x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ქალთა ტატუირების უძველესი ტრადიცია კავკასიაში

image

ყველას კარგად მოგვეხსენება, თუ როგორი ტრადიციულია საზოგადოება კავკასიაში. აქ ცხოვრების პატრიარქალური წესი იყო გაბატონებული მუდამ, განსაკუთრებული ინოვაციების, პლურალიზმისა და ფემინიზმის გარეშე, ამიტომ საზოგადოების ცხოველქმედების ყველა სფერო, მტკიცე კონსერვატიულ ნორმათა ჩარჩოებს ვერ სცდებოდა. ჩვენს დროშიც, ქალის სხეულზე დატანილი ტატუ კავკასიელთა უმეტესობას ძალზე არანორმალურად, უცნაურად და უცხოდ მოეჩვენებათ. არადა, გაგიკვირდებათ და ტატუირება კავკასიაში და უმეტესწილად ქალის - უძველესი ჩვეულებაა, რომელმაც მხოლოდ ХХ საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო გაქრობა, და იქამდე აშკარად, ათასწლობით ცოცხლობდა. დღესაც შეიძლება წააწყდეთ სამოც წელს გადაცილებულ ბებიებს, რომელთა ხელებს და ზოჯერ სახესაც, ნახევარი საუკუნის წინ დატანილი უცნაური ნიშნები ამშვენებს. დიახ, ტატუირება კავკასიის ხალხთა კულტურის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც სამწუხაროდ მივიწყებას მიეცა.
ისტორიკოსთა და ეთნოგრაფთა კვლევები, ერთმნიშვნელოვან დასკვნას გვაძლევენ - ქალის ტატუირების წესი ხანგრძილივი დროის განმავლობაში გავრცელებული იყო კავკასიაში. შესაძლოა ათასწლეულებიც და გაქრა მხოლოდ XX საუკუნეში, თანაც თითქმის უკვალოდ. მეცნიერებს შემთხვევით რომ არ აღმოეჩინათ ისედაც იშვიათი ტატუირებული მოხუცები, ვინ იცის, ეს ფენომი საბოლოოდ მივიწყებას მისცემოდა XXI საუკუნის დასაწყისში.
მთიელ ქალთა ტატუებს პირველად ეთნოგრაფმა ადოლფ დირმა მიაქცია ყურადღება. ის 1904 წელს ჩავიდა დაღესტანში, ხაჯალმახისა და კუმუხის დასახლებებში. იქ მან ტატუირებული ქალები ნახა და თავის წიგნში აღწერა.
ყველაზე კარგად ეს ჩვეულება დარგინელმა (დაღესტნის ერთ-ერთი ეთნოსი) მკვლევარმა ჰაბიბ ისმაილოვმა აღწერა. 1991 წლისან 2007 წლამდე მან 500-ზე მეტი ქალი გამოკითხა დაღესტნისა და მთელი იმიერკავკასიის 35 რაიონის 140 სოფელში, რის შემდეგაც კვლევა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გააგრძელა (კვლევისას ყველაზე უმცროსის ასაკი 3 წელი იყო, ხოლო ყველაზე უფროსის 113). მხოლოდ დაღესტანში, მან ქალის ტატუირების 1545 და კაცის 7 ნიშანი შეაგროვა. მისივე თქმით: «ტატუების უმეტესობა ისლამის მოსვლამდე გაჩნდა და ტატუირების შამანური ტრადიციები ჯერ კიდევ ცოცხლობენ მთაში. ბევრი მოხუცებული ცეცხლს, მთვარეს, მზეს იფიცება».
ტატუების დატანა, როგორც ჩანს ყველა ქალს შეეძლო, ასაკის, წარმომავლობისა თუ სტატუსის მიუხედავად. სხვადასხვა დროის მკვლევარები აღწერენ ქალის ტატუებს დაღესტანში, ოსეთში, ჩერქეზეთსა და საქართველოში. სხვათაშორის კავკასიაში კაცის ტატუირების წესიც არსებობდა. მაგრამ, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ასეთი შემთხვევები XX საუკუნეში ძალზედ მცირედ გვხვდება. გრაფიკულად კაცის ტატუები თითქმის არ განსხვავდებოდა ქალის ტატუებისგან, და დიდი ალბათობით ფუნქციებიც მსგავსი ჰქონდათ.
კავკასიური ტატუები მკლევარებმა, თემატიკის მიხედვით შემდეგი სახით დააჯგუფეს:
1. ზოომორფული გამოსახულებები, რომლებიც შესაძლოა უძველესი ტოტემური წარმოდგენების გამოძახილებია. ეს გამოსახულებებიც ორ ქვეჯგუფად იყოფა: ა) ველური ცხოველების, ფრინველების, გველების, ბაყაყების; ბ) მოშინაურებული ცხოველებისა და ფრინველების.
2. ფიტომორფული გამოსახულებები.
3. ანთროპომორფული გამოსახულებები.
4. მიწათმოქმედებასა და ნაყოფიერებასთან დაკავშირებული გამოსახულებები.
5. ფალოსური ხასიათის გამოსახულებები.
6. სოლარული და ასტრალური მოტივები.
7. ქრისტიანული იდეოლოგიის გამომხატველი სიმბოლოები.
8. ზოროასტრული იდეოლოგიის გამომხატველი სიმბოლოები.
9. ისლამური იდეოლოგიის გამომხატველი სიმბოლოები.
10. რიცხობრივი მნიშვნელობების გამომხატველი ტატუები.
11. საგვარეულო ნიშნები და დამღები.
12. ასაკის აღმნიშვნელი ტატუები.
13. ტატუები სოციალური ფუნქციებით (ქონებრივი მდგომარეობა).
14. უძველესი დამწერლობების გამომსახველი ტატუები.
15. დაუდგენელი სტატუსის ტატუები.
მიუხედავად თემატიკისა და სიმბოლოების ასეთი მრავალფეროვნებისა, ტატუ კავკასიაში თითქმის ყოველთვის ძალიან ლაკონურია. ადამიანის გამოსახულების ტატუირების შემთხვევაშიც, მას გამოსახავდნენ ძალიან მარტივად, პიქტოგრამის სახით. ასეთი ლაკონურობა, როგორც ჩანს, დაკავშირებულია ტატუირების ტრადიციის უძველეს ფესვებთან. მაშინ ქვებზეც და როგორც ვხედავთ სხეულებზეც მსგავს ნახატებსა და სიმბოლოებს ატანდნენ.
ყველაზე ხშირად გეომეტრიულ ორნამენტებს, ხაზებსა და წერტილების გამოსახულებები გვხვდება, რომლებიც მთელს კავკასიაში იყო გავრცელებული. ქართველი ქალები ხშირად ლოყებზე, შუბლსა და მაჯაზე წერტილებს იხატავდნენ. თითქმის ასეთივე შემთხვევაა ჩრდილოეთ კავკასიის მთიან რაიონებში. ამის გათვალისწინებით კულტურათაშორისი კავშირების დანახვა უბრალოდ შეუძლებელია.
ცხოველების, თევზებისა და ამფიბიების გამოსახულებები იშვიათად გვხვდება. თუმცა მათი მნიშვნელობის განმარტება ბევრად მარტივია. ცხოველები წმინდად ითვლებოდნენ კავკასიაში აბრამიანისტული რელიგიების გავრცელებამდე. დაბა კულიში (დაღესტანი) აღმოჩენილ იქნა თევზების გამოსახულებები, ხოლო დაღესტანში თევზი ნაყოფიერების სიმბოლოდ ითვლებოდა. საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც, უშვილო ქალებს შორის მიღებული იყო ნიფხავზე ბარძაყის მხარეს თევზის გამოსახულების ამოკემსვა, ნაყოფიერების მისაღწევად. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ლეკი ქალებიც იგივე მიზნის მიღწევას ცდილობდნენ, რასაც ქართველები, როდესაც ფეხებზე თევზების გამოსახულებებს იტანდნენ. ასეთივე დანიშნულებით გამოისახავდნენ უძველეს სიმბოლოს - «სიცოცხლის ხეს». ეს სიმბოლო მთელს მსოფლიოშია გავრცელებული და თითქმის ყველგან სიცოცხლეს აღნიშნავს. ტატუები გვიჩვენებენ, რომ მთაში ხეებს უძველესი დროიდან განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს იშვიათი ანთროპომორფული გამოსახულებები. ზოგიერთ შემთხვევაში ტატუზე გარკვევით ჩანს სქესი. ასეთი ტატუები ძირითადად მაღალმთიან დაღესტანშია აღმოჩენილი. ასეთი სიმბოლოების დატანა ისევ ნაყოფიერებასთან იყო დაკავშირებული.
სხვადასხვა რელიგიამ დატოვა კვალი კავკასიის მთის ხალხის კულტურაში. ქრისტიანული ( და არა მხოლოდ ) ჯვრები ტატუების ხშირი მოტივი იყო. ასევე უძველესი სვასტიკაც, რომელიც ახლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი.
ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მაგალითი მოვიყვანეთ, თუმცა, იყო უამრავი სხვაც. რა მიზანს ემსახურებოდნენ ისინი? - ყველგან ერთიდაიმავეს: თითქმის ყოველთვის ეს იყო ქალის სურვილი დაეცვა საკუთარი თავი და საყვარელი ადამიანები იმ საფრთხეებისგან, რომელიც კავკასიის მცხოვრებთა გარშემო ყოველდღე ტრიალებდა. ხშირად შემთხვევაში, ტატუების დამცავი ფუნქცია არც ისლამის გამოჩენასთან ერთად ქრებოდა. იმავე ტატუები, რომლებიც ქალს აქამდე ბნელი სულებისგან უფრთხილდებოდნენ, ახლა ჯინისგან იცავდნენ მას. ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ტატუსთვის შესაძლოა დამცველობითის გარდა, სხვა ფუნქციაც დაეკისრებინათ. გოგონას ტატუ შეეძლო უბრალოდ მორთვისა და შელამაზების მიზნითაც გაეკეთებინა, ასევე საგვარეულოს ხაზგასასმელად, თუნდაც რაიმე ინიციაციის (მომწიფების) ნიშნად და ა.შ. მაგალითად, სოფელ გულათში (დაღესტანი) მდიდარ გასათხოვარ ქალს ტატუ სოციალური სტატუსის აღსანიშნავად ჰქონდა (წერტილების სახით), რაც იმას ნიშნავდა, რომ მხოლოდ შეძლებულ ვაჟს შეეძლო მასზე ქორწინება. კიდევ ერთი კონკრეტული მაგალითი: სოფელ ჰებაში ( დაღესტანი ), გოგონას ბარძაყის შიდა მხარეს ფალოსის ტატუ ჰქონდა. ეს ტატუ მას "სამარეში ჯინებისგან დაიცავდა!"
- როგორ უნდა გაიკეთო ტატუ, თუ მეათე საუკუნეში ცხოვრობ?
ტატუს მხოლოდ განსაკუთრებული სტატუსის ქალები აკეთებდნენ, ასეთ მნიშვნელოვან რიტუალს, რასაკვირველია, ყველას ვერ მიანდობდნენ. პირველ რიგში, ბასრ საგანს რამდენჯერმე განმეორებით უსვამდნენ კანზე, რათა საბოლოო ნიმუშის კონტური შეექმნათ. კანი, რასაკვირველია, დეზინფიცირებული არ იყო. აწითლებული კონტურის ზედაპირს ზედმიწევნით ზეთავდნენ ჭვარტლის სქელი ფენით, რომელსაც საკვების ქვაბს აშორებდნენ. შემდეგ, ნემსის ჩასობით, პიგმენტი კანქვეშ შეჰყავდათ. ხის ქერქიც გამოიყენებოდა, მაგრამ, დროდადრო, ეს ხერხი დავიწყებას მიეცა. იგი ავ ნიშნად ითვლებოდა, ამიტომ ზოგიერთი ადამიანი ტატუს ხელახლა იკეთებდა. გარდა ამისა, გამოიყენებოდა სხვა საღებავებიც, როგორ ბუნებრივი (ფისი, სხვადასხვა კენკრის წვენი და ა.შ), ასევე წვის პროდუქტები ( ჭვარტლი).
ხშირად სიმბოლოები, რომლებსაც ატარებდნენ, ასევე ხეზე იყო ამოჭრილი ან ქვაზე ამოკვეთილი. მკვლევარები ჯერჯერობით ზუსტად ვერ ადგენენ, რა განსაკუთრებული დატვირთვა უნდა ჰქონოდა თითოეულ ამ სიმბოლოს, რომელიც აღმოაჩინეს. თუმცა, ერთი რამ უდავოა, ქალის ტატუირების ფესვები შუასაუკუნეემდელ ანტიკურობაში უნდა ვეძებოთ.
კავკასიაში სახისა და სხეულის მოხატვისა და ტატუების ტრადიციის სიძველეს ანტიკური ავტორებიც იტყობინებიან.
პლინიუს უფროსი, რომელიც კავკასიასა და მის შემოგარენ მიწებს აღწერს, წერს: "ზოგი უცხო ტომი კარგად ცნობილ სამკურნალო მცენარეებს იყენებს სხეულის მოსახატად გალამაზების მიზნით, როგორც მუდმივი ჩვეულება..." შემდეგ კი ხაზს უსვამს, რომ ასე ძირითადად ქალები იქცევიან, იშვიათად, მაგალითად დრაკებში და სარმატებში კი მამაკაცებიც.
კიდევ ერთი ანტიკური ავტორი, რომელიც კავკასიელთა შორის მიღებულ ტატუირებისა და სხეულის მოხატვის ტრადიციას აღწერს, ქსენოფონტი გახლავთ. ( ძვ.წ V - IV საუკუნეები). იგი მოსინიკების ყოფა-ცხოვრებას
აღწერს. მათ ზურგი მოხატული ჰქონდათ და სხეულის მთელ წინა მხარეს ყვავილების ტატუ უფარავდათ. მოსინიკურ ტატუს დიოდორე სიცილიელიც იხსენიებს. კავკასიელთა შორის მიღებული ტატუირებისა და სხეულის მოხატვის რიტუალის არსებობას ადასტურებს ათენეუსის, პომპონიუს მელასა და სხვა ანტიკურ მწერალთა ჩანაწერებიც.
ტატუირება და მოხატვა სხვადასხვა დატვირთვას ატარებდა. ამგვარად, სიმბოლურ ორნამენტებს რიტუალური და მაგიური დანიშნულება ჰქონდათ. ამავე ფენომენს კავკასიელ ხალხთა ცხოვრების შემდეგ ეტაპებზეც ვხვდებით. მაგალითად, სარიტუალო პურზე შტამპით დატანილი ნიშანი თილისმად ითვლებოდა. უდავოა, ტატუირებასა და სხეულის მოხატვას მსგავსი ფუნქციები ჰქონდათ, მეტიც, გავრცელებული მოსაზრებით, ისინი თილისმებად აღიქმებოდა.
როგორც ჩანს, ეს ხსნის ფაქტს, რომ დაღესტანელ ქალებს წრის ფორმის გამოსახულებები მკერდზე ჰქონდათ დატანილი: სხეულის იმ ადგილას, სადაც ცნობისმოყვარე თვალები ვერ წვდება, ტატუ მხოლოდ გარკვეულ მაგიურ ფუქნციას ასრულებდა.
სხვა ხალხთა ეთნოგრაფიული მასალები სხეულის მოხატვისა და ტატუირების ფუნქციის სხვა ვერსიებს გვთავაზობს. "ტუნგუს მონადირეებში, თითოეული გვარი სპეციალური სახის ტატუთი გამოირჩეოდა. უცხო მიწაზე სხვა გვარის ადამიანის გამოჩენა სასიკვდილო იყო."
ამ შემთხვევაში, ტატუ გარკვეული ნიშანი იყო, ეთნიკური და ტომობრივი იარლიყი, რომელიც ერთ თემს მეორესგან განასხვავებდა.
შესაძლებელია, რომ ძველ ეპოქაში ტატუს მსგავსი დატვირთვა კავკასიერ ხალხებშიც ჰქონოდა. ტატუირება და სხეულის მოხატვა სოციალურ და ასაკობრივ თავისებურებებსაც უსვამდა ხაზს.
ქსენოფონტი, ვინც მოსინიკთა ტატუირისა და სხეულის მოხატვის ხელოვნება აღწერა, ხაზს უსვამდა, რომ მხოლოდ მდიდარ ბავშვები ატარებდნენ ტატუს.
დროსთან ერთად, ტატუირებისა და სხეულის მოხატვის ცხადი ფუნქციები დავიწყებას მიეცა და სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე მის დატანამ მხოლოდ დეკორატიული მნიშვნელობა შეიძინა. გასული საუკუნის მკვლევარები ტატუსა და მოხატულობას აფასებდნენ, როგორც შესამკობელს. ზუსტად ასე აფასებენ მას იმ ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომლებიც მას დღესაც ატარებენ.
image

0
173
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0