსე. ქვეყნის ერთ მესამედზე მეტი ტყეა ან ბუჩქნარით არის დაფარული. საქართველოს ჩრდილოეთ მხრიდან კავკასიონის მთათა სისტემა ქვეყანას ჩრდილოეთიდან წამოსული ცივი ჰაერის დინებებისგან იცავს. ამ გარემოების წყალობით დასავლეთ საქართველო შავი ზღვის ნოტიო ჰავითაა გამთბარი, რაც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ წარმოადგენს საქართველო დამსვენებელთათვის საყვარელ ადგილს. რბილი ჰავა ასევე ხელს უწყობს მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ჩინებული ტრადიციის, მეღვინეობის, განვითარებას. ფაქტიურად, საქართველოში 500-ზე მეტი ნაირსახეობის ყურძნისგან ამდენივე სხვადასხვა სახის ღვინოს ამზადებენ.საქართველოს მთავარ ღირსებას მაინც მისი ხალხი წარმოადგენს. საუკუნეების მანძილზე ისინი ცნობილი არიან სიმამაცით, ნიჭიერებითა და ხელგაშლილი სტუმართმოყვარეობით, ასევე იუმორითა და სიცოცხლის სიყვარულით. მათი კულტურა მდიდარია სიმღერებითა და ცეკვებით, და ხალხური სიმღერები კვლავაც ხშირად გაისმის სუფრასთან ქართულ ოჯახებში.