x
მოზარდობასთან დაკავშირებული ცვლილებები, სირთულეები და მათი სავარაუდო მიზეზები

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მოზარდობა არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და კომპლექსური გარდამავალი პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში. მოგეხსენებათ, ამ პერიოდში იწყება თვითშემეცნების, თავის დამკვიდრების, თვითრეალიზაციისა და იდენტობის ჩამოყალიბების რთული პროცესები, რომლებიც ინტენსიურ, ფაქიზ და ადეკვატურ ხელშეწყობას საჭიროებენ იმ მიკროსოციუმის მხრიდან, რომელშიც ადამიანს უწევს განვითარება.
მოზარდობის პერიოდისთვის, უფრო კერძოდ კი გარდამტეხი ასაკისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ახალი ღირებულებების, ქცევების ჩამოყალიბებისკენ მიმართული ექსპერიმენტები, სამწუხაროდ, ხშირად „ძვირად უჯდება“ როგორც მოზარდებს, ასევე მათ ოჯახებს. სირთულეებმა და ცვლილებებმა შესაძლოა ძალზე ფართო მასშტაბები მიიღოს, როგორიცაა, მაგალითად, დევიანტური, ანტისოციალური ქცევების ჩამოყალიბება მოზარდებში, სხვადასხვა ნივთიერებათა დამოკიდებულების შედეგად შექმნილი ჯანმრთელობის პრობლემები, სუიციდალური მიდრეკილებები, სოციალური წრიდან გაყირულობა და შესაბამისად არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბება და ა.შ.
ყველაფერი ეს ზემოთჩამოთვლილი, დამეთანხმებით, ძალიან სერიოზულ, სწორ ფრთხილ, მულტიდისციპლინურ (მშობელი, ფსიქოლოგი, პედაგოგი) ჩარევას საჭიროებს, რადგან მოზარდი უფრო სავალალო შედეგებამდე არ მივყვანოთ და ხელი შევუწყოთ მისი პიროვნების ადეკვატურ ჩამოყალიბებას.
მოზარდისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა წესებისა და შეზღუდვების წინააღმდეგ გალაშქრება, ავტორიტეტების დანგრევა, არსებულის მიუღებლობა და პროტესტი. ის ამგვარად სწავლობს, იყოს გაბედული, დაიცვას საკუთარი პოზიცია. ცდისა და შეცდომის გზით მოზარდი იღებს ინფორმაციას წესებსა და საზღვრებზე, რაც საბოლოოდ უყალიბებს სამყაროს აღქმას, სადაც ზოგი რამ დასაშვებია, ზოგი კი მიუღებელი. ამ პერიოდს თან სდევს სიტუაციური ანალიზისა და კონკრეტულ სიტუაციაში მიღებული გამოცდილების განზოგადების სირთულე. მოზარდს უჭირს განსაზღვრა, რა გავლენას მოახდენს მისი ახლანდელი ქმედება მომავალზე. ხშირად ჰგონია, რომ “არაფერი მოუვა”, სათანადოდ ვერ აფასებს რისკს და ვერ ისახავს გრძელვადიან მიზნებს. ჰორმონული დისბალანსის გამო მოზარდს სწრაფად და მკვეთრად ეცვლება განწყობა, აქვს არასტაბილური ემოციური ფონი, მუდამ განიცდის მისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და ამავე დროს დარწმუნებულია, რომ “მისი არავის ესმის”, განსაკუთრებით კი უფროსებს, რასაც მოჰყვება ინტენსიური მეგობრობა თავისივე სქესის თანატოლებთან. პუბერტატულ ასაკში, მშობლების როლის შესუსტების პარალელურად, იზრდება თანატოლების ზეგავლენა. მოზარდი, უპირველეს ყოვლისა, თავისივე სქესის თანატოლებს უმეგობრდება. მეგობრების გემოვნება, აზრი, ღირებულებები მისი ცხოვრების მთავარი ორიენტირები ხდება, რასაც ასევე მოჰყვება რომანტიკული დაინტერესება, ამ ასაკში რომანტიკული ინტერესი გაბნეულია და ხშირად არც კი უკავშირდება კონკრეტულ ადამიანს.

მინდა აღვნიშნო, რომ იმისათვის, რომ ამ გრძელვადიანმა საფრთხილო ეპიზოდმა მინიმალური პრობლემებით ჩაიაროს, აუცილებელია მოზარდის უპირობო მიღება, სიყვარულისა და ზომიერი მზრუნველობის გამოხატვა მისი ქცევების მიუხედავადაც კი. გარდა ამისა, აუცილებელია შეფასება და კონცენტრირება სკოლის სივრცეში მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, რომ მოხდეს სწორი აქცენტირება და სტიმულაცია მისი ინტერესების სფეროების, შესაბამისად კი სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა და პოზიტიური ნიშან-თვისებების გამოკვეთა/წახალისება. ყველა მათგანში არის პოტენციალი, ყველა მათგანი ფლობს გარკვეულ ნიჭსა და ინტერესებს, საოცარ ენერგეტიკას, ხოლო როგორ, სად და რა სახით გამოვლინდება ეს ყოველივე, ეს უკვე მეტწილად მიკრო და მაკრო სოციუმზეა დამოკიდებული. image

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:სესილი გოგიბერიძე
სესილი გოგიბერიძე
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0