განათლება პროგრამული მხატვრული ტექსტის ანალიზის შესრულებული ნიმუში - ეროვნული გამოცდები 2020 2020, 8 ივლისი, 18:21 გთავაზობთ მხატვრული ტექსტის ანალიზის ნიმუშს პაოლო იაშვილის პროგრამული ლექსის მიხედვით!პაოლო იაშვილი - ''პოეზია''
გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი, და თვალთა დახრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დავხვდები, ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი, თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.
არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი, მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად, მაგრამ არ არის ტანჯვა უფრო უზარმაზარი, როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება.
დადის ქალაქში ბევრის მსგავსი ჩემი სხეული და ხალხი ამბობს: „ეს კაცია ლექსის მწერალი“, მაგრამ ვინ იცის, რა ცეცხლშია გამოხვეული ეს ჩემი ტვინი, დასაქცევი, ტვინი ვერანი.
რამდენი თვალი უნდა მქონდეს, რომ ყველა ვნახო, რამდენი გული უნდა მედგას, რომ ვიგრძნო ყველა, რამდენი სახე მე თვით უნდა გავაპარტახო, რომ ერთი ლექსი დამრჩეს წმინდა, როგორც პეპელა.
შემომახურებს სიკვდილივით სიტყვა კვიატი, და სისხლი, აზრი, სული იქცნენ იმის მონებად, გავიდა ღამე, მოასკდება კარს განთიადი, აღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი, ხარ მოგონება.
რამდენი ლექსი დაიწერა, იმდენი წელი ჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას, ვით ადამიანს და თუ ეს ლექსი უნდა იყოს უკანასკნელი, მაშინ ეს ძორი ყვავებისთვის გასატანია.
✅იმსჯელეთ ლირიკული გმირის მხატვრულ სახეზე(ყურადღება მიქციეთ პოეზიის ავტორისეულ გაგებას); ✅ იმსჯელეთ ტექსტის მთავარ სათქმელზე; ✅ იმსჯელეთ ავტორის სტილსა და ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობით თავისებურებებზე.
ქართველი პოეტების დამოკიდებულება პოეზიისადმი ყოველთვის ამაღლებული იყო. შოთა რუსთაველიდან მოყოლებული ისინი დაუსრულებლად საუბრობენ პოეზიის სილამაზესა და სიცხადეზე. ამ თემატიკაზე შექმნილ ლექსებში(‘’ჩემო კალამო’’, ‘’ჩემი ვედრება’’...) პოეზიის თავისებურ აღქმასა და განცდაზე გვესაუბრებიან; დიახ, ისინი ‘’განიცდიან’’ ლექსს. სწორედ პოეზიის თავისებურ გაგებასა და ინტერპრეტაციას გვთავაზობს მოცემულ ლექსში ცისფერყანწელი პაოლო იაშვილი. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ პოეტი ლექსს სხეულისა და სულის ნაწილად მიიჩნევს: ‘’ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი’’. ლექსის მიხედვით არ არის რთული მისახვედრი, რომ ლირიკული გმირი ვერ იცოცხლებს პოეზიის გარეშე და მისთვის, ისევე როგორც ყველა სხვა ჭეშმარიტი პოეტისთვის, ყველაზე მძიმეა ის მომენტი, როდესაც პოეტს ლექსი ‘’ძვირობას’’ დაუწყებს(როგორც ამას შოთა ამბობს). ლირიკული გმირი უფრთხის იმ საბედისწერო წამს, როცა ლექსის შექმნას ვეღარ შეძლებს; ლექსის რიტმს, რითმასა და შესაბამის ‘’მასალას’’ ვეღარ მონახავს: ‘’გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი’’. საოცარია პოეტისა და ლექსის ურთიერთკავშირი: მისთვის ლექსი ტანჯვაცაა და აღმაფრენაც, ლექსის შექმნის მოძალებული სურვილი წვავს მას და ეს იმდენად მწვავეა, რომ არაფრად მიიჩნევს მასთან შედარებით ომსა თუ ხანძარს. ‘’მაგრამ არ არის ტანჯვა უფრო უზარმაზარი... როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება’’. ნაწარმოებიდან იკვეთება, რომ პოეტი ძალიან ფრთხილად ეკიდება ლექსის შექმნას, გრძნობს თითოეულ სიტყვას და დიდ შრომას დებს მასში სრულყოფილებისა და სიწმინდის მისაღწევად(‘’რამდენი გული უნდა მედგას, რომ ვიგრძნო ყველა’’). საერთო ჯამში, აქ ლირიკული გმირი წარმოგვიდგა, როგორც გულმხურვალე, ემოციებითა და პასუხისმგებლობით დატვირთული პოეტი, რომელიც ლექსში სულსა და გულს აქსოვს; მისთვის რაღაც ძვირფასს დებს, რომელიც თანდათან პოეტსაც განლევს: ‘’ჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას, ვით ადამიანს’’. ამ მხრივ საინტერესო კავშირია პაოლოსა და ტიციანის ლექსს(‘’მეწყერი’’) შორის: ტიციან ტაბიძეც ‘’ახმარს’’ ლექსის შექმნას თავის სიცოცხლეს, თავად ლექსი კი უკიდურესობაში აგდებს პოეტს: ‘’ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს... ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს’’. ლირიკული გმირის შეხედულებები საკვანძოა ნაწარმოების მთავარი სათქმელის ძიებაში და მის მთავარ გამოხატულებად, უდავოდ, ბოლო სტროფში მოცემული შეფასება უნდა მივიჩნიოთ. აქ ის ნათლად ამბობს, რომ პოეზია პოეტის სულია, შესაბამისად ლექსის გარეშე დარჩენილი პოეტი კი - უსულო არსება, მხოლოდ სხეული, მძორი. ბოლო ლექსის შექმნასთან ერთად სრულდება პოეტის სიცოცხლეც. ‘’და თუ ეს ლექსი უნდა იყოს უკანასკნელი, მაშინ ეს ძორი ყვავებისთვის გასატანია’’. მწერლის სათქმლიდან გამოსარჩევია ასევე ერთი ავტორისეული დაკვირვება: პოეტი შენიშნავს, რომ, მართალია, ამ ქვეყნად ბევრი, აღნიშნული საქმით(ლექსის შეთხზვით) დაკავებული, ადაიანი დადის, მაგრამ არ შეიძლება ყველა მათგანს ‘’პოეტი’’ ეწოდოსო. როგორც შოთა არ აიგივებს ყველა პოეტს და სამი ტიპის პოეზიის მსახურს გამოყოფს, ასევე გამოყოფს პაოლოც სხვებისგან თავს, რადგან ყველა მწერალი როდი ქმნის ლექსს, რომელიც ‘’ცეცხლშია გამოხვეული’’ ან ყველა მწერალი როდია ლექსით ისე შეპყრობილი, როგორც პაოლოს ‘’დასაქცევი, ტვინი ვერანი’’. პოეტის სულიერი თანაზიარობა ლექსთან და მთავარი სათქმელი ავტორმა, ცხადია, ხატოვნად გამოხატა, შთამბეჭდავად შეამკო ლექსი მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებებით, რომლებიც მკითხველსაც აძლევს საშუალებას, სწორად გაუგოს პოეტს. ამ მხრივ ყურადღებას სიმბოლისტური შედარება იპყრობს. ‘’ რომ ერთი ლექსი დამრჩეს წმინდა, როგორც პეპელა’’ - როგორც პეპელაა სიმბოლო თავისუფლების, სილაღის, სიწმინდის, სისპეტაკის, მცირე ხნით მოსული, მაგრამ შინაარსითა და ლაღად ნაცხოვრები, ასევეა პოეტური ლექსიც შემოქმედისთვის, ამ ღირებულებებით გაჟღენთილი. იმის საჩვენებლად, რომ ლექსის დაწერის საბაბი, შთაგონების წყარო ერთი სიტყვაც შეიძლება გახდეს, რომელიც თავს მანამ არ ანებებს პოეტს, სანამ ლექსს არ სრულყოფს, შედარებებს იყენებს: ‘’შემომახურებს სიკვდილივით სიტყვა კვიატი’’. ბოლო სტროფში გამოყენებული შედარებით (‘’ჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას, ვით ადამიანს’’) პაოლო ირიბად გვანიშნებს, რომ პოეტი სხვა არსებაა, არ არის ადამიანის ტოლი და მხოლოდ ყოველი ლექსის დაწერის შემდეგ დაკლებული წუთები ამსგავსებს მას ადამიანთან. აზრთა საინტერესო დამთხვევაა პაოლოსა და აკაკი წერეთლის შემთხვევაშიც. აკაკიც არ/ვერ ათანაბრებდა პოეტს ადამიანთან ‘’ არც მიწისა ვარ, არც ცისა’’. ნაწარმოებს ასრულებს შთამბეჭდავი უკავშირო შედარება, რომელიც ულექსოდ დარჩენილ პოეტს, უსულოდ დარჩენილ სხეულთან აიგივებს: ‘’და თუ ეს ლექსი უნდა იყოს უკანასკნელი, მაშინ ეს ძორი ყვავებისთვის გასატანია’’. პაოლო იაშვილი სიმბოლისტი მწერალი გახლდათ და მოცემულ ლექსშიც იგრძნობა მწერლის მისტიციზმი, ინდივიდუალიზმი, არაფორმალიზმი, როგორც სხვა სიმბოლისტების შემთხვევაში. მისთვის დამახასიათებელია საინტერესო და ემოციური თხრობა, რომელიც მთელი ლექსის განმავლობაში არ სუსტდება. აღსანიშნავია, რომ რითმა ერთგვაროვანი არ არის, თითოეული სტროფი ოთხტაეპიანია, ტაეპები კი - თოთხმეტმარცვლიანი.
შეკვეთილი ანალიზის ავტორი: ნუგზარ გოგბერაშვილი
1074 შეფასება არ არის
|