x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ინტერვიუ საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის ხელმძღვანელ და ენათმეცნიერ ლევან ღვინჯილიასთან
სახელმწიფო ენის ფუნქციონირებისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა მაკონტროლირებელი საკანონმდებლო ორგანო შეიქმნა 1997 წლის 24 იანვარს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლევან ღვინჯილია. სესპ ანგარიშვალდებული იყო საქართველოს პრეზიდენტის წინაშე; ჰქონდა დამოუკიდებელი ბალანსი და შესაბამისი ანგარიშები ბანკში, სახელმწიფო გერბიანი ბეჭედი და მისი დაფინანსება ხდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საქართველოს ენის სახელმწიფო პალატა მიზნად ისახავდა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ასევე, საქართველოს იურისდიქციაში მყოფი არასახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობაში ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსისა და სალიტერატურო ენის ნორმათა დაცვის უზრუნველყოფას, სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელებას, არაქართულენოვანი მოსახლეობის ენობრივი ინტერესების დაცვას მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.

სსეპ-თან შექმნილი იყო გეოგრაფიულ ობიექტთა სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისია.

სესპ-ს ჰქონდა სტრუქტურული ქვედანაყოფები საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში შესაბამისი სამმართველოებისა და განყოფილებების სახით. ადგილობრივი საქმიანობის უკეთ ორგანიზების მიზნით შექმნილი იყო ათი სამხარეო დეპარტამენტი, რომლებშიც ერთიანდებოდა რაიონული და საქალაქო სამსახურები.

სსეპ-ის ლიკვიდაცია მოხდა საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილებით („ქართული ენა, 2008“).



გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის ხელმძღვანელ ლევან ღვინჯილიასთან:

image



-მოგესალმებით, ბატონო ლევან, საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის მოღვაწეობის დროს არსებული პრობლემები და დღევანდელ რეალობაში არსებული პრობლემები ხომ არ არის მსგავსი? როგორ შეაფასებდით ახლანდელ ენობრივ პრობლემებსა და რა საშუალებებით შეიძლება აღმოვფხრათ არსებული საკითხები?

-იმისათვის, რომ ენობრივი დარღვევები ყოფილიყო აღმოფხვრილი ქვეყანაში, თავის დროზე შეიქმნა ენის სახელმწიფო პალატა. ამჟამად მისი სამართალმემკვიდრე არის სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, 2004 წლის დასაწყისში მაშინდელმა ხელისუფლებამ ენის სახელმწიფო პალატა გააუქმა, 2015 წელს იყო მიღებული კანონი სახელმწიფო ენის შესახებ, რომლის საფუძველზეც, მოგვიანებით, 2018 წელს შეიქმნა სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, ამჟამად ენის ფუნქციონირებისთვის თვალყურის მიდევნება და ენობრივი დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლა, ამ სამსახურს ევალება.

-როგორია თქვენი ხედვა და დამოკიდებულება ამ ყოველივესთან დაკავშირებით?

-იმის გათვალისწინებით, რომ ეს სამსახური პრაქტიკულად ინერტულია და არ აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს, მდგომარეობა ქვეყანაში ამ მხრივ არის სავალალო, ჯერ ერთი ქვეყანას არ გააჩნია არანაირი ენობრივი პოლიტიკა, ამის გარდა, დეპარტამენტი დაკავებულია ისეთი საკითხებით, რაც უშუალოდ მისი სამსახურებრივი ფუნქცია არ არის, მაგალითად, სპარსული თანხმოვნების ქართულად გადმოცემის წესები და ამდაგვარი ან რაღაც „სიხშირის ლექსიკონების“ გამოცემა და საერთოდ საგამომცემლო საქმიანობა, ეს არც ერთი არ არის სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საქმე. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის უმთავრესი ფუნქციაა-ის უნდა იცავდეს და არეგულირებდეს „ენაში მოძრაობის“ წესებს და არა თვითონ გამოსცემდეს ამ თუ იმ ტიპის ლექსიკონებს. ლექსიკონების გამოცემა არის შესაბამისი უნივერსიტეტებისა და შესაბამისი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების საქმე. დეპარტამენტი არის მაკონტროლირებელი ორგანო, ისევე, როგორც პატრული არ ასწავლის მძღოლებს ქუჩაში მოძრაობის წესებს, არამედ იცავს ამ წესებს და დარღვევებს აღკვეთს, ასევე ენის დეპარტამენტი უნდა იცავდეს ენაში მოძრაობის წესებს და ის არ არის იმისათვის, რომ სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობა გასწიოს ისეთი, როგორიც სინამდვილეში ევალებათ კვლევით დაწესებულებებს და უნივერსიტეტები

-ენობრივი ნორმების დაცვისათვის რა კანონპროექტების შემუშავება არის საჭირო, რომ მოწესრიგდეს არსებული პრობლემები, მაგალითად, აბრების ან რეკლამების დროს დაშვებული გრამატიკული უზუსტობები?

-ეს ყველაფერი კანონით არის გათვალისწინებული და საჭიროა შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებებმა ან ენის დეპარტამენტმა შეასრულოს კანონი, თუ ის კანონს არ ასრულებს და თუ ის მოწოდების სიმაღლეზე არ დგას, მაშინ მისმა შემქმნელმა უწყებამ ანუ პრემიერ-მინისტრმა უნდა მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. მე მგონია, რომ არც პრემიერ-მინისტრს და არც მის ქვემოთ ვინმე სხვას, ეს საკითხი აბსოლიტურად არ აღელვებს.

-საქართველოში მყოფმა ეროვნულმა უმცირესობების დიდმა ნაწილმა არ იცის სახელმწიფო ენა, როგორ ფიქრობთ არის თუ არა საკმარისი ან ეფექტური ის ღონისძიებები, რომლებიც საქართველოში ტარდება პრობლემის აღმოსაფხვრელად?

-ეს არის განათლების სამინისტროს პოზიცია, სწავლება არის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს საზრუნავი, ამდენად ამას უშუალო კავშირი სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საქმიანობასთან არა აქვს, მაგრამ სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უნდა იყოს მოწოდებული იმისათვის, რომ ეს საკითხი დაამუშავოს და შესაბამისი წინადადებები შეიტანოს მთავრობაში, რომელიც მერე იქნება განხორციელებული სათანადო ორგანოების მიერ.

-როგორ შეაფასებდით საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის მუშაობას?

-თუ ენის სახელმწიფო პალატის შეფასებაზეა საუბარი, მაშინ ჩემი მხრიდან ეს ცოტა უხერხულია იმიტომ, რომ მე ვიყავი ამ უწყების კონცეფციის ავტორიც, შემქმნელიც და მერე მთელი შვიდი-რვა წლის განმავლობაში მისი ხელმძღვანელი და... ანგარიშები არის გამოქვეყ-ნებული საქმიანობის შესახებ და ჩემი მხრიდან აქ ტრაბახი ცოტა უხერხულია თავისთავად; იყო მაშინ მეტი ანგარიშის გაწევა ამ სამსახურის მიმართ, ჰქონდათ მისი რიდი და ცდილობდნენ მისი მითითებებიც შეესრულებინათ. დღეს მსგავსი რამ არ შეიმჩნევა, ყოველშემთხვევაში ქალაქ გაფორმებისა და სხვა სფეროებში არ იგრძნობა, რომ აქ ვინმე რამეს აკონტროლებს; მარტო ის რად ღირს, რომ ყველაზე დიდ შენობას თავისუფლების მოედანზე „გალერეა თბილისი“ რომ აწერია მხოლოდ ლათინური ასოებით და ქართული არსად არ ჩანს, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო ენის ფუნქციას, რომ ის იყოს ყველგან წარმოდგენილი და არსად არავის არ ჰქონდეს უფლება მისი იგნორირებისა, ჩვენ თვალწინ არის დარღვეული და ამის უამრავი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება.

-საზოგადოების ჩართულობას ან ინტერესს როგორ შეაფასებდით არსებულ საკითხებთან დაკავშირებით?

-საზოგადოების დამოკიდებულება, ჩემი დაკვირვებით, ამ საკითხების მიმართ არის ნულის ტოლი, საზოგადოებას ეს აბსოლიტურად არ აინტერესებს და არანაირი რეაქცია ამის მიმართ არ აქვს-არც პრესას, არც ბეჭდურსა და არც ელექტრონულ მედიას; 2004 წლის შემდეგ, აგერ მთელი 15 წელიწადია, არასოდეს არც ერთ ჟურნალისტს ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი რეაქცია არ ჰქონია, მე მგონია, რომ ეს თემა ქვეყანაში არავის არ აინტერესებს.

-როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია საზოგადოების ასეთი პასიურობა საკითხთან დაკავშირებით?

-გამოიწვია იმან, რომ ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას მართავს, არის საკითხის მიმართ ინერტული და მას რატომ არ უნდა ამ საკითხის ჯეროვან სიმაღლეზე აყვანა ეს ჩემთვის ცნობილია, მე ეს ვიცი, მაგრამ ამაზე ლაპარაკსაც აზრი არა აქვს.

-და მაინც რომ გვითხრათ...

-მივდივართ ისეთი ქვეყნის კვალზე, რომლისთვისაც ენის სიწმინდის დაცვა არის სასაცილო, წარმოიდგინეთ ახლა, რომ ამერიკაში, რომელიც ინგლისურის ამერიკულ სლენგს იყენებს და ცდილობს, რომ როგორმე ამისგან ენა ჩამოყალიბდეს, როგორც რუსულ-უკრაინული, ასევე ბრიტანულ-ამერიკული, ასეთ შემთხვევაში იქ ვინმეს უთხრა, რომ ეს სწორი არ არის იმიტომ, რომ ბრიტანულად ასეა, სიცილს დაიწყებენ. ამას ვერ გაიგებენ, არ უნდათ ამაზე ყურადღების გამახვილება იმიტომ, რომ ამერიკა თავისი ქცევით, ენისადმი დამოკიდებულებით აშკარად გამოხატავს სურვილს, რომ ჩამოყალიბდეს ამერიკული ენა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამოდის კიდეც ბრიტანულ-ამერიკული პარალელური ლექსიკონი ინგლისურისა, რომ ბრიტანულად არის ასე, ამერიკულად არის ასე, ასეთი ქვეყნის წამბაძველ სხვა ქვეყანაში, ბუნებრივია, ენის სიწმინდის დაცვაზე ლაპარაკი და ტრადიციებზე, ისტორიულ უწყვეტობაზე ენასთან დაკავშირებით, საუბარი გაუგებარია იმათთვის, მეტი რომ არ ვთქვათ. აქაც, საქართველოშიც, ერთი ორჯერ გაისმება ხოლმე ზოგიერთი ცნობილი სახელისაგან, რომელმაც შვიდი ბრუნვა არ იცის ქართული ენისა და ამბობს, რომ ენის სიწმინდის დაცვა საჭირო არ არის, თვითონ განვითარდება ისე, როგორც არის საჭირო, როცა ასეთ ადამიანებს ყურს უგდებენ, შედეგი იქნება და არის კიდევაც ძალიან მძიმე.



ესაუბრა: მაიკო ქავთარაძე

0
414
2-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
414
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0