x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135795
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510179
,,მე ეს თავიდანვე ვიცოდი" ფენომენის ახსნა

ფიქრიყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები ხშირად საუბრობენ წარსულზე. ისინი განიხილავენ მომხდურ მოვლენებსა და მათ შედეგებს იმ ფაქტების საფუძველზე რომლებიც ამჟამად ცნობილია, თუმცა წარსულში, მოვლენის მოხდომამდე სულაც არ იყო ცნობილი. ეს კი მათ უბიძგებთ სხვაგვარად შეაფასონ სიტუაცია და განსაჯონ ადამიანები, რომლებმაც ვერ დაინახეს გარკვეული მინიშნებები, ვერ შეაფასეს სათანადოდ გარემოებები და ქმედების საფუძველზე მიიღეს არასასურველი შედეგი. აქედან გამომდინარე, იქმნება ილუზია, თითქოს თავიდანვე ცხადზე ცხადი იყო, თუ როგორ დასრულდებოდა მოცემული მოვლენა.
“ჰაინდსაითი“ ინგლისურად კი- Hindsight bias, არის რწმენა, რომელიც გვიჩნდება მოვლენის მოხდომის შემდგომ და გულისხმობს, რომ თითქოს მისი შედეგი თავიდანვე ცხადზე ცხადი იყო. მას თან ახლავს იმ დაურწმუნებლობის გრძნობის ვერგახსენება, რომელიც წარსულში გააჩნდა ადამიანს, როცა მოვლენის შედეგი მისთვის ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი.
საინტერესოა, რომ მოცემულ ეფექტს ვხვდებით როგორც ახალგაზრდებში, ასევე მოხუცებში და იგი ერთ-ერთი ფართოდ შესწავლილი ფენომენია, ვინაიდან ხშირად ხელს უშლის გადაწყვეტილების მიღებას.
იგი მოქმედებს ადამიანზე სამი კუთხით: მის მეხსიერებაზე, იმ მხრივ რომ ახდენს მის დამახინჯებას. მაგალითად, ადამიანი იხსნებეს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც აძლიერებს მის ვარაუდს რომ მართლა იცოდა, რომ გარკვეული მოვლენა ასე დამთავრდებოდა. იგი აგრეთვე მოქმედებს მისი გარდაუვალობის რწმენაზე: ადამიანს სჯერა, რომ მოცემული მოვლენა აუცილებლად ასე უნდა დასრულებულიყო- “მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, შანსი არ იყო, რომ სხვაგვარად წარმართულიყო მოვლენა!“. და მესამე, იგი მოქმედებს პიროვნების რწმენაზე, რომ პირადად მას, მისი უნარებისა და ცოდნიდან გამომდინარე, შეეძლო ეწინასწარმეტყველა მოვლენის სწორი განვითარება.
რა უწყობს ხელს მოცემული ფენომენის გამოვლინებას?
მას ხელს უწყობს ადამიანის კოგნიტური, მეტაკოგნიტური და მოტივაციური სფეროები.
კოგნიტური ასპექტიდან ყურადსაღებია მეხსიერება. კერძოდ კი, ინფორმაციის გახსენება, მისი განახლება და აზრის მინიჭება. მაგალითად, ადამიანმა შეიძლება ვერ გაიხსენოს რას ფიქრობდა მოცემულ მოვლენაზე ვიდრე იგი მოხდებოდა და შედეგად, გვითხრას არა ის თუ, წარსულში რას ფიქრობდა, არამედ ახლა, შედეგის ცოდნის შემდგომ რას ფიქრობს მოცემულ მოვლენაზე.
ინფორმაციის განახლებაში იგულისხმება ახალი ინფორმაციის ჩართვა უკვე არსებული მეხსიერების სტრუქტურაში. ახალი ინფორმაციის ჩართვა კი გავლენას ახდენს გარკვეული დამახსოვრებული ინფორმაციის აქტივირებაზე.
აზრის მინიჭებაში კი აქცენტი კეთდება იმაზე, თუ როგორ ხსნიან ინდივიდები მოვლენებსა და მათ შედეგებს. ჩვენ გვაქვს მიდრეკილება, გავამარტივოთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.მაგალითად, ხშირად უკუვაგდებთ იმ ფაქტს, რომ ერთ მოვლენას შეიძლება რამდენიმე შედეგი მოჰყვეს ან ერთ შედეგს რამდენიმე მოვლენა ედოს საფუძვლად. შესაბამისად, ეს მიდრეკილება მოცემული ფენომენის აღმოცენებას უწყობს ხელს.
მეტაკოგნიცია გულისხმობს ინდივიდის აზრებს საკუთარი აზრების შესახებ- ახლა, როცა უკვე მოვლენის შედეგი სახეზეა, მას მარტივად ეჩვენება მოცემული მიზეზ-შედეგობრიობა და ჩათვლის, რომ მისთვის თავიდანვე მარტივი იყო მისი დადგენა და ამით უკუაგდებს სხვა, მოცემული კანონზომიერების დადგენის ხელისშემშლელ ფაქტებს.
მოცემული ფენომენის გამოვლინების მოტივატორი კი შესაძლოა თვითშეფასების ამაღლების მოთხოვნილება იყოს. ჩათვლის-რა ადამიანი, რომ მოხდენამდე იცოდა მოვლენის შედეგი, მას აუმაღლდება თვითშეფასება.
საერთო ჯამში, მოცემული ფენომენი ბევრ სფეროში ხელს უშლის ადამიანს გადაწყვეტილების მიღებაში, მოვლენებისა თუ ინდივიდების საქმიანობის შეფასებაში და შედეგად, იგი შესწავლის ერთ-ერთი პოპულარული საგანი გახდა.

0
75
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო შანგუა
ნინო შანგუა
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0