x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135795
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510179
სუიციდი მოზარდებში
მოზარდთა სუიციდი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი რთული პრობლემაა. მიზეზთა მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მოზარდში სუიციდის სურვილის წინასწარ განსაზღვრა რიგ შემთხვევებში შეუძლებელია. შედეგად ვერ ხდება მისი ეფექტური პრევენცია და ვიღებთ ახალ, კიდევ უფრო გაზრდილ სტატისტიკას. რა იწვევს თვითმკვლელობისადმი მიდრეკილებას მოზარდებში და რით შეგვიძლია მისი თავიდან არიდება?

მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის (world Health Organization) ბოლო 1996-2002 წელს ჩატარებულმა გლობალურმა კვლევამ, რომელშიც 130 სახელმწიფოს მონაცემები იყო თავმოყრილი, აჩვენა, რომ 15-დან 19 წლამდე მოზარდების თვითმკვლელობის მაჩვენებელი იყო 7.4/10000 (მხედველობაშია მხოლოდ ფატალურად დასრულებული შემთხვევები). სხვადასხვა ქვეყანაში ეს რიცხვი გაცილებით მაღალია. ამერიკის შეერთებულ შტატებში 2013 წლამდე ბავშვთა და მოზარდთა თვითმკვლელობის რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით იზრდებოდა. შემდეგ, ამავე პროცენტულმა მაჩვენებელმა 7%-ს მიაღწია. 2007-2017 წლებში 10-19 წლის მოზარდთა თვითმკვლელობის რაოდენობა ჯამში 76%-ით გაიზარდა. ყოველწლიურად დაახლოებით 1700 მოზარდი ხდება სუიციდის მსხვერპლი. შედეგად 2017 წელს სუიციდი მოზარდთა სიკვდილიანობის რიგით მეორე მიზეზად დასახელდა.

რა იწვევს მოზარდების სურვილს, ნაადრევად შეწყვიტონ სიცოცხლე? უმცროსი მოზარდობის პერიოდში იწყება რთული ფიზიკური და ფსიქოლოგიურ-ემოციური ძვრები ადამიანში, რომელიც პუბერტატს მიზეზ-შედეგობრივად უკავშირდება, ამას თან ახლავს სოციალური გარემოს ცვლილებაც (მეგობრებთან ჩამოშორება და ახალი მეგობრების შეძენა). ცვლილებები გრძელდება წლების განმავლობაში და მოიცავს უფროს მოზარდობას/ყმაწვილობასაც. პუბერტატის დროს მაღალია ემოციური აღგზნებადობა და ფსიქიკური დაავადების გამოვლენის ალბათობა. ეს ფაქტორები მნიშვნელოვან როლს თამაშობს სუიციდისკენ მიდრეკილების მიზეზთა გამოვლენაში. სფეროს სპეციალისტები მიშელ მოსკოსი, ჯენიფერ აქილისი და დაგ გრეი სუიციდური დისტრესის მთავარ მიზეზებს ფსიქოლოგიურ, გარემოს და სოციალურ ფაქტორებს ასახელებენ.

NAMI-ის (National Alliance on Mental Illness) მონაცემებით, განხორციელებული თვითმკვლელობების დაახლოებით 90% შემთხვევებში პიროვნებას აღენიშნებოდა დიაგნოსტირებული ფსიქიკური აშლილობა. ყველაზე ხშირად დასმული დიაგნოზი იყო დეპრესია და ნივთიერებებზე დამოკიდებულება. ხშირად დეპრესიის მიმართ მშობლებისგან ორი სახის არასწორ დამოკიდებულებას ვხვდებით: პირველი ტიპის მშობელი ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს შვილის გუნება-განწყობილებას, როდესაც უგუნებობისა და უენერგიობის მიზეზი გადაღლა ან ნაკლებად მნიშვნელოვანი პრობლემებია სკოლაში; მეორე ტიპის მშობელი გულგრილად ეკიდება შვილის მდგომარეობას ხანგრძლივი დეპრესიული ქცევის გამოვლინებისას და ამ პროცესს პუბერტატის თანმდევ უხასიათობად აღიქვამს (Society for the Prevention of Teen Suicide, 2012). მნიშვნელოვანია, გავმიჯნოთ ადამიანის ნორმალური მდგომარეობა (როდესაც იგი განიცდის სტრესორის ზემოქმედებას და ეს გამოვლენილია მის დროებით დეპრესიულ ქცევაში) და კლინიკური დეპრესია. რა მახასიათებლები მიანიშნებს კლინიკური დეპრესიის მდგომარეობაზე? იდენტიფიკაციისთვის საჭიროა, რომ დეპრესიული მდგომარეობა გრძელდებოდეს არანაკლებ 2 კვირისა, მანიაკალური და ჰიპომანიაკალური ეპიზოდებით, რომელიც არ უკავშირდება ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებას. მოზარდებში დეპრესიის სიმფტომებია:

  • გუნება-განწყობის დაქვეითება;
  • ინტერესებისა და სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვა;
  • აქტიურობის დაქვეითება;
  • ყურადღებისა და კონცენტრირების უნარის დაქვეითება;
  • თვითრწმენისა და თვითშეფასების დაქვეითება;
  • თვითბრალდების და თვითდამცირების იდეები;
  • აზრი ან ქმედება თვითდაზიანებისა და თვითმკვლელობის მიზნით;
  • ძილის დარღვევა;
  • მადის დაქვეითება;

ამასთან, გუნება-განწყობის დაქვეითება შესაძლოა იყოს შენიღბული და გამოვლინდეს გაღიზიანებადობით, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით, ისტერიულობით, ობსესიურ-კომპულსიური სიმფტომებით, იპოქონდრიული იდეებითა და სომატო-ვეგეტატიური სიმფტომებით. დეპრესია ხშირად შეჭიდულია სხვა აშლილობასთან. ერთ-ერთი მათგანია ნივთიერებებზე დამოკიდებულება. თინეიჯერთა სუიციდის პრევენციის საზოგადოების (Society for the Prevention of Teen Suicide) განცხადებით სუიციდის მსხვერპლ მოზარდთა 18% სხვადასხვა ნივთიერების (ალკოჰოლი, ნარკოტიკი) თრობის ქვეშ იმყოფებოდა გარდაცვალების მომენტში. ნივთიერებებზე დამოკიდებულება მოზარდებში გამოწვეულია ოჯახური პრობლემებით, ფრუსტრაციით, მნიშვნელოვანი დანაკარგით ან შეჭიდულია დეპრესიასთან.

მოზარდთა სუიციდის კვლევისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშობელთა ფაქტორებს. სუიციდის პრევენციის რესურს ცენტრი (Suicide Prevention Resource Center) აღნიშნავს, რომ ფსიქიკური აშლილობების შემდეგ სუიციდის რიგით მეორე პრედიქტორია ოჯახის ისტორია - ოჯახის წევრის (ცოცხალის ან გარდაცვლილის) მიდრეკილება სუიციდის მიმართ. ამასთანავე, მოზარდებში ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს „ოჯახური პრობლემები“ - მშობლების განქორწინება და ოჯახური ძალადობა მოზარდისთვის გარკვეულ შემთხვევაში იმ ინტენსივობის მატრავმირებელ მოვლენას წარმოადგენს, რომ იგი მიმართავს საკუთარი სიცოცხლის ხელყოფას.

დანაკარგი და ტრავმული გამოცდილება სოციალური გარემოს ფაქტორების ფატალური ზემოქმედების მთავარი რეპრეზენტაციაა სუიციდურ შემთხვევებში. სუიციდის პრევენციის ამერიკული ფონდი (American Foundation for Suicide Prevention) საუბრობს მოზარდებში თვითმკვლელობის შესახებ აზრების მატებაზე დანაკარგისა და ტრავმული გამოცდილების დროს. დანაკარგი გულისხმობს ემოციური კავშირის/მიჯაჭვულობის ობიექტის, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის ოჯახის წევრი ან ახლო მეგობარი, გარდაცვალებას. ტრავმული გამოცდილების მნიშვნელობა შედარებით კომპლექსურია. სუიციდის კონტექსტში ძირითადად ხაზგასმულია გაუპატიურებისა და ძალადობის შემთხვევები, იშვიათად დანაშაულის განცდა. მსოფლიოში მოზარდების 20-დან 56%-მდე (რიცხვი მერყეობს ქვეყანათაშორისი განსხვავებების მიხედვით) ჩართულია ძალადობაში. ვარიაციულია ბულინგის ტიპი, ასაკი და ხანგრძლივობა. ყველაზე ხშირია ვერბალური ბულინგი, რომელიც გამოირჩევა ხანგრძლივი დროითი პატერნითაც. კვლევამ აჩვენა, რომ სუიციდის მცდელობისა და განხორციელებული სუიციდის მაჩვენებელი 5-ჯერ მეტია ბულინგში ჩართულ სკოლის მოსწავლეებში (Espelage, Holty, 2008). თანატოლების მიერ განხორციელებული ძალადობის მსხვერპლნი არატრადიციული ორიენტაციის მოზარდები უფრო ხშირად ხდებიან, ვიდრე ჰეტეროსექსუალი მოზარდები. ამასთან, LGBTQ მოზარდები პუბერტატის პერიოდში სექსუალური ორიენტაციის გარკვევის ამოცანის წინაშე დგანან, რაც ემოციურ დისტრესს ზრდის რიგ შემთხვევებში ფატალურ მაჩვენებლამდე, შედეგად ხშირია ამ ჯგუფის მოზარდთა სუიციდის შემთხვევები.

სუიციდის საკითხზე მომუშავე ფსიქოლოგები ყველა ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად აქცენტირებენ სუიციდის რომანტიზირების ფენომენზე. თვითმკვლელობა ხშირად ჯაჭვურ ხასიათს ატარებს მასთან დაკავშირებული მითების გამო. სუიციდისკენ მიდრეკილი მოზარდების უმრავლესობა სოციალურ გარიყულობას განიცდის და მისი ამგვარი ქმედება შესაძლოა ყურადღების მიპყრობის ან შურისძიების ქვეტექსტს ატარებდეს. სუიციდური შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მახასიათებლები იწვევს ნახსენებ ქვეტექსტთა წინა პლანზე წამოწევას, მსხვერპლისა და პროცესის რომანტიზირებას და შედეგად ვიღებთ თვითმკვლელობის სერიებს. ამ ფენომენის გათვალისწინებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტაში მოცემულია სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესები, რომლის შეჯამებაც შემდეგია - ჟურნალისტმა უნდა გააშუქოს მშრალი ფაქტი ემოციურად დატვირთული სიტყვების მინიმუმამდე დაყვანით, არ გამოიყენოს შემთხვევის ადგილის ფოტომასალა და პირადი ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, გამოიყენოს მხოლოდ ოფიციალური მონაცემები და პრევენციის მიზნით ყურადღება გაამახვილოს გამაფრთხილებელ ნიშნებზე, რომლებიც სუიციდის განზრახვაზე მიუთითებენ (Media Freedom Committee and the Newspaper Publishers’ Association, 2011).

მიუხედავად იმისა, რომ სუიციდი საკმაოდ რთულად წინასწარმეტყველებადი მოვლენაა, არსებობს სავარაუდო გამაფრთხილებელი ნიშნები/პრედიქტორები:

  • სიკვდილზე საუბარი;
  • დანაკარგი (ახლობელი ადამიანის სიკვდილი, მშობლების განქორწინება...);
  • პიროვნული ცვლილებები (სევდიანობა, აპათია, გაღიზიანება...);
  • ქცევის ცვლილება;
  • ძილის დარღვევა (ძილიანობის მომატება, ინსომნია);
  • კვების ცვლილება;
  • კონტროლის დაკარგვის შიში;
  • დაბალი თვითპატივისცემა;
  • მომავლის იმედის დაკარგვა; (Berman, Jobes, Silverman, 2006)
მოზარდთა სუიციდის პრევენციისთვის საჭიროა მათ ქცევაზე დაკვირვება (და არა კონტროლი, რათა ამან არ გამოიწვიოს მათი გაღიზიანება), რისკჯგუფში მყოფი მოზარდების საზოგადოებასთან ინტეგრირება და ყურადღებით მოსმენა მათთან პრობლემაზე საუბრისას, შესაბამისი პირების მობილიზება სკოლაში და სწორი ინფორმაციის მიწოდება. დღესდღეობით მრავალ ქვეყანაში არსებობს ცხელი ხაზი სუიციდის რისკის ქვეშ მყოფი მოზარდების დასახმარებლად.

მოზარდთა სუიციდი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. შემთხვევების რიცხვის სწრაფი ტემპით ზრდა პრევენციის სისუსტეზე მიანიშნებს. საზოგადოება უნდა იყოს მეტად ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით, რათა დროულად მოხდეს რისკის ქვეშ მყოფი მოზარდების აღმოჩენა და დახმარება.

0
133
შეფასება არ არის
ავტორი:გვანცა ნოზაძე.
გვანცა ნოზაძე.
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0