ტექნიკური ევროკავშირის დაფინანსებით საფრანგეთში ხელოვნური მზის დამზადება დაიწყეს 2020, 2 აგვისტო, 15:05 შეიძლება სათაური დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ ეს სიმართლეა. საფრანგეთის სამხრეთში, მარსელიდან 65 კილომეტრის დაშორებით, კადარაშის კვლევით ცენტრში დაიწყო მსოფლიოში პირველი ექსპერიმენტული თერმობირთვული რეაქტორის მშენებლობა. მისი გახსნის ცერემონიას დაესწრო თვით პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი “ვარსკვლავური ომების” მუსიკის ფონზე. ვაკუუმური კამერა, სადაც ხელოვნური მზე უნდა განთავსდეს, 10-სართულიანი სახლის სიმაღლეა, 30 მეტრი დიამეტრით.
თერმობირთვული სინთეზი - ეს არის პრაქტიკულად ამოუწურავი ენერგია. მხოლოდ რამდენიმე გრამი წყალბადიც კი საკმარისია, რათა ათასობით სახლი სითბოთი და ელექტროენერგიით მოვამარაგოთ, ხოლო ერთ ლიტრ წყალბადს 10 ათასი ტონა ქვანახშირის შეცვლა შეუძლია.
მსგავსი სახით ენერგიის გამომუშავება კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტრადიციული ატომური ელექტროსადგურისგან განსხვავებით თერმობირთვული რეაქტორი არ აბინძურებს ატმოსფეროს სათბური გაზების გამოტყორცნით და არ ტოვებს ტოქსიკურ რადიოაქტიურ ნარჩენებს. ექსპერიმენტში 35 ქვეყანა იღებს მონაწილეობას - ინდოეთი, ჩინეთი, რუსეთი, აშშ, სამხრეთი კორეა, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, იაპონია და ევროკავშირის ქვეყნები. პროექტის დაფინანსების ლომის წილი ევროკავშირზე მოდის. სწორედ ევროკავშირი აფინანსებს პროექტის 45 %-ს, რაც ასევე უპრეცედენტოა. დანარჩენ პროექტის მონაწილე ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებზე კი დაფინანსების 55 % ნაწილდება, რაც თითოეული ქვეყნის მხრიდან გაკეთებულ რამდენიმეპროცენტიან შენატანს ნიშნავს. რეაქტორში საწვავად იქნება გამოყენებული წყალბადის ორი სახესხვაობა (ანუ იზოტოპი) - დეიტერიუმი და ტრიტიუმი. ნავთობის, გაზის და ურანისგან განსხვავებით ამ იზოტოპების მარაგები სამყაროში პრაქტიკულად შეუზღუდავია. დეიტერიუმი ოკეანის წყლისგან მზადდება, ხოლო ტრიტიუმი ლითიუმისგან, მარტივი რეაქციის შედეგად. მსოფლიოში ასობით მსგავსი ექსპერიმენტული რეაქტორია, მაგრამ საფრანგეთში განთავსებული რეაქტორის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ აქ თერმობირთვული სინთეზის მხარდაჭერა პლაზმის წვის ჯაჭვური რეაქციის ხარჯზე იგეგმება. ამისათვის კი წყალბადის გახურებაა საჭირო რამდენიმე მილიონ გრადუსზე. შემდეგ ეს გავარვარებული პლაზმა რომ არ გაქრეს, მისი დაჭერა უნდა მოხდეს მაგნიტური ველის გამოყენებით, რასაც 360 ტონა წონის, 4-სართულიანი სახლის სიმაღლის რამდენიმე მაგნიტი უზრუნველყოფს. აღნიშნული ექსპერიმენტი თუ წარმატებით დასრულდა, მისი შედეგები უპრეცედენტო იქნება მთელი ადამიანთა მოდგმისთვის. ეს იქნება წვდომა უიაფეს, ეკოლოგიურად აბსოლუტურად სუფთა და საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ენერგიაზე, რასაც მთელი ჩვენი პლანეტის მომავლის ძირფესვიანად შეცვლა შეუძლია პოზიტიური მიმართულებით. 100 შეფასება არ არის
|