სხვა ქაოსი, ანტისანიტარია, მკვლელობა, კანიბალიზმი: მსოფლიოს 5 ყველაზე სასტიკი ციხე 2020, 24 ივლისი, 18:54 ითვლება, რომ ციხის მთავარი დანიშნულება - ადამიანის ხელახალი აღზრდაა. არაერთი ქვეყანა, როგორიც მაგალითად - ნორვეგია, ჰოლანდია და დანიაა, სწორედ ამგვარ მიდგომას უჭერენ მხარს, მიუხედავად მათი ამ ჰუმანური დამოკიდებულებისა, სამწუხაროდ, მსოფლიო სავსეა ისეთი ციხეებით, რომლებიც "გამოსასწორებელი" დაწესებულების მხოლოდ სახელს ატარებენ, სინამდვილეში კი, მათ კედლებში პატიმრების მიმართ მხოლოდ ტოტალური ძალადობა, დამცირება და არაადამიანური მოპყრობა სუფევს. გთავაზობთ 5 ყველაზე საშინელ სასჯელაღსრულების დაწესებულებას, რომელშიც არსებული აუტანელი პირობები ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი ბოროტმოქმედისთვისაც კი, წარმოუდგენლად მკაცრია.1. კარანდირუ, ბრაზილიასან – პაულოს მახლობლად მდებარე კარანდირუს ციხე, ჯერ კიდევ 2002 წელს დაიხურა, მიუხედავად ამისა, ყველაზე სასტიკი სასჯელაღსრულების დაწესებულების სტატუსს ის დღემდე ინარჩუნებს. 1920 წელს აშენებული ციხე 80 წლის განმავლობაში პრაქტიკულად არასდროს გარემონტებულა, ბეტონითა და აგურით ნაშენები ელემენტარული პირობების მქონე კომპლექსი საშინელი ანტისანიტარიით გამოირჩეოდა.კარანდირუს ცხოვრების აღწერა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც ეს ჯოჯოხეთი თავად გამოიარა. ციხის ერთგული "სტუმრების" რაოდენობა ზოგჯერ 7, 500 – დან 10 000 - მდეც კი აღწევდა, მაშინ როდესაც მათი კონტროლი მხოლოდ 1000 – ზე ნაკლებ ციხის მცველს ევალებოდა.პერიმეტრზე ყოველი მეხუთე პატიმარი აივ - ინფიცირებული იყო, ხოლო სამედიცინო დახმარება - უკიდურესად პრიმიტიული. კარანდირუს პატიმრები სხვადასხვა დაავადებების გარდა, ყველაზე ხშირად სუიციდის შემთხვევებისას და ციხის კედლებში, ქურდული გარჩევების შედეგად მიყენებული ჭრილობებისგან იღუპებოდნენ. ოპერაციისას, ციხის საავადმყოფოში ანესთეზიას საერთოდ უგულებელყოფდნენ, ხოლო შენობაში არსებული საშინელი ანტისანიტარიის პირობებში, მძიმე ავადმყოფებისთვის სიცოცხლის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.ბრაზილიის ამ საშინელ ციხეს კიდევ ერთი, საზარელი "რეკორდი" უკავშირდება. 1992 წელს, ბრაზილიის ისტორიაში, აქ ყველაზე სისხლიანი ბუნტი მოხდა. ყველაფერი კი ორ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის ჩხუბით დაიწყო, რომელიც ნამდვილ აჯანყებაში გადაიზარდა. საბოლოოდ, ამბოხი ციხის მცველებისა და პოლიციის მიერ იარაღის გამოყენებით იქნა ჩახშობილი. სპეცოპერაციის დროს სულ 111 პატიმარი დახვრიტეს.2. ტადმორი, სირიასირიაში, ანტიკურ პალმირასთან ახლოს ტადმორის ციხე მდებარეობს, რომელიც 2015 წელს ტერორისტული დაჯგუფება - "იგილის" მიერ იქნა განადგურებული, თუმცა ის, პატიმრების წამებისა და სიკვდილით დასჯის რაოდენობის მიხედვით დღემდე მსოფლიო რეკორდსმენად რჩება. ტადმორის კედლებში ადამიანებს ტოქსიკური ნივთიერებებით წამლავდნენ, მძიმე ნარკოტიკებით ჭყიპავდნენ, ფეხებით კიდებდნენ და შიმშილითა და წყურვილით კლავდნენ.ყველაფერი რაც კი ციხეში ხდებოდა, ხელისუფლებისთვის კარგად იყო ცნობილი, მეტიც, მთელი რიგი უკანონობა იქ არა მხოლოდ მათი თანხმობით, არამედ უშუალოდ, მათი მითითებით ხორციელდებოდა. ტადმორის ციხის პატიმრების ყველაზე მასობრივი ხოცვა 1980 წლის 27 ივნისს განხორციელდა. სირიის პოლიციამ, ქვეყნის პრეზიდენტზე ჰაფეზ ასადზე მკვლელობის მცდელობის შემდეგ, სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, მთლიანობაში, 500 - დან 1200- მდე პატიმარი სიცოცხლეს გამოასალმა.გარდაცვლილთა ზუსტ რაოდენობას მართალია საზოგადოება სავარუდოდ ვერც ვერასდროს გაიგებს, თუმცა ამ საშინელი დანაშაულის თვითმხილველთა თქმით, ტერიტორიას გვამებისა და სისხლისგან ორი კვირის განმავლობაში ასუფთავებდნენ.საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა 2001 წელს ციხის დახურვას მიაღწიეს, თუმცა იმავე წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებამ ფუნქციონირება კვლავ განაგრძო. პატიმრებს აღარ კლავდნენ, მაგრამ პერიმეტრზე ცხოვრების პირობები ისეთი უტანელი იყო, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 20 პატიმარი თავს თავად იკლავდა. სირიელმა პოეტმა ფარაჯ ბერაკდარმა, რომელმაც ხუთი წელი თავადაც ტადმორის ციხეში გაატარა, განვლილი წლები - "სიკვდილისა და სიგიჟის სამეფოდ" შეაფასა.3. გიტარამა, რუანდაგიტარამას ციხე, რომელიც ამავე სახელწოდების ქალაქის მახლობლად მდებარეობს - ზომით საკმაოდ პატარაა. ის თავის დროზე 500 - მდე პატიმრისთვის იქნა აგებული, თუმცა, დღესდღეობით ამ აღმზრდელობით დაწესებულებაში სასჯელს არც მეტი, არც ნაკლები 6000 - ზე მეტი ადამიანი იხდის.პატიმრებს, გიტარამას კამერებში ცხოვრება აუტანელ სიმჭიდროვეში უწევთ. მსჯავრდებულები იძულებულები არიან ერთმანეთის გვერდით, იატაკზე, ჩაცუცქულებს ეძინოთ, თუმცა ასეთი პრივილეგიის მოსაპოვებლად ლოდინი მათ დიდი ხნის განმავლობაში უწევთ. ციხის სამარტოო სატუსაღოს ზომა მეტრი მეტრზეა, რომელსაც არც ჭერი და არც ელემენტარული პირობები გააჩნია. გიტარამას ციხეში კანალიზაციაც კი არ არსებობს, ამიტომ პატიმრებს ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება პირდაპირ საკნებში უწევთ.ზედამხედველები ციხეში არსებული სიტუაციით საერთოდ არ ინტერესედებიან. მეტიც, გიტარამას პერიმეტრზე იარაღით სიარულიც კი არ არის უსაფრთხო. ძალაუფლება აქ მხოლოდ კრიმინალური დაჯგუფებების ხელშია. ისჯება ყველა, ვინც მათ გზაზე ეღობება.ყოველივე ამ "ხიბლს" თან მუდმივი შიმშილიც ემატება, რაც პატიმრებს შორის კანიბალიზმის შემთხვევებსაც ავტომატურად ზრდის. გიტარამაში სამედიცინო მომსახურება საერთოდ არ არსებობს, შესაბამისად, მის კედლებში ადამიანები სხვადასახვა დაავადებებისგან თითქმის ყოველდღიურად იღუპებიან. ქვეყნის ხელისუფლება კი, სიტუაციის გამოსასწორებლად არანაირ ძალისხმევას არ იჩენს. გადატრიალებამ, რომელმაც XX საუკუნის 90-იან წლებში რუანდა მთლიანად გაანადგურა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული ისედაც აუტანელი სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესა.4. ბანგკვანგი, ტაილანდიბანგკვანგის ციხე ყველასთვის ცნობილი სწორედ ფილმ - "ბანგკოკ ჰილტონი" -ის წლობით გახდა, სადაც მთავარ როლს ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავი ნიკოლ კიდმანი ასრულებს. აღნიშნულ ციხეში საკნების უმეტესობა ზომით 6/4-ზეა, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას იქ 25 ადამიანის განთავსებაში პრობლემას საერთოდ არ უქმნის.საპირფარეშოები კამერებისგან გამოყოფილი არ არის, რის გამოც პატიმრებს ცხოვრება სრულ ანტისანიტარიაში უწევთ. მსჯავრდებულებს დღეში მხოლოდ ერთხელ - მოხარშული ბოსტნეულის წვნიანითა და მოხარშული ბრინჯით კვებავენ.ტაილანდის ამ ციხეში შხაპის მიღება - დიდ ფუფუნებას წარმოადგენს, ამიტომ პატიმრები, რომლებიც დაბანას თვეში ერთხელ მაინც ახერხებენ, თვლიან რომ გაუმართლდათ. შხაპის გარდა, პრობლემები აქ სასმელ წყალსაც ეხება, რომელიც ციხის ტერიტორიაზე იმდენად უხარისხო მოდის, რომ ხშირად პატიმართა შორის სხვადასხვა პარაზიტული დაავადებებისა და ნაწლავური ინფექციების გავრცელების წყაროს წარმოადგენს.სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიის ამ ყველაზე საშინელი ციხის გარეგნული მხარის იდელურად წარმოჩენას აგერ უკვე, წლებია ქვეყნის ხელისუფლება წარმატებით ახერხებს. გარედან, ბანგკვანგის ციხე საგანგებოდ მოვლილი, მრავალწლოვანი მერქნიანი მცენარეებით, საგულდაგულოდ გაკრეჭილი გაზონებით, ყვავილებითა და გარშემო მიმოფანტული, მონარქისა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტებით საკმაოდ ღირსეულად გამოიყურება.5. დიარბაქირი, თურქეთიდიარბაქირის ციხე, რომელიც ამავე სახელწოდების ქალაქში მდებარეობს, საკურორტო და ტურისტულ ცენტრს წარმოადგენს, თუმცა აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული პირობებით თუ ვიმსჯელებთ შეუძლებელია მას არა თუ საკურორტო, არამედ ადამიანურიც კი ვუწოდოთ. დიარბაქირის ზრდასრულთა ციხე ერთ - ერთია, სადაც უვადო პატიმრობა მისჯილების გარდა, სასჯელს არასრულწლოვანი დამნაშავეებიც იხდიან.ციხის ადმინისტრაციას პატიმრებზე სრული ძალაუფლება აქვს. ზედამხედველები, ძალადობას ყოველდღიურად მიმართავენ, წამება კი აქ ჩვეულებრივი მოვლენაა. 1996 წელს, ციხის აჯანყების ჩახშობის შედეგად, 10 მცველი დაიღუპა, 23 პატიმარი კი დაიჭრა.ციხეში არა მხოლოდ სარეაბილიტაციო პროგრამები, არამედ ელემენტარული, სამედიცინო დახმარებაც კი არ არსებობს. სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებების მსგავსად, დიარბაქირის ციხეც პატიმრებით საკმაოდ გადატვირთულია. ათასობით მსჯავრდებულს ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ, საკვებად კი, ყველაზე დაბალი ხარისხის, მცირე ულუფებს სჯერდებიან.651 შეფასება არ არის |