x
image
ლურჯი თოლია
" თუ რომელიმე ქართველს აქ ერთი ღერი თმა ჩამოუვარდება, თავი არ შეგრჩებათ არცერთს" - ამბავი, რომელიც ქალაქ არეშში 500-ზე მეტი წლის წინ მოხდა

ეს ამბავი 1483 წლის აგვისტოს ერთ ცხელ დღეს მომხდარა.

image

მესხი ვაჭრის, გვარად გოკიელისთვის ნუხის ქალაქ არეშში (დღევანდელი საინგილოს ქალაქი შექი) იქაურ სოვდაგართა უსტაბაშს, ვინმე დერვიშ-ჰუსეინს ათი საპალნე აბრეშუმი წაურთმევია და თან სასტიკად უცემია. გოკიელს დაუქადნია, ყველაფერს სამცხის დიდ ათაბაგ ყვარყვარე ჯაყელს მოვახსენებო.
შენი მთავრით მაშინებ არა?! მაგანაც ერთბაშად დუქნის კარებზე ფეხი არ მიკრას და შუაბოძზე ყურით არ მიმაჭედოსო, მასხრად აუგდია გოკიელი უსტაბაშს. ეგონა, პასუხს არავინ მოსთხოვდა და ყველაფერი ხახვივით შერჩებოდა.
გაბითურებულმა ვაჭარმა მართლაც ყველაფერი შეატყობინა ათაბაგ ჯაყელს. ბუნებით ამაყმა, მოუსვენარმა და დაუდეგარმა მთავარმა განრისხება ვერ დამალა. მთავრის ბრძანებით ხუთასი მესხი ლაშქრად დადგა და ამბის შეტყობიდან უკვე მეხუთე დღეს ახალციხიდან თითქმის ხუთასი კილომეტრით დაშორებულ ქალაქ არეშში შეაჭენა ცხენები. თავისთან მოიხმო ათაბაგმა არდაშელ-გოკიელი. უთხრა:
— არა შენი სურვილისათვის, არა შენი გალახვისათვის, არამედ ჩემი შეგინებისა და უფრო მეტად იმისათვის, რომ ქართველ კაცს არავინ აწყენინოს ამ ქვეყანაზე, მოვედი დღეს აქ. ახლა კი მიმიყვანე მკრეხელთან, რათა ისე დავსაჯო, ამ ქალაქში ქართველის დანახვის ეშინოდეთ!
მიადგა მესხთა მხედრობა დერვიშ-ჰუსეინის ფანჩატურებს, ერთიანად დაარბია იქაურობა და ბოლოს მაინც იპოვეს სოვდაგართა უსტაბაში, სამალავიდან გამოათრიეს და ყვარყვარეს ფეხებთან დასაკლავი ცხვარივით წამოაქციეს.
— მაშ, შენ გინდა, რომ დარაბას ფეხი გიკრა და დუქნის შუაბოძზე ყურით მიგაჭედო, აღა? ასეც იქნება, მაგრამ ჯერ კუთვნილი აბრეშუმი მიუთვალე არდაშელ-გოკიელს, მისხალიც არ გვინდა მეტი.
მიუთვალა დერვიშ-ჰუსეინმა გოკიელს კუთვნილი აბრეშუმი...
ცხენიდან ჩამოხტა ყვარყვარე, ფეხი ისე ძლიერ ჰკრა დუქნის დარაბას, ერთიანად ჩალეწა. მერე სულთნის ფაიქებსა და თავშეყრილ არეშელებს მიუბრუნდა:
— თუ რომელიმე ქართველს აქ ერთი ღერი თმა ჩამოუვარდება, თავი არ შეგრჩებათ არცერთს! ახლა ეს ღორი დუქნის შუაბოძზე გააკარით! მესხმა აზნაურებმა ახალციხეს ნაწრთობი სამსჭვალებით ყურებით მიაჭედეს დერვიშ-ჰუსეინი საკუთარ დუქანს. მერმე კვლავ ამხედრდნენ და მესხეთის გზას გაუყვნენ. არეშელები კი კიდევ დიდხანს იდგნენ და შლეგ გურჯებს გასცქეროდნენ, რომლებმაც ამხელა გზა მხოლოდ იმისთვის გამოიარეს, რომ ვიღაც დერვიშ-ჰუსეინისთვის ჭკუა ესწავლებინათ.
0
787
3-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
787
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0