x
image
klopka
„საათების მეფე“

imageმას შემდეგ, რაც
1834 წელს ვესტმინსტერის სასახლე ფერფლად იქცა, ბრიტანელმა პოლიტიკოსებმა დაიწყეს
საუკეთესო პროექტის ძებნა პარლამენტის ახალი შენობის ასაგებად. მალე გამარჯვებული პროექტიც
გამოვლინდა — ეს იყო დახვეწილი, გოტიკური სტილის სასახლე, რომლის ავტორიც გახლდათ
სერ ჩარლზ ბარი. ამ კომპლექსში შედიოდა კოშკი, რომლის ოთხივე მხარეს საათი იყო დამონტაჟებული.
მეფის კუთვნილი ნაგებობების შემფასებელმა კომისიამ ამ საათს „საათების მეფე, მსოფლიოში
უდიდესი საათი“ უწოდა.

ეს საათი ლონდონის ერთ-ერთი
მთავარი ღირსშესანიშნაობაა. მისი ზარის ხმა მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ამ საათს დღეს
ბიგ-ბენს უწოდებენ. თუმცა, ეს სახელი თავდაპირველად მის უზარმაზარ ზარს ერქვა. მსოფლიოში
ყველაზე ცნობილი საათი ბიგ-ბენი, უდავოდ, ინჟინერთა შედევრია.


რთული ამოცანა


96 მეტრის სიმაღლის
საათიან კოშკზე მუშაობა 1843 წელს დაიწყო. სამი წლის შემდეგ მოიძებნა ხელოსანი,
რომელიც ამ საათის აწყობას შეძლებდა. მექანიზმი საათში წუთზე მეტით არ უნდა ჩამორჩენილიყო
დროს, მაგრამ ამის დარეგულირება არცთუ ისე ადვილი იყო. დავალებას კიდევ უფრო ართულებდა
ის, რომ საათი ღია ცის ქვეშ, კოშკზე უნდა დამონტაჟებულიყო და რადგანაც ციფერბლატი არაფრით
იქნებოდა დაცული, ისრების მოძრაობისთვის შესაძლოა ხელი შეეშალა ქარს, თოვლს, ყინვას
და მიმომფრენ მტრედებსაც კი. ეს საბოლოოდ უარყოფითად აისახებოდა ქანქარის მუშაობაზე
და საათი ზუსტ დროს აღარ აჩვენებდა. სანამ ექსპერტები პრობლემიდან გამოსავალს ეძებდნენ,
მესაათე ედმუნდ ბეკეტ დენისონმა წარადგინა უკვე გამზადებული ესკიზი. მისი ნამუშევარი
მოიწონეს და ეს მეტად საპასუხისმგებლო საქმე სწორედ მას მიანდეს.


მან საათის აწყობა ორ
წელიწადში დაამთავრა, მაგრამ საათმა ხუთი წელი ვერ იხილა მზის შუქი, რადგან კოშკის
მშენებლობა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. ეს დრო დენისონმა ფუჭად არ დახარჯა და იმისთვის
გამოიყენა, რომ საათის მექანიზმი როგორმე დაეცვა გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან.
მან საათის ქანქარა ქარშეუღწევად ყუთში მოათავსა, რის შედეგადაც საათი აღარ სცდებოდა
დროს.

imageბიგ-ბენმა მზის შუქი იხილა!


საათის მექანიზმი უკვე
მზად იყო; ახლა ზარის დამზადების ჯერი დადგა. ამ დავალების შესრულება თავის თავზე აიღო
ლითონის ნაკეთობების ჩამომსხმელმა ერთ-ერთმა საამქრომ. ჩამოსხმული ზარი იმაზე გაცილებით
მეტს იწონიდა, ვიდრე თავიდან ჰქონდათ ჩაფიქრებული — მისი წონა 16 ტონაზე
მეტს შეადგენდა! ზარი იმდენად მძიმე იყო, რომ დააზიანა ხომალდის გემბანი, რომელსაც
ის ლონდონში უნდა გადაეტანა. ცოტა ხნის შემდეგ მისი გადატანა იმავე გემით მაინც მოხერხდა.
ლონდონში ჩატანის შემდეგ ზარი დანიშნულების ადგილამდე გადაიტანეს სპეციალური ვაგონით,
რომელშიც თექვსმეტი თეთრი ცხენი იყო შებმული. ზარი გამოცდის მიზნით პარლამენტის წინ
დაკიდეს.


როგორც წესი, დიდ ზარებს
სახელს არქმევენ და ამ მხრივ არც ეს ზარი აღმოჩნდა გამონაკლისი. მას ბიგ-ბენი უწოდეს.
ზუსტად არავინ იცის, რატომ დაარქვეს ეს სახელი, მაგრამ არსებობს რამდენიმე მოსაზრება.
ზოგის აზრით, ზარს დაარქვეს ერთ-ერთი პარლამენტარის, სერ ბენჯამინ ჰოლის სახელი, რომელიც
ტანად ზორბა იყო. სხვა მოსაზრების მიხედვით, ზარს სახელი ბენჯამინ კონტის საპატივცემულოდ
ეწოდა, რომელიც იმ დროისთვის ცნობილი მძიმეწონოსანი მოკრივე იყო. როგორც უნდა იყოს,
ფაქტი ერთია, რომ თუ ადრე მხოლოდ ზარს ერქვა ეს სახელი, ახლა ამ სახელს საათიან კოშკს
უწოდებენ.

imageსაათმა ორჯერ საბედისწეროდ ჩამოჰკრა


ზარის ენა, რომლითაც
ბიგ-ბენი ხმას გამოსცემდა, თავდაპირველად ძალიან მძიმე არ იყო. ამიტომ კონსტრუქტორებმა
ჩათვალეს, რომ ზარი უფრო მძიმე ენასაც გაუძლებდა. მათ ზარს გაუკეთეს ახალი ენა, რომელიც
660 კილოგრამს იწონიდა. მიუხედავად იმისა, რომ ზარი თვეების მანძილზე არაერთხელ
გამოსცადეს, ერთხელაც ბიგ-ბენმა საბედისწეროდ ჩამოჰკრა. ზარი დაიშალა, რის გამოც ლითონი
გადაადნეს და ახალი ზარი ჩამოასხეს. ახალი ზარი შედარებით ნაკლებს, 13, 7 ტონას
იწონიდა. ხალხი კიდევ ერთხელ გამოეფინა ლონდონის ქუჩებში, რათა თავისი თვალით ეხილათ,
როგორ გადაიტანდნენ ვაგონით ახალ ზარს პარლამენტის შენობასთან.


რამდენიმე თვეში კოშკი
მზად იყო. დადგა დრო, ზარისთვის კვლავ კუთვნილი ადგილი მიეჩინათ. ამ საქმეში მუშათა
რამდენიმე ჯგუფი იყო ჩაბმული. მათ ზარი კოშკში, იმ ოთხი მომცრო ზარის გვერდით უნდა
დაეკიდათ, რომლებიც ყოველ თხუთმეტ წუთში ერთხელ რეკავდნენ. ერთი შეხედვით, „საათების
მეფე“ მზად იყო საკუთარი მოვალეობის ღირსეულად შესასრულებლად.


1859 წლის ივლისში
ბიგ-ბენის საათი კვლავ ამოქმედდა. თუმცა, სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. ოქტომბრის დასაწყისში
ზარი გაიბზარა. რადგანაც ბზარის გამო ზარის ჩამოხსნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, გადაწყდა,
რომ მუშებს ის 60 გრადუსით შეეტრიალებინათ, რათა ზარის რეკვისას ენა ბზარს აღარ
მოხვედროდა. მორიგი გაუთვალისწინებელი შემთხვევის თავიდან ასარიდებლად ზარს უფრო მსუბუქი
ენა გაუკეთეს. ამ შემთხვევიდან სამი წლის შემდეგ ბიგ-ბენი კვლავ „მოწოდების სიმაღლეზე
დადგა“ და დღემდე პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას. მას კვლავ აქვს ძველი ბზარი.
სწორედ ამ „ძველი იარის“ წყალობით გამოსცემს ზარი რეკვისას უჩვეულო ხმას.

imageბიგ-ბენი ჟამთა სვლას უძლებს


1924 წელს ბრიტანეთის
რადიომაუწყებლობის კორპორაციამ (BBC) ბიგ-ბენის კოშკში დააყენა ხმის მუდმივი გამაძლიერებელი
მოწყობილობა და ზარის რეკვის ხმას ყოველთვის პირდაპირ ეთერში გადასცემდა მსმენელს.
რვა წლის შემდეგ ზარის ხმას რადიოთი ბრიტანეთის თანამეგობრობის ქვეყნების მოსახლეობაც
ისმენდა. ხოლო დღეს, ბიგ-ბენის ზარის მელოდიური ხმა ბი-ბი-სის მსოფლიო სამაუწყებლო
სამსახურის მეშვეობით ყველას შეუძლია მოისმინოს.


მართალია, ბიგ-ბენი მეორე
მსოფლიო ომში გადაურჩა დაბომბვას, მაგრამ თანდათანობით საათის ლითონის ჟღერადი მექანიზმი
დაჟანგდა, რის გამოც 1976 წელს საათი სერიოზულად დაზიანდა. რამდენად გასაკვირიც
უნდა იყოს, ზარი გადაურჩა დაზიანებას და რამდენიმე კვირაში საათის ისრები ისევ ამუშავდა.
დაიწყო ბიგ-ბენის საათის „რეაბილიტაცია“ და ცხრა თვის თავზე იგი კვლავ ზუსტ დროს აჩვენებდა.


გარკვეული ხნის მანძილზე
ბიგ-ბენი მართლაც უდიდესი საათი იყო მსოფლიოში. სიზუსტის მიხედვით ის დღესაც არ უდებს
ტოლს საზოგადოებრივ ადგილებში დადგმულ სხვა საათებს. მსოფლიოში მისი ანალოგიით შექმნილი
არაერთი საათი სწორედ მის მსგავს მელოდიას გამოსცემს. ბიგ-ბენის შემქმნელებს აზრადაც
კი არ მოუვიდოდათ, რომ ის ლონდონისა და მთლიანად ინგლისის ერთგვარი სიმბოლო გახდებოდა.
ბიგ-ბენი მართლაც რომ „საათების მეფეა!“



როგორ აჩვენებს საათი ზუსტ დროს?


კვირაში სამჯერ საათის მექანიკოსი აუყვება ხოლმე
სამასსაფეხურიან დახვეულ კიბეს, რათა ხელით გაასწოროს საათის ურთულესი და საკმაოდ მძიმე
მექანიზმი, რომელიც საათის სიზუსტეს არეგულირებს. ოთხმეტრიანი ქანქარა ყოველ ორ წუთში
ერთხელ ირხევა. ქანქარის თავთან მოთავსებული ძველი ინგლისური მონეტებით მექანიკოსი
საათის სიზუსტეს არეგულირებს. თუ საათი დროს რჩება, იგი ერთ მონეტას ამატებს და თუ
წინ გარბის, ერთს აცლის.


შენიშვნა

მექანიკოსი საათის
სიზუსტეს ძველი მონეტებით არეგულირებს

13, 7 ტონის
სიმძიმის ბიგ-ბენის უზარმაზარი ზარი ყოველი საათის შესრულებას გვაუწყებს


0
383
6-ს მოსწონს
ავტორი:klopka
klopka
383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0