x
image
მანჩო 777
აფრიკელი ამორძალები - ყველაზე სასტიკი ქალი-მებრძოლები ომების ისტორიაში
დაგომეი - დასავლეთ აფრიკაში მდებარე პატარა სახელმწიფო კოლონიზატორებისათვის ნამდვილი ''კერკეტი კაკალი" აღმოჩნდა. საფრანგეთმა, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა ამ მიწაზე, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ვერ შეძლო ნახევრად ველური ტომებისგან შემდგარი საკმაოდ ცუდად შეიარაღებული არმიის ძლევა. ფრანგებს არ უყვართ ამ საკმაოდ არასასიამოვნო ისტორიული ფაქტის გახსენება და ამისათვის მათ საკმარისი მიზეზი აქვთ.



image



ცნობები დაგომეის კოლონიზაციის შესახებ, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს მიმდინარეობდა, ფრანგულ ისტორიულ ლიტერატურასა და სახელმძღვანელოებში ძალიან მწირადაა წარმოდგენილი. საქმე არამარტო იმაშია, რომ ეს ამბები დაკავშირებულია სახელწიფოსათვის საკმაოდ სამარცხვინო საქციელთან, როგორიცაა კოლონიზაცია, სხვისი მიწა-წყლის დაპყრობა და ადგილობრივი მოსახლეობის განადგურება. ფრანგებს დაგომეის გახსენება არ სურთ იმიტომაც, რომ ძლევამოსილმა ფრანგულმა არმიამ საკმაოდ სამარცხვინო მარცხი იწვნია უმეტეს წილად ქალებით დაკომპლექტებულ არმიასთან - დიახ, ამ ქვეყნის არმიის ძირითად ნაწილს ქალი-ჯარისკაცები ანუ აფრიკელი ამორძალები შეადგენდნენ.



image




პირველი ცნობები მებრძოლი ქალი-ამორძალების შესახებ გვხვდება ძველ ბერძნულ წყაროებში. ძნელია თქმა, თუ მსოფლიოს რომელ კუთხეში იხილეს ანტიკურმა ისტორიკოსებმა მებრძოლი ქალები. ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ იმ ინფორმაციამ, რომ ეს ქალები ვაჟკაცობასა და საბრძოლო ხელოვნების ფლობაში არაფრით არ ჩამოუვარდებოდნენნ მამაკაცებს, ხოლო სისასტიკესა და მტრის სიძულვილში მათ აჭარბებდნენ კიდეც.

სწორედ ასეთ წინააღმდეგობას შეეჯახნენ ფრანგი კოლონიზატორები 1890 წელს. აფრიკელი ტომებისაგან ისინი მიჩვეული იყვნენ ხანმოკლე, ცუდად ორგანიზებულ წინააღმდეგობას, მაგრამ ევროპელი დამპყრობლები განცვიფრებული დარჩნენ, როცა ნახეს, რომ საქმე ჰქონდათ არც ისე კარგად შეიარაღებულ, მაგრამ საკმაოდ პროფესიულ დონეზე გაწვრთნილ ქალთა არმიასთან, რომლებიც შესანიშნავად ფლობდნენ ბრძოლის სტრატეგიასა და ტაქტიკას.



image



საგონებელში იყვნენ ჩავარდნილი ფრანგი რიგითი ჯარისკაცებიც-მათ აქამდე არასოდეს ებრძოლათ ქალებთან. თავიდან ფრანგებმა არასერიოზულად მიიღეს სუსტი სქესის ჯარისკაცები და აგდებულად ექცეოდნენ მათ, თუმცა სულ მალე -პირველივე ბრძოლისას მათი დამოკიდებულება შეიცვალა და დაგომეელი ქალბატონები მათთვის სერიოზულ მოწინააღმდეგებად იქცნენ.

ქალების წინააღმდეგ პირველსავე ბრძოლაში ფრანგებმა სამარცხვინო მარცხი განიცადეს. უფრო მეტიც -მათ პანიკური შიში გაუჩნდათ ამ ცივსისხლიანი, სასტიკი, შეუბრალებელი და უშიშარი ამორძალების მიმართ. ჯარისკაცები ცდილობდნენ შიში არყის სმით ჩაეხშოთ, რაც კიდევ უფრო უწყობდა ხელს ფრანგული არმიის დემორალიზაციას.




image



კარგა ხანი გავიდა, სანამ ფრანგი ჯარისკაცები მიეჩვივნენ ქალების წინააღმდეგ ბრძოლას და დაიწყეს პატარ-პატარა გამარჯვებების მოპოვება. ფორმალურად ამ ომში კარგად შეიარაღებულმა და მრავალრიცხოვანმა ევროპულმა არმიამ გაიმარჯვა, თუმცა მათ მაინც ვერ შეძლეს აფრიკული სპარტის ბოლომდე განადგურება.



მონადირეები, რომლებიც მებრძოლებად იქცნენ


დაგომეის სახლმწიფოს არსებობა იწყება მეფე ჰოუეგბაჯას მმართველობიდან, რომელიც 1645-1685 წლებში იდგა ხელისუფლების სათავეში. სწორედ ამ მონარქმა გააერთიანა გაბნეული მომთაბარე ტომები და დააარსა სახელწიფოს დედაქალაქი აბომეი. მეფის ხელისუფლება იყო აბსოლუტური და წმინდა და თან ახლდა მისი წინაპრებისათვის შეწირული უამრავი მსხვერპლი.

მაგრამ ჰოუეგბაჯას ამბიციები იზრდებოდა და ნამცეცა სახელმწიფო "ღმერთების შთამომავალს" უკვე აღარ აკმაყოფილებდა, სწორედ ამიტომ გახდა დაგომეი აგრესორი. ის თავს ესხმოდა მეზობელ ტომებს, მოჰყავდა მონები და მათ დასავლეთ აფრიკის მონათა ბაზრებზე ჰყიდდა. სამაგიეროდ ევროპელებისაგან ცეცხლსასროლ იარაღს ყიდულობდა. ამგვარად მონარქია იზრდებოდა და ძლიერდებოდა. მონარქები ერთმანეთს ცვლიდნენ, დაგომეი კი არ იცვლებოდა-მას ემატებოდა ახალი მიწები, რომელთა მოსახლეობას კლავდნენ ან მონებად ჰყიდდნენ.




image



სახელმწიფოს ნელ-ნელა ამოეწურა ადამიანური რესურსები-დაგომეის ჯარისკაცები უკვე აღარ ჰყოფნიდა სხვისი მიწების დასაპყრობად. უკვე დაპყრობილი მიწებიდან წამოყვანილი მონებისათვის კი მათ ვერ გაებედათ ხელში ცეცხლსასრლი იარაღის მიცემა-ეს საკმაოდ სარისკო საქმე იყო. ამიტომ დაგომეის ერთ-ერთმა მეფემ კარზე მომდგარი ომის წინ ყურადღება გაამახვილა ქალებზე-თუ ლეგენდას დავუჯერებთ, ქალთა პირველი საბრძოლო რაზმი ელიტარული დანიშნულებისა იყო და მას უნდა შეესრულებინა მეფისა და მისი ოჯახის დაცვის ფუნქცია.

არსებობს სხვა ჰიპოთეზაც: დაგომეელი ქალები კარგად იყვნენ დახელოვნებული სპილოებზე ნადირობაში. ამ ვერსიით ეს ქალები თავად გამოცხადდნენ მეფესთან და შესთავაზეს თავიანთი სამსახური მოსალოდნელ ომში. მეფე დათანხმდა, ქალები არმიაში ჩარიცხა და ძალიან კმაყოფილი დარჩა მათი ბრძოლით პირველივე ომში.



image



მესამე ვერსიით ქალების არმიას სათავე დაუდო იმ რაზმმა, რომელიც მეფის ოჯახს იცავდა. მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მიხევდით, მამაკაცებს არ ჰქონდათ უფლება მეფის სასახლეში ყოფილიყვნენ ღამ-ღამობით. ამიტომ, როგორც კი დაღამდებოდა, მეფის დაცვის მამაკაც ჯარისკაცებს კარგად შეიარაღებული ქალები ცვლიდნენ, რომლებიც გათენებამდე ზრუნავდნენ მის უსაფრთხოებაზე.

დაგომეელი ქალი-ჯარისკაცები ერთმანეთს mino-ს ან n’nonmiton-ს უწდებდნენ, რაც მათი ენიდან სიტყვასიტყვით "ჩვენ დედებს" ნიშნავს. მინოდ გახდომა ყველა ქალს და გოგონას შეეძლო, მაგრამ ელიტურ შენაერთებში ყველა ქალი როდი ხვდებოდა. არსებობდა " ქალების შერჩევის" პროცედურა, რომელიც სამედიცინო "კომისიით იწყებოდა. პრეტენდენტები უნდა ყოფილიყვნენ აბსოლუტურად ჯანმრთელები, ძლიერი აგებულების და ლამაზები.



image



ის ქალები, რომელბიც შესარჩევ ტურს წარმატებულად გაივლიდნენ, ხვდებოდნენ საწვრთნელ ჯოჯოხეთში, რასაც მათ უწყობდნენ ვეტერანი ქალი-ამორძალები. ისინი გადიოდნენ სერიოზულ კურსს მაჩეტეთი ბრძოლაში. ეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საბრძოლო დისციპლინას წარმოადგენდა.

სწავლების დამთავრების შემდეგ აუცილებელი იყო გამოცდის ჩაბარება-გამომცდელს მაჩეტეს სროლით თავი უნდა მოეჭრა მოწინააღმდეგისათვის, რომლის როლს მონა ან ბრძოლიდან წამოყვანილი ტყვე ასრულებდა.

მოჭრილი თავი ზოგადად დაგომეელი ამორძალების სავიზიტო ბარათად იყო ქცეული-ბრძოლაში ისინი ცდილობდნენ დამარცხებული მტრისთვის თავი მოეჭრათ და საბრძოლო ნადავლის სახით თან წამოეღოთ.



image



ამორძალები გადიოდნენ სპეციალურ ფიზიკურ მომზადებას: ქალ-მებრძოლებს ავარჯიშებდნენ, რომ ყოფილიყვნენ ძლიერები, მოხერხებულები და ტკივილის ამტანნი. სავალდებულო სწავლებაში შედიოდა დაბრკოლებების გადალახვა. ეკლიანი მცენარებით დაფარული მაღალი კედლის გადალახვა სწავლების ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენდა.

გოგონები, რომლებიც მცირე ასაკში მიდოდნენ ქალთა არმიაში, ფიცს დებდნენ, რომ ქალწულებად დარჩებოდნენ და ისინი ხელშეუხებელნი იყვნენ სიცოცხლის ბოლომდე, თუმცა იყო შემთხვევებიც, როცა ქმრები მოურჯულებელ და პრეტენზიულ ცოლებს თავიდან იშორებდნენ და იძულების წესით ამწესებდნენ ჯარში.

გამოცდის ერთ-ერთი სახეობა იყო იმდროინდელი ''შიმშილის თამაშები''- ამორძალებს აგზავნიდნენ ათი დღით ჯუნგლებში და მხოლოს მაჩეტეს წაღების უფლებას აძლევდნენ. თუ პრეტენდენტი ცოცხალი და უვნებელი დაბრუნდებოდა, მას საპატიო-ელიტარულ რაზმში რიცხავდნენ. ეს დიდი პატივი იყო, რადგან ქალთა არმიის ჯარისკაცებს მატერიალური კეთილდღეობა, დიდება და პრივილეგიები გარანტირებული ჰქონდათ. თვითმხილვევლი- ბრიტანელი მოგზაური სტენლი ალპერნი წერდა, რომ როცა ამორძალების რაზმი სამეფო რეზიდენციას ტოვებდა, რაზმის წინ მოდიოდა მონა ქალი, რომელიც ზარს რეკავდა. ამით ის გზაზე შემხვედრ მამაკაცებს აფრთხილებდა, რომ ამორძალების რაზმი მოდიოდა. ისინი ვალდებული იყვნენ გზიდან გადასულიყვნენ და ზურგით შებრუნებულიყვნენ მანამ, სანამ რაზმი გაივლიდა. მამაკაცების ყოველგვარი კონტაქტი ამ ქალებთან აკრძალული იყო-ისინი ოფიციალურად ითვლებოდნენ მეფის ცოლებად, თუმცა თავად მეფეც კი ვერ ბედავდა მათი უბიწოების შეხებას. რა თქმა უნდა, სანამ ქალი-მებრძოლები სამხედრო სამსახურში იყვნენ, მათ ეკრძალებოდათ მამაკაცთან ურთიერთობა და ბავშვების გაჩენა.



image



ერთი სიტყვით, დაგომეის ამორძალები ნამდვილი სიკვდილის მანქანები იყვნენ... ისინი ბრძოლაში არაადამიანურ ვაჟკაცობას და გმირობას იჩენდნენ. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ და მზად იყვნენ, სიცოცხლე მეფისათვის შეეწირათ.

1863 წლის გაზაფხულზე დაგომეის ესტუმრა ბრიტანელი მკვლევარი რიჩარდ ბარტონი მისიით-დაემყარებინა მშვიდობა დაგომეის ხალხებში. დაგომეელები მებრძოლი ხალხი იყვნენ და აქტიურად ღებულობდნენ მონაწილეობას მონებით ვაჭრობაში. ბარტონი განაცვიფრა იქაური ამორძალების ხილვამ. მისი თქმით, ამ ქალების მასკულატურა ისე ჰქონდათ განვითარებული, რომ მათში ქალის ამოცნობა მხოლოდ მკერდით იყო შესაძლებელი.

1880 წელს დაგომეის ფრანგული დელეგაცია ეწვია. ისინი განცვიფრებული ადევნებდნენ თვალს 16 წლის ამორძალის ვარჯიშს. დელეგაციის წევრების ჩანაწერების მიხედვით, გოგონამ მაჩეტეს სროლით წააცალა ტყვე მონას თავი, შემდეგ აიღო თავისი იარაღი, ენით ალოკა სისხლი და თანამებრძოლების მხურვალე შეძახილების თანხლებით გადაყლაპა.

დაგომეიმ განსაკუთრებულ სიძლიერეს მიაღწია 1818-1858 წლებში მეფე გეზოს ზეობის დროს. გეზო ოცნებობდა იმპერიის გაფართოებაზე და სხვა მიწების დაპყრობაზე, ამიტომ მან გადაწყვიტა არმიის გაზრდა და ის ამას აკეთებდა ქალი მებრძოლების ხარჯზე. იმდროინდელ არმიაში 6000-ზე მეტი მინო ანუ ქალი-მებრძოლი იყო.

გეზოს შემდეგ სამეფო ტახტზე ბეჰანზინი ავიდა. მან გააგრძელა ქვეყნის მილიტარიზაციის პროცესი და ევროპის ქვეყნებიდან თანამედროვე იარაღის შესყიდვა. აფრიკული ქვეყანა გერმანელებისგან შაშხანებს და ზარბაზნებს აქტიურად ყიდულობდა.



image



ბეჰანზინის დროს ამორძალების არმიაში გამოჩნდნენ შპიონი-ქალები, რომელთაც საბრძოლო ხელოვნების ფლობის გარდა, ჰქონდათ გარეგნობის შეცვლის ნიჭი. ვაჭრების, მათხოვრების და მონა ქალების ტანსაცმელში გადაცმულები ისინი მტრის ზურგში იჭრებოდნენ, რათა ხელში ჩაეგდოთ ძვირფასი ინფორმაცია ან ჩაედინათ პოლიტიკური მკვლელობა.

იმ დროის მინოებს განსაკუთრებული ფორმები ეცვათ-ფართო შარვლები და ცისფერი გრძელი ტუნიკები. მინოები თავებს იპარსავდნენ და მასზე პატარა გვირგვინებს იდგამდნენ. მათი ძირითადი იარაღი უკანასკნელი მოდელის ევროპული შაშხანები, მაჩეტე და მოკლეტარიანი ხანჯალი იყო. ქალთა არმიაში მშვილდოსნების რაზმიც არსებობდა. დაგომეური მშვილდის ისარი წარმოადგენდა რაღაც საშუალოს მაჩეტესა და შუბს შორის. ამორძალები დახელოვნებული იყვნენ მშვილდის მიზანში სროლაში, რითაც მტერს სასიკვდილო ჭრილობას აყენებდნენ.



image



სწორედ ამ პერიოდში დაინტერესდნენ ფრანგები ამ პატარა აფრიკული ქვეყნით და გადაწყვიტეს ის თავის კოლონიად ექციათ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ნახეს მინოების კარგად გაწვრთნილი არმია, იფიქრეს, რომ ქალებისგან შემდგარი ჯარი მხოლოდ ძალის მოჩვენებითი დემონსტრირება იყო და მათთან ბრძოლა სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენდა, თუმცა, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, მწარედ მოტყუვდნენ.



image



პირველი ომის დასრულების შემდეგ, რომელიც დაგომეის გამარჯვებით დამთავრდა (თუმცა ქვეყნის არმიამ დიდი დანაკარგი განიცადა), ბაჰანზანი მიხვდა, რომ ფრანგები მისი ქვეყნიდან ასე იოლად არ წავიდოდენ და მათთვის სერიოზული წინაააღმდეგობის გაწევა იქნებოდა საჭირო, ამიტომ ის კიდევ უფრო აქტიურად შეუდგა თავისი არმიის შევსებას და წრთვნას. ის მართალი იყო, ფრანგები 1892 წელს დაბრუნდენ და ომი კიდევ ორი წელი გრძელდებოდა-ხან ერთი მხარე გამოდიოდა გამარჯვებული, ხან მეორე. აფრიკელები აქტიურ წინაააღმდეგობას უწევდნენ ფრანგებს და მათ სერიოზულ დარტყმებს აყენებდნენ, თუმცა მათი წინაააღმდეგობა კარგად შეიარაღებულ და მრავალრიცხოვან ევროპულ არმიასთან დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. ბოლო ომში გამარჯვება ფრანგებმა იზეიმეს. ამ ბრძოლაში თითქმის ყველა მინო დაიღუპა. ფრანგული პრესა აქტიურად აშუქებდა დაგომეიში მიმდინარე მოვლენებს და ფრანგული არმიის დამპყრობლურ მანევრებს ამართლებდა იმ მიზეზით, რომ დაგომეელი ამორძალები სასტიკად ექცეოდნენ ფრანგებს, რის დემონსტრირებასაც პრესა საზარელი სურათებით ახდენდა.



image



ერთ- ერთი ასეთი სურათი იყო ილუსტრაცია, რომელშიც ასახულია, თუ ხელჩართული ბრძოლის დროს დაგომეელმა მინომ კბილებით როგორ გამოღადრა ყელი ფრანგ ჯარისკაცს. სწორედ ამით ამართლებდა რესპუბლიკის ხელისუფლება უცხო ქვეყანაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, -ქვეყანაში, რომელიც საფრანგეთიდან ათასობით კილომეტრის მანძილზე მდებარეობდა.

ბოლო ომის შემდეგ გადარჩენილი მინოების მცირე ნაწილმა პარტიზანული ბრძოლა გაგრძელა. ისინი ღამ-ღამობით იპარებოდნენ ფრანგების ბანაკში და მძინარე ჯარისკაცებს სიცოცხლეს უსწრაფავდნენ. დაგომეის სახელმწიფომ არსებობა1894 წლის 30 მარტს შეწყვიტა, როცა მეფე ბაჰანზანი ოჯახით გადაასახლეს კუნძულ მარტინიკზე. მისი გარდაცვალებისთნავე, კერძოდ 1899 წელს დაგომეი ოფიციალურად გახდა საფრანგეთის კოლონია.

დაგომეი საფრანგეთის კოლონიად დარჩა თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მან ცოტა ხანს იარსება რესპუბლიკა დაგომეის სახელწოდებით, შემდეგ კი მიიღო დღევანდელი სახელი-ბენინი.

მინოებს-აფრიკელ ამორძალებს ხშირად იხსენებენ ამ ქვეყანაში. მათ პატივსაცემად სახალხო დღესასწაულიც კი ტარდება: ქალები მინოების სამოსში იმოსებიან და საბრძოლო სიმღერებს მღერიან. დაგომეის უკანასკნელი ამორძალი 1979 წელს გარდაიცვალა. მან ნავი ერქვა და 104 წლის იყო.



image

3
2461
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2461
  
2020, 22 აპრილი, 1:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 21 აპრილი, 14:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 21 აპრილი, 0:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3