მუსიკა როგორ იქცევა სიმღერა ჰიტად? 2012, 20 აგვისტო, 11:20 მუსიკალური ინდუსტრია სწრაფად განვითარებადი და ცვალებადია, დიდია კონკურენციაც. მუსიკალური გემოვნება იცვლება, ჰიტები ძველდება, ძველ სიმღერებსა და ტექნოლოგიებს ახლები ენაცვლება. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ექსპერტი კელი ბერნსი ამბობს: „მუსიკის მწარმოებლები ეძებენ ახალ-ახალ ხმებს“. მაგრამ ამ „ხმის“ ჰიტად ქცევა არც ისე იოლია. „უამრავი ბავშვი ოცნებობს ვარსკვლავობაზე ... მაგრამ საკმაოდ გრძელი და რთული გზაა გასავლელი ოცნებიდან რეალობამდე“, — აღნიშნულია ერთ სახელმძღვანელოში.
ტექსტისა და მუსიკის შექმნა 1) ტექსტისა და მუსიკის ავტორების მიზანია ისეთი ტექსტის შექმნა, რომელიც იმოქმედებს ადამიანის ემოციებზე — დააფიქრებს მომავალზე, თავის ოცნებებსა და გრძნობებზე. რომელ თემაზე იწერება ყველაზე ხშირად სიმღერები? ძნელი მისახვედრი არ არის — სიყვარულზე. ამავე დროს მუსიკის ავტორები ცდილობენ, შექმნან მოკლე და ადვილად დასამახსოვრებელი მელოდიები, რომლებიც მიიპყრობს მსმენელის ყურადღებას და დიდხანს დარჩება გონებაში. შემდეგ ავტორი თავადვე ასრულებს ამ სიმღერას, იწერს მას და ავრცელებს. თუ ხმის ჩამწერი კომპანია ჩათვლის, რომ ეს სიმღერა მომგებიანი იქნება, შესაძლოა შესთავაზოს მას 2) კონტრაქტის გაფორმება სიმღერის ჩაწერაზე. მაგრამ თუ ფიქრობენ, რომ ეს მომღერალი ნაკლებად ცნობილი სახეა, მათ შეიძლება მისგან სიმღერა იყიდონ და შემდეგ რომელიმე ცნობილ მომღერალს შეასრულებინონ. სტუდიაში კომპანია ქირაობს გამოცდილ პროდიუსერს, რათა უხელმძღვანელოს 3) სიმღერის ჩაწერის პროცესს. ის არჩევს სიმღერის სტილს, ქირაობს ჩამწერ სტუდიას, კომპოზიტორებს, მუსიკოსებს, ვოკალისტებს, ხმის რეჟისორებს და არანჟირების სპეციალისტებს. პროდიუსერი აგრეთვე ქირაობს საჭირო მოწყობილობებს, რათა შექმნას მაღალხარისხიანი და მომგებიანი პროდუქტი. უმეტესწილად ჩაწერა ნაწილ-ნაწილ ხდება; ხშირად იწყება დასარტყამი ინსტრუმენტებით, გიტარით, ბასგიტარითა და კლავიშებიანი ინსტრუმენტით. მოგვიანებით წამყვან ვოკალისტებს, ბექ-ვოკალისტებსა და სოლოს შემსრულებლებს ემატება სპეციფიკური ხმის ეფექტები და იქმნება 4) მაღალი ხარისხის მუსიკა. ბაზარზე გატანა მეტი წარმატებისთვის ხშირად ხმის ჩამწერი კომპანიები ამა თუ იმ სიმღერაზე 5) იღებენ კლიპს. ამ სამ-ხუთ წუთიან ფილმში შეგიძლიათ იხილოთ ამაღელვებელი ცხოვრებისეული მოვლენების ამსახველი კადრები და ამავე დროს ნახოთ ესა თუ ის მომღერალი და მოუსმინოთ მას. კლიპებს დიდი მოგება მოაქვს ჩამწერი კომპანიებისთვის. როგორც წესი, მომღერლები იქ უფრო მეტ ალბომს ყიდიან, სადაც 6) კონცერტებს მართავენ. ამიტომ ისინი ხშირად მოგზაურობენ და ატარებენ კონცერტებს. მომღერლების უმეტესობა ქმნის საკუთარ 7) ვებ-გვერდს, რომელზეც ათავსებს მუსიკალურ ფრაგმენტებს, ფოტო-სურათებს, ვიდეოჩანაწერებს, პირად ინფორმაციას და ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად და როდის გამართავს კონცერტებს; ასევე ამ ვებ-გვერდის მეშვეობით უკავშირდება საკუთარ ფან-კლუბებს და, რაც ყველაზე მთავარია, ინტერნეტ მაღაზიებს. ვინ განსაზღვრავს, იქცევა თუ არა ესა თუ ის სიმღერა ჰიტად? საბოლოო ჯამში თქვენ, მსმენელები. რის მიხედვით ირჩევთ მუსიკას — სიმღერა მოგწონთ თუ მომღერალი? ახდენს გავლენას გავრცელებული შეხედულებები თქვენს არჩევანზე? ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი კითხვებია, რადგან მუსიკას დიდი ძალა აქვს და ჩვენზე ღრმა კვალს ტოვებს. ცვლილებები მუსიკის ინდუსტრიაში ინტერნეტმა, ამასთანავე იაფმა აპარატურამ და პროგრამებმა დიდი გადატრიალება მოახდინა მუსიკის ინდუსტრიაში. დღეისათვის მომღერლებს შეუძლიათ საკუთარ სახლში ჩაწერონ მაღალი ხარისხის მუსიკა და ხელმისაწვდომი გახადონ ფართო მასებისთვის. ჟურნალ „ეკონომისტში“ ნათქვამი იყო, რომ „რამდენიმე ცნობილმა მომღერალმა ისე ჩაწერა და გაავრცელა თავისი სიმღერები, რომ საერთოდ არ მიუმართავს ჩამწერი კომპანიებისთვის“. 166 3-ს მოსწონს
|